
დაფარული განძი
ოუენ უილიამსი სამოგზაურო ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება; ბევრი ფოტო გადაიღო საქართველოშიც, რომლებიც National Geographic-ის არქივშია დაცული და არასოდეს გამოქვეყნებულა
მეინარდ ოუენ უილიამსმა 1919 წელს დაიწყო კორესპონდენტად მუშაობა National Geographic-ში. ამ საოცარმა და დაუღალავმა მკვლევარმა, რომელიც ამავდროულად, მშვენიერი ფოტოგრაფიც იყო, თინეიჯერის ასაკში დაიწყო აზიაში მოგზაურობა და, სხვა საინტერესო მოვლენებთან ერთად, რუსეთის ბოლო რევოლუციის თვითმხილველიც გახდა. ოუენ უილიამსი სამოგზაურო ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება; ბევრი ფოტო გადაიღო საქართველოშიც, რომლებიც National Geographic-ის არქივშია დაცული და არასოდეს გამოქვეყნებულა.
ეს დღევანდელი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღია, რომელიც მან 1926 წელს გადაიღო და ფოტოს მიაწერა: “საბჭოთა ოფიციოზის ბავშვები თამაშობენ პარკში, რომელიც 1917 წლამდე მეფისნაცვლის სასახლეს ეკუთვნოდა. რევოლუციის შემდეგ ნაკლებად მოვლილი ბაღი საზოგადოებისთვის ღია იყო. ახლა ბაღი მოვლილი, მაგრამ რიგითი მოქალაქის თვალისთვის დაფარულია”.