დაქვრივების შემდეგ
ზოგიერთ კულტურაში, დაქვრივება ქალისთვის გაძევებას, დაუცველობასა და ჩაგვრას ნიშნავს


დაქვრივების შემდეგ
ზოგიერთ კულტურაში, დაქვრივება ქალისთვის გაძევებას, დაუცველობასა და ჩაგვრას ნიშნავს
სიცოცხლისკენ მობრუნება
ვრინდავანი, ინდოეთი
მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე, ვრინდავანელი ქვრივი ქალები ბნელ, უასფალტო ქუჩებში მიიჩქაროდნენ და ცდილობდნენ გვერდი აევლოთ ტალახის გუბეებისა და საქონლის ნეხვისთვის. ყოველ დილას, ერთ დანგრეულ ტროტუარზე, ისინი გადასატან გაზქურას დგამენ და აბაზანისხელა ავზში ჩაის ადუღებენ. ქვრივები ძალიან ადრე უნდა მივიდნენ, თუ დააგვიანდათ, შეიძლება ჩაი ან ჰაეროვანი ბრინჯი ამოიწუროს საქველმოქმედო პუნქტში. „დილით ვერ დავრბივარ – შეუძლოდ ვარ“, დაიწუწუნა ერთმა ქვრივმა. „მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. ხომ შეიძლება რამეს გამოაკლდე“.
დილის ექვსის ნახევარი იყო, გრილი გარიჟრაჟი, ვერცხლისფერი მთვარე. რამდენიმე ქვრივი ფერად სარიში გახვეულიყო, უმეტესობას თეთრი ემოსა, ნიშნად იმისა, რომ ქმარი ახლახან ან ათწლეულების წინ გარდაეცვალა. ისინი თევზის გუნდივით მოძრაობდნენ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, ათ-ათი, ოც-ოცი ერთად.
ვრინდავანში მცხოვრები ქვრივი ქალების რაოდენობა არავის დაუზუსტებია. რამდენიმე ანგარიშის მონაცემებით, ორი ან სამი ათასია, სხვების – 10 000 ან მეტი; ეს ქალაქი და მისი ორი მომიჯნავე დაბა სასულიერო ცენტრს წარმოადგენს, სავსეა ინდუისტური ღვთაება კრიშნას ტაძრებითა და აშრამებით, სადაც რელიგიურ სიმღერებს – ბჰაჯანებს მთელი დღე ასრულებენ იატაკზე ჯგუფებად მსხდარი გაღატაკებული ქვრივი ქალები. აშრამების სიწმინდეს ინარჩუნებს უწყვეტი სიმღერა. წესით, ეს პილიგრიმებისა და სასულიერო პირების საქმეა, მაგრამ ქვრივები ცხელ სადილსა და ზოგჯერ, ღამის გასათევ ხალიჩასაც გამოიმუშავებენ ხოლმე ამ ლოცვების განუწყვეტელი შესრულებით, ხანდახან სამი-ოთხი საათის განმავლობაში.
ქვრივები თავშესაფრებშიც ცხოვრობენ, საერთო ნაქირავებ ოთახებშიც და გზისპირა ბრეზენტის ტენტებშიც, როცა მათ არც ერთი საცხოვრებლის შენობაში არ უშვებენ. ვრინდავანი დელიდან სამხრეთით, დაახლოებით 150 კილომეტრშია, მაგრამ ქვრივები აქ მთელი ინდოეთიდან მოდიან, განსაკუთრებით დასავლეთ ბენგალიდან, სადაც კრიშნას ძლიერ ეთაყვანებიან. ხანდახან მათ თან ახლავთ ნდობით აღჭურვილი გურუები. ზოგჯერ ნათესავებს მოჰყავთ, ოჯახის ქვრივს ან აშრამში, ან ქუჩის კუთხეში ტოვებენ და უკან ბრუნდებიან.
ის ნათესავებიც კი, რომლებიც ოჯახიდან პირდაპირ არ ასახლებენ ქვრივებს, მაინც ყოველდღე აგრძნობინებენ, რომ მათ წრეში ასეთი ქალის როლი დასრულებულია – რომ ქვრივი ინდოეთში, რომელსაც ის უბედურება ადევს ტვირთად, რომ ქმარმა დაასწრო სიკვდილი, „ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ სოციალურად – მკვდარი“, – ამბობს ფსიქოლოგი ვასანთა პატრი, რომელმაც ინდოელი ქვრივი ქალების სავალალო მდგომარეობას რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. ვრინდავანი ცნობილია როგორც „ქვრივების ქალაქი“, ცხელი კერძებისა თუ სოციალური ურთიერთობების შესაძლო წყარო, ამიტომ ქალები აქ მარტონიც ჩამოდიან, ავტობუსით, მატარებლით და ასე ხდება თაობების განმავლობაში. „არც ერთ ჩვენგანს არ უნდა ოჯახში დაბრუნება“, – კატეგორიულად აცხადებს კანაკლატა ადჰიკარი, რომელიც თავშესაფარში შვიდ ქვრივთან ერთად ცხოვრობს. „ჩვენს ოჯახებთან კავშირი აღარ გვაქვს. ახლა ჩვენ ვართ ოჯახი“.
ფეხმორთხმით იჯდა ზეწარზე, მიუხედავად იმისა, რომ ასაკისა და ავადმყოფობისგან კიდურები გამრუდებული ჰქონდა და თითქმის ორად უნდა მოხრილიყო, რომ გაევლო. თეთრი სარი მსუბუქად შემოეხვია თავზე. ახალდაქვრივებული ინდოელი ქალისთვის ერთ დროს გავრცელებული წესი იყო თმის შეჭრა, ქალური მომხიბვლელობის დასასრულის ნიშნად. ადჰიკარსაც, როგორც ჩანს, ახალი შეჭრილი ჰქონდა თმა. „სულ ასე მაქვს, რადგან ჩემი თმა ჩემი ქმრის იყო. ქალის უდიდესი სილამაზე მის თმასა და სამოსშია. ქმარი დავკარგე და რაღად მინდოდა თმა?“
– რამდენი წლისაა ახლა ეს ქალი? „ოთხმოცდათექვსმეტის“.
– როდის დაქვრივდა? „ჩვიდმეტი წლის იყო“.
ერთი წლის განმავლობაში მე და ფოტოგრაფი ემი ტოენსინგი ქვრივი ქალების უჩვეულო თემებს ვსტუმრობდით მსოფლიოს სამ ძალიან განსხვავებულ ნაწილში და ვრინდავანშიც ამიტომ აღმოვჩნდი. ჩვენ გავემგზავრეთ არა პირადი ტრაგედიების გასაცნობად, არამედ გვაინტერესებდა, როგორ ახერხებს საზოგადოება, ახალი, უსიამოვნო იდენტობა მიანიჭოს ქვრივ ქალს: უარყოფილი, განდევნილი, აბეზარი, წამებული, ნადავლი.
გაეროს მიერ 2011 წელს ქვრივი ქალების საერთაშორისო დღედ 23 ივნისის დაწესებას საკმაოდ მძიმე ოფიციალური ახსნა ჰქონდა: რადგან მრავალ კულტურაში ქვრივი ქალები იმდენად დაუცველები არიან – სასტიკი ტრადიციების, სიღარიბის, იმ ომების შედეგად, რომლებშიც ქმრები დაკარგეს, ქვრივობა თავისთავად უნდა ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა დარღვევის პოტენციურ საფრთხედ. ბოსნია და ჰერცეგოვინაში მთელი თვე გავატარეთ ერთ-ერთ უნიკალურ ადგილას, სადაც თავმოყრილი არიან ომში დაქვრივებული ქალები. მათ ორი ათწლეული გაატარეს 7000 მოკლული მამაკაცის გაფანტული ნეშტების ძიებასა და დასაფლავებაში. უგანდაში ვისწავლეთ ფრაზა „ქვრივი ქალის მემკვიდრეობა“, რაც უგანდელებისთვის სულაც არ ნიშნავს ქვრივისთვის დატოვებულ ქონებას; ქმრის ნათესავები უკანონოდ ითვისებენ მის ქონებას და თავად ქალსაც საკუთარ მემკვიდრეობად მიიჩნევენ; აქცევენ სექსუალურ პარტნიორად ან რომელიმე ნათესავზე აქორწინებენ.
ვრინდავანში კი ვუსმინეთ სოციალურ მუშაკს, ლაქშმი გაუტამს, რომელიც გაცხარებული გვიყვებოდა მათხოვრად ქცეულ ქვრივებზე, რადგან ოჯახებმა ისინი სახლიდან გააძევეს; ვკითხეთ, ძალაუფლება რომ ჰქონოდა, რას შეცვლიდა ქალების მსგავსი შეურაცხყოფისაგან დასაცავად – „სიტყვა „ქვრივს“ ამოვიღებდი ლექსიკონიდან, ქალს ქმარი გარდაეცვლება და მაშინვე ეს სახელი მიეკერება და ცხოვრებისეული პრობლემებიც იწყება“.
ინდური წარმოშობის ბრიტანელი ბიზნეს-მაგნატის, რაჯ ლუმბას საქველმოქმედო ორგანიზაციის აქტიურობით დააწესა გაერომ ქვრივი ქალების დღე. მათი იზოლაციისა და უჩინარობის გამო, ძნელია მთელ მსოფლიოში ქვრივების რიცხვის დადგენა; ლუმბას ფონდის, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით უწევს დახმარებას ქვრივ ქალებს, ბოლო მონაცემებით, მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 259 მილიონია, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ქვეყანა საკმაოდ ცუდად ან საერთოდ არ აღრიცხავს ქვრივების რაოდენობას. თარიღად 23 ივნისის არჩევაც ლუმბას იდეა იყო. ამ დღეს გარდაიცვალა მამამისი ინდოეთში და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 60 წელზე მეტი გავიდა, მისი მონათხრობი – ის რომ დაქვრივებულ დედამისს დღესასწაულებზე ყველა თვალს არიდებდა, როგორც „ავისმომასწავებელს“ და სიცოცხლის ბოლომდე დაედო უბედობის მომტანის დაღი – ვრინდავანელი ქალების ისტორიების იდენტური აღმოჩნდა.
ქვრივ ქალს არ შეშვენის ფერადი სამოსი, მორთვა-გალამაზება – ეს მისი სამარადჟამო, მგლოვიარის როლისთვის შეუსაბამოა. ქვრივმა მხოლოდ შეუკაზმავი საკვები უნდა მიიღოს, მცირე ულუფებად, რადგან სანელებლები ისეთ ვნებებს აღუძრავს, რომლებიც აღარასოდეს უნდა განიცადოს. ეს გახლავთ უკვე წარმავალი ინდუისტური წესები – განათლებული ინდოელების მიერ მეტწილად უარყოფილი, როგორც გასული საუკუნის ნაშთები, თუმცა მათ კვლავ სერიოზულად ეკიდებიან ზოგიერთ სოფელსა და კონსერვატიულ ოჯახში. მწერალი მირა ხანა ქვრივი ქალების დამცავ ორგანიზაცია „მომსახურების გილდიაში“ მუშაობს დელიში. მისი თქმით, ქვრივების სტიგმატიზება ინდუისტური წმინდა წიგნებიდან, ვედებიდან კი არ მოდის, არამედ თაობებში არსებული რეპრესიული ტრადიციებიდან.
„ვედებში არსადაა ნახსენები, რომ ქვრივმა ქალმა ცხოვრება ასკეტურად უნდა გაატაროს. იქ ასეთი ფრაზაა: „შენ, ქალო. რატომ ტირი კაცის გამო, რომელიც აღარ არის? ადექი, ხელი მოჰკიდე ცოცხალ კაცს და თავიდან დაიწყე ცხოვრება“.
ვიზიტი დავგეგმეთ ვრინდავანსა და ვარანასიში, კოლკატას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქში, სადაც დაქვრივებული ქალებისთვის სადღესასწაულო ფესტივალებზე დასწრების უფლება უნდა მიეცათ. მთელ ინდოეთში დივალისა და ჰოლის დღესასწაულები საყოველთაო სიხარულისა და მხიარულების მოვლენებია. დივალისთვის დამახასიათებელია საჩუქრები, კაშკაშა განათებები და ფოიერვერკები; ჰოლი კი ქუჩებში ტარდება, ერთმანეთს თვალისმომჭრელ ფხვნილს აფრქვევენ და წყალს ასხურებენ.
ქვრივი ქალისთვის ამ სახის მხიარულებაში მონაწილეობა მიუღებელია: „გეუბნებიან, რომ დაქვრივების შემდეგ, არც ერთ ზეიმში მონაწილეობის უფლება არ გაქვს“, მითხრა საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაკმა ვინიტა ვერმამ. „მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ქალები საზოგადოების ნაწილი იყვნენ. სრული უფლება აქვთ, საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ“.
ვერმა იმ ინდური ორგანიზაციის (Sulabh International) ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სხვადასხვა მომსახურებას უწევს და მცირე ყოველთვიურ სტიპენდიას ურიგებს ვრინდავანსა და ვარანასიში მდებარე თავშესაფრების ქვრივ ქალებს. რამდენიმე წლის წინ – თავიდან საცდელად და შემდეგ უფრო დიდი მასშტაბით – ამ ორგანიზაციამ დაიწყო დივალისა და ჰოლის ზეიმების მოწყობა ქვრივებისთვის.
2015 წლიდან „ქვრივების ქალაქებში“ ჩატარებული ეს ღონისძიებები ინდურ მედიას არ გაუკიცხავს. ერთადერთი პრეტენზია ქვრივების დამცველებს ჰქონდათ. მათი აზრით, ეს მხოლოდ საჩვენებელი სანახაობა იყო, რეალობისგან დაშორებული და ქვრივებს კომფორტული საცხოვრებლები უფრო სჭირდებოდათ და საკვები, რომლისთვისაც სიმღერა არ მოუწევდათ; ოჯახები, რომლებიც შეიკედლებდნენ, საზოგადოება, რომელიც მათ უსარგებლოებისა და ავბედითების იარლიყს არ მიაკერებდა.
„რეალური ცვლილება იმ საზოგადოებიდან უნდა წამოვიდეს, რომელმაც ისინი შექმნა“, თქვა გაუტამმა. დავინტერესდი, „ქვრივის“ ნაცვლად, რა სახელს შეურჩევდა ქალებს. ჩანდა, ამაზეც ეფიქრა: „დედა“. „თუ დედა არ არის, ქალიშვილია, შესაძლოა – და. ის აგრეთვე ცოლია. უბრალოდ, ქმარი აღარ არის ცოცხალი“.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვრინდავანელი ქვრივი ქალები ძლიერებიც არიან. 2015 წლის ნოემბერში დივალი იწყებოდა და ერთ ნაშუადღევს ვერმას გავყევი, რომელიც Sulabh International-ის ღონისძიებებისათვის ემზადებოდა, სადაც გათვალისწინებული იყო ხმაურიანი პროცესია ღია ცის ქვეშ, ფოიერვერკი მდინარეზე და ათასობით ახალი სარი ქვრივებისთვის, რომელთაგან სასურველ ფერს თავად აირჩევდნენ. სარები ორგანიზაციის საჩუქარი იყო და ვრინდავანის ერთ მაღაზიაში გამოიფინა; ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის შემწეობის პროგრამაში ჩართული ქვრივები რამდენიმე საათის განმავლობაში ჯგუფებად უნდა მოსულიყვნენ და როგორც გამოცდილ სარის მყიდველებს შეეფერებათ, კარგად უნდა დაეთვალიერებინათ და შეერჩიათ.
მე და ჩემი თარჯიმანი ვუყურებდით, როგორ შემოიჭრა სარის გროვისკენ ქვრივების პირველი ნაკადი; ყურადღებით ათვალიერებდნენ და გამყიდველს ეძახდნენ. „იმ თაროზე რომ დევს, ისინი უფრო მომწონს“, თქვა ერთმა ქალმა. „არ შეიძლება, იქიდან ავირჩიოთ?“
არაო, აუხსნა გამყიდველმა, ისინი გასაყიდად იდო. „ჰმ“, თქვა ერთმა ქვრივმა. სამოწყალო სარის ქსოვილს თითი მოუსვა. „განსაკუთრებით კარგი ხარისხის არაა“, თქვა მეორე ქვრივმა. „გაიწიეთ, თუ შეიძლება“, თქვა სხვა ქვრივმა და ვისაც იდაყვი ჰკრა, იმან უპასუხა, რატომ უნდა გავიწიო, საკმარისი ადგილიაო. ყველას მომსახურება დიდხანს გაიწელა. სარის გარეშე დარჩენილი ოთხი ქვრივი შევნიშნე. ჩივილით გავიდნენ, გეგონება, ჩვენს დროს ფასი არ აქვსო.
დივალის პროცესია და მდინარისპირა ფოიერვერკი დიდებული გამოვიდა, ბევრი სიმღერით, შუშხუნებით და სარით – როგორც თეთრი, ისე ფერადით – განსაცვიფრებელი ფერები იყო: საფირონისფერი, ალისფერი, ღია მწვანე, ვარდისფერი, ზაფრანისფერი.
ბევრი ინდოელი ფოტორეპორტიორი მოვიდა. კვამლი ტრიალებდა, ფოიერვერკებმა მდინარე ვარდისფრად გაანათეს, მოტივტივე ზეთის ლამპრებმა მოძრავ წყალში მანათობელი წრეები გააჩინა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვრინდავანიდან მე ყველაზე კარგად მაინც ის ოთხი ამაყი ქვრივი დამამახსოვრდა, რომლებსაც სასაჩუქრე სარი არ შეხვდათ, მაგრამ მაინც დემონსტრაციულად დატოვეს იქაურობა. საკუთარ თეთრ საქვრივო სარიში გახვეულები, ერთად იდგნენ და ხითხითებდნენ. შემდეგ ერთდროულად გადადგეს ნაბიჯი გადაჭედილ ქუჩაზე გადასასვლელად… უცებ შეჩერდა მოძრაობა…
წარსულის დასამარება
ტუზლა, ბოსნია და ჰერცეგოვინა
პირველი ზარი შემოვიდა სასამართლო ექსპერტიზის იდენტიფიცირების ცენტრიდან. მირსადა უზუნოვიჩი შინ იყო 13 წლის ვაჟთან ერთად. ეცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ამცნეს, მისი მეუღლის, ეკრემის ნეშტი ამოცნობილია ლაბორატორიული ანალიზის შედეგადო. ნეშტი – თავის ქალის ნაწილი, სულ ეს იყო. უზუნოვიჩი თუ ისურვებდა, შესაძლებელი იქნებოდა ახალ მემორიალურ ცენტრში მისი ქმრის დაკრძალვის ორგანიზება.
მაგრამ სამი თვის განმავლობაში არავისთვის არაფერი გაუმხელია. „ღამით ძალიან მიჭირდა, ფიქრებთან მარტო დარჩენილს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მამაკაცისგან მხოლოდ ქალის ნაწილი დარჩა. კარგი, მოკლეს. რატომ არ დამარხეს? ნაწილებად იყო გაფანტული. არ ვიცოდი – სად. სად იყო ყველა ის ძვალი? სად იყო ის?“
ბოსნია და ჰერცეგოვინა, სრებრენიცაში ათასობით ბოსნიელი მუსლიმი კაცის დახოცვიდან 20 წლის თავზე, ადვია ზუკიჩი, თავისი ქმრის, ალაგას ნეშტს მიწას აბარებს. სასამართლო ექსპერტები კვლავაც მუშაობენ მსხვერპლთა ამოსაცნობად.
უგანდა, ქრისტინე ნამატოვუ და მისი ვაჟი ენდრიუ ერთმანეთს ანუგეშებენ. მისი გარდაცვლილი ქმრის ნათესავები ცდილობდნენ სახლის წართმევას. ამ რეგიონში მიღებული წესია ქვრივების განდევნა საკუთარი საცხოვრებლიდან.
ინდოეთი, ტაძრების ქალაქებში არსებული ქვრივი ქალების თემები ნეპალიდან და ბანგლადეშიდანაც იზიდავს ინდუისტ ქალებს. ბანგლადეშელი ქვრივი, 75 წლის ბჰაკტი დაში, 25 წელია ცხოვრობს დასავლეთ ბენგალის ნავადვიპის ტაძრის უკან. ისიც საათობით ასრულებს ლოცვებს ტაძარში, ღამის გასათევისა და საკვების სანაცვლოდ.
ინდოეთი, ფხვნილების ფრქვევის ფესტივალზე დასწრება ქვრივისთვის შეუფერებლად ითვლებოდა. ახლა უკვე ქვრივების დამხმარე ორგანიზაციების წყალობით, ისინიც მონაწილეობენ ვრინდავანში გამართულ „ჰოლის“ ზეიმზე.
ბოსნია და ჰერცეგოვინა, ორგანიზაცია, „სრებრენიცელი ქალები“, კვლავ მოითხოვს ბოსნიელი სერბების ჯარების მიერ, ომის ერთკვირიან მონაკვეთში დახოცილი მამაკაცების აღრიცხვას. ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰაირა ჩატიჩი, რომლის ქმარი და ვაჟი 1995 წლის სისხლისღვრის დროს მოკლეს, საიუბილეო ღონისძიების მოსამზადებელი პროცესით გადაიღალა.
ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბავშვობის საუკეთესო მეგობრები და ბოსნიის ომში დაღუპულ მამაკაცებზე გათხოვილი ფატა ლემეში (მარცხნივ) და ჰამიდა ლემეში, ომის მიზეზით დაქვრივებულ ოთხ სხვა ქალთან ერთად სოფელ სკეიჩიში ცხოვრობენ და მებაღეობას მისდევენ.
უგანდა, როცა ქვრივი ქალები სასამართლოს მიმართავენ, დავის წაგების დიდი შანსია. არქივარიუსი მაიკლ ნიერო სასამართლოს რეგისტრატურაში მუშაობს და სხვა მსგავსი სამსახურებივით, ისიც ვერ აუდის დაგროვილ საქმეებს.
უგანდა ქვრივი ქალის, ბეტი ნანოზის დაშინებაში ბრალდებული ჯოზეფ სენკიმა (ცენტრში). მიიჩნევა, რომ მან, 70 ადამიანთან ერთად, ქალის მოსავალი გაანადგურა, მის ვაჟს კი მოკვლით დაემუქრა. ნანოზის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის წევრები და მათი თანამოაზრეები ცდილობდნენ, ქალი ქმრის ნაანდერძევი სახლიდან გაეძევებინათ.
ბოსნია და ჰერცეგოვინა, სრებრენიცაში ათასობით ბოსნიელი მუსლიმი კაცის დახოცვიდან 20 წლის თავზე, ადვია ზუკიჩი, თავისი ქმრის, ალაგას ნეშტს მიწას აბარებს. სასამართლო ექსპერტები კვლავაც მუშაობენ მსხვერპლთა ამოსაცნობად.
უგანდა, ქრისტინე ნამატოვუ და მისი ვაჟი ენდრიუ ერთმანეთს ანუგეშებენ. მისი გარდაცვლილი ქმრის ნათესავები ცდილობდნენ სახლის წართმევას. ამ რეგიონში მიღებული წესია ქვრივების განდევნა საკუთარი საცხოვრებლიდან.
ინდოეთი, ტაძრების ქალაქებში არსებული ქვრივი ქალების თემები ნეპალიდან და ბანგლადეშიდანაც იზიდავს ინდუისტ ქალებს. ბანგლადეშელი ქვრივი, 75 წლის ბჰაკტი დაში, 25 წელია ცხოვრობს დასავლეთ ბენგალის ნავადვიპის ტაძრის უკან. ისიც საათობით ასრულებს ლოცვებს ტაძარში, ღამის გასათევისა და საკვების სანაცვლოდ.
ინდოეთი, ფხვნილების ფრქვევის ფესტივალზე დასწრება ქვრივისთვის შეუფერებლად ითვლებოდა. ახლა უკვე ქვრივების დამხმარე ორგანიზაციების წყალობით, ისინიც მონაწილეობენ ვრინდავანში გამართულ „ჰოლის“ ზეიმზე.
ბოსნია და ჰერცეგოვინა, ორგანიზაცია, „სრებრენიცელი ქალები“, კვლავ მოითხოვს ბოსნიელი სერბების ჯარების მიერ, ომის ერთკვირიან მონაკვეთში დახოცილი მამაკაცების აღრიცხვას. ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰაირა ჩატიჩი, რომლის ქმარი და ვაჟი 1995 წლის სისხლისღვრის დროს მოკლეს, საიუბილეო ღონისძიების მოსამზადებელი პროცესით გადაიღალა.
ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბავშვობის საუკეთესო მეგობრები და ბოსნიის ომში დაღუპულ მამაკაცებზე გათხოვილი ფატა ლემეში (მარცხნივ) და ჰამიდა ლემეში, ომის მიზეზით დაქვრივებულ ოთხ სხვა ქალთან ერთად სოფელ სკეიჩიში ცხოვრობენ და მებაღეობას მისდევენ.
უგანდა, როცა ქვრივი ქალები სასამართლოს მიმართავენ, დავის წაგების დიდი შანსია. არქივარიუსი მაიკლ ნიერო სასამართლოს რეგისტრატურაში მუშაობს და სხვა მსგავსი სამსახურებივით, ისიც ვერ აუდის დაგროვილ საქმეებს.
უგანდა ქვრივი ქალის, ბეტი ნანოზის დაშინებაში ბრალდებული ჯოზეფ სენკიმა (ცენტრში). მიიჩნევა, რომ მან, 70 ადამიანთან ერთად, ქალის მოსავალი გაანადგურა, მის ვაჟს კი მოკვლით დაემუქრა. ნანოზის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის წევრები და მათი თანამოაზრეები ცდილობდნენ, ქალი ქმრის ნაანდერძევი სახლიდან გაეძევებინათ.
ის ზარი 2005 წელს გაისმა, ათი წლის შემდეგ, რაც ბოსნიელი სერბების შეიარაღებულმა ძალებმა, ბოსნიის სამწლიანი ომის მხოლოდ ერთ კვირაში 7000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი დახოცეს – რიცხვი კვლავ სადავო რჩება, თუმცა ესაა საერთაშორისო სასამართლოს ჩანაწერში არსებული მონაცემი. 1995 წლის 11 ივლისიდან 19 ივლისამდე, მამაკაცები დახოცეს ქალაქ სრებრენიცასა და მის შემოგარენში, ბალკანური ქვეყნის, ბოსნია და ჰერცეგოვინის აღმოსავლეთ საზღვართან.
მირსადა 15 წლის იყო, როცა მომავალი მეუღლე გაიცნო სოფლის მეჯლისზე და იმ დღესვე შეუყვარდა. ბოლოს რომ ნახა, შავი შარვალი და მაისური ეცვა, ზურგჩანთაში კი იმ დილით ცოლის გამომცხვარი პური ედო. შვილს აკოცა და გაიქცა. ტყეში უნდოდა დამალვა.
მათი ვაჟი ორი წლის იყო. ეკრემი 27-ის. ტუზლაში, ქალაქში, სადაც უზუნოვიჩი და მრავალი სხვა სრებრენიცის ტრაგედიაში დაქვრივებული ქალი ჩაასახლეს, დღეს ოროთახიანი ოფისია, რომლის კედლები ეკრემის მსგავსი, დაღუპული ან გარდაცვლილად ჩათვლილი შავგვრემანი ბოსნიელი მამაკაცების სურათებითაა სავსე. ალბომების დასტა კიდევ ათასობით ფოტოს იტევს, სადაც კაცები იღიმიან, ეწევიან ან სასმელით ხელში მხიარულად გამოიყურებიან. ფოტოებზე აღბეჭდილია მოზარდი ბიჭებიც და ეკრემის პაპის ტოლებიც. „ყველა ეზოში ერთი სცენა იყო – ოჯახი ტიროდა, კაცები არ რეაგირებდნენ, ტყისკენ მიიწევდნენ, უკანმოუხედავად. უკუნი სიბნელე და კაცების მდინარე იყო“.
ერთმანეთს ივლისში შევხვდით ტუზლაში, მთისპირა სახლში, სადაც უზუნოვიჩი კვლავ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ყოველ 11 ივლისს, მეტწილად, ბოსნიელი ქვრივი ქალების კავშირის დაუცხრომელი ძალისხმევის შედეგად, ფართოდ გაშლილ მთისპირა სასაფლაოზე ეწყობა ჯგუფური დაკრძალვა – წინა წელს იდენტიფიცირებული და ოჯახების მიერ დადასტურებული ნეშტების ცალ-ცალკე დასაფლავება. სასაფლაო მდებარეობს სოფელ პოტოჩარიში, სრებრენიციდან რამდენიმე კილომეტრში; პირველი 600 კუბო მიწას 2003 წელს მიებარა, მაშინ როცა გამომძიებლებმა და დნმ-ის სპეციალისტებმა დაიწყეს ამ საშინელებაში გარკვევა.
ახლა უკვე, 2015 წლის ივლისის პირველ კვირაში, 20 წლის თავი ახლოვდებოდა. უზუნოვიჩს უთხრეს, რომ ბილ კლინტონი უნდა ჩამოსულიყო, სხვა, საერთაშორისო მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად. უზუნოვიჩი 41 წლის იყო. უკვე მრავალ დაკრძალვას დასწრებია: ძმის, პაპის, სამი ბიძის, ოთხი ბიძაშვილის, ეკრემის ოჯახის მამაკაცების, ორი სხვა ქვრივის ქმრის. ყოველ წელს ამბობდა, ეკრემი ჯერ არაო; ექსპერტიზის ცენტრიდან მეორედ რომ დარეკეს 2007 წელს და აცნობეს, რომ მისი ქმრის თეძო და ბარძაყის ძვალიც ამოიცნეს, უზუნოვიჩმა კვლავ უარი განაცხადა დაკრძალვაზე. ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი.
„იმხელა ტვირთს ვატარებ“, გვეუბნებოდა და ნალექიან ყავას გვისხამდა. იმ დილას კედელს ღებავდა და საღებავის შხეფებით დასვრილი სვიტერი და ლურჯი ჯინსი ეცვა, შავი თმა კი უკან გადაეწია. გადაღლილი ჩანდა: „ზედმეტად დიდხანს ველოდი. ეს თავი უნდა დავხურო. მეტი აღარ შემიძლია“. წელს ის თავის მეუღლეს დამარხავს პოტოჩარიში.
ბოსნიურად სიტყვა ქვრივი არის udovice. თუმცა, ბოსნიის ომში დაქვრივებული ქალების დაარ-სებული თანამშრომლობის ორგანიზაციების დასახელებებში მათ ეწოდებათ Žene – ქალები. მაგალითად, Snaga Žene: ქალების ძალა. იმ, 1995 წლის ზაფხულს, ტუზლას სპორტულ ცენტრთან ჩამვლელები შეამჩნევდნენ სრებრენიცელ ქალებს, რომლებიც ტუზლაში სატვირთო მანქანებით გადმოიყვანეს, მაშინ როცა მათ ქმრებს, ვაჟებს, ძმებსა და მამებს ხვრეტდნენ. კაცებს დაუბარებიათ, თუ გადავრჩით, სპორტულ ცენტრში მივალთო; ქალებიც კვირების განმავლობაში იდგნენ გარეთ და ელოდნენ. „მათთვის წარმოუდგენელი იყო“, მითხრა ტუზლელმა ექიმმა, Snaga Žene-ს პრეზიდენტმა ბრანკა ანტიჩ-შტაუბერმა. „იმის გაცნობიერება, რომ სულ რამდენიმე დღეში ამ-დენ ხალხს დახოცავდნენ. თითოეული ადამიანის ნაწილებს სხვადასხვა საფლავებში პოულობდნენ. ამას ხომ ვერავინ წარმოიდგენდა“.
ბოსნიელმა სერბმა ლიდერებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ მასობრივ საფლავებს აღმოაჩენდნენ, განკარგულება გასცეს, ათასობით გვამი ამოეთხარათ და ხელახლა დაესაფლავებინათ სოფლის ტერიტორიაზე. ბულდოზერმა ამოთხრის, ამოზიდვისა და ჩაყრის შედეგად, მთლიანად დალეწა ხრწნადი გვამები. ასე რომ, მსოფლიოს კონფლიქტის ზონებში ქვრივებისთვის ტრადიციულ შემზარავ მემკვიდრეობას – ტრავმას, გაუპატიურებას, იზოლაციას, ფინანსურ გასაჭირს – ახალი ტვირთი დაემატა: სრებრენიცის გვამები, რომლებიც ხელახლა რომ დაესაფლავებინათ და დაეტირათ, ჯერ ნაწილ-ნაწილ უნდა ამოეცნოთ.
ექსპერტიზის შედეგად ამოცნობა, ძვლებისა და ფრაგმენტების ნათესავების დნმ-ის ნიმუშებთან შედარების დამქანცველი სამუშაო ბოსნიის ომის შემდგომ დაარსებული ორგანიზაციის, „დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიის“ საქმე იყო. აღრიცხვის მოთხოვნა და ერთი საგანგებო სასაფლაოს შექმნისკენ მოწოდება; ყველა დაკარგულის ფოტოს მოძიება; ყოველთვიური საპროტესტო აქცია, თითოეული მამაკაცის ნეშტის პოვნის, მკვლელების დასჯისა და სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტისთვის სიტყვა „გენოციდის“ სამუდამოდ მინიჭების მოთხოვნა კი – ამ ქალების.
მსხვერპლთა შორის იყვნენ სრებრენიცა-პოტოჩარის მემორიალური ცენტრის წარმომადგენლის, ამრა ბეგიჩის მამა და პაპა; მათი საფლავები ორი ქვითაა მონიშნული. დაღუპულთა უკანასკნელ ნაკადამდე, 6241 დასრულებული საფლავი იყო. მემორიალურ ცენტრში 136 ახალი მწვანე კუბო იყო ჩამწკრივებული – ისლამში მწვანე წმინდა ფერია. ეკრემ უზუნოვიჩის ნეშტი 59-ე კუბოში ესვენა და დაკრძალვის დღეს, უღრუბლო თბილ დილას მირსადა უზუნოვიჩმა მიაგნო საფლავის ქვას მისი სახელით, ახალამოთხრილ საფლავთან. მასთან ერთად მოსულმა ნათესავებმა დასაკეცი სკამები მოიტანეს, ისიც ერთ-ერთზე ჩამოჯდა და მოკრძალებით იღებდა ხალხს, მათ მოხვევას და ჩურჩულით ნათქვამ თანაგრძნობის სიტყვებს. გაისმოდა ლოცვები და გალობა, იყო ხმაურიანი აგრესიის მომენტიც, როცა 11 ივლისის ცერემონიაზე პირველად მოსულმა სერბმა პრემიერ-მინისტრმა, რიგით საფლავზე ყვავილების დადება სცადა და ხალხმა ისეთი სტვენა და აყალმაყალი ატეხა, რომ მისმა დაცვამ სასწრაფოდ გააქანა იქვე მომლოდინე მანქანაში.
იმამმა პატივისცემისაკენ მოუწოდა ხალხს. სასაფლაო დადუმდა. ქვემოთ პირველ რამდენიმე მწვანე კუბოს მიაცილებდნენ; იმამმა ბრძოლაში დაცემულთათვის ლოცვისაკენ მოუწოდა და მთისპირას შეგროვილმა ათასობით ადამიანმა ერთდროულად დახარა თავი. უზუნოვიჩი არ ლოცულობდა. სკამიდან ადგა, სიგარეტს მოუკიდა, მიწაში ამოთხრილ ცარიელ საფლავთან ჩამოჯდა და ელოდა. სხვებმა ილოცონო, იფიქრა. უკვე იმდენი ლოცვა ჰქონდა წარმოთქმული, ახლა ეკრემთამ უნდოდა ლაპარაკი: შენ მთხოვე, ჩვენი ვაჟი დამეცვა. აი, უკვე 22 წლისაა. უნივერსიტეტის სტუდენტია. ერთ-ერთია, ვინც შენს კუბოს ატარებს. ის ჩაგასვენებს მიწაში და მიწას დაგაყრის, უკვე გექნება საკუთარი ადგილი.
კანონის აღსრულება
მუკონოს ოლქი, უგანდა
„უმორჩილესი პეტიცია ტუმუშაბე კლერ გლორიუსისა მოგახსენებთ შემდეგს“. უგანდაში იურიდიული დოკუმენტები მაღალფარდოვანი, კოლონიური ეპოქის ინგლისურით იწერება. შუა ზაფხულის ერთ დილას, ადვოკატი დიანა ანგვეჩი, კალთაზე დაწყობილ ორ სქელტანიან საქმეს ფურცლავდა. იმპროვიზებული სასამართლო, პატარა წითელი შენობა სიმინდის ყანასა და ბანანის ხეებს შორის, დედაქალაქ კამპალიდან ერთი საათის გზაზე მოეწყოთ. ბეტონის იატაკზე რამდენიმე გრძელი ძელსკამი ჩაემწკრივებინათ და მოსამართლის მაგიდა დაედგათ, რომელზეც მხოლოდ კალენდარი, ყურანი და ბაწრით შეკრული გაცრეცილი ბიბლია იდო.
მცველი გვერდზე გადგა და დარბაზი ხალხით შეივსო. ქვრივმა კლერ ტუმუშაბემ, ორი წლის ქალიშვილი – ექვსი შვილიდან ყველაზე უმცროსი, შემოიყვანა და მეოთხე რიგში დაჯდა. ტუმუშაბე ადრე უფრო მორიდებული ქალი იყო, მაგრამ ახლა გათამამდა; სასამართლო დარბაზს ყურადღებით ათვალიერებდა; ორსულად იყო სწორედ ამ ქალიშვილზე, ქმარი რომ გარდაეცვა-ლა. ახლა ცდილობდა ნათლად და ემოციურად მოეთხრო საკუთარი ტრაგედია.
მგლოვიარე ორსული, გარდაცვლილი ქმრის ოჯახისა და საგვარეულოს გავლენიანი წევრების კრებაზე დაიბარეს. განუცხადეს, რომ მისი შვილები ახლა მათ ეკუთვნოდათ; უბრძანეს, ხელი არ ეხლო მოსავლისთვის, აღარც ის ეკუთვნოდა მას; გააცნეს მისი ქმრის უფროსი ძმა, რომელიც ტუმუშაბეზე 20 წლით უფროსი იყო და რომელიც დაუყოვნებლივ გადავიდოდა მის სახლში და მესამე ცოლად შეირთავდა.
სახლი და დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწა, რომელიც ტუმუშაბეს ქმარს მამისგან მემკვიდრეობით ერგო, როგორც ქმრის ნათესავებმა განაცხადეს, სრულად უნდა გადასცემოდათ მათ. ტრადიციისამებრ, ტუმუშაბეც ამ ქონების ნაწილი იყო.
ტუმუშაბემ უპასუხა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. უთხრა, რომ ამ კაცთან არასოდეს გაიყოფდა სარეცელს და რომ ქმარმა მას საბუთები დაუტოვა იმის მტკიცებულებად, რომ მიწა მას გადაეცემოდა. ქმრის ნათესავებმა უთხრეს, როგორც ჩანს, ქმარი მოგიჯადოებია და დაგიჩლუნგებიაო. ტუმუშაბემ პოლიცია გამოიძახა. მოსავლის ნაწილი მოკრიფა და ხეები დაჩეხა, შეშად. მუქარები უფრო გამწვავდა; ბავშვებსაც ამცირებდნენ. ერთხელ ქმრის ოჯახიდან ერთი კაცი გამოეცხადა და მოკვლით დაემუქრა. ერთი ამგვარი თავდასხმისას ტუმუშაბეს პანგათი – ფართოპირიანი აფრიკული მაჩეტე – ხელი გაეჭრა, დიანა ანგვეჩმა ტუმუშაბეს ერთ-ერთი მჩაგვრელი თავდასხმის ბრალდებით დაიბარა სასამართლოში.
მე და ტოენსინგი ცენტრალური უგანდის სოფლებში დავყვებოდით ანგვეჩსა და მის კოლეგებს; მუდმივად იმეორებდნენ, როგორც სიტუაცია მოითხოვს, ისე იქცევიო; თანაუგრძნობ, ცდილობ გაანათლო პოლიციელები და სოფლის უხუცესები, ესწრები თემის ფორუმებს და უხსნი, რომ ახალდაქვრივებული ქალის დაშინება ოჯახის ქონების გამოძალვის მიზნით, აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამშინებლები ქმრის ნათესავები არიან. „ხალხი შოკში იყო – ღმერთო ჩემო, ეს მართლა არასწორი საქციელიაო? – გვეკითხებოდნენ“, თქვა იურისტმა ნინა ასიმვემ, როცა იხსენებდა თავის პირველ საჯარო გამოსვლას, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მართლმსაჯულების მისიას (IJM) შეუერთდა. ამავე ორგანიზაციაში მუშაობს ანგვეჩიც. „მათ ეგონათ, ეს ნორმალური იყო. უსამართლობა, თუმცა ნორმა. საზოგადოების მიერ დაშვებული“.
ჩათვალეთ, რომ IJM-ი ქვრივი ქალების დამცველი რაზმია: ადვოკატები, სოციალური მუშაკები და კრიმინალისტ-გამომძიებლები, რომლებიც ცდილობენ ქმარდაკარგული ქალების შესახებ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული წარმოდგენების წაშლას. IJM-ი აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს სხვა ქვეყნის ღარიბ, ძალადობის მსხვერპლს. თუმცა კამპალაში ის მხოლოდ საპილოტო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს, ძირითადად, ერთ დიდ, მეტწილად სასოფლო რეგიონში, დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, სადაც უფასოდ სთავაზობს ადვოკატებისა და სოციალური მუშაკების მომსახურებას დაზარალებულებს, რომლებიც „ქონების მიტაცებას“ ემსხვერპლენ. ეს „პრაქტიკა“ აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაშია გავრცელებული და გულისხმობს დაუცველი ადამიანებისთვის სიტყვიერი მუქარით ან ფიზიკური თავდასხმის შედეგად მათი კანონიერად კუთვნილი მიწის გამოძალვას.
მსოფლიოს ამ ნაწილში, ყველაზე ხშირად ქვრივი ქალები ზარალდებიან. უგანდის 39-მილიონიანი მოსახლეობის ორ-მესამედზე მეტს თავად მოჰყავს საკუთარი სარჩო. სახლისა და მასთან მიბმული მიწის ფლობა მატერიალური უზრუნველყოფის ძლიერი გარანტია: საკვები ბავშვებისთვის, შეშა სამზარეულოსთვის, მოსავალი – ბაზარში გასაყიდად. საფლავებიც სახლთან ახლოსაა და ოჯახის ქონების განმკარგველი წინაპრების ისტორიის, პატივისა და სტატუსის მფლობელიცაა. უგანდის მოსახლეობის სწრაფი ზრდა და, ამასთან, იპოთეკური ბანკების შემოსვლა, სულ უფრო ზრდის მიწის ღირებულებას. სახლი და მის გარშემო არსებული სავარგულები ახლა უკვე პოტენციური სესხის დამატებით უზრუნველყოფას წარმოადგენს ბიზნეს-ინვესტიციისთვის ან მეტი კაპიტალის დასაგროვებლად.
ტრადიციული უგანდური კულტურა ამ ქონებას ადვილად არ უთმობს ქვრივ ქალს. ეროვნული სიამაყის წყარო, 1995 წელს გადაწერილი კონსტიტუცია, გენდერული თანასწორობის პირობას იძლევა. თანამედროვე საკანონმდებლო აქტები ხაზგასმით გადასცემს მემკვიდრეობის უფლებას ცოლებსა და ქალიშვილებს. თუმცა რეალურად, განსაკუთრებით სოფლებში, რაც ქვეყნის ძირითადი ნაწილია, კვლავ ითვლება, რომ მხოლოდ კაცებს უნდა გადაეცეთ მიწა მემკვიდრეობით და რომ დაქვრივება ქალს უწყვეტს სოციალურ ლეგიტიმურობას, და რომ მისი ქმრის ოჯახისა და საგვარეულოს გადასაწყვეტია, რა მოხდება შემდეგ – ვინ მიიღებს ქონებას, ვინ წაიყვანს შვილებს, ვისთან ექნება ქალს სექსი. „პლუს სტიგმა“, თქვა ასიმვემ. „თუ დაქვრივდი, უიღბლო ხარ. დაწყევლილი. შენ გბრალდება ქმრის სიკვდილი. შეიძლება კაცს რამდენიმე ოჯახი ჰყავდა, რამდენიმე ცოლი, თავად მოიტანა აივ-ი შინ. მაგრამ თუ მოკვდება, შენი ბრალია. შენ მოკალი“.
ამრიგად, IJM-ის ადვოკატებს, რომელთა კლიენტებიც ქვრივები არიან, უგანდის მუკონოს ოლქის სოფლებსა და სასამართლოებში დიდი მიზანი აქვთ: მთელ მუკონოს და, ალბათ, მთელ უგანდასა და მის საზღვრებს მიღმა ყველას გააგებინონ, რომ ამ ქალების სახლებისა და მოსავ-ლის მიტაცება, რასაც ხშირად თან ახლავს მუქარა, გაყალბება და ლანძღვა – არა მარტო არასწორია, არამედ ისჯება კანონით. მაგრამ დიპლომატიურობა მაინც გადამწყვეტია; სოფლის შეხვედრებზე ასიმვე ყოველთვის ასეთი ფორმით მიმართავს უხუცესებს: „ჩემო მამებო“ და „ჩემო დედებო“.
თუმცა მათი მიდგომა ხშირად არაადეკვატურია, როგორც ასიმვე ამტკიცებს, საბჭოს მეთაურების მოსყიდვა და დაშინებაც შეიძლება. ის მსმენელებს სთხოვს, ახსოვდეთ, პანგათი შეიარაღებული ქონების მიმტაცებლის მიერ სახლიდან გაძევებული ქვრივის სავარაუდო მომავალი: მას საკუთარი ოჯახი უკან აღარ მიიღებს, რადგან ან საშუალება არ ექნებათ, ან თავისიანად აღარ ჩათვლიან. ასეთი ქვრივი შეიძლება ქუჩაში დარჩეს. შესაძლოა, პროსტიტუციაშიც ჩერთოს.
ამის გაცნობიერება ნელა ხდება. ეროვნული პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს IJM-ის მუკონოს ოლქის გამოძიებებს, თქვა, რომ მისი წესრიგის დამცველი მეგობრები თავიდან გაოცდნენ, როცა მან სოფლების პოლიციაში დაიწყო სიარული და პოლიციელებს ასწავლიდა ქონების მიტაცების მტკიცებულებების შეგროვებას და იმას, რომ სერიოზულად უნდა მოკიდებოდნენ ქვრივების მიმართ განხორციელებული ძალადობის მუქარებს, რომლებიც თავდაცვას ცდილობდნენ. როგორც გვითხრა, მისი თაობის კოლეგები წარბს წევდნენ: „ეს რა პრობლემაა? მნიშვნელოვანი საქმეა?“.
მუქარები იმდენად სარწმუნო და ფართოდ გავრცელებულია, და მეტიც, ზოგჯერ საქმის გამომძიებლებისკენაცაა მიმართული, რომ IJM-მა ითხოვა ამ გამომძიებლის სახელი არ გამოგვექვეყნებინა. ზოგჯერ საქმეებიც წარმოუდგენლად ჩახლართულია. უგანდა მიწის ფლობის არა ერთი სახის სანქციას გასცემს, როგორც კოლონიამდელ, ასევე, თანამედროვესაც, ამიტომ რთულია გაგება, ვის ეკუთვნოდა მიწა, ქმრის სიკვდილამდე პერიოდშიც კი. უგანდელები ანდერძებს – სიკვდილის ასეთ აშკარა მომასწავებლებს, სიფრთხილით ეკიდებიან. მიღებულია თანაცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონიერი ქორწინება არაა; მრავალი ქალი, რომელიც თავს კანონიერ ცოლად თვლის, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მემკვიდრეობის თვალსაზრისით, სულაც უუფლებოა. „თუმცა მჯერა, რომ იმედი არის“, გვითხრა იურისტმა და სოციალური სამუშაოების დირექტორმა, ელის მუჰაირვე მპარანამ გასულ ივნისს. „საბოლოო გამარჯვებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ საქმე დაწყებული გვაქვს. წელს უკვე ცხრა მსჯავრდებული გვყავს“.
2016 წლის პირველ ნახევარში დამტკიცებული ბრალეულობებია: უკანონო გასახლება, კრიმინალური გზით შეჭრა სხვის მიწაზე, სხვის საქმეში უნებართვოდ ჩარევა. 23 ივნისს მეექვსედ აღინიშნა ქვრივ ქალთა საერთაშორისო დღე მუკონოს უდიდეს დასახლებაში; სასამართლოს წინ, მწვანე მოედანზე გაიმართა ცერემონია. მიკროფონებით, უნიფორმიანი ორკესტრით, ასობით დასაკეცი სკამითა და ტენტით გადაფარული, თოკით შემოსაზღვრული ლოჟით, სადაც აბრაზე იკითხებოდა „საპატიო ქვრივები“. გავლენიანი ხალხი ფეხზე წამომდგარი წარმოთქვამდა სიტყვას: პოლიციის უფროსი, მომრიგებელი მოსამართლე და კლერ გლორიუს ტუმუშაბე, რომელსაც ყველაზე მეტი დრო დაეთმო მიკროფონთან.
ტუმუშაბემ თქვა, რომ მიღებული დახმარებით, ის ოჯახის კუთვნილ კარ-მიდამოში დარჩა. „მე მხოლოდ ერთი კაცი მიყვარდა“, ის ლუგანდურ ენაზე ყვიროდა, ხმას მქადაგებელივით უწევდა და საპატიო ქვრივებიც ყიჟინით პასუხობდნენ. „ჩემი ქმრის საგვარეულოს ვუთხარი, სხვა კაცს როგორ უნდა გადასცეთ ჩემი თავი? მთელ საგვარეულოზე არ გავთხოვილვარ-მეთქი“.
სამი თვის შემდეგ მე და ტოენსინგმა ახალი ამბავი შევიტყეთ: კაცი, რომელიც ტუმუშაბეს დაესხა თავს, დამნაშავედ სცნეს „თავდასხმისთვის სხეულის დაზიანებით“ და ერთი წლით ციხეში ჩასვეს. ტუმუშაბე და ადვოკატები გამარჯვებას ზეიმობდნენ. მაგრამ დამნაშავის და-ძმები გაცხარებული იყვნენ და მთავარი გამომძიებელიც ღელავდა ქვრივსა და მის შვილებზე: „ჩვენ მისი დაცვა გავაძლიერეთ. ვფიქრობთ, თემშიც მივიდეთ და მათაც ავუხსნათ ყველაფერი. ტუმუშაბე იზოლაციაში ცხოვრობს. თუმცა ის მტკიცე და ძლიერია“.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.