ერიკა ლარსენი
მისი საქმიანობა იმ კავშირებს იკვლევს, რომლებიც კულტურებს, ადამიანებსა და ბუნებას – ამ შემთხვევაში გადარჩენისთვის მებრძოლ ზღვის სათუთ ცხოველებს აერთიანებენ.


ერიკა ლარსენი
მისი საქმიანობა იმ კავშირებს იკვლევს, რომლებიც კულტურებს, ადამიანებსა და ბუნებას – ამ შემთხვევაში გადარჩენისთვის მებრძოლ ზღვის სათუთ ცხოველებს აერთიანებენ.
წყლის პირას, ჯებირზე, ჯინას სახლის წინ ვისხედით და ველოდებოდით. მალე მათ ხმასაც გავიგებთ: ლამანტინების ამოსუნთქვას, წყლის ზედაპირზე ჰაერისათვის რომ ამოყვინთავენ, სანამ ისევ ნაკადულებით ნაკვებ ფლორიდის ყურეში ჩაიძირებიან. ამ ხმებს „წინაპართა ხმები“ ვუწოდე, რადგან ზღვის ამ მშვიდი ძუძუმწოვრების ხმელეთის ბალახისმჭამელი ძუძუმწოვრებისგან წარმოშობა დაახლოებით 50 მილიონ წელს ითვლის. თუმცა იქ, სადაც დღეს ლამანტინები ბინადრობენ, მრავალი პოპულაცია სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფება.
ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ჯინა სტეფენსი და მე 2019 წელს National Geographic–ის მენტორობის პროგრამაში ვმონაწილეობდით და პროექტზე ერთად მუშაობის საკითხს განვიხილავდით. მე სამხრეთ ფლორიდაში სულ რამდენიმე წლის წინ გადავედი საცხოვრებლად, ჯინა კი კოლუმბიაში ცხოვრობდა.
ჯინამ ბავშვობის მრავალი დღე გაატარა კრისტალ-რივერში, ფლორიდაში (რომელიც ლამანტინების მსოფლიო დედაქალაქად არის ცნობილი), სახლში, რომელიც თავდაპირველად მის ბებიას ეკუთვნოდა და ლამანტინების საბინადრო წყლებს გაჰყურებს. პანდემიის პერიოდში მან აქ რამდენიმე კვირით დარჩენა გადაწყვიტა. როდესაც ვესტუმრე, იდეების განხილვა დავიწყეთ.
2021 წელს წყლის ხარისხის გაუარესებამ ფლორიდაში ზღვის მრავალი წყალმცენარე გაანადგურა, რომლითაც ლამანტინები იკვებებიან. ერთ წელიწადში ათასზე მეტი ინდივიდი დაიღუპა. ეს განსაკუთრებით მომაკვდინებელი წელი იყო ამ ძუძუმწოვრებისთვის. იმავე წელს National Geographic-მა მოიწონა ჩვენი შეთავაზება, დაგვეწერა სტატია ლამანტინებისა და ფლორიდის მყიფე ეკოსისტემასთან მათი ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობენ კარგად და სად ემუქრებათ საფრთხე.
კრისტალ-რივერი ჩვენს საკვლევ ბაზად ვაქციეთ. დილით ადრე, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, გარშემო წყლიდან ამომავალი ჰაერის ნაკადის ხმა მესმოდა. ისევ წინაპართა ხმები.
„ჯინა და მე ვუღრმავდებით ამ თითქმის მითიური არსების კულტურას, რომელსაც, ერთი მხრივ, გადაშენების საფრთხე ემუქრება, ხოლო მეორე მხრივ – ყველას ყურადღების ცენტრშია“. – ერიკა ლარსენი
ჯინას ფესვები კრისტალ-რივერში ჰქონდა. ეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი ლამანტინებით გატაცებაში გამოვლინდა. მეც მალე გამიტაცა მათ გარემოში დროის გატარებამ. Bloomberg Businessweek-ის ანგარიშში ერთმა სათაურმა ჩემი ყურადღება მიიპყრო: „არავინ იცის, როგორ უნდა გადავაჩვიოთ ლამანტინები ქვანახშირის ელექტროსადგურებს“, სადაც ნათქვამია, რომ ლამანტინები ქვანახშირსა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარე ცხელი წყლისკენ მიილტვიან, რადგან ცხელი წყაროს ბუნებრივი ჰაბიტატები შემცირდა სანაპიროს განაშენიანების გამო.
როდესაც სამეცნიერო, გარემოსდაცვით და ისტორიულ საკითხებს ვიკვლევდით, წავაწყდით მეცნიერისა და National Geographic-ის მკვლევრის, ჯეისონ გალის ნაშრომს ლამანტინების შესახებ. ფოტორედაქტორ კაია ბერნთან საკითხის განხილვის შემდეგ, ჯეისონი ჩვენს გუნდს შემოუერთდა. ის წყალქვეშა და აეროფოტოებს უღებდა ლამანტინების აქამდე უცნობ ჰაბიტატებს.
ნაზი. საყვარელი. ალერსიანიც კი. ლამანტინები აღფრთოვანებულ შეფასებებს იღებენ თაყვანისმცემლებისგან, რომელთაგან ბევრს ეს არსება უშუალოდ არასოდეს უნახავს. ასეთია ზღვის ძროხა ადამიანების წარმოსახვაში, გამოსახული კედლის ნახატებზე, ქანდაკებებში, ტანსაცმლის ლოგოებზე და სხვ. ლამანტინომანიის ზოგიერთი ნიშანი, რომელსაც ჟურნალისტი ჯინა სტეფენსი და მე ფლორიდაში წავაწყდით ლამანტინის დეკორაცია (ეს მე ვარ, რომ ვეხუტები) ბრედენტონში მდებარე ბიშოპის სახელობის მეცნიერებისა და ბუნების მუზეუმში; საფოსტო ყუთი დედა-შვილი ლამანტინით კრისტალ-რივერში – ერიკა ლარსენი
საფოსტო ყუთი დედა-შვილი ლამანტინით კრისტალ-რივერში
ენთუზიასტები ტოპაზ მარტოფელი და მისი ვაჟი რაიდერ კრამერი, რომლებიც პენსილვანიიდან ჩამოვიდნენ ფლორიდის ლამანტინების ფესტივალზე დასასწრებად კრისტალ-რივერში და მშვიდ ძუძუმწოვრებთან ერთად საბანაოდ.
ნაზი. საყვარელი. ალერსიანიც კი. ლამანტინები აღფრთოვანებულ შეფასებებს იღებენ თაყვანისმცემლებისგან, რომელთაგან ბევრს ეს არსება უშუალოდ არასოდეს უნახავს. ასეთია ზღვის ძროხა ადამიანების წარმოსახვაში, გამოსახული კედლის ნახატებზე, ქანდაკებებში, ტანსაცმლის ლოგოებზე და სხვ. ლამანტინომანიის ზოგიერთი ნიშანი, რომელსაც ჟურნალისტი ჯინა სტეფენსი და მე ფლორიდაში წავაწყდით ლამანტინის დეკორაცია (ეს მე ვარ, რომ ვეხუტები) ბრედენტონში მდებარე ბიშოპის სახელობის მეცნიერებისა და ბუნების მუზეუმში; საფოსტო ყუთი დედა-შვილი ლამანტინით კრისტალ-რივერში – ერიკა ლარსენი
საფოსტო ყუთი დედა-შვილი ლამანტინით კრისტალ-რივერში
ენთუზიასტები ტოპაზ მარტოფელი და მისი ვაჟი რაიდერ კრამერი, რომლებიც პენსილვანიიდან ჩამოვიდნენ ფლორიდის ლამანტინების ფესტივალზე დასასწრებად კრისტალ-რივერში და მშვიდ ძუძუმწოვრებთან ერთად საბანაოდ.
იმავდროულად, ჯინა და მე ხმელეთზე ვუღრმავდებით ამ თითქმის მითიური არსების კულტურას, რომელსაც, ერთი მხრივ, გადაშენების საფრთხე ემუქრება, ხოლო მეორე მხრივ – ყველას ყურადღების ცენტრშია.
ფლორიდის სანაპირო ზოლის მარშრუტებზე გადაადგილების დროს, ლამანტინებთან ადამიანების შეხვედრის და მათ მიმართ გრძნობების გამოხატვის უამრავი ფაქტი აღმოვაჩინეთ. ადამიანთა დიდი ჯგუფები მათ სიყვარულით აღწერდნენ როგორც ნაზ, ჩასახუტებელ და საყვარელ არსებებს. ლამანტინებზე მზრუნველი საზღვაო კონსერვაციონისტების თქმით, ის „იადონია ქვანახშირის მაღაროში“. ეს ცხოველი თვითონაც დიდი საფრთხის წინაშეა და მის ირგვლივ გარემოში არსებული საფრთხის მაუწყებელიცაა.
ნაწილობრივ ლამანტინების პოპულარობის წყალობით, ფლორიდაში მათ დაცვას ფართოდ უჭერენ მხარს – ზოოპარკები, აკვარიუმები, მუზეუმები, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური, ენერგეტიკული კომპანიები, უნივერსიტეტები და სხვა.
სტატია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, National Geographic-ის 2023 წლის იანვრის ნომერში უნდა გამოქვეყნდეს. მისი ვიზუალური ნაწილი მოიცავს ჯეისონის შრომატევად წყალქვეშა კადრებს, ასევე ჩემ მიერ ხმელეთზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც დოკუმენტურსა და ასევე უფრო ნაკლებად სერიოზულ, შვებულების პერიოდში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს.
მოგზაურობის დასასრულს ჯინა და მე ისევ ჯებირზე ვისხედით და ლამანტინების თავგადასავალზე ვმსჯელობდით.
ჩემთვის ლამანტინები იქცნენ მეგზურებად ჩემი მშობლიური ადგილების წარსული პლასტების დათვალიერებისას. ლამანტინების ისტორიაზე ჩვენი მუშაობის განმავლობაში ისინი სარკის როლს ასრულებდნენ მათთვის, ვინც ლამანტინების გზაზე ხვდებოდა, იმ ადგილებისთვის, სადაც ბინადრობენ და იმ გარემოსთან ჩვენი ურთიერთობისთვის, რომელიც გვარჩენს.
წყალქვეშ ისინი ბალახისმჭამელი ძუძუმწოვრების მცირე და უჩვეულო ჯგუფია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ეკოსისტემაში, ხმელეთზე კი ქარიზმატული არსებები აღფრთოვანების, მოხიბვლისა და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის ასახვის უნარით.
ისინი უძველესი არსებები არიან და შორეული წარსულის მოგონებებს ინახავენ.