საინტერესოა, რომ ბევრ კულტურაში სიგიჟე და ფრენა ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. ქართულ ენაში კი განსაკუთრებით: როცა ვინმეზე ვამბობთ: “აფრენს”, “გააფრინა”, ზუსტად ვიცით, რასაც ვგულისხმობთ.
ალბათ, ლეონარდო არ იყო ფრენის იდეით შეპყრობილი პირველი ადამიანი – შესაბამისად, ისიც “აფრენდა”, ხოლო მის გენიალურობაზე ახლა ჩვენც “ვაფრენთ”. დღეს ადამიანი დაფრინავს: თვითმფრინავით, დელტაპლანით, კოსმოსური ხომალდით და ეს უკვე არ გვაცვიფრებს. ასევე ჩვეულებრივად აღვიქვამთ მათ ფრენას, ვინც საფრენადაა შექმნილი, რადგან ბავშვობიდან დაგვყვება ცაში მოფარფატე ფრინველის ხატი.
არადა, ოდნავ თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ფრენა არამარტო უცნაური ფენომენია, არამედ ნამდვილი ევოლუციური სასწაული.
რატომ წარმოიშვნენ ორგანიზმები, რომლებიც ფრენენ? საიდან წარმოიშვა საფრენი აპკი ან ბუმბული, რომელთა გარეშეც სხვადასხვა სახეობა ჰაერში ვერ ილივლივებს? რამდენი მილიონი წელი დასჭირდა ბუნებას, ქვეწარმავლიდან ფრინველი რომ წარმოეშვა?
თითქოს ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც იგებ, რომ ბუმბული, შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო საფრენად შექმნილი. “რა სიგიჟეა!” – ბობოქრობდნენ არაბიოლოგები ჩვენთან, რედაქციაში, როდესაც კარლ ციმერის სტატიას ამუშავებდნენ.
მართლაც, ყოველი ახალი სამეცნიერო აღმოჩენა ასეთი “სიგიჟისა და გაფრენის” ზღვარზეა. ეს იმიტომ, რომ გვიჭირს ერთი პარადიგმიდან მეორეში გადასვლა, ერთი სტერეოტიპის მეორით ჩანაცვლება.
სტერეოტიპების რღვევაში, მეტის შეცნობასა და ამ საოცარი ფენომენის სხვა ბუნდოვან საკითხთა გარკვევაში არამარტო სტატიის საინტერესო ტექსტი, არამედ რობერტ კლარკის არაჩვეულებრივი ვიზუალური მასალაც დაგეხმარებათ.