ღრმა ოკეანის 99,999% იდუმალებითაა მოცული
კეიტი კროფ ბელს ამის შეცვლა სურს – ახალი ხელსაწყოს შემუშავებით, რომელიც მეცნიერებს ბნელი სიღრმეების განჭვრეტაში დაეხმარება.
ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ღრმა ოკეანის ფსკერზე. კვლევა-ძიების ათწლეულების შემდეგ ის მაინც დედამიწის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ჰაბიტატად რჩება. ეს შეუცნობელი ზონა დიდი ხანია აწუხებს National Geographic-ის მკვლევარ კეიტი კროფ ბელს, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ათობით საოკეანო ექსპედიციისთვის უხელმძღვანელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღრმა წყლები ჩვენი პლანეტის ორ მესამედს მოიცავს, გადამწყვეტ როლს ასრულებს ნახშირბადის შთანთქმასა და კლიმატის რეგულირებაში. ამიტომ ბელმა და კიდევ რამდენიმე მკვლევარმა გადაწყვიტეს ჩვენს ცოდნაში არსებული ჩავარდნები რიცხობრივად გამოესახათ.
შედეგები იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მათ ეგონათ: ღრმა ოკეანის ფსკერის მხოლოდ 0,001%-ია ვიზუალური დაკვირვების საგანი. მათი განსაზღვრით, 1950 წლებიდან განხორციელებული დაახლოებით 44 000 ღრმაწყლოვანი ჩაყვინთვა, ხშირად ერთსა და იმავე ადგილებს იკვლევდა. შედეგად მხოლოდ 12 000-მდე ცალკეული ადგილია შესწავლილი. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ღრმაწყლოვანი ყვინთვის სპონსორი მხოლოდ 5 მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ასეთი მონოპოლიის მიზეზი ნაწილობრივ ღრმა წყლების კვლევის მაღალი ფასია. თანამედროვე ღრმა წყლების აპარატის საფასური ათობით ათასი დოლარიდან იწყება და მილიონობით დოლარამდე აღწევს.

ბელი თითქმის ათი წელია მუშაობს იმაზე, რომ ზღვის სიღრმეები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. აქტიური მოქმედება 2018 წელს დაიწყო, როდესაც MIT-ის მედიალაბორატორიაში 250-ზე მეტი მკვლევარი მოიწვია ზღვის ფსკერის შესახებ ცოდნის გაღრმავების გზების განსახილველად: დაბალფასიანი სენსორები, მანქანური სწავლა, საზოგადოების ჩართულობა და რობოტექნიკა. ღონისძიების ბოლოს ბელმა იფიქრა: რატომ არ შეიძლება შექმნა იაფი, მარტივად სამართავი და მრავალფეროვან ხომალდებზე მორგებადი ტექნოლოგია? ამან შესაძლოა ეს სფერო სრულიად გარდაქმნას, იხსენებს ბელი, „და ჩვენი ცოდნა ღრმა ოკეანის შესახებ სწრაფად გააღრმაოს“. ოკეანის ვეტერანმა მკვლევარმა გადაწყვიტა ეს რეალობად ექცია.
შვიდი წელი გავიდა და ბელი ღრმა წყლების რევოლუციური აპარატის დებიუტის ზღვარზეა. მოწყობილობას მილიონობით დოლარის ღირებულების აპარატების არაერთი მექანიზმი აქვს, თუმცა 10 000 დოლარზე ნაკლები ღირს. „ის თამაშის წესებს სრულიად შეცვლის“, – ამბობს ბელი. აკვალანგის ბალონზე ოდნავ მოზრდილი მოწყობილობა გათვლილია, რომ წყლის ქვეშ 6000 მეტრის სიღრმეზე არსებულ უზარმაზარ წნევას გაუძლოს, რაც საშუალებას მისცემს ოკეანის ფსკერის 98%-ს მისწვდეს. არაკომერციულ ორგანიზაციაში „ოკეანის აღმოჩენების ლიგა“ (ODL), რომელიც ბელმა 2021 წელს დააარსა, აპარატს ღრმა ოკეანის კვლევის და ვიზუალიზაციის სისტემა, იგივე DORIS-ი დაარქვეს.
საბოლოო პროდუქტი ტემპერატურის, სიღრმის და მარილიანობის გასაზომი სენსორებით აღიჭურვება, თუმცა მისი მთავარი მიზანი 4K ფოტო- და ვიდეოკამერით გადაღებული მასალა იქნება, რაც მეცნიერებს დაეხმარება, უკეთ გააანალიზონ ფსკერიდან აღებული მონაცემები და ნიმუშები. აპარატის განვითარების პროცესს სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები აკვირდებიან. ODL პროტოტიპს ქმნის ტექნოლოგიურ კომპანია Blue Robotics-თან თანამშრომლობით და დაფინანსებას, მათ შორის, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციისგან იღებს.
დაბალფასიანი ღრმაწყლოვანი აპარატი – კეიტი კროფ ბელი თანამშრომლობს Blue Robotics-თან, რათა განავითაროს ღრმა ოკეანის კვლევის და ვიზუალიზაციის სისტემა (DORIS), წყალქვეშა აპარატი, რომელიც 10 000 დოლარზე ნაკლები ღირს. დაახლოებით აკვალანგის ბალონის ზომის აპარატს შეუძლია 6000 მეტრის სიღრმეზე ჩააღწიოს.

მომავალი გაუმჯობესებები მოიცავს ნიმუშების შეგროვების და ხმის ჩაწერის შესაძლებლობებს. ბელის გუნდი ასევე თანამშრომლობს მონტერეის ყურის აკვარიუმის კვლევით ინსტიტუტთან მანქანური სწავლის მოდელის შესაქმნელად, რაც მოწყობილობის მიერ შეგროვებული მონაცემების სწრაფ ანალიზს უზრუნველყოფს.
ბელმა და მისმა კოლეგებმა ათასობით ახალი გამოსაკვლევი ზონა გამოავლინეს; მათ შორისაა წერტილები სამხრეთის ოკეანეში და წყნარი ოკეანის კლარიონ-კლიპერტონის ზონაში. ამ ტერიტორიების გამოკვლევა „გააორმაგებს მსოფლიოს გარშემო შესწავლილი გამორჩეული ადგილების სიას“, – ამბობს ბელი.
DORIS-ის პატარა ზომის და განთავსების სიმარტივის გამო მოწყობილობის ოკეანეში ჩაშვება შესაძლებელი იქნება ხომალდებიდან, რომლებიც ღრმაწყლოვანი კვლევისთვის ჩვეულებრივ არ გამოიყენება – მაგალითად, ორკორპუსიანი კანოე Hōkūle‘a, რომელსაც იყენებს პოლინეზიური ვოიაჟების საზოგადოება (PVS). ეს ჰავაიური ორგანიზაცია ტრადიციული ნავიგაციის სხვადასხვა ტექნიკის გასაუმჯობესებლად მუშაობს და აპირებს DORIS-ის პროტოტიპი წყნარი ოკეანის მოგზაურობაში გამოიყენოს. ამ წამოწყების მხარდამჭერია National Geographic-ი და Rolex Perpetual Planet Ocean Expeditions-ი, ამბიციური ძალისხმევა, რომელიც მეცნიერებს მსოფლიოს 5 ოკეანის შესასწავლად გზავნის. ბელი ასევე იმუშავებს სხვა მკვლევრებთან ერთად DORIS-ის მათ ექსპედიციებში დასანერგად. ბელი არასოდეს ყოფილა ასეთი გულანთებული აღმოჩენების პოტენციალთან დაკავშირებით: „რა იმალება ჯერ კიდევ უნახავ 99,999 პროცენტში?“
სტატიაში გამოყენებულ მასალას National Geographic Society წარმოგიდგენთ Rolex-თან პარტნიორობით – National Geographic-ის და Rolex Perpetual Planet Ocean Expeditions-ის ფარგლებში.