National Geographic-ი 1888 წელს დაარსდა 33 გამორჩეული ადამიანის ინიციატივით, რომელთაც სურდათ სამყაროს შესახებ ცოდნის გაღრმავება და ფართოდ გავრცელება. ამ სიმბოლური დატვირთვით, ჟურნალის ამერიკულმა რედაქციამ წელს გადაწყვიტა მთელი მსოფლიოდან შეერჩია 33 ადამიანი, რომელიც ჩვენი დროის გამოწვევებს – გარემოს დაცვა იქნება ეს თუ მენტალური ჯანმრთელობა – შემოქმედებითი ხერხებით უმკლავდება და სხვებსაც სტიმულს აძლევს. ასე რომ, მიმდინარე ნომერში წარმოგიდგენთ პირველ გამოშვებას ინიციატივისა „National Geographic 33“.
დედამიწის 8-მილიარდიანი მოსახლეობის წარმოუდგენელი მრავალფეროვნების მიუხედავად, შეგახსენებთ, რომ ყველანი ერთი სახეობის პრიმატები ვართ – Homo sapiens, გონიერი ადამიანები. თუმცა, როგორც ჩვენი ვრცელი სტატია მოგითხრობთ, შორეულ წარსულში იყო დრო, როდესაც დედამიწაზე Homo-ს გვარის სხვადასხვა სახეობა ერთდროულადაც ცხოვრობდა. XXI საუკუნის გონიერი ადამიანების მიერ შემუშავებული უახლესი კვლევის მეთოდების წყალობით, განამარხებული ნაშთებიდან სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ. ჩვენი სახეობის ევოლუციისა და სხვა ადამიანების გადაშენების შესაძლო ვერსიებზე მეცნიერები გამუდმებით მსჯელობენ და ჩვენს მკითხველსაც გიწვევთ, ჩაერთოთ „სხვა ადამიანების ძიებაში“.
ამავე ნომერში ახლოს გაგაცნობთ ერთ სანიმუშო საზოგადოებას – წითურ ტყის ჭიანჭველებს, რომლებიც გამორჩეული არქიტექტორები და ტყის უხილავი მცველები არიან.
მაშ ასე, ვაგრძელებთ 137 წლის წინ დასახულ მიზანს – უკეთ შევიცნოთ ჩვენი სამყარო.