გზა 2070 წლისკენ
ელექტრომობილებით ქვეყნის კიდიდან კიდემდე მოგზაურობისას
უკეთ ჩანს, როგორ ქმნის ახალი იდეები ეკოლოგიურად სუფთა მომავალს


გზა 2070 წლისკენ
ელექტრომობილებით ქვეყნის კიდიდან კიდემდე მოგზაურობისას უკეთ ჩანს, როგორ ქმნის ახალი იდეები ეკოლოგიურად სუფთა მომავალს
წყნარი ოკეანის სანაპიროზე მზის ენერგიაზე მომუშავე ეშმაკის ბორბალი დგას. აქედან ასიოდე მეტრში ძველი 66-ე გზატკეცილი სრულდება. სანტა-მონიკას ნავსადგურში ისტორიული სამანქანო გზა და მწვანე ენერგია – წარსული და მომავალი – ხვდება ერთმანეთს. ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდე ელექტრომობილებით მოგზაურობის დასაწყებად უკეთეს ადგილს ვერ იპოვი.
66-ე გზატკეცილის, აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ავტომაგისტრალის, მშენებლობა ჩიკაგოში დაიწყო. 1930-იანი წლებიდან, სანამ გზატკეცილს თანამედროვე შტატთაშორისი შოსეების ქსელი ჩაანაცვლებდა, ამ გზით ჩრდილო-დასავლეთიდან დაძრულმა მილიონობით მიგრანტმა მიაღწია კალიფორნიის მზიან სანაპიროებს. ახალმა გზამ კალიფორნიას ახალი სული შთაბერა. მყუდრო სოფლების ადგილას დიდი ქალაქები აშენდა. დროთა განმავლობაში 66-ე გზატკეცილი ავტომობილების ეპოქის თანმდევი ცვლილებების და იმ თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, გზაში ყოფნისას რომ ვეზიარებით. დღეს „ამერიკის გადამკვეთები“, 3600 კილომეტრზე გადაჭიმული ისტორიული მარშრუტის გავლის შემდეგ, სანტა-მონიკას ნავსადგურში მდებარე ხის ჯიხურთან გრძელ რიგში დგანან მოგზაურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად.
სანტა-მონიკას ნავსადგურიდან ისიც კარგად ჩანს, თუ რა ძვირად დაგვიჯდა შიდა წვის ძრავებით გატაცება. ნავსადგურის აღმოსავლეთით, ლოს-ანჯელესის ქუჩებში, შვიდ მილიონამდე ბენზინის შთამნთქავი ავტომობილი დაქრის და ცამეტ შტატზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს. სამხრეთით ვენის-ბიჩია, რომელიც 1940-იან წლებში ნავთობის ჭაბურღილებით, უკანასკნელ წლებში კი – კლიმატის ცვლილების გამო დამშეული, სანაპიროზე გამორიყული ზღვის ლომებით აივსო. ჩრდილოეთით და დასავლეთით მალიბუა, რომელსაც 2018 წლის ნოემბერში ვულზის ხანძარი დაატყდა თავს.
„როდესაც სანტა-ანას ქარმა დაუბერა, ხანძარი ერთ დღეში მთელ სანაპიროს მოედო“, – მითხრა დინ კუბანიმ, როდესაც ეშმაკის ბორბალთან ვიდექით და შარშანწინდელ ცხელ ნოემბერს ვიხსენებდით. კუბანიმ ცოტა ხნის წინ დატოვა სანტა-მონიკას მდგრადი განვითარების მთავარი ოფიცრის თანამდებობა, რომელსაც 25 წლის განმავლობაში იკავებდა. ვულზის ხანძარს კუბანი სანაპიროდან ადევნებდა თვალს. „ადრე ხანძრების სეზონი ოქტომბრამდე იყო. ახლა უფრო დიდხანს გრძელდება. არც წვიმა იცის, არც გრილი ამინდები“.
თუ გაინტერესებთ, როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე 50 წლის შემდეგ, სწორედ ახლაა გადამწყვეტი – და თან დამაბნეველი – მომენტი.
რამდენად სწრაფად გავრცელდება მზის ენერგია? ექსპერტები წლების წინ მის პოტენციალს ჯეროვნად ვერ აფასებდნენ, ტექნოლოგიას სწრაფი ცვლილების მოტანა შეუძლია.
გაეროს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო საბჭოს მტკიცებით, თუ სათბურის აირების ემისია უახლოეს 50 წელიწადში ნულამდე არ დავიყვანეთ, პლანეტას კლიმატური კატასტროფა მოელის. ამის ნაცვლად, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს მოვიპოვებთ. აშშ-ის ნავთობისა და გაზის კომპანიები, რომლებიც ისედაც მსოფლიო ბაზრის ლიდერები არიან, 2030 წლისთვის წარმოების 30-პროცენტიან ზრდას გეგმავენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, აშშ-ს პარიზის კლიმატური შეთანხმება დაეტოვებინა, კონვენცია, რომელიც წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.
თუმცა, ამასობაში, ჩვენ მწვანე ენერგიის რევოლუციაც გვიახლოვდება. წინასწარი გათვლებით, ხუთი წლის შემდეგ გლობალურად გამომუშავებული განახლებადი ენერგია აშშ-ის ელექტროენერგიის მოცულობას გაუტოლდება.
აშშ-ის ქალაქები და შტატები დიდი ცვლილებისთვის ემზადებიან. კალიფორნიის შტატი ახალ სახლებში მზის პანელების დაყენებას ითხოვს. ლოს-ანჯელესი უახლოეს რვა წელში 28 000 ელექტროგასამართი სადგურის დამონტაჟებას გეგმავს. სანტა-მონიკაში მომავალ წელს 300 ახალი ელექტროგასამართი სადგური იქნება.
“აქ მუშაობა რომ დავიწყე, ქალაქში ერთადერთი ელექტრომობილი დადიოდა – კუსტარულად გადაკეთებული Ford Taurus-ი, – ამბობს კუბანი. – მზის ბატარეები სახურავზე ჰქონდა დამონტაჟებული. ერთი დამუხტვა 16 კილომეტრზე ჰყოფნიდა“.
ფოტოგრაფმა დევიდ გუტენფელდერმა და მე ელექტრომობილებით 7000 კილომეტრზე მეტის გავლა გადავწყვიტეთ. სანტა-მონიკა დავტოვეთ და აღმოსავლეთ სანაპიროსკენ ერთი კითხვით გავეშურეთ: შევძლებთ თუ არა, სწორ გზას დავადგეთ და წიაღისეული საწვავის მოხმარება დროულად შევწყვიტოთ იმისათვის, რომ 2070 წელს ნორმალურად ცხოვრება შეგვეძლოს?

ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით, კერნის ოლქში, კვლავ დიდი რაოდენობით ნავთობს მოიპოვებენ, მაგრამ აღმოსავლეთით, ტეჰაჩაპის მთების გადაღმა, ნავთობმოპოვების ადგილობრივი დედაქალაქი ბეიკერსფილდიდან – მცხუნვარე მზის ქვეშ უფრო ნათელი მომავალი ბრწყინავს. უდაბნოსპირა ქალაქ მოჰავეში ჩვენი ნაქირავები Hyundai Kona ტანსაცმლის მაღაზიასთან გავაჩერეთ. ჟანგისფერი ვაგონების მიღმა მზის ელექტროსადგურები და ქარის ტურბინები მოჩანდა – ადგილი, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლებადი ენერგიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შეიძლება იყოს.
200 ჰექტარზე გაშლილი მზის პანელებისკენ ბენ ნიუ გაგვიძღვა. ნიუ კომპანია 8minute Solar Energy-ს (მზის სხივს დედამიწამდე მოსაღწევად სწორედ 8 წუთი სჭირდება) ვიცე-პრეზიდენტია. განახლებადი ენერგიის ეს სადგური 60 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია კალიფორნიაში 25 000 სახლის მოსამარაგებლად. ჭაღარა და ენერგიული ნიუ სწრაფად ლაპარაკობდა. „20 წლის წინ მზის პანელების დამონტაჟება იმდენად ძვირი ღირდა, ვერავინ წარმოიდგენდა, ამის გაკეთებას თუ შევძლებდით“, – გვითხრა ნიუმ.
დღეს მზის ენერგია ჩალის ფასი გახდა. სახელმწიფო პოლიტიკისა და კვლევის წყალობით (გერმანია, იაპონია, ჩინეთი, აშშ) ფოტოელექტრული მოდულების ღირებულება 1970-იან წლებთან შედარებით 99 პროცენტით გაიაფდა. როგორც კი სახელმწიფომ განახლებადი ენერგიის კვლევა წაახალისა, მზის პანელებზე მოთხოვნა გაიზარდა. მისი წარმოება გაიაფდა, ფასები დაეცა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მზის პანელები ორჯერ უფრო კომპაქტური და ხუთჯერ უფრო იაფი გახდა.
2016 წლისათვის მზის ენერგიაზე მომუშავე მილიონი ელექტროსისტემის დამონტაჟებას – სახლის სახურავებისა და დიდი ელექტროსადგურების ჩათვლით – 40 წელი დასჭირდა; 2019 წლამდე მეორე მილიონის დამატებას კი – მხოლოდ სამი. წინასწარი გათვლებით, შემდგომ გაორმაგებას 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ. აშშ-ში დღეს მზის ენერგიით 13 მილიონი სახლი მარაგდება. პროექტები ფართოვდება: ნიუს კომპანიამ ცოტა ხნის წინ ახალი შეთანხმება დადო და 400 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებას აპირებს; აქედან 300-ის – რეზერვირების საშუალებით. 8minute-ის პროექტები განახლებადი ენერგიით ლოს-ანჯელესის მილიონამდე მცხოვრებს მოამარაგებს.

რაც უნდა შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს ეს რიცხვები, ის საკმარისი არ არის. დღეს მზის ენერგია აშშ-ის ელექტროენერგიის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს, ქარის ენერგია კი – 7 პროცენტს. გაეროს მოხსენების თანახმად, გლობალურმა დათბობამ 1,5 გრადუსს რომ არ გადააჭარბოს, შემდგომ ათწლეულში სათბურის აირების ემისია 7,6%-ით უნდა შემცირდეს. ამის ნაცვლად შარშან სათბურის აირების ემისია კიდევ უფრო გაიზარდა. მოხსენების თანახმად, წიაღისეული საწვავისგან მიღებული ენერგიის ჩასანაცვლებლად განახლებადი ენერგიის წარმოება არსებულზე ექვსჯერ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაიზარდოს.
ამისთვის საყოველთაო ძალისხმევა და დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებია საჭირო – ფოლადისა და ელექტროსადენების წარმოების გაფართოება, ახალი ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა. აშშ-ის ენერგოსისტემა სამ – აღმოსავლეთ, დასავლეთ და ტეხასის – ნაწილად იყოფა. იმისთვის, რომ მზიან არიზონაში წარმოებული მწვანე ენერგიით ქვანახშირით მდიდარი დასავლეთ ვირჯინიაც მომარაგდეს, ქვეყნის ელექტროგადამცემი სისტემის სრული რეორგანიზაციაა საჭირო. როგორც ნიუ ამბობს, მათ უფრო და უფრო მეტი გიგავატი ენერგია უნდა აწარმოონ „ისეთ შტატებში, სადაც ეს არასოდეს მომხდარა“. ნიუ წიაღისეული საწვავით მდიდარ შტატებს გულისხმობს. მზის ენერგიის გასავრცელებლად დაუღალავი ბრძოლის მიუხედავად, ნიუს არ სჯერა, რომ მწვანე ენერგიაზე სრულად გადასვლას მალე შევძლებთ.
დააჩქარებს თუ არა მწვანე ენერგიის განვითარებას საჭირო ფინანსური მხარდაჭერა? ხშირად ექსპერტები მწვანე ენერგიის პოტენციალს ჯეროვნად ვერ აფასებენ. კითხვაზე, თუ როდის იქნება ერთი ვატი მზის ენერგიის ფასი 30 ცენტი, 2008 წელს ჰარვარდის პროფესორი დევიდ კითი გიპასუხებდათ: საუკეთესო შემთხვევაში, ეს 2030 წელს მოხდება. რეალობამ ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებს გადააჭარბა და ამ ფასს უკვე 2020 წელს მივაღწევთ. „ცხადია, რომ ვცდებოდით“, – აღიარა კითმა ცოტა ხნის წინ. – „იაფი მზის ენერგია უკვე რეალობაა. გასაოცარია“.
იმავე საღამოს, მანქანა დასატენად რომ შევაერთეთ, ეკრანზე შეტყობინება გამოჩნდა: „დატენას დაახლოებით 6 საათი დასჭირდება“. მანქანა გასამართ სადგურზე დილამდე დავტოვეთ და დასაძინებლად გავემართეთ. უახლოეს მოტელამდე მისასვლელად უდაბნოს პირქარში ორი კილომეტრის გავლა მოგვიწია.

ამერიკის პირველი სამანქანო მოგზაურობა ნაძლევით დაიწყო. 1903 წელს, შტატთაშორისი შოსეების და ბენზინგასამართი სადგურების ეპოქამდე, ერთი კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელი დაენაძლევა თერაპევტ და ავტომოყვარულ ჰორაციო ჯექსონს, რომ ის საკუთარი მანქანით აღმოსავლეთ სანაპირომდე ვერ მიაღწევდა. ოთხი დღის შემდეგ ჯექსონმა, ავტომექანიკოსთან და ბულდოგ ბადისთან ერთად, სან-ფრანცისკო დატოვა და ნიუ-იორკისკენ გაემართა. ჯექსონის მანქანის სიმძლავრე 20 ცხენის ძალას არ აღემატებოდა. წვიმასა და ქარში, მოუკირწყლავ გზებსა და მაღალ უღელტეხილებზე მანქანა რამდენჯერმე გაფუჭდა. მოგზაურებს მანქანის ტალახიდან ამოსაყვანად ხშირად ცხენების დახმარება სჭირდებოდათ. სათადარიგო ნაწილებს ჯექსონს მატარებლით უგზავნიდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ჯექსონმა ნიუ-იორკამდე 63 დღეში ჩააღწია. ეს ქვეყნის კიდიდან კიდემდე პირველი საავტომობილო მოგზაურობა იყო.
სამანქანო მოგზაურობა დღეს ამერიკული სულის განუყოფელი ნაწილია. გუტენფელდერი და მე, ორივე ცენტრალური დასავლეთის შტატებიდან ვართ, ის – აიოვიდან, მე – კანზასიდან. ახალგაზრობაში ქვეყნის კიდიდან კიდემდე ორივეს გვიმოგზაურია.
ელექტრომობილით შორეულ მოგზაურობას დღეისთვის ერთი შემაფერხებელი მიზეზი აქვს: მანქანის დატენას ერთიდან 24 საათამდე შეიძლება დასჭირდეს, გააჩნია მანქანას და დამტენს. მხოლოდ Tesla-სთვის განკუთვნილი 750-მდე ელექტროგასამართი სადგურის გარდა, აშშ-ში იშვიათად თუ წააწყდები ადგილს, სადაც მანქანის სწრაფად დატენას შეძლებ. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში 150 000-მდე ბენზინგასამართი სადგურია, მაგრამ ელექტრომობილების უმეტესობის დატენა ღამით საკუთარ ეზოშიც შეიძლება.
მოჰავედან გამოსულებმა, ვრცელი მლაშობი გავიარეთ და პანამინტის ხეობაში შევედით. იდეალურ პირობებში Kona-ს ერთ დატენაზე 415 კილომეტრის გავლა შეუძლია, მაგრამ კონდიციონერის და რთული გზის გამო (უღელტეხილი უნდა გადაგველახა) ვეჭვობდით, რომ შემდეგ გასამართ სადგურამდე ვერ ჩავაღწევდით. ეჭვი არ გამართლდა, სიკვდილის ველამდე ცოცხლებმა ჩავაღწიეთ, იქ კი თავშესაფარიც იოლად ვიპოვეთ და დამტენიც.
მეორე დღეს მანქანა მსოფლიოს ყველაზე დიდი თერმომეტრის გვერდით დავტენეთ. მსოფლიოს ყველაზე დიდი თერმომეტრი 1913 წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურის (56,70C) აღსანიშნავად აგებული კოშკია.

ელექტრომობილებზე გადასვლა მწვანე ენერგიისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. მომავალ ათწლეულში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. წინათ გამოსავალი ქვანახშირის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა იქნებოდა, მაგრამ ახლა უფრო ეკოლოგიური და იაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. 8minute-ის ახალი პროექტი ლოს-ანჯელესს 1 კილოვატი-საათის ელექტროენერგიას 2 ცენტზე უფრო იაფად მიაწვდის – ქვანახშირის ელექტროსადგურები ასეთ ფასებს კონკურენციას ვერ გაუწევენ.
რასელ ბენალის რომ გადავაწყდით, ლეჩის კლდის ქიმიდან ცხენზე ამხედრებული გადაჰყურებდა პაუელის ტბის პირას მდებარე ნავაჰოს პატარა დასახლებას. შორს, ჩამავალი მზის სხივებში, ნავაჰოს ქვანახშირის ელექტროსადგურის სილუეტი მოჩანდა. მისისიპის დასავლეთ სანაპიროს ყველაზე დიდი ელექტროსადგურის სამი კოლონისებრი საკვამური ნაპირზე გამორიყულ თბომავალს ჰგავდა.
ეს 45 წლის ქვანახშირის ელექტროსადგური, ერთ დროს ორ მილიონამდე სახლს ამარაგებდა ელექტროენერგიით, ახლა კი – ბუნებრივი აირის და განახლებადი ენერგიის ფასებს კონკურენციას ვეღარ უწევს და იხურება. ელექტროსადგურის გაჩერებამ ასეულობით ადამიანი, ძირითადად, ნავაჰოს და ჰოპის ტომის წარმომადგენელი, სამსახურის გარეშე დატოვა. აქაური ხალხი ელექტროსადგურისგან მილიონ დოლარამდე ქირის საფასურს და ანაზღაურებას იღებდა, რისი ჩანაცვლებაც რთული იქნება. ქვანახშირის ელექტროსადგური წელიწადში 14 მილიონ ტონაზე მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფდა და, ამასთან, ბევრი მკვიდრი მოსახლე მაინც ენერგიის გარეშე რჩებოდა“, – გვითხრა ბენალიმ, ყოფილმა სანტექნიკოსმა ნავაჰოდან.
ბენალიმ სახლში დაგვპატიჟა და მეუღლე – შარონ იაზი – გაგვაცნო. იაზიმ გვითხრა, რომ ელექტროსადგურის დახურვის გამო გული არ დასწყვეტია. „ეს სადგური მაინც სხვებისთვის იყო და არა ნავაჰოებისთვის“, – გვითხრა იაზიმ.

2010 წლიდან აშშ-ში 500-ზე მეტი ქვანახშირის ელექტროსადგური დაიხურა. 2019 წელს ქვანახშირისგან გამომუშავებული ელექტროენერგია უკანასკნელი 40 წლის მინიმუმზე დაეცა. შარშან აპრილში განახლებადი ელექტროენერგიის მოცულობამ პირველად გადააჭარბა ქვანახშირით გამომუშავებულ ელექტროენერგიას. ამის მიუხედავად, ჩინეთსა და ინდოეთში ქვანახშირის ახალ ელექტროსადგურებს აშენებენ, მაგრამ სასიკეთო ძვრები ამ ქვეყნებშიც შეიმჩნევა: ქვანახშირის ბევრი ჩინური ქარხანა მხოლოდ დროგამოშვებით მუშაობს, ინდოეთმა კი ქვანახშირის ელექტროენერგიაზე მეტი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა 2018 წელს.
სამხრეთ იუტას გადაკვეთისას, გზა გავიკვალეთ მიუდგომელ, ე.წ. დიდი კიბის – ესკალანტეს ეროვნული ძეგლის დატერასებულ მიწაზე, ქვემო 48 შტატს შორის რუკაზე ყველაზე გვიან დატანილ რეგიონში. იუტას შტატის ქალაქ ბოულდერში (240 მოსახლე) მანქანის დატენას დიდხანს ველოდეთ, შემდეგ კი კოლორადოსკენ გავუდექით გზას.
შემდეგი გაჩერება დენვერის განაპირას მდებარე განახლებადი ენერგიის ლაბორატორია (NREL) იყო. ცოტა ხანში თეთრ ხალათში გამოწყობილმა დევიდ მურმა, პლასტიკური ბარათისოდენა გამტარ მინაზე სითხეში გახსნილი პეროვსკიტი დაასხა და მინა ჩვენ თვალწინ მზის პატარა პანელად აქცია. პეროვსკიტი მინერალია, რომელიც უჩვეულოდ უხვად აგროვებს მზის სხივებს. ბევრს სჯერა, რომ პეროვსკიტი ენერგეტიკაში ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს და მზის ენერგიას უკიდურესად გააიაფებს.
“ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იმუშაოს პეროვსკიტის მისხურებამ აგურის კედელზე, ხის კედელზე, სამხრეთის კედელზე… ნებისმიერ რამეზე, რასაც მზის სხივი ხვდება, – გვითხრა მურმა, – მანქანის სახურავზე, ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე“. მას სჯერა, რომ მალე ფურცელივით თხელ მზის პანელებს დავამზადებთ, რაც პანელების მასობრივ წარმოებას გააადვილებს. ინდუსტრიის ექსპერტები ინტერესით, მაგრამ სკეპტიკურად აკვირდებიან მოვლენებს. ხშირად ასეთი ტექნოლოგიური გარღვევები ლაბორატორიის მიღმა ვეღარ ამართლებს.
ზოგი რამ 2070 წლამდე დაინერგება; საკითხავი ის არის, რამდენად სწრაფად იტყვიან დაინტერესებული მხარეები ძველ ტექნოლოგიებზე უარს.
ერთ ღრუბლიან დილას, ქალაქ ლაბოკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც გზის გასწვრივ ბამბის პლანტაციებია, ტრეილერი დავინახეთ, რომელსაც ქარის ტურბინის ნაწილი გადაჰქონდა. ტრეილერი ჩვენსავით სეიჯ-დროუსკენ მიემართებოდა – 16 500 ჰექტარზე გაშლილი მშენებარე ქარის ელექტროსადგურისკენ. ორმოს მივუახლოვდით, სადაც 120-დან ერთ-ერთი ტურბინა უნდა მოეთავსებინათ. ეს ქარის ელექტროსადგური მალე 338 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
თრი-მაილ-აილენდი, პენსილვანია. 2019 წელს, პირველი რეაქტორის ავარიიდან 40 წლის შემდეგ, ბირთვული ელექტროსადგური დაიხურა. ატომური სადგურების აშენება და შენახვა ძვირი ჯდება, მაგრამ ისინი ელექტროენერგიას გამონაბოლქვის გარეშე აწარმოებენ. ატომური სადგურები აშშ-ის ელექტროენერგიის 20 პროცენტს გამოიმუშავებენ.
ლაბოკი, ტეხასი. ნავთობის ჭაბურღილი ბამბის პლანტაციებში. ჰიდრავლიკური გახლეჩის ტექნოლოგიის დახვეწის შედეგად ახლა პერმული აუზის რეგიონში აშშ-ის ნავთობის მესამედზე მეტს მოიპოვებენ. გასულ სექტემბერში აშშ-ის ნავთობის ექსპორტმა 1973 წლიდან პირველად გადააჭარბა იმპორტს.
სეიჯ-დროუ, პერმული აუზი. ფოლადის კარკასის ადგილას ქარის ტურბინა უნდა აღიმართოს. ტეხასი ქარის ელექტრო- ენერგიის გამომუშავებით აშშ-ში პირველ ადგილზეა. სიიაფის გამო ელექტროსადგურის 338 მეგავატი ენერგიის უმეტესობას ExxonMobil-ი ყიდულობს, რათა ნავთობი და ბუნებრივი აირი მოიპოვოს.
თრი-მაილ-აილენდი, პენსილვანია. 2019 წელს, პირველი რეაქტორის ავარიიდან 40 წლის შემდეგ, ბირთვული ელექტროსადგური დაიხურა. ატომური სადგურების აშენება და შენახვა ძვირი ჯდება, მაგრამ ისინი ელექტროენერგიას გამონაბოლქვის გარეშე აწარმოებენ. ატომური სადგურები აშშ-ის ელექტროენერგიის 20 პროცენტს გამოიმუშავებენ.
ლაბოკი, ტეხასი. ნავთობის ჭაბურღილი ბამბის პლანტაციებში. ჰიდრავლიკური გახლეჩის ტექნოლოგიის დახვეწის შედეგად ახლა პერმული აუზის რეგიონში აშშ-ის ნავთობის მესამედზე მეტს მოიპოვებენ. გასულ სექტემბერში აშშ-ის ნავთობის ექსპორტმა 1973 წლიდან პირველად გადააჭარბა იმპორტს.
სეიჯ-დროუ, პერმული აუზი. ფოლადის კარკასის ადგილას ქარის ტურბინა უნდა აღიმართოს. ტეხასი ქარის ელექტრო- ენერგიის გამომუშავებით აშშ-ში პირველ ადგილზეა. სიიაფის გამო ელექტროსადგურის 338 მეგავატი ენერგიის უმეტესობას ExxonMobil-ი ყიდულობს, რათა ნავთობი და ბუნებრივი აირი მოიპოვოს.
ტეხასი და ნავთობი ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ამის მიუხედავად, ტეხასი ახლა ქარის ენერგიის გამომუშავებით მხოლოდ ოთხ ქვეყანას ჩამორჩება. საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მილიარდობით დოლარი დახარჯოს შტატის ელექტროსისტემის რეკონსტრუქციაზე, ათასობით კილომეტრის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანოს, რომ დასავლეთ ტეხასში გამომუშავებული ქარის ენერგიით შტატის აღმოსავლეთ რეგიონიც მომარაგდეს, მაგალითად, ქალაქი დალასი. 2017 წელს აშშ-ში გამომუშავებული ქარის ენერგიის მეოთხედი ტეხასზე მოდიოდა.
თუმცა, ამავდროულად, დასავლეთ ტეხასისა და ნიუ-მექსიკოს პერმული აუზი მსოფლიო ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ხდებოდა. ჰიდრავლიკური გახლეჩის ტექნოლოგიის დახვეწის წყალობით, ტეხასში ახლა ორჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებენ, ვიდრე ალასკაში 1988 წელს – ალასკური ნავთობმოპოვების ოქროს ხანაში. კომპანიები იძულებულები არიან, დღეში 22,5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაწვან, ან ჰაერში გაუშვან, რადგან გაზსადენი მილები არ ყოფნით. Rystad Energy-ს თანახმად, ამ მოცულობის ბუნებრივი აირი ვაშინგტონის მთელ შტატს ეყოფოდა. ბუნებრივი აირის წვისგან ნახშირორჟანგი გამოიყოფა; ჰაერში გაშვებული ბუნებრივი აირი ძირითადად მეთანისგან შედგება, რაც სათბურის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.
სეიჯ-დროუზე, ერთდროულად, მწვანე ენერგიის და ნავთობმოპოვების ბუმია. მომავალ 4 წელიწადში, კომპანია ExxonMobil პერმულ აუზში ნავთობის წარმოების 80-პროცენტიან ზრდას გეგმავს. კომპანია ნავთობმოპოვებისთვის საჭირო ელექტროენერგიას სეიჯ-დროუზე განლაგებული ქარის და მზის ელექტროსადგურებისგან შეიძენს. ეს ალბათ ჩვენი პარადოქსული ეპოქის ნიშანია: ტეხასური მწვანე ენერგია, ნავთობმოპოვების ჩანაცვლების მაგივრად, ამ პროცესს კიდევ უფრო აადვილებს.

საქმე იმაშია, რომ ამერიკელების უმეტესობა ჯერ კიდევ ExxonMobil-ის და მსგავსი კომპანიების მომხმარებელია. შტატიდან შტატში მოგზაურობისას ნათლად ჩანს, რომ ზოგიერთ ამერიკელს ცვლილებებისთვის არ სცალია.
თუმცა, დამოკიდებულება იცვლება; ამერიკელები ენერგიის ჩანაცვლებას ხალისით ხვდებიან, როდესაც მათ ეს აწყობთ. ლას-ვეგასის გასართობი პარკის გაჩახჩახებულ შადრევნებს და ცადაწვდენილ სინათლის სვეტებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რა ხელგაშლილად ვფლანგავთ ელექტროენერგიას. მაგრამ ახალი კანონი მოითხოვს, რომ 2030 წლისთვის შტატის ელექტროენერგიის ნახევარი განახლებადი წყაროებიდან იყოს მიღებული.
კოლორადოში პროგრამისტი კევინ ლი მაშინ გავიცანით, როდესაც 2018 წლის Tesla Model 3-ს ტენიდა. ლი მშობლიურ ჩრდილოეთ კაროლინაში მიემგზავრებოდა. როდესაც ვკითხე, თუ რა როლი ითამაშა ელექტრომობილის არჩევაში კლიმატის ცვლილებამ, ლიმ დაბნეულმა შემომხედა. კითხვა გავუმეორე:
– „Tesla კლიმატის ცვლილების გამო იყიდე?“
– „არა“. – მიპასუხა ლიმ.
– „აბა?“
– „სისწრაფის გამო, – გამიღიმა მან, – ძალიან სწრაფი მანქანაა“.
ერთი დღით დასავლეთ კანზასის ქალაქ გრინსბურგში გავჩერდით. ქალაქში 790 ადამიანი ცხოვრობს. 2007 წელს ტორნადომ აქაურობის 90 პროცენტი მიწასთან გაასწორა და 11 ადამიანი იმსხვერპლა. როდესაც დანგრეული ქალაქის ხელახლა შენება დაიწყო, ზოგს სურდა, ქალაქი მთლიანად განახლებადი ენერგიის წყაროზე გადასულიყო და სახელიც გადაერქმიათ მისთვის: გრინბურგი – გრინსბურგის ნაცვლად. ბობ დიქსონს, ქალაქის ყოფილ მერს, ამ იდეამ თავიდან ჰიპური მოძრაობა მოაგონა, თანდათან კი ამ ყველაფერში წინაპრების და ტრადიციების ერთგულება დაინახა. კანზასის პირველმოსახლეები ქარის წისქვილებს აშენებდნენ, კორდისსახურავიან სახლებში ცხოვრობდნენ და საკვებს სარდაფებში ინახავდნენ.
გრინსბურგის ახალი სკოლა მზის ენერგიას იყენებს და გეოთერმული წყლით თბება. ქალაქის მოსახლეობა ქარის ელექტროენერგიას იყენებს. გრინსბურგის ენერგოსისტემამ მთლიანად თქვა უარი ქვანახშირზე.

აიოვის შტატის დედაქალაქ დე-მოინში სასტუმროს ნომერში ვიყავი გუტენფელდერის შეტყობინება რომ მივიღე. მეორე დღეს, სასტუმროდან ორი საათის გზაზე, შვედი თინეიჯერი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი გამოდიოდა სიტყვით. ამერიკაში თუნბერგიც Tesla-თი მოგზაურობდა, ოღონდ ჩვენი საპირისპირო მიმართულებით.
მეორე დღეს აიოვა-სიტის დემონსტრაციაზე წავედით, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. თუნბერგი ადგილობრივ სტუდენტებს შეუერთდა და ხალხს სიტყვით მიმართა: „დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები ბავშვებივით იქცევიან, ისღა დაგვრჩენია, ჩვენ მოვიქცეთ ზრდასრულებივით“, – თქვა მან. ხალხი თუნბერგს ოვაციით შეეგება.
თუნბერგი აშშ-ში თვითმფრინავის ნაცვლად იალქნიანი იახტით ჩამოვიდა. თვითმფრინავის ერთი რეისი მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი მთელი წლის განმავლობაში. მრავალი ევროპელი და ამერიკელი, მათ შორის ბევრი მეცნიერი, ცდილობს თვითმფრინავით მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში იმგზავროს. გუტენფელდერი და მე ვლაპარაკობდით, თუ როგორ არის გაჟღენთილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წიაღისეული საწვავით.
ჩვენი მოგზაურობის საწყის ეტაპზე ჩემი ქალიშვილის მე-11 დაბადების დღისთვის რომ ჩამესწრო, თვითმფრინავით მგზავრობა მომიწია. დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რომ ოდნავ უფრო დავაბინძურე გარემო, რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება. მის აწმყოში გახარებასა და მის მომავალს შორის არჩევანმა საგონებელში ჩამაგდო. ჩვენი მიზანი ისეთი სამყაროს შექმნა უნდა იყოს, რომელშიც ადამიანები სინდისის ქენჯნის გარეშე იმოგზაურებენ. მალე ეს შესაძლებელი უნდა გახდეს: განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომლები ცდილობენ, თვითმფრინავის საწვავი წყალმცენარეებისა და საკვების ნარჩენებისგან დაამზადონ. დეკემბერში პირველი კომერციული ელექტროთვითმფრინავის სატესტო ფრენა კანადის მიმართულებით წარმატებით დასრულდა.
2007 წელს კანზასის შტატის ქალაქი გრინსბურგი ტორნადომ მიწასთან გაასწორა. ხელახლა აშენებული ქალაქი განახლებად ენერგიას მოიხმარს – ქალაქი წინაპრების, პირველმოსახლეების, ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესს დაუბრუნდა.
აიოვაში ქარის ტურბინები სიმინდის ყანებში დგას. ისინი ფერმერებისთვის შემოსავლის კარგ წყაროდ იქცა. დღეს აიოვა განახლებადი ელექტროენერგიის წილით ქვეყნის მთლიან ელექტროენერგიაში მხოლოდ კანზასს ჩამორჩება. ქალაქ ნიუტონში (მოსახლეობა: 15 000) ტურბინები სარეცხი მანქანების ყოფილ ქარხანაში მზადდება. მონპელიეში ქარის ტურბინებს შვედური ფოლადის კომპანია SSAB-ი ამზადებს. აქ ფოლადს ელექტროღუმელებში აწრთობენ და არა ტრადიციულად – ქვანახშირის კოქსით. „ორი წლის შემდეგ ეს ღუმელები მთლიანად განახლებადი ელექტროენერგიის საშუალებით გახურდება, – მითხრა ჩაკ შმიტმა, SSAB America-ს თანამშრომელმა. – ჩვენი მიზანია, ქარის ტურბინების დასამზადებლად ქარის ენერგია გამოვიყენოთ“.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლისას რობერტ „არ-ჯეი“ სკარინჯი სარეცხს სახლში აშრობდა და „უამრავი რამით ირთულებდა ცხოვრებას“, რათა რაც შეიძლება ნაკლებად დაებინძურებინა გარემო, მაგრამ სკარინჯი ფიქრობს, რომ იმავეს ყველას ვერ მოსთხოვ. „კომფორტზე უარის თქმა რთულია“, – გვითხრა მან. ახლა სკარინჯი ელექტრომობილების სტარტაპს – Rivian – ხელმძღვანელობს. მისი კომპანია წელს დიდი გამავლობის მანქანის და პიკაპის გამოშვებას გეგმავს, 2030 წლამდე კი Amazon-ს 100 000 ელექტროსატვირთო მანქანით მოამარაგებს.
ელექტრომობილების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, მაგრამ ამან გარემოზე დადებითი გავლენა რომ იქონიოს, ბევრად უფრო სწრაფი ზრდაა საჭირო. დედამიწაზე 5 მილიონი ელექტრომობილია. მათი რაოდენობა ერთ წელში ორი მილიონით გაიზარდა. Volkswagen-ი მომავალ ათ წელიწადში 26 მილიონ ელექტრომობილს გამოუშვებს, მაგრამ 1,5 მილიარდ მანქანასთან შედარებით, რომელიც ტრადიციულ საწვავზე მუშაობს, ეს რიცხვი უმნიშვნელოდ გამოიყურება. ელექტრომობილები აშშ-ის ავტომობილების მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს.
Tesla ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ცდილობს, მაგრამ მძღოლების უმეტესობა მაინც გარემოს დამაბინძურებელ დიდ მანქანებს ყიდულობს. აშშ-ში 200 მილიონი ასეთი მანქანაა, 2010 წელთან შედარებით ექვსჯერ მეტი. სკარინჯი ამ ბაზარს უმიზნებს.
Rivian-ის თანამშრომლები, მიჩიგანის შტატის ქალაქ პლიმუთის ოფისში, სკეიტბორდებით დაქრიან. 37 წლის სკარინჯი მანქანების შექმნას ცხოვრების აქტიური სტილის მიმდევრებისთვის აპირებს. ის პარტნიორებთან ერთად სწრაფად დამტენი ელექტროგასამართი სადგურების გახსნას გეგმავს, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი იშვიათად დადის, „ქვეყნიერების დასალიერში“. თანამედროვე თინეიჯერებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ არსებობდა სამყარო სოციალური ქსელების გარეშე, სკარინჯს სჯერა, რომ მის შვილებს – ყველა ხუთ წლამდეა – არ ემახსოვრებათ სამყარო, „რომელშიც ფეხის ყველა ნაბიჯზე არ შეგეძლო მანქანის დატენა“.

ვაშინგტონისკენ მიმავალ გზაზე ოჰაიოში გავჩერდით First Solar-ის – ქვეყნის მასშტაბით მზის პანელების მწარმოებელი უდიდესი კომპანიის სანახავად. პენსილვანიაში თრი-მაილ-აილენდის ბირთვულ ელექტროსადგურს ჩავუარეთ. სადგურის პირველი რეაქტორის ავარიიდან ორმოცი წლის შემდეგ მეორე რეაქტორიც დაიხურა, რადგან მისი შენახვა ძვირი ჯდება. აშშ-ში 2013 წლიდან შვიდი ატომური სადგური დაიხურა; 2025 წლამდე კიდევ შვიდს დახურავენ. ამ სადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის სუფთა წყარო ჰაერის დამაბინძურებელი ბუნებრივი აირით ჩანაცვლდება. დებატები ატომური ელექტროსადგურების მომავალზე კომპლექსური და იდეოლოგიზებულია.
კლიმატის ცვლილების გარშემო მიმდინარე დებატებზეც იმავეს თქმა შეიძლება. „საუბედუროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კლიმატის ცვლილებას პოლიტიკური იდეოლოგიების ჭრილში განიხილავენ“, – მითხრა სკარინჯმა. ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხელისუფლების ყველა საფეხურზეა საჭირო, მთავარი კითხვაა: შეძლებს თუ არა აშშ-ის პოლარიზებული საზოგადოება რამე გამოსავალზე შეთანხმებას?
ჩვენი მოგზაურობის დაწყებამდე პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილ კანდიდატს ვეწვიე, რომლის მთავარი დაპირებაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა იყო. ვაშინგტონის გუბერნატორის, ჯეი ინსლის სანახავად შტატის დედაქალ ოლიმპიაში ჩავედი. ინსლის პროგრამაში განახლებად ენერგიაზე კანონის მიღება, გამონაბოლქვისგან თავისუფალი შენობების სტანდარტიზება და მრავალი სხვა ცვლილება შედიოდა, მაგრამ მისმა საპრეზიდენტო კამპანიამ საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ინსლი მელაპარაკებოდა, თუ რა სწრაფად შეუძლიათ ამერიკელებს სიახლეებთან ადაპტირება. 1940 წელს აშშ-ის სამხედრო ძალებმა მანქანათმშენებლებს სრულიად ახალი ტიპის „მსუბუქი ყველგანმავლის“ შექმნა დაავალა. ხუთი წლის შემდეგ ქვეყანაში უკვე 645 000 ჯიპი იყო.
“ჩვენ ფილმში ვართ, რომლის დასასრულიც არ ვიცით, – მითხრა ინსლიმ, – თუმცა, შეგვიძლია ეს ფილმი ჰეპი-ენდით დავასრულოთ“.
სანტა-მონიკას დატოვებიდან ერთი თვის შემდეგ გუტენფელდერი და მე ვაშინგტონში ჩავედით. ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში ჰორაციო ჯექსონის მანქანა – წითელი Winton-ი და ბულდოგი ბადის ფიგურა ვნახეთ.
ჯექსონის მოგზაურობიდან 25 წელიწადში მანქანები ამერიკელების განუყოფელ ნაწილად იქცა: 1930 წლიდან, როდესაც 66-ე გზატკეცილის მოკირწყვლა დასრულდა, ამ გზაზე 23 მილიონმა ადამიანმა გაიარა; ამერიკული ოჯახების ნახევარზე მეტმა შეიძინა მანქანა.
როდესაც ამერიკელები ხვდებიან, რომ ცვლილება საჭიროა და სასარგებლო, მათ სწრაფად შეუძლიათ მდგომარეობასთან ადაპტირება. იქნებ ეს კიდევ ერთხელ მოხდეს. იქნებ 2070 წელს აღარავის ახსოვდეს „ქვანახშირის ხრჩოლვა“.
კრეგ უელჩი 25 წელია წერს გარემოსთან დაკავშირებულ სტატიებს. დევიდ გუტენფელდერის ფოტოები ოპიოიდებზე დამოკიდებულ ფილადელფიელებზე იანვრის ნომერში დაიბეჭდა.
