იორდანია
იორდანიაში მცხოვრები უამრავი ლტოლვილის გასაჭირს ბოლო არ უჩანს. COVID-19-ს მათ მეტწილად უკვე დააღწიეს თავი, თუმცა მის მიერ გამოწვეულ უმუშევრობასა და უსახსრობასთან გამკლავება უჭირთ.
იორდანია
იორდანიაში მცხოვრები უამრავი ლტოლვილის გასაჭირს ბოლო არ უჩანს. COVID-19-ს მათ მეტწილად უკვე დააღწიეს თავი, თუმცა მის მიერ გამოწვეულ უმუშევრობასა და უსახსრობასთან გამკლავება უჭირთ.
თავდაპირველად მთავრობამ თითქმის ყველაფერი დახურა: საზღვრები, სკოლები, აკრძალა ბიზნესსაქმიანობა, ქუჩებში მოქალაქეების სიარული. ტანკები და საბრძოლო მანქანები სადღეღამისო იძულებით იზოლაციას უზრუნველყოფდნენ – გამონაკლისების გარეშე, საკვებისა და წამლის საყიდლადაც კი არ შეიძლებოდა გასვლა. გორაკებზე გაშენებულ ამანში, ფოტოგრაფ მოისეს სამანს, საკუთარ სამზარეულოში ესმოდა სირენების ყოვლისმომცველი ექო. როდესაც კომენდანტის საათი შემსუბუქდა და დღის გარკვეულ მონაკვეთებში, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაუშვეს გარეთ გასვლა, სამანი ლტოლვილთა საცხოვრებელი ადგილების მოსაძებნად წავიდა.
იორდანიაში ახლა 750 000-მდე ახალი ლტოლვილია, რომლებიც ან სპეციალურ ბანაკებში არიან დაჯგუფებულნი, ან სხვადასხვა დასახლებასა თუ უბანში მიმოფანტულნი. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდანაა მოსული – სომალიდან, სუდანიდან, თუმცა უმეტესობა სირიელია – სამოქალაქო ომს გამოქცეული. წლევანდელ გაზაფხულზე, როდესაც სამანი, ძირითადად UNICEF-ის თანამშრომლების თანხლებით იღებდა ფოტოებს, დაინახა, რომ მოსალოდნელი საზარელი სცენარი – ამ დასახლებების გადაჭედილ ბინებში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების უკონტროლოდ გავრცელება და სიკვდილიანობა – თავიდან იქნა არიდებული. იორდანიის იზოლაციის მკაცრმა ზომებმა და კონტაქტთა აქტიურმა კვლევამ, როგორც ჩანს, პანდემია შეაკავა: აგვისტოს ბოლოსთვის COVID-19-ის მიზეზით მხოლოდ 15 ადამიანი გარდაიცვალა.
თუმცა ლტოლვილთათვის იზოლაციის შედეგები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა – პანდემიამ ეკონომიკა დაანგრია და გააქრო არაოფიციალური სამუშაოები. დახურვამდე სკოლები და საზოგადოებრივი ცენტრები ლტოლვილი ბავშვების მხარდასაჭერი დაცული სივრცეები იყო – განსაკუთრებით გოგონებისთვის, რომელთაც უწყვეტი განათლება ყველაზე საიმედოდ იცავს ნაადრევი ქორწინებისგან. როდესაც გაკვეთილებმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, ბავშვები, რომელთაც კომპიუტერთან წვდომა არ ჰქონდათ, სწავლას სახლში არსებული ერთადერთი ეკრანის გამოყენებით ცდილობდნენ – ოჯახის მობილური ტელეფონით.
საშინაო დავალების სმარტფონით შესრულებას მობილური ინტერნეტი სჭირდება, მის შევსებას კი – ფული. UNICEF-მა, შეწირულობათა სიას, რომელშიც პანდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები შედის, დისტანციურად შევსებული მობილური ინტერნეტის მარაგიც დაუმატა, რომელიც მონდომებულ ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.
რეაგირება დაავადების აფეთქებაზე
იორდანიაში COVID-19-ის გავრცელების თარიღად 3 მარტი ითვლება. მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა პანდემიის მეთექვსმეტე დღეს დაიწყო, ხოლო სადღეღამისო კომენდანტის საათი მეცხრამეტე დღეს დაინიშნა 3 დღით. დანაკარგი მეასე დღისთვის: 9 გარდაცვლილი.