ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე სტეფანო უნტერთინერი კვირების განმავლობაში ცდილობდა ფოტოზე თეთრი დათვის აღბეჭდვას. ერთ დღეს არქტიკული პეიზაჟის გადასაღებად ის-ფიორდის კლდეების დალაშქვრისას მან თვალი მოჰკრა დათვს, რომელიც ქვემოთ, ზღვის ერთი ყინულიდან მეორეზე ხტებოდა. „ადრენალინის მოზღვავება დღემდე მახსოვს“, – ამბობს უნტერთინერი. „დაუვიწყარია!“
ფოტოგრაფს ნაკლებ იღბლიან დროს გაუმართლა, როდესაც არქიპელაგზე მისი ერთწლიანი სტუმრობა პანდემიამ შეაფერხა. მეცნიერებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობას გეგმავდნენ, მოგზაურობა აღარ შეეძლოთ და უნტერთინერი ამ თავგადასავლის წინაშე მარტო დარჩა. „მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა“, – განმარტავს იგი. ბუნებაში ყოველ ჯერზე ყინვის (ზამთარში საშუალოდ -30 გრადუსი), ზვავებისა და მყინვარული ნაპრალების თუ თეთრ დათვებთან მოულოდნელი შეხვედრის რისკის მიუხედავად, გარეთ გადიოდა. მას ერთდროულად თავისი სიპატარავის და დაუცველობის, უზომო მადლიერებისა და მღელვარების შეგრძნება ეუფლებოდა.
10 წლის წინ, მარტში, ის-ფიორდი მთლიანად გაყინული იყო, ამბობს უნტერთინერი. ახლა კი ძალიან ცივ ზამთარში დროებით თუ ფორმირდება მოდრეიფე ზღვის ყინული, რაც კატასტროფულია იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც ყინული გადასაადგილებლად, სანადიროდ და დასასვენებლად სჭირდებათ. „სამწუხაროდ, ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ მსგავსი ფოტოს გადაღება აღარ შეგვეძლება“.

წარმოშობით იტალიელი ფოტოგრაფი სტეფანო უნტერთინერი ველურ ბუნებას იღებს. ის რეგულარულად თანამშრომლობს National Geographic-თან და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა თავისი ფოტოებით ბუნება ადამიანებს დაუახლოვოს.
ანდრე ლუკა (პორტრეტი)