
კატის დეტექტივი
ჩეხმა ევოლუციის ბიოლოგმა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ პარაზიტი „კატის ტუალეტიდან“ ხშირად ადამიანზე გადადის. დაავადება დაბინძურებული წყლითაც ვრცელდება
იაროსლავ ფლეგრმა 1990 წელს აღმოაჩინა, რომ Toxoplasma gondii-ით იყო დაინფიცირებული. ეს არის პარაზიტი, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობს (და მრავლდება) კატებში. ჩეხმა ევოლუციის ბიოლოგმა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ პარაზიტი „კატის ტუალეტიდან“ ხშირად ადამიანზე გადადის. დაავადება დაბინძურებული წყლითაც ვრცელდება. იაროსლავი კიდევ უფრო განცვიფრებული დარჩა იმით, როცა გაიგო, თუ როგორ გადადის ის კატიდან კატაზე: ამისათვის პარაზიტი ვირთაგვებს იყენებს. როდესაც „ტოქსო“ დააინფიცირებს ვირთაგვას, ის მის ტვინს უტევს და ამის გამო ვირთაგვა უფრო აქტიური და რისკიანი ხდება. საოცარია, მაგრამ მათში კატის შარდი სქესობრივ აღგზნებას იწვევს. საბოლოო ჯამში, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ვირთაგვა შეჭმას ვერ გადაურჩება. ამ მიგნებამ ფლეგრს რადიკალური გადაწყვეტილება მიაღებინა: გამოეკვლია, ხომ არ აკონტროლებდა ტოქსო მის ტვინსაც. გიჟი ხარო, – უთხრეს კოლეგებმა. როგორც ირკვევა, მისი ეჭვი გამართლდა.
რატომ იფიქრეთ, რომ ტოქსო გაკონტროლებდათ?
ვიფიქრე, რომ ეს ჩემს უცნაურ ქცევებს გარკვეულწილად ახსნიდა, ქცევებს, რომლებიც ჩემთვის არაადაპტურია, თუმცა ადაპტურია პარაზიტისთვის, რომელსაც სჭირდება, რომ ახალ მასპინძელში შეაღწიოს. ქუჩაზე გადასვლისას მანქანების სიგნალებს ყურადღებას არ ვაქცევდი და განზე არც კი გავდიოდი. აღმოვაჩინე, რომ ტოქსოთი დაინფიცირებული ადამიანები 2,6-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ხვდებიან ავარიაში.
ანუ ტოქსო რაღაც ისეთს უშვრება ტვინს, რაც ხალხს უფრო დაუდევარს ხდის?
აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებში ის რეაქციას ანელებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საგზაო შემთხვევების რისკზე. დაინფიცირებული ხალხი ლეთარგიულობისკენაცაა მიდრეკილი. ხოლო ჩვენმა საცდელმა მამრობითი სქესის ობიექტებმა კატის შარდის სუნი საკმაოდ სასიამოვნოდ მიიჩნიეს.
მეცნიერებმა დღეს თქვენი თეორია მიიღეს, მაგრამ თავიდან ხალხს სიგიჟე ეგონა.
ბევრისთვის რთული იყო ამ ფენომენის დაჯერება. თავიდან მეც კი გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ რასაც ვაკვირდებოდი, რეალური იყო. მაგრამ ეს ასეა. პოტენციურად ტოქსო წელიწადში ასობით სიკვდილზეა პასუხისმგებელი (შესაძლოა, შიზოფრენიის არაერთ შემთხვევაზეც). თუმცა, მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს.
კონტრინტუიციური ჰიპოთეზა თქვენი საფირმო ნიშანია. რა გამოწვევები გაქვთ?
როცა სტატიებს ჟურნალებში ვაგზავნი, ხშირად განხილვის გარეშე, უარი მომდის. საინტერესო მტკიცებულებების საფრთხე ისაა (მაგალითად, ვთქვი: დარვინის თეორია მთლად სწორი არაა და შეიძლება მისი გაუმჯობესება), რომ სერიოზულ მეცნიერად არ ჩაგთვლიან. მოლეკულური ინტერაქციების შესწავლით, შესაძლოა, სახელი უფრო გამეთქვა. მაგრამ მე გამოუკვლეველი პრობლემების შესწავლა მომწონს. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.