XVI საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში მოღვაწე კარტოგრაფებსა და კოსმოგრაფებს შორის, რომელთა საქმიანობამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემდგომი პერიოდის ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია 1488 წელს ინგელჰაიმში დაბადებული სებასტიან მიუნსტერი. გერმანელი კარტოგრაფის ცხოვრების ადრეული წლები ფრანცისკანელთა ორდენის წევრობას უკავშირდება. იგი სწავლობდა თეოლოგიას და ფილოსოფიას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; მათემატიკას, გეოგრაფიასა და ასტრონომიას ეუფლებოდა ლიოვენის უნივერსიტეტში. 1514-1518 წლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტში ასწავლიდა თეოლოგიასა და ფილოსოფიას. ფლობდა ებრაულ ენას და მეგობრობდა მარტინ ლუთერთან. 1529 წლიდან დასახლდა ბაზელში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
რელიგიური საქმიანობის მიღმა, სებასტიან მიუნსტერის სახელთან დაკავშირებული პირველი ცნობილი რუკაა 1525 წელს გამოცემული გერმანიის რუკა, რასაც 1540 წელს „Geographia universalis, vetus et nova“-ს სახელით ცნობილი წიგნი მოჰყვა. ბაზელში დაბეჭდილი ეს გამოცემა პტოლემაიოსის გეოგრაფიის ერთგვარი განახლებული ვერსია იყო, რომელშიც პტოლემაიოსის თემატიკის რუკებს გერმანელმა კარტოგრაფმა 21 ახალი რუკა დაურთო.

მაპპა კარტოგრაფიკას ძველი ევროპული რუკების კოლექცია
1540 წლის გამოცემაში, ისევე როგორც მომდევნო წლების გამოცემებში, მიუნსტერის წიგნში შესაძლებელია შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული რეგიონის რუკის ნახვა, სახელწოდებით „TABVLA ASIAE III“. რუკაზე ძველი კოლხეთის (COLHIS) და იბერიის (IBERIA) ნაწილში ოცზე მეტი ტოპონიმია აღნიშნული. მათ შორის: ფაზისი (Phasis), მდ. რიონი (Phasis fl.), ეგრისი (Egretica regio), სოხუმი (Disocuria), არტანუჯი (Artanissa), არმაზციხე (Armactica) და მდ. მტკვარი (Curus fl.). ამავე რუკაზე კასპიის ზღვაში დიდი ნაგებობაა დატანილი, რომელიც სიმბოლურად ნოეს კიდობანს აღნიშნავს.
კარტოგრაფიული საქმიანობის მიმართულებით 1540 წელს გამოცემულმა წიგნმა სებასტიან მიუნსტერს დიდი აღიარება მოუტანა, რასაც გამოცემიდან მალევე, 1542, 1545 და 1552 წლებში, წიგნის ხელახლა დაბეჭდვაც მოჰყვა. თუმცა მიუნსტერის მოღვაწეობის გვირგვინად სულ სხვა წიგნი მიიჩნევა, რომელიც XVI საუკუნის ევროპაში შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს წარმოადგენს. ლაპარაკია 1544 წელს, ბაზელში გამოცემულ წიგნზე „Cosmographia universalis“, რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგებოდა და, ტექსტთან ერთად, საერთო ჯამში 471 გრავიურასა და 26 რუკას აერთიანებდა. მიუნსტერის ეს წიგნი მსოფლიოს აღწერის პირველი გერმანულენოვანი გამოცემაა და 1544 წლიდან 1628 წლამდე 35-ჯერ დაიბეჭდა გერმანულ, ლათინურ, ფრანგულ, იტალიურ და ჩეხურ ენებზე.
მიუნსტერის კოსმოგრაფიაში დაბეჭდილი რუკებიდან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო აზიური სარმატიის სახელით ცნობილი რუკაა, რომლის ცენტრშიც, შავ (Pontus Euxin) და კასპიის (Mare Caspium) ზღვებს შორის ჩვენი რეგიონია წარმოდგენილი.
რუკაზე შავი ზღვიდან აღმოსავლეთის მიმართულებით პირველია კოლხეთი (Colchis), კოლხეთს იბერია (Iberia) მოსდევს, იბერიის შემდეგ კი კავკასიის ალბანეთია (Albania) აღნიშნული. მათგან სამხრეთით, მესხეთის მთებია (Moscrbici motes) დატანილი.
რუკაზე ძველ კოლხეთსა და იბერიაში არსებული დასახლებული პუნქტები ან ციხე-ქალაქები არ არის აღნიშნული, თუმცა დატანილია სამი მდინარე – რიონი (Fasis), მტკვარი (Cyrus fl.) და არაგვი (Aragos fl.).
ექვსნაწილიანი „Cosmographia universalis“ 1544 წლიდან 1628 წლამდე 35-ჯერ დაიბეჭდა გერმანულ, ლათინურ, ფრანგულ, იტალიურ და ჩეხურ ენებზე.
კავკასიონის მთავარი ქედის გაყოლებაზე, აღმოსავლეთით, კასპიის ზღვასთან ახლოს, მთებში ორი კარია ჩახატული. სავარაუდოდ, აქ გერმანელი კარტოგრაფი დარიალისა და დერბენტის უღელტეხილებს გულისხმობდა, რომლებიც, ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელმა კარიბჭეებით გაამაგრა ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხის ასარიდებლად.
მიუნსტერის კოსმოგრაფიის სხვადასხვა გამოცემაში, რუკის გარდა, საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ცნობებიც არის წარმოდგენილი. მაგალითად, 1628 წლის გერმანულენოვან გამოცემაში შეტანილია საქართველოსთან დაკავშირებული ორი გრავიურა. ერთ მათგანზე ვაზია გამოსახული, ხოლო მეორეზე – ქართველების მიერ თაფლის დამზადების პროცესი. მსოფლიოს აღწერის პირველი გერმანულენოვანი ტექსტის ავტორის, სებასტიან მიუნსტერის გარდაცვალებიდან 408 წლის შემდეგ, 1960 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გერმანული მარკის ბანკნოტების მეოთხე სერიის მიმოქცევაში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. ახალ ბანკნოტებს შორის, ასმარკიან კუპიურაზე, რენესანსის პერიოდის გერმანელი მხატვრის, ქრისტოფ ამბერგერის მიერ შესრულებული მამაკაცის პორტრეტი იყო დაბეჭდილი. ასმარკიანზე გამოსახული შუახნის მამაკაცი თავზე ქუდით და მოსასხამით, გერმანელი კოსმოგრაფი და კარტოგრაფი სებასტიან მიუნსტერი გახლდათ. ეს ფაქტი ყველაზე უკეთ მიუთითებს XVI საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე მიუნსტერის კარტოგრაფიული და კოსმოგრაფიული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე.