მექსიკის მომავლის მატარებელი წარსულს უკან ჩამოიტოვებს?
„ტრენ-მაიას“ რკინიგზა ქვეყნის გასაერთიანებლად და მაიას უძველესი არქეოლოგიური ძეგლების პატივსაცემად აშენდა. ახლა ჩნდება კითხვა: რა გაქრა მისი მარშრუტის გასწვრივ.
მექსიკის მომავლის მატარებელი წარსულს უკან ჩამოიტოვებს?
„ტრენ-მაიას“ რკინიგზა ქვეყნის გასაერთიანებლად და მაიას უძველესი არქეოლოგიური ძეგლების პატივსაცემად აშენდა. ახლა ჩნდება კითხვა: რა გაქრა მისი მარშრუტის გასწვრივ.
რობერტო როხო მღვიმეში იყო, როდესაც უცებ ჭერი გაიპო და უზარმაზარი ბურღი ჩაგრუხუნდა. სტალაქტიტები ცვიოდა, როხო რაღაცის ქვეშ დაიმალა, მხოლოდ მობილური ტელეფონი ჰქონდა ამოშვერილი – ბიოლოგი და სპელეოლოგი სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე არაჩვეულებრივი კირქვის დარბაზის განადგურების მომენტს იღებდა.
ცოტა ხანში ინდუსტრიულმა ბურღმა ორმოში დაახლოებით 1,2 მეტრი დიამეტრისა და 25 მეტრი სიმაღლის ჟანგიანი ფოლადის სვეტი ჩააცურა, რომელშიც ცემენტი ჩაასხეს. ცემენტის ნაწილი მიწისქვეშა აუზის მქონე კარსტული ძაბრის, იმავე სენოტის, კამკამა წყალში ჩაიღვარა. სვეტიდან ჩამოცვენილი ჟანგის ფანტელები ფხვიერ ცემენტს შეერია და მუქი ლაქა აუზს მოედო.
არქიტექტურული წარმატება თუ ეკოლოგიური კატასტროფა? 1554-კილომეტრიანმა სარკინიგზო მარშრუტმა, რომელიც იუკატანის ნახევარკუნძულს უვლის გარშემო და ჯუნგლებს კვეთს, დაძაბულობა წარმოშვა პროგრესისა და კონსერვაციის მომხრეთა შორის. რობი შონი (მარცხნივ); მარტინ ზეტინა, AP Photo (მარჯვნივ)
დღეს ამ სენოტში უკვე 40 სვეტია. როხოს გამოთვლით, იუკატანის თხელ ნიადაგში 15 000-ზე მეტი სვეტია ჩასობილი. ეს ბუნებაში უხეში ჩარევაა, რამაც შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. იუკატანის ნახევარკუნძული ფოროვანი კირქვითაა აგებული, რის გამოც რეგიონში თითქმის არ არის მდინარეები და ტბები, სენოტები კი მტკნარი წყლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც ასაზრდოებს ასობით სახეობას იაგუარიდან ტაპირამდე და, ასევე, მექსიკის მილიონობით მოქალაქესა თუ ტურისტს. ათასი წლის განმავლობაში მაიას ხალხი სარიტუალო ნივთებს ათავსებდა სენოტებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბევრი სენოტი ურთიერთდაკავშირებულია – ერთ მონაკვეთს დააზიანებ და ყველაფერს რისკავ – ამბობს როხო – ეს წყალი ზღვაში ჩაედინება და სვეტების ჩამონადენი აზიანებს მეზოამერიკულ რიფს, კანკუნის პლაჟებსა და სანაპიროს საყრდენ მანგროს ტყეებს, ისევე როგორც ჯუნგლებსა და მის ველურ ბუნებას. როხოს აზრით, ყველაფერი ეს შესაძლოა გაქრეს. „ეკოციდი“ – ასე უწოდებს იგი ამ პროცესს. და ყოველივე ეს – ერთი მატარებლის გულისთვის.
„ტრენ-მაია“ სადგურში შესრიალდა – კონდიციონერი ჩართულია, ვაგონები – წკრიალა. კანკუნის სადგურის დახვეწილი კონსტრუქცია და უხვი გამწვანება ნათელს ხდის, თუ რატომ არის „ტრენ-მაია“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი მექსიკის თანამედროვე ისტორიაში. ეს სისტემა, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს შეადგენს, სრულად ამოქმედდა 2024 წლის დეკემბერში – იუკატანის ნახევარკუნძულზე წრიულად მოძრავი 1554-კილომეტრიანი რკინიგზა, 34 გაჩერება და 30-ზე მეტი მატარებელი, რომლებიც ორივე მიმართულებით მოძრაობს საათში 160 კმ-მდე სიჩქარით. გზის ნაწილი ამაღლებულ ვიადუკზე გადის.
„ეს მატარებელი საოცარი მიღწევაა“, – ამბობს ეკოლოგი და წყალქვეშა სპელეოლოგი ხერმან იანიესი, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, რომლებიც ისევე არიან გატაცებულნი სენოტების კვლევით, როგორც რობერტო როხო. ოდესღაც, როგორც როხო ამბობს, „საუკეთესო მეგობრები“ იყვნენ, დღეს კი, ფაქტობრივად, აღარც ელაპარაკებიან ერთმანეთს.
ზოგი მგზავრისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, „ტრენ-მაიას“ კანკუნის მსგავსი თანამედროვე სადგურები (მარჯვნივ) და ელეგანტური დიზაინის ლოკომოტივი სამოქალაქო ტრიუმფის სიმბოლოდ აღიქმება. დები კარენ და სანდრა სანჩესები, რომლებიც ვალიადოლიდისკენ მგზავრობენ, ოჯახური არდადეგების სამახსოვროდ „სელფის“ იღებენ.
როგორ მოახერხა მატარებელმა ასეთი მწვავე კონფლიქტების გაჩენა? კონფლიქტები დიდიცაა და მცირეც – ქვეყნის მომავლიდან დაწყებული, ლუდის ფასით დამთავრებული – ყველაფერი საზოგადოების პოლარიზებას იწვევს. ერთ მხარეს არიან ადამიანები, ვისაც სურს დედაბუნების უკანასკნელი ხელუხლებელი ტერიტორიები დაიცვას, ხოლო მეორე მხარეს ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედება ჩვენი სახეობის გაჩენის დღიდან შეუქცევადია და ამაში ცუდი არაფერია, თუკი ის გონივრულია. „ტრენ-მაია“ სწორედ ის პროექტია, რომელსაც ორი განსხვავებული კუთხიდან ხედავენ.
მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და იანიესი და როხო თავიდანვე დაინტერესდნენ იმ სენოტებით, რომლებიც სარკინიგზო მარშრუტის ქვეშ მდებარეობდა, თუმცა როხო მათი განადგურების პროცესს ასახავდა, იანიესი კი – განძს ეძებდა. იანიესი ორი წელი მუშაობდა მექსიკის ხელისუფლებასთან და მჭიდროდ თანამშრომლობდა ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულ ინსტიტუტთან. აღნიშნული ინსტიტუტის საველე გუნდი აფასებს ყველა საზოგადოებრივი პროექტის ზეგავლენას არქეოლოგიაზე. „ტრენ-მაიასთვის“ უპრეცედენტოდ დიდი ჯგუფი შეიკრა 2000 მეცნიერისა და ტექნიკური პერსონალის შემადგენლობით, რომელმაც შეისწავლა დაგეგმილი მარშრუტის მიმდებარედ არსებული ჯუნგლები.
„ეს ჩემი ოცნების სამსახური იყო“, – ამბობს იანიესი, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის თანამონაწილეა, მათ შორის იყო მაიას პირველი სრულად შემონახული, დაახლოებით ახ. წ. 900 წლით დათარიღებული კანოე. სავარაუდოდ, ის გამოიფინება იმ ცხრა ახალი მუზეუმიდან ერთ-ერთში, რომელიც „ტრენ-მაიას“ აღმოჩენებს წარუდგენს საზოგადოებას.

როხოსგან განსხვავებით, იანიესი ყოველ დღეს სამშენებლო უბანზე ატარებდა. იანიესი ამბობს, რომ რკინიგზის მშენებლებიდან დაწყებული, არქეოლოგებით დამთავრებული, ყველასგან ერთნაირი თავდადება და ეროვნული სიამაყის განცდა იგრძნობოდა – რწმენა, რომ ისინი რაღაც მნიშვნელოვანში იღებდნენ მონაწილეობას. იუკატანის ნახევარკუნძული, რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს თუ არ ჩავთვლით, დიდხანს იყო მივიწყებული თავისი უკიდურესად ღარიბი უბნებით, „ტრენ-მაიას“ კი ამ რეალობის შეცვლა შეუძლია.
გარდა მგზავრების გადაყვანისა, მატარებელი მალე დიდი რაოდენობით ტვირთსაც გადაიტანს, რამაც უნდა შეამციროს ფასები პროდუქტებზე აქამდე მოწყვეტილ რეგიონებში და, ასევე, ფერმერებს თავიანთი პროდუქტის ტრანსპორტირების საშუალება მისცეს. ტურისტები და მათ მიერ დახარჯული ფულიც უფრო თანაბრად გადანაწილდება ნახევარკუნძულის მასშტაბით. ადგილობრივებისთვის მატარებლის ბილეთის ფასი ავტობუსით მგზავრობაზე უფრო იაფია. გაეროს კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის „ტრენ-მაიას“ წყალობით 900 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1,1 მილიონი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს.
პროექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს არის იდეალური პროექტი, რომელიც გაღარიბებულ რეგიონს მომავალში უკვალავს გზას. ეს რომ არა, მოსახლეობის ზრდას, შესაძლოა, ეკოლოგიისთვის უფრო დამაზიანებელი, ძველი სტილის ავტომაგისტრალის მშენებლობის აუცილებლობა გამოეწვია. ზოგისთვის ეს ფოლადის სვეტებიც კი დადებითი მოვლენაა – რკინიგზის ამაღლება ცხოველთა ბუნებრივ მიმოსვლას არ უშლის ხელს, რაც ჰაბიტატების ფრაგმენტაციას აფერხებს. როხომ სვეტებით დაზიანებული 120 სენოტი აღწერა, „რაც იმას ნიშნავს, რომ 10 000-ზე მეტი ხელუხლებელი დარჩა“, – ამბობს იანიესი. რაც შეეხება წყლოვანი ჰორიზონტის დაბინძურებას. სანიტარიის ექსპერტები ფიქრობენ, რომ სვეტებზე უფრო დიდ პრობლემას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგეს, ხოლო მატარებლიდან მიღებული მოგება სწორედ ამ საკითხის მოგვარებაში დაეხმარება რეგიონს. „ტრენ-მაია, – ამბობს იანიესი, – იუკატანს კი არ მოკლავს – გადაარჩენს“.

მატარებელი კანკუნიდან სამხრეთისკენ მიემართება და ჯუნგლებში უჩინარდება. აქ მიწის ზედაპირზე გაყვანილმა ლიანდაგებმა დაანაწევრეს მექსიკის ერთ-ერთი უკანასკნელი, დიდი და ჯანსაღი ტყის მასივი. მექსიკელი ჟურნალისტი ოტო ფონ ბერტრაბი წლებია „ტრენ-მაიას“ პროექტს იკვლევს და ამტკიცებს, რომ ყველას, ვისაც ეს პროექტი მოსწონს, სამთავრობო პროპაგანდამ გამოურეცხა ტვინი.
ფონ ბერტრაბის ოჯახის წევრები, ისევე როგორც ბევრი სხვა, ცდილობენ თბილი ურთიერთობები შეინარჩუნონ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხებზე, ან სულაც იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო მექსიკელი. ოტოს ბიძაშვილი ეტიენ ფონ ბერტრაბი აკადემიური სფეროს წარმომადგენელია, მდგრად განვითარებაზე მუშაობს და ასევე სიღრმისეულად იკვლევს „ტრენ-მაიას“. იგი ფიქრობს, რომ ბევრი ადამიანი მექსიკის ახალი ლიდერებისადმი აგრესიითაა დაბრმავებული და ამიტომ ეწინააღმდეგება „ტრენ-მაიას“.
„ტრენ-მაია“ მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის საყვარელი პროექტია. 2018 წელს არჩეულმა ობრადორმა, პირველად მრავალი ათწლეულის შემდეგ, ქვეყანა პროგრესისკენ შეატრიალა. მისი საარჩევნო კამპანიის ძირითადი ხაზი სიღარიბის შემცირება იყო. მან საინაუგურაციო გამოსვლაშივე ახსენა მატარებელი და მშენებლობაც მალევე დაიწყო. პროექტი დასრულდა მისი რჩეული მემკვიდრის, კლაუდია შეინბაუმის გაპრეზიდენტებიდან მალევე, 2024 წელს.
ოტო ფონ ბერტრაბი დარწმუნებულია, რომ ობრადორმა პროექტის განსახორციელებლად უტიფრად მოიტყუა. პრეზიდენტი საჯაროდ იმეორებდა, რომ „არცერთი ხე არ მოიჭრებოდა“, რადგან ახალი გზა მიტოვებულ რკინიგზის ხაზებზე აშენდებოდა, სინამდვილეში კი მილიონობით ხე მოიჭრა და მარშრუტის დიდი ნაწილი შორსაა ძველი რკინიგზისგან. სამთავრობო განცხადებების თანახმად, იმ მონაკვეთებზე, სადაც მატარებელი მიწაზე გადიოდა, იგეგმებოდა სპეციალური გადასასვლელების მოწყობა ცხოველებისთვის. არცერთი არ აშენებულა დღემდე.

ოტო ფონ ბერტრაბი ამგვარ ტყუილებზე წერდა იუკატანის გაზეთ La Jornada Maya-ში. ის როხოსა და სხვა აქტივისტებთან ერთად იბრძოდა. ათეულობით მექსიკელმა მეცნიერმა და აკადემიკოსმა მოაწერა ხელი წერილობით მიმართვებს, რომლებითაც მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. ახალგაკაფული ტერიტორიები საპროტესტო აქციების ადგილად იქცა – ზოგიერთი დემონსტრანტი ბორკილებით იბამდა თავს სამშენებლო ტექნიკაზე. მსოფლიო მედიამაც მიაქცია ყურადღება ამ ამბავს.
მთავრობის პასუხი აისახა ობრადორის სატელევიზიო გამოსვლებსა და სოციალური მედიის გზავნილებში, სადაც მოწინააღმდეგეები სამშობლოს მოღალატეებად და მექსიკის პროგრესის მტრებად გამოცხადდნენ. „მაშინ მივიღე პირველი მუქარის ზარები“, – ამბობს ოტო. მას აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა „გამქრალიყო“ – ეს საშინელი პერსპექტივაა ქვეყანაში, სადაც ყოველწლიურად ათეულობით ეკოაქტივისტს კლავენ. არაკომერციული ორგანიზაცია Global Witness-ის თანახმად, კოლუმბიის შემდეგ ამ მხრივ მექსიკას მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
ოტოს შეეშინდა და გაჩუმდა: „ვეღარ ვწერდი. ძალიან სახიფათო იყო“, თუმცა აქებდა როხოს მსგავს ადამიანებს, რომლებიც კვლავაც უკანონოს უწოდებდნენ პროექტს გარემოზე ზემოქმედების შეფასების არარსებობის გამო.
ამის პასუხად ობრადორმა 2021 წლის ნოემბერში „ტრენ-მაია“ ეროვნული უსაფრთხოების საკითხად გამოაცხადა. შემდეგ უფრო შორსაც წავიდა და მშენებლობისა და ოპერირების კონტროლი მექსიკის არმიას გადააბარა. ამ მკაცრი ზომებით, ოტოს აზრით, პრეზიდენტმა გვერდი აუარა გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებს. 2023 წლის მაისში მექსიკის უზენაესი სასამართლოს მიერ ამ ქმედების უკანონოდ ცნობის მიუხედავად, პრეზიდენტის განკარგულებით მშენებლობა გაგრძელდა.
მიუხედავად მაღალი ავტორიტეტისა, სკანდალში გაეხვა მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტიც. „ტრენ-მაიას“ პროექტში ჩართულმა არქეოლოგმა, ხუან მანუელ სანდოვალმა 75-გვერდიანი მწვავედ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად აღწერდა არტეფაქტების განზრახ განადგურების ფაქტებს მშენებლობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. Washington Post-ის ინფორმაციით, 25 000-ზე მეტი სიძველე, მათ შორის მაიას ტაძრები, გაანადგურეს.

ხმა აიმაღლა მკვიდრმა ხალხმაც – ასეთად მიიჩნევს თავს ნახევარკუნძულის მოსახლეთა თითქმის ნახევარი, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ზოგი იმასაც წუხდა, რომ თავად სახელსაც კი – „ტრენ-მაია“ – ძირძველი მკვიდრი ხალხი მარკეტინგულ სლოგანამდე დაჰყავდა.
მაგრამ მშენებლობა ვერაფერმა შეაჩერა. ამ ყველაფრის შემდეგ, ამბობს ოტო, შედეგი არის კულტურული, ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფა. ბევრი სადგური ქალაქის ცენტრებიდან შორს და რთულად მისაღწევ ადგილასაა. მგზავრთა რაოდენობა საწყის ეტაპზე მხოლოდ მეხუთედია იმისა, რისი მოლოდინიც მთავრობას ჰქონდა. ტროპიკულ კლიმატში, მარილიანი ჰაერის პირობებში, მაღალტექნოლოგიური მატარებლის მოვლა მუდმივად დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ოტო დარწმუნებულია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში „ტრენ-მაიასგან“ მხოლოდ ჟანგიანი, მცენარეულობით დაფარული ნაშთები დარჩება.
„ტრენ-მაია“, – ამბობს ოტოს ბიძაშვილი ეტიენ ფონ ბერტრაბი, – მიუხედავად ხარვეზებისა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია მექსიკის ისტორიაში. ეტიენი მიიჩნევს, რომ მიღებული სარგებელი, მაგალითად, მომავალი თაობებისთვის გაჩენილი შესაძლებლობები ან რეგიონის ურთიერთდაკავშირება, ზიანს გადაწონის.

მექსიკის მოქალაქეთა უმრავლესობას, ამბობს ეტიენი, მოსწონს „ტრენ-მაია“. ადრეულმა გამოკითხვამ 90%-იანი მხარდაჭერა დააფიქსირა.
ეტიენი ფიქრობს, რომ ობრადორის პრეზიდენტად არჩევა მექსიკისთვის პროგრესული ნაბიჯი იყო. მისი თქმით, სოციალური სარგებელი ფართოვდება; ღარიბ ბავშვებს აღარ უწევთ სკოლის მიტოვება. „ტრენ-მაია“ მისთვის ამ ახალი იმედის ტრიუმფალური ნიმუშია.
თავად მატარებელი აკავშირებს ქალაქებს, რომლებსაც მანამდე ვრცელი და დამღლელი გზები აშორებდა. მგზავრები ძირითადად მექსიკელები არიან – ბევრი ოჯახით მოგზაურობს – ზოგი ფოტოს იღებს ვაგონებში, ზოგს კი სასუსნავები მოაქვს ბარის ვაგონიდან, რამდენიმეს სადგურის მაღაზიაში შეძენილი „ტრენ-მაიას“ ქუდი ახურავს და მაისური აცვია. დასუფთავების ჯგუფი თითქმის ყველა გაჩერების შემდეგ შედის ვაგონებში. რეგიონი, რომელიც ომების, მონობისა და ბუნებრივი რესურსების გატაცების მომსწრეა, თითქოს რაღაცას იბრუნებს უკან.
„ეს მატარებელი შესანიშნავი საჩუქარია, – ამბობს გვადალახარელი ანა დანიელი, – ასე მგონია, სამეფო ოჯახის წევრი ვარ, პრინცესა დიანასავით“.
„მეამაყება, მექსიკელი რომ ვარ“, – ამბობს ნორმა ვილიარეალი, რომელმაც, 90 წლის დედასთან ერთად, 1500 კმ გამოიარა, რათა ამ მატარებლით ემგზავრა. „მე სკოლის მასწავლებელი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის მოვუყვები ჩემს მოსწავლეებს ამის შესახებ“.
რაც შეეხება გარემოს დაცვას, – ამატებს ეტიენი, – რკინიგზის მშენებლობისას მართლაც მოიჭრა ბევრი ხე, მაგრამ უკვე ამოქმედდა სამთავრობო პროგრამა, რომელიც რეგიონის მასშტაბით 500 მილიონი ხის დარგვას გულისხმობს, რაც ბევრად აღემატება მოჭრილი ხეების რაოდენობას. ეს ტყის აღდგენის კამპანიებიდან ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიო მასშტაბით. „ტრენ-მაიას“ პროექტის ფარგლებში ნახევარ მილიონ ჰექტარზე მეტით გაიზარდა კალაკმულის ბიოსფერული ნაკრძალის საზღვრები, რომელსაც რკინიგზა ჩაუვლის. ის გადაიქცა რიგით მეორე უდიდეს ნაკრძალად ამერიკის ორივე კონტინენტზე და მხოლოდ ამაზონს ჩამორჩება.
ეტიენის აზრით, რომ არა სამხედრო კონტროლი, აქტივისტები „ტრენ-მაიას“ სამუდამოდ შეაჩერებდნენ. ამ რეგიონში კერძო კომპანიებს ადრეც აუმოქმედებიათ სამგზავრო მატარებლები, მაგრამ მწირი მოგების მიზეზით, ისინი ათწლეულების წინ გაუჩინარდა. ახლა კი, რადგან მშენებლობას სამხედროები კურირებენ, „ტრენ-მაიას“ კომერციული წარმატება არ სჭირდება – ეს საჯარო სარგებელზე ორიენტირებული პროექტია. მატარებელი მექსიკის მოქალაქეებს არ დააწვება ფინანსურად, რადგან ის ვალით არ არის დაფინანსებული და მის ხარჯებს, ძირითადად, ტურისტების გადასახადი ფარავს.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა „ტრენ-მაია“ მაიას ხალხის შეურაცხყოფა, ეს საკითხიც მეტისმეტად გაზვიადებულია ორივე მხრიდან. კეცალ ცაბი, ცნობილი აქტივისტი, გაეროს კონსულტანტი მკვიდრ ხალხთა უფლებების მიმართულებით, ამბობს, რომ მკვიდრი ხალხის 95%-ს, რომელსაც ის პირადად იცნობს, მოსწონს მატარებელი. მცირერიცხოვან მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა კი – აღიარებს ცაბი – ძალიან კარგად იცის, როგორ მიიქციოს ყურადღება.
ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოს კრიტიკასთან დაკავშირებით ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის 2000-კაციანი გუნდის ხელმძღვანელი მანუელ პერეს რივასი ამბობს, რომ პროექტი იდეალური არ იყო, ზოგი ნივთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა გუნდმა აღმოაჩინა და აღრიცხა 871 267 არქეოლოგიური არტეფაქტი – მაიას ცივილიზაციის შესწავლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე მასშტაბური კონსერვაციის პროექტი და შესაძლოა ყველა დროის ყველაზე მასშტაბური გათხრები. „იუკატანი მუზეუმი კი არა, ცოცხალი ორგანიზმია“, – ამბობს პერეს რივასი, – „უნდა დავაბალანსოთ განვითარება და ისტორია. თუკი თითოეული არტეფაქტის გადარჩენას დავიწყებთ, ვერასოდეს ვერაფერს ავაშენებთ“.

აღმოჩენილი ნივთები – ობსიდიანის, ნეფრიტის, ზღვის ნიჟარების, თიხისა და ხის საგნები – სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მათი უმრავლესობა არაფრითაა განსაკუთრებული, ამბობს პერეს რივასი. ისინი ძირითადად ყოველდღიური მოხმარების საგნებია – დანები, თეფშები თუ ჩიბუხები. მათ შესწავლას ათწლეულები დასჭირდება, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ სრული წარმოდგენა შეგვექმნება უძველესი დროის უბრალო ხალხის ცხოვრებაზე, ამატებს იგი. არქეოლოგების ფოკუსი, ისევე როგორც მატარებლისა, სწორედ ის ხალხია, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
„ტრენ-მაიას“ პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ჯერ ვერავინ იტყვის, რა ელის მას – ტრიუმფი, კრახი, თუ რაღაც შუალედური. ბევრის აზრით, „ტრენ-მაია“ შესაძლოა გახდეს მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება შევუთავსოთ ერთმანეთს გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება და როგორ ვაქციოთ ადგილობრივი მოსახლეობა – რომელიც ტურიზმის პირობებში ხშირად იჩაგრება – სარგებლის მიმღებ სუბიექტად.
კრიტიკოსები საპირისპიროს ამტკიცებენ – მათი აზრით, „ტრენ-მაიას“ ერთადერთი მიღწევა მსოფლიოსთვის იმის ჩვენება იქნება, თუ რა არ შეიძლება გავაკეთოთ. მატარებლის მოწინააღმდეგეები პროექტს ახალი ტიპის საფრთხედ აღიქვამენ, თუმცა ეს მოსაზრება საეჭვოდ გეჩვენება ჩიჩენ-იცის ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლთან, რომელიც კანკუნის დასავლეთით, მატარებლის რამდენიმე გაჩერებაშია. მაიას ხალხს უძველესი დროიდან, მთელი ნახევარკუნძულის მასშტაბით, გაჰყავდა ფართო და ოდნავ ამაღლებული გზები, რომლებიც ხშირად ჯუნგლებსაც კვეთდა. ვიზუალურად, ისინი ძალიან ჰგავს რკინიგზის ხაზებს. ერთ-ერთი ასეთი გზა ჩიჩენ-იცაში, მთავარ პირამიდასთანაც იწყება. იქ სხვა რაღაცაც არის: არქეოლოგიური ძეგლის შუაგულში ოთხ მწკრივად განლაგებული ღია ფერის გიგანტური სვეტებია აღმართული, რომლებიც ტყისკენ მიემართება. მათი მსგავსება სვეტებთან, რომლებიც როხომ დააფიქსირა, გამაოგნებელია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ესენი ათას წელს ითვლის.