მფრინავი მდინარეები
მდინარე ამაზონის აუზის ფორმირება ანდების მაღალ მთებში კოშკებად აღმართული მყინვარების, უხვნალექიანი მთის ტყეების, იმავე ნისლიანი ტყეებისა და მოუხელთებელი დათვების სამეფოზეა დამოკიდებული.
მფრინავი მდინარეები
მდინარე ამაზონის აუზის ფორმირება ანდების მაღალ მთებში კოშკებად აღმართული მყინვარების, უხვნალექიანი მთის ტყეების, იმავე ნისლიანი ტყეებისა და მოუხელთებელი დათვების სამეფოზეა დამოკიდებული.
პერუს ანდებში, ჩემს საველე სადგურში, ჩვეულებრივ, განთიადამდე ვიღვიძებ.
ჭერზე ღამურები იწყებენ ფრთხიალს და როდესაც ინათებს, ვხედავ, თუ როგორ მისრიალებენ ღრუბლები ციცაბო, ტყიან ქედებზე. ეს ღრუბლები მდინარეებია ცაში. Ríos voladores-ს, მფრინავ მდინარეებს ტენი გადააქვთ, რომლითაც მიწა იჟღინთება და შემდეგ იწურება ნაკადულებსა და ათასობით კილომეტრის სიგრძის მდინარეში, საბოლოოდ კი ზღვაში ეშვება. მე აქედან არც ისე შორს გავიზარდე, თუმცა Ríos voladores-მა მთავარი გაკვეთილი იმ ერთ დღეს მასწავლა, როდესაც ამ უღრან, ფოთლოვან ტყეში მწყურვალი დავრჩი.
მოდით, თავიდან დავიწყებ. ეს სადგური და ლაბორატორია კუსკოს აღმოსავლეთით რამდენიმესაათიანი სამანქანო გზის სავალზეა. აქ იმ მოუხელთებელი ცხოველის, სათვალიანი დათვის შესასწავლად ამოვედი, რომლის საკვანძო როლის გააზრებას ამაზონის ეკოსისტემისთვის მხოლოდ ახლა ვიწყებთ. 2021 წლის მაისი იდგა და უკვე ორი კვირა იქნებოდა, რაც აქ უკუკუსთან ერთად ვცხოვრობდი. უკუკუ თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლია, რომელიც დათვის კვალზეა გაწვრთნილი. ადგილობრივებისგან შემდგარი დამხმარეთა გუნდიც აქ ცხოვრობდა. ჩვენი პირველი დიდი მისია მრავალდღიანი ლაშქრობა იყო ერთმანეთისგან გარკვეული ინტერვალით 40-მდე კამერის დასამონტაჟებლად ტყიანი მთის გასწვრივ, რომელიც, ვიმედოვნებდით, დათვების ტერიტორიას წარმოადგენდა. თავიდან ტვირთის საზიდად ცხენები გვყავდა, თუმცა არასანდო ფერდობები მეტისმეტად საშიში იყო მათთვის. ცხენები სახლში გავგზავნეთ და ყველაფერი ზურგზე მოვიკიდეთ: კამერები, კარვები, საჭმელი, წყალი, ჰამაკები (ყველაზე ციცაბო ფერდობებზე ღამის გასათევად) და მაჩეტეები – გზის გასაკაფად.

ბარგი მძიმე იყო. მე პატარა ტანის ვარ და ზურგზე 27-კილოგრამიანი ტვირთით ძალიან ფრთხილად მივდიოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ. ერთ-ერთი ჩვენგანი გზის გაკვალვისას ბუჩქნარს კაფავდა, მაგრამ მიწის ზედაპირზე მოდებული ხავსი და ეკლიანი ბარდები ფარავდა ორმოებს, სადაც შეიძლება ფეხი მოგვეტეხა. ღამეები ისეთი ცივი იყო, უკუკუს აკანკალებდა და საძილე ტომარაში მიძვრებოდა – ასე ვათბობდით ერთმანეთს. მეხუთე დღეს გუნდი შეჩერდა ისეთ ხშირ მცენარეულობაში, რომლის მსგავსი მანამდე არ მინახავს. ზუსტად ვერ ვხვდებოდით, რამდენად მაღლა ავედით მთის ძირას მდებარე მდინარიდან. საჭმელი უკვე გვითავდებოდა. წყალი უკვე აღარ გვქონდა. ვეღარც ნაკადულებს ვპოულობდით და ვეღარც – გუბეებს. ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით – bosque de nubes-ის, ღრუბლების ტყის სიღრმეში წყურვილი გვახრჩობდა.
შემდეგ ნარსისომ თქვა: ხის წვერი.
ნარსისო ლიაქტა გიდია, ჩვენი გუნდის წევრი, კეჩუაზე ლაპარაკობს და ამ მთებს ჩემზე უკეთ იცნობს. ხეს ცოტა ხავსი შემოაცალა, ხელი მოუჭირა და წყლის წვეთები გამოადინა, ჯერ ძალიან ცოტა, შემდეგ კი უკვე იმდენი, რომ მსხვილი წვეთები დაეცა მიწაზე. კეჩუაზე ამ ხავსს ზოგჯერ sachaq sunkha-ს, ხის წვერს უწოდებენ. ზოგადად ვიცოდი, რომ ისინი ანდების ღრუბლებიდან ისრუტავდნენ ტენს, ახლა კი ვხედავდი, თუ როგორ წურავდა ნარსისო მათგან ჭიქაში წყალს.
ჭიქა გაივსო. კიდევ მეტი ჭიქა ამოვიღეთ. მარიანო უანკას, რომელიც ასევე ახლომახლო გაიზარდა, ამ ტყის ბრომელიასებრნი გაახსენდა – ყვავილოვანი მცენარე, რომელსაც ერთმანეთზე ფენებად დაწყობილი ხანჯალივით სწორი ფოთლები აქვს. მარიანო ამფიბიების შემსწავლელ მეცნიერებთან ერთად მუშაობდა და თასის ფორმის ბრომელიას შუა ნაწილი ჰქონდა ნანახი, რომელსაც იმდენი წყლის დატევა შეუძლია, რომ ბაყაყებისთვის პაწაწინა აუზებად შეიძლება იქცნენ. ბიოლოგები ბრომელიასებრ მცენარეებს წყლის ავზებს ეძახიან. როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბრომელიებისა და ხის წვერების შეგროვებული წყალი შლამისგან გაყავისფრებული იყო, ვიღაცას წყლის სახელდახელოდ გაფილტვრის ხერხიც გაახსენდა. და აი, ქანცგაწყვეტილი მკვლევრები ვიდექით ამაზონში მაისურის აპრეხილი ბოლოებით და ნისლიანი ტყის წყალს, ქსოვილის გავლით, ჭიქებში ვწურავდით.

უკუკუ კეჩუაზე „დათვს“ ნიშნავს, სამხრეთ ამერიკაში კი ერთადერთი სახეობის დათვი ბინადრობს: მრგვალთვალება, შავი, ანდური, იგივე სათვალიანი. მისი არეალი მდინარე ამაზონის შორეული სამხრეთისკენ შეიძლება იშლებოდეს. სათვალიანი დათვი საფუძვლიანად აქამდე არ შესწავლილა, ამდენად, მის შესახებ ჩვენი ცოდნის გარკვეული ნაწილი მითქმა-მოთქმას ეფუძნება. ნეტა მართლა შეუძლია სათვალიან დათვს ფუმფულა სფეროდ გადაქცევა და მთიდან ბურთივით დაგორება, როდესაც სურს, სწრაფად გაეცალოს ადგილს? აქაურები იფიცებიან, რომ ეს უნახავთ. თუმცა, რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ მიუხედავად შედარებით მცირე ზომისა (ზრდასრული დაახლოებით 100 კილოგრამს იწონის), ძალიან ღონიერები არიან. სათვალიან დათვს მკვდარი ძროხის 20-მეტრიან ხეზე ათრევა და ხის კენწეროზე შენახვა შეუძლია, რათა საჭმელი სხვა დათვებს დაუმალოს.
ბავშვობაში, როდესაც ბებიაჩემი კეჩუაზე მელაპარაკებოდა გარესამყაროს შესახებ, „უკუკუში“ ეფემერული არსება უფრო იგულისხმებოდა, ვიდრე ცხოველი. სოფლის ძაღლები და ქათმები ცხოველები იყვნენ. ზღვის გოჭები, რომლებიც სადილად ქცევამდე ჩვენი სამზარეულოს იატაკზე დასუნსულებდნენ, ასევე ცხოველები იყვნენ. უკუკუები კი, მთლად ღვთაებრივი არა, მაგრამ ჩვენთან მისტიკურად დაკავშირებულ არსებებად ითვლებოდნენ, რომლებსაც დღემდე პატივს ვცემთ. ისინი ანდების მყინვარებს ივავდნენ და, გადმოცემის თანახმად, ზოგჯერ ქალები მიჰყავდათ ცოლად, მათ დათვ-კაცა შვილებს კი უმაღლესი მწვერვალებიდან მყინვარების ყინული ჩამოჰქონდათ, რათა სოფლებისთვის წყალი მიეცათ.
ჩემი კვლევა მარწმუნებს, რომ სათვალიანი დათვის, როგორც სიცოცხლის მცველის, იდეას სერიოზული მეცნიერება უმაგრებს ზურგს. თუმცა, ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში უკუკუ მუდმივად არსებობდა, როგორც კეჩუას ფიზიკური და სულიერი ლანდშაფტის განუყრელი ნაწილი.
არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, მაგრამ დათვები სულ ჩნდებოდნენ. პირდაპირი გაგებით კი არა, ჩემს სულსა და ცხოვრებაში. ქალაქის საშუალო სკოლაში ვიდეომაგნიტოფონი გვქონდა. ერთ დღეს, ალბათ, 14 წლის ვიქნებოდი, ვიღაცამ Disney-ს ანიმაციური ფილმი „ძმა დათვი“ ჩართო. მოქმედება ალასკაში ხდება, სადაც დათვები, ადამიანები და სულები ერთმანეთთან ურთიერთობენ და როდესაც ვუყურებდი, გეფიცებით, ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემში – რაღაც ძალიან ძლიერი კავშირი გაჩნდა ჩემსა და ამ ცხოველებს შორის. დღემდე მახსოვს ის განცდა. მე დაკავშირებული ვარ დათვებთან. მე მინდა ვიყო დათვი.
ეს არავისთვის მითქვამს. გონებაში მივჩქმალე, მაგრამ როდესაც კუსკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე (llaqtamanta lloqsinayki! – მიბიძგებდა ბებიაჩემი, წადი ამ ქალაქიდან! წადი, რომ ისწავლო და იკვლიო), იმ კავშირის განცდა კვლავ ჩემთან იყო. ბიოლოგიისადმი მზარდმა ინტერესმა ლონდონში ჩამიყვანა კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღებში კონსერვაციული კვლევისათვის. როდესაც ხალხი იგებდა, საიდან ვიყავი, თავს აქნევდა და ამბობდა: „ოჰ, დათვი პადინგტონი!“ შეიძლება გახსოვდეთ ეს საბავშვო წიგნი და მისი გმირი პადინგტონი, რომელიც „ბნელი პერუდან“ ბრიტანეთში მოხვდება (ძველი ქუდით). ანუ პადინგტონი სათვალიანი დათვია (Tremarctos ornatus)) – მის რეალურ პროტოტიპებს თვალების გარშემო ღია ბეწვი აქვთ და დათვის ამ სახეობის დასახელებაც აქედან მომდინარეობს.
შემდეგ, როდესაც ცენტრალური პერუს მთებსა და ჯუნგლებში რამდენიმეკვირიან სტუდენტურ ექსპედიციაში პირველად მოვხვდი, მეორადი ნივთების მაღაზიებში ქექვით შევაგროვე აღჭურვილობა. არც წესიერი სალაშქრო ფეხსაცმელი მქონდა და არც შესაფერისი ზურგჩანთა. და, რამდენადაც რთული აღმოჩნდა შორეული საველე კვლევა, იმდენად მიყვარდა ის.

წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა მიჩნდებოდა და ვიკვლევდი ფრინველებს, მაიმუნებს, სოკოებსა და იშვიათ ხეებს კოსტა-რიკაში. სოფლის სკოლაში ესპანური ენის სწავლა მომიწია, ხოლო როგორც მაგისტრანტს, რომელსაც საზღვარგარეთიდან ჰქონდა შეთავაზებები, ინგლისურიც უნდა მესწავლა. შემდეგ, 2020 წელს, ჩემმა მენტორებმა, ბიოლოგებმა ენდრიუ უიტუორთმა, რომელიც ასევე არის National Geographic-ის მკვლევარი, და პერუში არაკომერციულ ორგანიზაცია Conservación Amazonica-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ადრიან ფორსაითმა მითხრეს – აღნიშნულ ორგანიზაციას სჭირდებოდა მკვლევარი, რომელიც უხვნალექიან მთის ტყეში მდებარე შორეულ, იზოლირებულ სადგურს ჩაიბარებდა. ახალი პროექტი იყო: სათვალიანი დათვები. მათი როლი ტყის ეკოლოგიაში ძირფესვიან შესწავლას საჭიროებდა, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემების გამო. „Vamos“, – ვთქვი მე.
ჩვენი სადგური „ვაიკეჩა“ ხის ნაგებობებისგან შედგება – ლაბორატორია, სასადილო და საერთო საცხოვრებელი. გზა, რომელიც ჩვენამდე მოდის მიხვეულ-მოხვეულ კლდოვან ფერდობებს მიუყვება ნისლიან ტყემდე და ზოგან იმდენად ვიწროა, ორი მანქანა ვერ გაივლის გვერდიგვერდ. როდესაც ღრუბლები დაბლა ჩამოდის, ფოთლოვანი ტყე ნისლში უჩინარდება. როდესაც ცოტა ხნით გამოიდარებს, ცის სილურჯეში ვხედავთ შორეულ ტყიან ხეობებს და კიდევ მეტ მთებს, რომელთა მწვერვალები ისევ საბურველში ეხვევა და ჰოროზონტს მიღმა იკარგება.

მთელი ამაზონის რუკის შემყურეს, შესაძლოა გაგიჭირდეთ მთებზე მცოცავი დათვების ამ გარემოში წარმოდგენა. თუმცა, უხვნალექიანი მთის ტყის დათვები მთელი აუზის მდგრადი ციკლის ისეთივე ნაწილს წარმოადგენენ, როგორსაც მაიმუნები, მაკაოები და დელფინები, მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი მდინარეც კი ძალიან შორს შეიძლება გვეჩვენებოდეს მათი ჰაბიტატიდან. სათვალიანი დათვი მცენარის ჭამის შემდეგ ყოველთვის საათობით მიცოცავს მთაზე და ფეკალიებთან ერთად გამოყოფს მცენარის თესლს მისი მოწყვეტის ადგილიდან კილომეტრებით მაღლა. ასე ავრცელებს ის ტყის საფარს. ნახევრად გადამუშავებული თესლისგან მცენარე, ხშირად, უფრო სწრაფად იზრდება, მითუმეტეს, რომ თესლი დათვის ექსკრემენტებით განაყოფიერებულ ნიადაგში ღივდება. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მეტი ახალი მცენარე ისრუტავს ტენს ჰაერიდან, რის შედეგადაც მეტი წყალი გაიწოვება ნიადაგში, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწობს მეტი ნაკადულის ჩადინებას შენაკადებში, რომლებიც საბოლოოდ მდინარე ამაზონს კვებავს. ამგვარად, ასეულობით კილომეტრის დაშორებით, როდესაც მდინარე ოკეანეს უერთდება, ზედაპირიდან წყალი ორთქლდება და ქარები უკან გვიბრუნებს ჩვენი ღრუბლების მფრინავ მდინარეებს.
და მაშინ, როდესაც კლიმატის ცვლილების ტემპისა და ტემპერატურის მატებასთან ერთად, წვიმების სეზონების პროგნოზირება სულ უფრო და უფრო რთულდება, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ სათვალიანი დათვები აღნიშნულ პროცესებთან ბრძოლაში შესაძლოა გვეხმარებიან კიდეც საკუთარი ლანდშაფტის გარდაქმნით. აქ თესლის გამავრცელებელი სხვა ცხოველებიც ცხოვრობენ, მაგრამ სათვალიანი დათვი ერთ-ერთია იმ მცირე ძუძუმწოვართაგან, რომლებიც ამოდენა მანძილებს ფარავენ. ის ერთ დღეში ადის დაბლობის ტყიდან მაღლობის მდელოებამდე და, ჩვენი აზრით, სწორედ ამით ეხმარება ტყეს ადაპტაციაში, სწევს რა ხეების გავრცელების საზღვარს უფრო ზემოთ და უფრო ცივ ზონებში.

ასე რომ, ჩემი გუნდი და მე, ჩემს ძაღლ უკუკუსთან ერთად, რომელიც კვალს იღებს, ვცდილობთ ავედევნოთ დათვებს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა: სათვალიანი დათვი ერთეულად მცხოვრებია, სწრაფია და ჭკვიანი. მის მარშრუტებს ვადგენთ დანატოვარი საკვების, ექსკრემენტების ან ხის ტანზე დატოვებული ნაფხაჭნების მიხედვით, რომლებითაც ისინი ერთმანეთს მინიშნებებს უტოვებენ. ჩვენი საველე კამერები მოძრაობის სენსორებით არის აღჭურვილი, გვაქვს ხუთი ყუთი-ხაფანგიც, რომლებშიც სატყუარად მძაღე ხორცია მოთავსებული. იშვიათად (ოთხჯერ უკანასკნელი გაზაფხულის განმავლობაში) დათვი ხაფანგში ებმება – ყუთში საკმარისად ღრმად მიძვრება და კარი იკეტება, რა დროსაც ჩვენს ტელეფონზე ხმამაღალი სიგნალი ირთვება, გეგონება, ბუკს დაჰკრესო და ჩვენც, მიუხედავად იმისა, დღეა თუ ღამე, იმ წუთშივე ზურგჩანთებსა და ფარნებს ვტაცებთ ხოლმე ხელს. ნამდვილად არ გვინდა, დათვი საჭიროზე მეტხანს დავამწყვდიოთ. უკუკუს ვეძახი და მაღალყელიანი ჩექმებით გავრბივართ. თან აღჭურვილობას მივაქანებთ ვიწრო და ტალახიან ბილიკებზე. სასიხარულო მღელვარება ძალას გვმატებს. ადრენალინის ასეთი დოზით წონას ვერ ვგრძნობთ.
როდესაც ხალხი იგებდა, საიდან ვიყავი, თავს აქნევდა და ამბობდა: „ოჰ, დათვი პადინგტონი!“
დათვს ტრანკვილიზატორით გაჟღენთილ ისარს ვესვრით, შემდეგ ვზომავთ, ჯანმრთელობას ვუმოწმებთ და დროებით საყელურს ვამაგრებთ, რომელიც მის გეოლოკაციას გადმოგვცემს. საყელურები მსუბუქია და მათი მოხსნა დისტანციურადაც შეგვიძლია. ზოგ საყელურზე ციცქნა ვიდეოკამერაც არის დამაგრებული. ამიტომაც შევრჩი გასულ გაზაფხულს რამდენჯერმე ჩემი ლაბორატორიის კომპიუტერთან გვიან ღამემდე და ვიხილე ნისლიანი ტყე დათვის თვალის – უფრო ზუსტად კისრის – სიმაღლიდან.
კამერიანი საყელურის მოხსნამდე, ამ დათვს სახელიც დავარქვით ჩვენი ერთ-ერთი დონორის პატივსაცემად: კრისი. ახლა კი, აღფრთოვანებული ვუყურებდით დათვ კრისის ცხოვრებას, რომელიც კვეთდა მდინარეებს, ღეჭავდა ბრომელიებს, თვლემდა ხის კენწეროებზე და ბუჩქნარში იკვალავდა გზას წვიმისას. ეს ყველაფერი მორიგ საბავშვო მოთხრობას შეიძლებოდა დამსგავსებოდა, რომ არ გვენახა, თუ როგორ შეჭამა მან… პატარა დათვი. შესაძლოა ეს ინფანტიციდი იყო; ზრდასრული მურა დათვები ზოგჯერ სხვა დათვის ბელებს ხოცავენ, რომ შემდეგ მათ დედებთან შეჯვარდნენ. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ როგორ შეჭამა კრისმა მაიმუნი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას კარგი სანადირო უნარები ჰქონდა. დათვები ნაირმჭამელები არიან და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ვაიკეჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობაა, რათა აღვადგინოთ კავშირი მათსა და ველურ, ქარიზმატულ, ზოგჯერ საბედისწერო ცხოველთან, რომელიც ანდური კულტურისა და ისტორიის ნაწილია. ფერმერები ბრაზობენ დახოცილი ძროხებისა და განადგურებული სიმინდის ყანების გამო. ეს დათვის ჰაბიტატია, თუმცა, ეს ადამიანების ჰაბიტატიც არის და ჩვენ ერთად ვცდილობთ მივაგნოთ კონსერვაციის სწორ სტრატეგიას. შესაძლოა, ფერმერებს პირუტყვის დაკარგვით გამოწვეული ზარალი უნდა უნაზღაურდებოდეთ ან დათვებისთვის ნაკლებად მიმზიდველი მარცვლეულის თესვაში ჰქონდეთ ხელშეწყობა. შესაძლოა, „ცხოველის მოახლოების“ გამაფრთხილებელმა სისტემამ (აფრიკაში ლომებზე გამოცდილის მსგავსი) უფრო გააადვილოს დათვების დაფრთხობა, ვიდრე მათზე დამიზნებულმა ტყვიამ.
გარდა ამისა, ადგილობრივებთან ერთად, თითქმის 300 000 ბუჩქი და ხე დავრგეთ – მეტი ჰაბიტატი და საკვები დათვისთვის. უკანასკნელი სამი წელია ვესწრებით სოფლის დღესასწაულებს, რომლებიც ეძღვნება ჩვენს უკუკუებს – მითიურსაც და რეალურსაც. ამ დღესასწაულებს თან ახლავს მუსიკა, ამბების თხრობა, პოეზია და ბავშვების ნახატები, რომელთაგან ერთი ყველაზე კარგად დამამახსოვრდა: „El último oso en mi pueblo“, – ასე უწოდა ბიჭმა ნახატს: „უკანასკნელი დათვი ჩემს ქალაქში“. მან დახატა ხე, ნაკადული და პატარა თეთრსახიანი დათვი, რომელიც ფოთლების მოსაკბეჩად იწევდა და იღიმოდა.
– სინთია გორნისთვის მონათხრობი


ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას National Geographic Society წარმოგიდგენთ Rolex-თან პარტნიორობით – National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet-ის პროექტის, „ამაზონის ექსპედიციის“ ფარგლებში.