

მოგონებათა ჭები
ასეთი მარათონი, ვფიქრობ, ისტორიას არ ახსოვს
ძველ ჰიჯაზში ათასობით ჭაა, მათკენ მივიწევთ. ჭის წყალი ხან ტკბილია, ხან (უფრო ხშირად) – მლაშე. ჭები ნაყვავილარივით ამჩნევია არაბეთის მივიწყებულ საქარავნო გზებს. ისინი ადამიანთა გადარჩენის ისტორიების მემატიანეები არიან. ესაა ისტორია ადამიანებისა, რომლებიც წყურვილს ამ ჭებიდან იკლავდნენ. ჰიჯაზში, ჰაშიმიანთა გაუჩინარებული სამეფოების (ოდესღაც საუდის არაბეთის წითელი ზღვის სანაპიროებზე მბრძანებლობდნენ) მითიურ მიწაზე, მოქმედი ჭებიცაა და მიტოვებულიც, ისეთებიც, რომელთა წყალი სიხარულისა და სევდის „ქიმიური ელემენტებითაა“ გამდიდრებული. ეს წყალი სათლში გამომწყვდეული კოსმოსია, სამყაროზე უამრავ ამბავს რომ გვიყვება.
„ვადი ვასიტი“ დავიწყების ჭაა.
მას აგვისტოს ხვატში მივადექით. გზის ნახევარი გავლილი გვაქვს. ჯიდადან იორდანიამდე კიდევ 1200 კილომეტრი უნდა ვიაროთ. ასეთი მარათონი, ვფიქრობ, ისტორიას არ ახსოვს. ჭასთან ორი ეკლიანი ხის ჩრდილქვეშ ვისვენებთ. აქ ერთ უეცრად გამოჩენილ კაცს ვხვდებით.
ის პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანით მოვიდა: აქლემების მწყემსი მსუქანი ბედუინი აგზნებულია, შეუჩერებლად ლაქლაქებს, განძის მაძიებლები ვგონივართ (აბა სხვა საქმეზე ამ დამწვარ უდაბნოში ვინ მოვიდოდა?) და არტეფაქტებს გვთავაზობს.
„აბა, ამას შეხედეთ!“ – გვეუბნება და თუნუქის ბეჭედს, ხმლის რკინის ქარქაშს და გახეხილ მონეტას გვიჩვენებს.
რა სიძველისაა ეს ნივთები?
ბედუინი მხრებს იჩეჩს და ამბობს: „კადიმ ჯიდდან“ – ძალიან ძველიაო.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.