მუშაობა სამხრეთკორეელ პარტიზან აერონავტებთან ერთად
საიდუმლო ოპერაცია ჩრდილოეთ კორეაში ნეილონის წინდებითა და დოკუმენტური ფილმებით დატვირთული საჰაერო ბურთების გასაგზავნად.
სწრაფად სირბილი შეგიძლია? მკითხა მამაკაცმა, რომელსაც აქ პარკს დავარქმევ.
ზაფხულის საღამოს ბინდში მას მანქანით ფრთხილად მივყავდით სეულიდან ავადსახსენებელ დემილიტარიზებულ ზონამდე (DMZ). ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ნაღმებით სავსე სასაზღვრო ზოლია. პარკი ჩრდილოკორეელი დეზერტირია. წაყოლის უფლება მომცა, თუ მის ნამდვილ სახელს არ გავამხელდი. იგი მთელი გზის განმავლობაში უკანა ხედვის სარკეში ამოწმებდა, მოგვყვებოდა თუ არა პოლიცია. საბედნიეროდ, ჩვენ უკან ერთადერთი ავტომანქანა პარკის დამხმარის მიერ მართული პიკაპი იყო. ის ძლივს მოგორავდა ლურჯი ბრეზენტის ქვეშ დამალული წყალბადით სავსე ბიდონებით, რომელთა რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა ერთი დიდი სახლის ასაფეთქებლად.

პარკის ორმანქანიანი რაზმი ტერორისტული მისიის შესრულებას სულაც არ აპირებდა. ამ თანამზრახველ აქტივისტებს პოლიტიკური წინააღმდეგობის უცნაური მიზანი ამოძრავებდათ: ჩრდილოეთ კორეის ცაში უზარმაზარი ხელნაკეთი აეროსტატების საიდუმლო გადაფრენა.
უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში National Geographic-ის პროექტისთვის „ედემიდან სვლა” მსოფლიოს გარშემო ათასობით კილომეტრი მაქვს გავლილი. ჩვეულებრივ, დღეები ჩემი ფეხის ნაბიჯების ყურებაში გადის, თუმცა ამაღამ ჩემი ყურადღება ზემოთ, იმპროვიზებული საჰაერო ბურთების ჯგუფისკენ იქნება მიმართული. ზაფხულის ხელშემწყობი ნიავით მართულებს, მსოფლიოს ყველაზე დახურულ საზოგადოებაში აკრძალული ან დეფიციტური ტვირთი უნდა გადაეტანათ.
შეიძლება სამხრეთ კორეის პოლიციამ გაგვაჩეროს, გამაფრთხილა პარკმა. ამ შემთხვევაში უნდა გაიქცე, მითხრა მან თვალის ჩაკვრით. „ადრე დავუჯარიმებივარ, თუმცა ეს არ მადარდებს”, – ამბობს იგი. „ჩრდილოეთში ადამიანებმა ისიც არ იციან, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები. ჩვენი საჰაერო ბურთები მათ გამოფხიზლებაში გვეხმარება”.
რამდენიმე საათის შემდეგ დემილიტარიზებულ ზონასთან ახლოს ბნელ მდელოზე ვუყურებდი პარტიზანი აერონავტების ფუსფუსს. წყალბადის ცილინდრების გახსნისას სარქვლებიდან აირი დამაფრთხობელი ხმაურით გამოდიოდა საჰაერო ბურთების გასაბერად. ნაწყვეტებით ბიბლიიდან, დოლარიანი კუპიურებით, პროდემოკრატიული ბროშურებით, ბრინჯით და ქალის ჰიგიენური პროდუქტებით დატვირთული საჰაერო ხომალდები არ ჰგავდა საჰაერო ბურთების ფესტივალებზე გაშვებულ ფერად ხომალდებს. ეს წაგრძელებული გამჭვირვალე პოლიეთილენის გიგანტები 12-15 მეტრ სიმაღლეს აღწევდა.

მალე 25 საჰაერო ბურთი მთვარით განათებულ ცაში მონუმენტური ძახილის ნიშნებივით აფრინდა და 1-2 კილომეტრის სიშორიდანაც მოჩანდა.
შეიძლება გახსოვთ შარშან ზაფხულის ამბები სამხრეთ კორეიდან: სიგარეტის ნამწვავებით, დამპალი ტანსაცმლით, მატლებით და ფეკალიებით გავსებული პარკები ათასობით საჰაერო ბურთმა ჩრდილოეთ კორეიდან დემოკრატიული სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. ნაგვის ასეთმა ნაკადმა ჯანმრთელობის და ხანძრების საფრთხე და აეროპორტებში რეისების გადადება გამოიწვია. ნაგვით სავსე ერთ-ერთი პარკი სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისთან ჩავარდა.
ამ საჰაერო არმადაზე პრესა ხშირად ღიმილით ლაპარაკობდა. ეს დამატებითი შოუ იყო ქვეყნებს შორის, რომლებიც კორეის სამოქალაქო ომიდან 72 წლის შემდეგაც მოსისხლე მტრები არიან. თუმცა იშვიათად შუქდებოდა ამ ამბის მეორე მხარე: ჩრდილოეთ კორეის ნაგვის შეტევები პარკის მსგავსი აქტივისტების მიერ სამხრეთ კორეიდან გაგზავნილ პროპაგანდისტულ ბურთებზე პასუხი იყო.
თუმცა, ამ საჰაერო ბრძოლის გეოპოლიტიკაზე უფრო საყურადღებო ჩემთვის სამხრეთ კორეელი აქტივისტების გულწრფელი მოტივაცია იყო, რომელთა უამრავი წევრი თავად ჩრდილოკორეელი დეზერტირია. როგორც ჩანს, ამ აერონავტებს ამოძრავებთ ყოვლისმომცველი გარიყულობის შეგრძნება და მონატრება ყველაფრისადმი, რაც სამუდამოდ უკან მოიტოვეს: საყვარელი ადამიანები, მოგონებათა პეიზაჟები, ახალგაზრდობა (სამხრეთ კორეაში დაახლოებით 34 000 გაქცეულიდან თავისი ნებით მხოლოდ რამდენიმე ათეული დაუბრუნდა სასტიკი პოლიციური რეჟიმის კლანჭებს).
საჰაერო ბურთების ეს უჩვეულო ომი ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი წყვილის მიმოწერას ჰგავს, სადაც ერთი პარტნიორი კავშირის დამყარებას ცდილობს, ხოლო მეორე უშვერი სიტყვებით პასუხობს. ეს გაცვლა-გამოცვლა განსაკუთრებით ცხარეა, რადგან ამ ორი ქვეყნის გაერთიანება უკვე წარმოუდგენელია. დღეს ამას უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა სამხრეთკორეელი ემხრობა, ჩრდილოეთმა კი მტკიცედ გადაწყვიტა სამხრეთისთვის ზურგის შექცევა.
„ჩემი ოჯახი ძალიან იღბლიანია და მადლიერია თავისუფლების”, – ამბობს 28 წლის პარკი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გაიზარდა და დასავლურ რადიოს საბნის ქვეშ უსმენდა ხოლმე – დანაშაული, რომელიც ციხით ისჯება. „ახლა ჩვენი თავის გარდა ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილებისთვისაც ვცხოვრობთ”.
ენერგიულმა და მოხერხებულმა პარკმა გაიხსენა 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ ჩრდილოეთ კორეიდან ოთხ ნათესავთან ერთად გადმოსაპარად გავლილი ხიფათით სავსე გზა. ამჟამად ევანგელისტური ეკლესიისთვის ახალგაზრდულ აქტივობათა ორგანიზატორმა აგვიხსნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ტოტალიტარული მმართველობის პირობებში მცხოვრები ქრისტიანები თავიანთ სარწმუნოებას, სიკვდილით დასჯის საშიშროების მიუხედავად, არ ღალატობდნენ. თინეიჯერობაში ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში ჩასვლა 1970-იან წლებში მცხოვრები ადამიანის თანამედროვე ნიუ-იორკში გადასროლას ჰგავდა.

„ჩრდილოკორეელებს ძალიან უჭირთ აქ ყოფნა”, – ამოიოხრა კიმ სინ-ჩხოლმა. ზოგიერთი (სამხრეთკორეელი) ჩრდილოელებს პრიმიტიულებად და ნაკლებად ჭკვიანებად აღიქვამს”. ძველი თაობის დეზერტირი კიმი სამხრეთ კორეაში 1993 წელს გადავიდა, როდესაც ციმბირის შრომით-გამოსასწორებელი ბანაკიდან გამოიქცა. ახლა იგი პროდემოკრატიული რადიოსადგურის ხელმძღვანელია სეულში. ქვეყანაში გატარებული 30 წლის შემდეგაც აღნიშნავს, რომ ხანდახან თავს უცხოდ გრძნობს. მის სამხრეთკორეელ ცოლს მეგობრები საყვედურობენ: რატომ აგრძელებ ცხოვრებას ჩრდილოკორეელთან ერთად?
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით კერძო საჰაერო ბურთების გადაფრენა კრიმინალური გახდა 2020 წელს, აკრძალვა სამხრეთ კორეის კონსტიტუციურმა სასამართლომ ორი წლის წინ სიტყვის თავისუფლების საფუძველზე გააუქმა. თუმცა, ღამის აფრენები მაინც საფრთხილოა. სეულს არ სურს დიპლომატიური გამწვავება. ამის გამო პოლიცია დიდ ჯარიმებს აკისრებს აქტივისტებს. 60 წელს გადაცილებულ რენეგატს, ლი მინ-ბოკს, საჰაერო ბურთებით სავსე მანქანა დაუწვეს. „შესაძლოა ეს ჩრდილოკორეელმა ჯაშუშმა გააკეთა, – ამბობს ლი, ყოფილი ინჟინერ-აგრონომი ჩრდილოეთ კორეაში, – ან ჩრდილოეთ კორეის მხარდამჭერმა მოქალაქემ. ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს ჩვენი საქმიანობა”, – ამატებს იგი.
აერონავტებს ამოძრავებთ ყოვლისმომცველი გარიყულობის შეგრძნება და მონატრება ყველაფრისადმი, რაც სამუდამოდ უკან მოიტოვეს: საყვარელი ადამიანები, მოგონებათა პეიზაჟები, ახალგაზრდობა.
ლი თავის საჰაერო ბურთებს დემილიტარიზებულ ზონასთან ახლოს მდებარე ველიდან ღამღამობით უშვებს. მათში თავისუფალი ნების შესახებ ესეების ფოტოასლებს, ასპირინს, ფლეშ-მეხსიერების ბარათზე ჩაწერილ ბუნების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს და ქალის ნეილონის წინდებს ათავსებს – ნებისმიერ რამეს, რაც ღარიბულ ჩრდილოეთში დეფიციტურია. იგი იქვე, ჟანგიან სატვირთო კონტეინერში ცხოვრობს. სამხრეთკორეელმა ცოლმა და შვილმა იგი მიატოვეს და კალიფორნიაში წავიდნენ. დაცული ბარიერის მეორე მხარეს მყოფებთან დაკავშირების ძლიერი სურვილით გამსჭვალული, იგი რისკავს და თავის ტელეფონის ნომერს და ნამდვილ სახელს უთითებს პოლიტიკურ ბროშურებზე. აღნიშნავს, რომ საჰაერო ბურთებს უკვე წლებია უშვებს, თუმცა მეორე მხრიდან არავის დაურეკავს.
საჰაერო ბურთების სამყაროში ჩემს გიდს, ახალგაზრდა პარკს ჯერ კიდევ დამწყების ენთუზიაზმი აქვს. მისი ბურთები აგებულია მყარი, მაგრამ მსუბუქი პოლიეთილენისგან. დაახლოებით 1520 მეტრის სიმაღლეზე ელექტრონული ალტიმეტრი იწვევს მომჭერების გახსნას და მიწაზე რელიგიური ლიტერატურით, ფულით და სხვა ტვირთით სავსე ამანათები ცვივა. ჩანთები პატარა პარაშუტებით ეშვება მიწაზე, პარკი კი მათ GPS მოწყობილობით ადევნებს თვალს. იმ ღამეს გუნდმა ყველა თავისი საჰაერო ბურთი ერთდროულად გაუშვა. პარკმა ხელები ცისკენ აღმართა და ლოცვა წარმოთქვა. გუნდი რამდენიმე გრძელი წამი აკვირდებოდა, როგორ ააფარფატა ცაში ღამის ნიავმა 25 ბურთი. პარკის თქმით, სამხრეთკორეული რადარები მათ 29 წუთში შენიშნავს, რის შემდეგაც სამხედრო პოლიცია მოვა. აერონავტები სწრაფად მოემზადნენ წასასვლელად. ვუყურებდი, როგორ უჩინარდებოდა სიბნელეში მათი ნახელავი სევდიანი სასწაულივით.