მწვერვალებზე დაკვირვება
მაღალმთიან რეგიონში დამონტაჟებული მეტეოსადგური ავლენს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას მდინარე ამაზონის სათავეებზე.
თოვლში გახვეული ანდების მწვერვალი, ნევადო-აუსანგატე, რომელიც თითქმის 6400 მეტრს აღწევს და პერუს პლატოსაც თავზე დაჰყურებს, შეიძლება შეუსაბამო ადგილად მოგეჩვენოთ ამაზონის აუზის შესასწავლად. თუმცა, როგორც National Geographic-ის მკვლევრები ბეიკერ პერი და ტომ მეთიუსი განგვიმარტავენ, სწორედ ეს ყინულოვანი მწვერვალი და მისი მეზობელი მთები ასრულებენ წამყვან როლს წყლის წრებრუნვაში და ამ რეგიონიდან ვიგებთ ინფორმაციას კლიმატის ცვლილებისა და მისი სისტემური ზემოქმედების შესახებ.
„ამაზონსა და ანდებს შორის არსებობს კავშირი“, – გვიხსნის მეთიუსი, – „თოვლი, რომელიც ტროპიკული ანდების მწვერვალებზე ეცემა, მოდის იმ წყლიდან, რომელიც ამაზონის ტყის ფოთლებიდან აორთქლდა… ქარს აორთქლებული წყალი დასავლეთისკენ მიაქვს და ეს ციკლი გრძელდება მანამდე, სანამ წყლის ორთქლით ფორმირებული ღრუბლები მიაღწევს ანდებს, სადაც წყალი თოვლის სახით დაეცემა. როდესაც ეს თოვლი დნება, წყალი კვლავ ამაზონში ჩაედინება“.

2022 წლის ივლისში მეთიუსი და პერი ერთობლივად გაუძღვნენ ექსპედიციას აუსანგატეზე, მის მწვერვალთან ავტომატიზებული მეტეოროლოგიური სადგურის (ამს) – ამ ტიპის ერთ-ერთი უმაღლესი მეტეოსადგურის დასამონტაჟებლად ტროპიკულ ანდებში. ეს სამმეტრიანი ალუმინის ბოძი, შტატივით დაფიქსირებული, აღჭურვილია სენსორებით და ინსტრუმენტებით, რომლებიც ზომავს მზისა და გრძელტალღოვან გამოსხივებას, ასევე თოვლის სახით მოსულ ნალექს, ტემპერატურას, ქარის სიჩქარეს და ტენიანობას – არსებით ნიშნებს, რომლებიც განსაზღვრავს ქვემოთ უკიდეგანო მდინარის ლანდშაფტზე მიმდინარე სიცოცხლის რიტმს.
აუსანგატეს მწვერვალზე ასვლა ადვილი არ ყოფილა. მთის ურთულეს დამასრულებელ მონაკვეთზე, თითქმის 200-მეტრიან და 70-80-გრადუსიანი დახრილობის კედელზე ასვლა მოითხოვდა ტექნიკურ ალპინისტურ უნარებს, ძლიერ ნებისყოფას და ფსიქიკას. ევერესტთან შედარებით, აქ უფრო გრძელი ვერტიკალური კედლებია ასასვლელი. 2019 წლის მაისში მეთიუსმა და პერიმ ევერესტზეც დაამონტაჟეს მეტეოროლოგიური სადგური. მეცნიერებმა დახმარებისთვის მიმართეს კეჩუა და აიმარა გზამკვლევებს პერუდან და ბოლივიიდან, ასევე „ჩოლიტას-ესკალადორასის“ მთამსვლელთა კლუბს – აიმარა ქალებს, რომლებიც ტრადიციული სამოსით ლაშქრავენ მთებს.
ექსპედიციას ასევე შეუერთდა National Geographic-ის მკვლევარი რუთმერი პილკო უარკაია, მეცნიერები კუსკოსა და ლა-პასის უნივერსიტეტებიდან და პერუს მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ეროვნული სამსახურიდან. პერი ბოლივიასა და პერუში იზრდებოდა და შემდეგ პროფესიონალურად თამაშობდა კალათბურთს ბოლივიაში – ეს ექსპედიცია მისთვის სახლში დაბრუნებასავით იყო.
მეტეოსადგურის დამონტაჟებისთანავე დაიწყო ინფორმაციის მიღება. პირველადმა მონაცემებმა მზის რადიაციის გამაოგნებლად მაღალი ნიშნული აჩვენეს მწვერვალზე. ამაზონის ტყის ხანძრებისგან გამოყოფილი შავი ნახშირბადი და მასთან დაწყვილებული მზის კაშკაშა სხივები აუსანგატეს მყინვარისთვის სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. „რაც მეტი შავი ნახშირბადია თოვლზე, მეტ მზის ენერგიას შთანთქავს ის, რაც მეტ დნობას იწვევს“, – გვიხსნის პერი.
ვინაიდან ღრუბელი მზის სხივებს კარგად ირეკლავს, აუსანგატეზე უფრო მეტი სიკაშკაშეა, ვიდრე დედამიწის ატმოსფეროს კიდეზე, ახლო კოსმოსში. როგორც მეთიუსი ამბობს, „მზე საოცრად კაშკაშებს“.