ონავრები, კერპები და ქურდბაცაცები
ამაზონის ბინადარ ვარდისფერ დელფინს, რომელსაც ზოგი ზებუნებრივ არსებად მიიჩნევს,
ზოგი კი – მეთევზეების მტრად, რეგიონში მიმდინარე ცვლილებები საფრთხეს უქმნის.
ონავრები, კერპები და ქურდბაცაცები
ამაზონის ბინადარ ვარდისფერ დელფინს, რომელსაც ზოგი ზებუნებრივ არსებად მიიჩნევს, ზოგი კი – მეთევზეების მტრად, რეგიონში მიმდინარე ცვლილებები საფრთხეს უქმნის.
ამაზონის აუზის მკვიდრი ტიკუნას ხალხის ზეპირსიტყვიერებაში მდინარის დელფინების შესახებ მოისმენთ, რომ ეს ცელქი არსებები წყლის სამყაროს მცველები არიან, რომელთაც ადამიანად გარდასახვის, სასუნთქი ხვრელის ცილინდრით დამალვის, ქალების მოხიბვლისა და წყალქვეშა ქალაქებში გატყუების უნარი შესწევთ… ასევე შეიტყობთ, რომ ისინი ტანინით შეფერილ წყალში ნაპირებთან თარეშისა და ბადეებიდან თევზის აწაპნის ოსტატებიც არიან.

მტკნარი წყლის დელფინების ექვსი სახეობიდან ოთხი მხოლოდ აზიაში გვხვდება, დანარჩენი ორი კი სამხრეთ ამერიკის ენდემია: ამაზონის მდინარის დელფინი, იგივე ვარდისფერი დელფინი (Inia geoffrensis), რომელსაც ესპანურად ბოტოს ან ბუფეოს უწოდებენ (არეალი იხილეთ ქვემოთ რუკაზე) და მისი მომცრო, ნაცრისფერი ბიძაშვილი ტუკუში (Sotalia fluviatilis). ორივე ეს სახეობა გადაშენების საფრთხის პირას მყოფად ითვლება, რადგან უკანასკნელ წლებში თევზჭერის, კაშხლების მშენებლობისა და გვალვის შედეგად მათი პოპულაციები მკვეთრად შემცირდა.
ბოტო უფრო ცნობილია თავისი უჩვეულო შესახედაობის – ვარდისფერი შეფერილობის, გამობურცული თავისა და კბილებდაკრეჭილი, მოღიმარი დინგის – წყალობით. ამაზონის წვიმების სეზონის დროს, როდესაც წყლის დონე 12 მეტრამდე იზრდება, ის დატბორილი ხეების ლაბირინთებში თავისუფლად დანავარდობს. მტკნარი წყლის დელფინებს შორის ყველაზე მოზრდილიცაა – ზოგი მამრი 2,7 მეტრსა და 180 კილოგრამს აღწევს. საკბილოს მხედველობისა და ექოლოკაციის მეშვეობით პოულობს. მღვრიე წყალში გზის გაგნებაში დინგზე არსებული ჯაგარიც ეხმარება.

საზღვაო ბიოლოგმა ფერნანდო ტრუხილიომ პროფესიული მოღვაწეობა სამხრეთამერიკული მდინარის დელფინების შესწავლასა და დაცვას მიუძღვნა. მას ექსპედიციებში კონსერვაციის ანალიტიკოსი მარიანა პასკოალინი ფრიასი და ვეტერინარი მარია ხიმენა ვალდერამა დაჰყვებიან; ტრუხილიოს ხელმძღვანელობით მეცნიერთა გუნდი დელფინების პოპულაციების ზოგად მდგომარეობასა და ჯანმრთელობას იკვლევს, რაც, თავის მხრივ, ეკოსისტემების სიჯანსაღის საზომია. თუ დელფინები თავს კარგად გრძნობენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადგილებში თევზის ჯანმრთელი პოპულაციებით იკვებებიან. ხოლო იქ, სადაც დელფინებს პრობლემები აქვთ, ეკოსისტემა დაზიანებულია ხოლმე – შეიძლება წყლის ზედაპირის ტემპერატურა იყოს ზედმეტად მაღალი, ახალაშენებული კაშხლები უშლიდეს მიგრაციაში ხელს, ან ჰაბიტატი ვერცხლისწყლით იყოს დაბინძურებული.
ამგვარად, ტრუხილიო მდინარის დელფინებს ხშირად „ამაზონის ელჩებად“ მოიხსენიებს და ცდილობს, ამ ცხოველებისა და მათი გარემოს მიმართ კოლექტიური პასუხისმგებლობა აამაღლოს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე. თანდათანობით მეთევზეთა სოფლებში იგი დელფინებზე წარმოდგენასაც ცვლის. „დელფინების ჯანმრთელობის შესამოწმებლად დაჭერის პროცესში მეთევზეების ჩართვა დავიწყეთ, – ამბობს ტრუხილიო, – და რომ ხედავენ, თითოეულ ცხოველს როგორი სიფრთხილით ვეპყრობით, მათ მიმართ ემპათია უჩნდებათ“.
სამხრეთ კოლომბიაში ტიკუნას ხალხი, იანჩამას ხის ქერქის ნიღბებით შემოსილი, ერთ-ერთ ტრადიციულ ცეკვას ასრულებს ცეცხლის გარშემო, სამყაროს წარმოქმნაში ვარდისფერი დელფინის წვლილზე სიმღერების თანხლებით. ამაზონის აუზში მცხოვრები მკვიდრი ტომების მითოლოგიაში დელფინები ცენტრალურ როლს ასრულებენ.
ტრუხილიო (მარცხენა კიდეში), მისი სამეცნიერო გუნდი და თემის წევრები კოლომბიაში, პუერტო-ნარინიოსთან მდინარის დელფინის ჯანმრთელობას აფასებენ. იმისთვის, რომ ცხოველი მშვიდად გაჩერდეს, გუნდმა სრული შემოწმების ჩატარება 15 წუთზე ნაკლებ დროში უნდა მოასწროს.
მდინარის დელფინი სათევზაო ბადიდან მოხერხებულად იპარავს ლოქოს. თევზის ასე აწაპნა ბადეებს ხშირად აზიანებს, რაც მეთევზეთა სოფლებში მათდამი მტრულ დამოკიდებულებას იწვევს. „ახალ მოწყობილობას ვცდით, რომლის მიზანია, დელფინები ბადეებთან არ მიუშვას“, – გვიხსნის კონსერვაციის ანალიტიკოსი მარიანა პასკოალინი ფრიასი. „თუ მან გაამართლა, თევზსაჭერ ბადეში უნებლიედ მოყოლილი დელფინების რიცხვიც შემცირდება და მეთევზეებიც ნაკლებად დაზარალდებიან“.
ტრუხილიო დგას ხესთან, რომლის ტოტებზე საველე სამუშაოების დროს ნაპოვნი დელფინის თავის ქალებია მიმაგრებული. დელფინები ტყეების დატბორვის დროს ამ ტოტების სიმაღლეზე დაცურავენ. მეცნიერმა დღემდე ნაპოვნი 67 თავის ქალის უმრავლესობა საკვლევად კოლომბიის ეროვნულ კოლექციებს გადასცა.
ამ დელფინთა მოვარდისფრო შეფერილობის სხეულები დატბორილი ტყის მოყვითალო-მოყავისფრო წყლის ქვეშ მკვეთრ ნარინჯისფერს იღებს. „ძალიან მეუცნაურება, რომ დელფინი ზოგს დღემდე თევზი ჰგონია, – ამბობს ტრუხილიო, – ჰაერის ბუშტები ამაზონის წყლებში მობინადრე ჰაერით მსუნთქავ ძუძუმწოვარზე მიგვანიშნებს“.

ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას National Geographic Society წარმოგიდგენთ Rolex-თან პარტნიორობით – National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet-ის პროექტის, „ამაზონის ექსპედიციის“ ფარგლებში.