რა გვასწავლა კატრინამ
20 წლის წინ ქარიშხალმა ახალი ორლეანი გაანადგურა. მას შემდეგ 14 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სანაპირო დაცვის გასაუმჯობესებლად. საკმარისი იქნება ეს მომდევნო მეგაქარიშხლისგან დასაცავად?
20 წელი გავიდა, რაც ქარიშხალი კატრინა ლუიზიანის სანაპიროს დაატყდა თავს. შედეგად 1400 ადამიანი დაიღუპა, ზარალმა კი დაახლოებით 125 მილიარდი დოლარი შეადგინა. განადგურების მიზეზი, მეტწილად, წყლის დიდი რაოდენობა გახდა, რომელმაც ხმელეთის სიღრმეში ესტუარების და არხების გავლით შეაღწია და ახალი ორლეანი დატბორა. ჯანსაღი სანაპირო წყალ-ჭაობები ქარიშხლის შემოტევას ნაწილობრივ შთანთქავდა, განაშენიანების ათწლეულებს დელტა რომ არ დაეზიანებინა. სანაოსნო არხებმა და ნავთობის ინფრასტრუქტურამ მისი ჰიდროლოგია შეცვალა. კაშხლებმა და ჯებირებმა დელტა შემავსებელი დანალექებისგან გაძარცვეს.
თვეების შემდეგ ლუიზიანამ ჩამოაყალიბა სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ორგანო, რომელმაც შეიმუშავა 50-წლიანი გეგმა მიწის დაკარგვის პრევენციისთვის და სანაპიროს ბუნებრივი დაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად.

მას შემდეგ შტატმა თითქმის 14 მილიარდი დოლარი დახარჯა 170-მდე პროექტზე. არც ამან ჩაიარა შეფერხების გარეშე. მას შემდეგ, რაც შეფასდა შესაძლო ზიანი და ზემოქმედება თევზსარეწებზე, გუბერნატორმა შეაჩერა გეგმის ქვაკუთხედის განხორციელება, რასაც სუფთა წყალი და დანალექი ძალზე გამოფიტული აუზისკენ უნდა მიემართა. არსებობს კითხვები სხვა, 30 წლის განმავლობაში მოსამზადებელი, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების დაფინანსებაზეც.
„რა თქმა უნდა, ეს ძვირი ჯდება, – ამბობს ალექს კოლკერი, ლუიზიანის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი, – თუმცა მეორე კატრინას ფასი 100 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება“. აქ ნაჩვენებია შტატის მიღწევები და ისიც, რისი გაკეთებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია მყიფე, მნიშვნელოვანი ლანდშაფტის განსამტკიცებლად.