როგორ არ უნდა გიყვარდეს?
ზღვის წავები მშვენივრად გრძნობენ თავს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიიდან ალასკამდე – თუმცა ეს ყველას არ ახარებს.
როგორ არ უნდა გიყვარდეს?
ზღვის წავები მშვენივრად გრძნობენ თავს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიიდან ალასკამდე – თუმცა ეს ყველას არ ახარებს.
სამგზავრო ყუთის გისოსებზე სახით მიჭყლეტილი წავი #820 ისე წიოდა, როგორც ზღვის წავები წივიან ხოლმე, როდესაც ეშინიათ, აღშფოთებულები არიან ან თანამოძმეებს უხმობენ. 16 თვის მოზარდი ზღვის წავის ცხოვრება მანამდე უსიამოვნო მოვლენებით იყო აღსავსე. მიტოვებული წავი #820, რომელიც მაშველებმა სატვირთო მანქანით წაიყვანეს, შავად შემოსილმა ადამიანებმა ბოთლით გამოკვებეს, და დედინაცვალმა წავმა ღია აკვარიუმში გაზარდა, ხანგრძლივი ეკოლოგიური ექსპერიმენტის ერთი პატარა ნაწილი იყო. ეს ექსპერიმენტი ერთგვარი კომპენსაცია გახლდათ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ამ სახეობის ამოჟლეტისთვის.
ახლა ის ყუთში იყო მოთავსებული, ყუთი კი – გასაბერ მოტორიან ნავზე.
„ვნახოთ, რა გამოვა“, – თქვა კარლ მეიერმა.
ეს გვიანი ზაფხულის დილას ხდებოდა. ცხოველთა მოვლის სპეციალისტი მეიერი და მისი კოლეგა სანდრინ ჰაზანი მუშაობდნენ „მონტერეის ყურის აკვარიუმში“, რომლის ნაცრისფერი შენობაც თანდათან ნისლში უჩინარდებოდა ღრმა წყლებისკენ ცურვისას. აკვარიუმის შიგნით ხალხი უკვე იყრიდა თავს ზღვის წავების შემინული რეზერვუარის გარშემო. წყალში გალივლივება, თათებით ცხვირის მოსრესა, ქვებზე პლასტმასის ბურთულების მირტყმა – როგორც ჩანს, ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას ანიჭებს ორფეხა არსებებს მინის მეორე მხარეს.
არსებობს ზღვის წავით ადამიანების აღფრთოვანების ნაწილობრივ რაციონალური ახსნა, რომელთაც ექსპერტები ამგვარად აყალიბებენ: 1. ზღვის წავებს შეუძლიათ ინსტრუმენტების გამოყენება; იღებენ სათანადო ფორმის ქვებს, ამოტრიალდებიან და იდებენ მუცელზე, მოლუსკების დასამტვრევად. 2. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვრები არიან და ზურგზე დაცურავენ. ამის ხილვა კი ძალიან სახალისოა. 3. მათი გამომეტყველება და ფუმფულა ბეწვი, რაც ასე გრაციოზულად მოჩანს ზღვაში…
და აი აქ ნებდებიან ექსპერტები, გვერდს ვერ აუვლიან იმას, რაც აშკარაა. „როდესაც მათ შესახებ მეკითხებიან, მე აკადემიურად უნდა ვუპასუხო, სერიოზული სახით“, – მითხრა ჰაზანმა. „მაგრამ როდესაც გარშემო არავინაა, ყოველთვის ვიყენებთ იმ ერთ საალერსო სიტყვას“. ის „საყვარელს“ გულისხმობს. ზღვის წავები მართლაც ისეთი საყვარლები არიან, რომ მათთან ყოველდღიურად მომუშავე ადამიანებსაც არ ბეზრდებათ ამის გამეორება.
თუმცა ზღვის წავი შეიძლება იყოს მრისხანეც. ისინი მტაცებლები არიან: ხორცისმჭამელები და დაუნდობლები. მათ ისეთი ყბები და კბილები აქვთ, რომ მოლუსკების ნიჟარებს ამსხვრევენ და ქაცვიან ცხოველებს ფატრავენ. მათი გადაშენების ზღვრამდე მისვლის ისტორია სასტიკი ეკოდრამაა, რომელიც 1700-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ალეუტის კუნძულების მკვლევარმა რუსმა მეზღვაურებმა შეიტყვეს ის, რაც წყნარი ოკეანის სანაპიროს მკვიდრმა ხალხმა უკვე იცოდა: ზღვის წავს ყველაზე სქელი და ყველაზე ძვირფასი ბეწვი აქვს მსოფლიოში. წავის ბეწვის ფასი სანაპიროს მცხოვრებლებმაც იცოდნენ, თუმცა ისინი ზომიერად ნადირობდნენ, რომ წავების პოპულაციისთვის ზიანი არ მიეყენებინათ; ახალმოსული მონადირეები მსგავს სიბრძნეს არ ფლობდნენ. 1911 წლისთვის, როდესაც ხელშეკრულებამ შეზღუდა სელაპისა და ზღვის წავის ბეწვით საერთაშორისო ვაჭრობა, მხოლოდ რამდენიმე მცირე ჯგუფი იყო დარჩენილი ზღვის წავის წყნაროკეანური პოპულაციისგან, რომელიც ოდესღაც 150 000-დან 300 000-მდე ინდივიდს ითვლიდა მექსიკიდან ალასკის, რუსეთის და იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულებამდე.
ახლა ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში ადამიანი სხვა ფორმით ჩაერია ბუნებრივ პროცესებში და ცდილობს, გადაარჩინოს ზღვის წავები, ხელი შეუწყოს მათ კვლავ გამრავლებას.
მეიერმა ძრავა გამორთო და წყალს დააკვირდა. გადარჩენილ ზღვის წავებს მონტერეის აკვარიუმში ნომრებს ანიჭებენ და არა სახელებს, მათ მიმართ ემოციების გასაკონტროლებლად; გეგმა მათი ველურ ბუნებაში დაბრუნებაა, თუ ეს შესაძლებელი იქნება. წავი #820 აკვარიუმის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. დღეს მისი ღია ზღვაში გაშვება მეორე მცდელობაა. რამდენიმე თვით ადრე, პირველი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. მეიერი და ჰაზანი გადამცემით აკვირდებოდნენ მის ხეტიალს; ხედავდნენ, რომ მუდმივად იკლებდა წონაში. როდესაც ის, როგორც იქნა, დააბრუნეს, იმდენად იყო გამოფიტული, რომ წინააღმდეგობის გარეშე ამოყო თავი ბადეში.
„ჩვენ მას ნორმალური წონა და ჯანმრთელობა დავუბრუნეთ. ახლა ისევ ვცდით“, – მითხრა მეიერმა. მან თავი დაუქნია ჰაზანს, რომელმაც წავიანი ყუთი ნავის კიდესთან მიაჩოჩა, გადააყირავა და კარი გახსნა.
ახალშობილი ზღვის წავი დაახლოებით ორ კილოგრამს იწონის და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაფერში დედის დახმარება ესაჭიროება – არა მხოლოდ კვებისთვის, არამედ ყველაზე საბაზისო წვრთნისთვის: როგორ გადარჩეს ცოცხალი. ზრდასრული მამრები დასახმარებლად მათთან არ რჩებიან, პატარებმა კი ინსტინქტურად არ იციან, როგორ აკრიფონ მოლუსკები ზღვის ფსკერიდან, როგორ გახსნან კიბორჩხალა ან ცურვისას როგორ მოაგროვონ ნიჟარების დასამსხვრევი კენჭები იღლიებში. მათ უნდა ისწავლონ, თუ როგორ უნდა მოწესრიგდნენ და ქურქი გაიფუშფუშონ. ზღვის წავებს გლემურძი არ აქვთ და თავიანთ სახელგანთქმულ სქელ ბეწვს იყენებენ წყალში სითბოს შესანარჩუნებლად, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. წყნარ ოკეანეში ზღვის წავი აბურდული ბეწვით ან კანის ჭრილობებით შეიძლება სწრაფად გაიყინოს.
1984 წელს, გახსნის დღიდან, „მონტერეის ყურის აკვარიუმი“ ექსპერიმენტებს აწარმოებს ზღვის წავის პოპულაციის აღდგენაზე, განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნული რეგიონის ზღვის ბინადრებზე. რამდენიმე გადარჩენილი ინდივიდი კალიფორნიის სანაპიროსთან, მონტერეის სიახლოვეს ბინადრობდა. მათ მეცნიერები სამხრეთულ ზღვის წავებს უწოდებენ და ასე განასხვავებენ ჩრდილოეთით, კანადის საზღვართან ან მის ზემოთ მობინადრე ზღვის წავებისგან. დაჭრილი ან გამორიყული სამხრეთელების შესახებ შეტყობინებებმა სწრაფად მისცა ბიძგი თანმიმდევრული სამაშველო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას ახალ აკვარიუმში. ვეტერინარები წავებს გადაუდებელ ოპერაციებს უტარებდნენ.
შემდეგ, რადგან ჯანმრთელ ნაშიერებსაც უნდა ესწავლათ ზრდასრულობა, თანამშრომლებმა დედების ჩანაცვლება დაიწყეს. მეიერი აკვარიუმში აღარ მუშაობს, თუმცა ცხოველების შემსწავლელ მეცნიერად მუშაობის პირველ წლებში მის მოვალეობაში შედიოდა რამდენიმე ღამის გათევა აკვარიუმში, ნაშიერის დამშვიდება და მისი ბოთლით გამოკვება. მას ნაშიერი თან დაჰყავდა ყურეში წყალქვეშა კოსტიუმზე სიმძიმის სარტყელივით დამაგრებული და დემონსტრაციულად ყვინთავდა მოლუსკების მოსაპოვებლად, შეგირდი კი ზემოდან დასცქეროდა. ზურგზე ტივტივისას კბილებით ტეხდა ცოცხალი კიბორჩხალების ჯავშანს (როგორც მშობელი აჩვენებდა თავის პირმშოს), ნიჟარებს მკერდზე იწყობდა და კენჭებით ამტვრევდა.

ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი
„პრაქტიკულად, ჩვენ ზღვის წავის ქცევათა მოდელირებას ვახდენდით“, – ამბობს მეიერი. „ისინი ყველგან დაგყვებიან. ძალიანაც რომ გინდოდეს, შენს წავის ნაშიერს ვერ დაკარგავ“.
ადამიანებმაც ცდებით და შეცდომებით ისწავლეს. ველური ზღვის წავისთვის ადამიანების დანახვა არ უნდა ასოცირდებოდეს კომფორტთან ან საკვებთან, ამიტომ ბოთლით მკვებავებმა გამოიყენეს „დართ ვეიდერის“ შენიღბვა: შავი ნიღაბი, ხელთათმანები და მუქი პონჩო ადამიანის ფორმის შესაცვლელად. საბოლოოდ, ნაშიერებსა და ადამიანებს შორის კონტაქტის კიდევ უფრო შესამცირებლად, აკვარიუმის ბიოლოგებმა გადაწყვიტეს ეცადათ, რომ სასწავლო პროცესში დედების ადგილი ზრდასრულ მდედრ ზღვის წავებს დაეკავებინათ. ისინიც გადარჩენილი წავები იყვნენ, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ველურ ბუნებაში გაშვებისთვის მოუმზადებლად მიიჩნიეს, თუმცა მაინც შეიძლებოდა ინტუიციურად მიხვედრილიყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ – როგორ გაეზარდათ ნაშიერი, ესწავლებინათ საკვების მოპოვება და სითბოს შენარჩუნება, მოემზადებინათ სხვა ინდივიდებთან შესახვედრად ზღვაში.
მსგავსი მცდელობა არცერთ აკვარიუმს არ ჰქონია. თუმცა, პირველმა `სუროგატმა დედებმა“ შეათვალიერეს თავისი აღსაზრდელები, მკაფიოდ გაითავისეს დაკისრებული მოვალეობა და მუშაობას შეუდგნენ. მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა. სამხრეთული ზღვის წავების პოპულაცია ამჟამად დაახლოებით 3000 ინდივიდისგან შედგება, რაც იმედისმომცემი, თუმცა მაინც მოკრძალებული ნაბიჯია ჭეშმარიტი აღდგენისკენ. ისინი მიმოფანტულნი არიან კალიფორნიის სანაპიროს შუა მესამედში; 100-დან 150-მდე ინდივიდი ბინადრობს მონტერეის დაცულ ყურეში, რომელსაც აკვარიუმი ბუნებაში გაშვების მთავარ ადგილად იყენებდა. ამ პატარა ყურეში ახლა ველური ზღვის წავები სუროგატების მიერ გამოზრდილ ზღვის წავებთან და მათ ნაშიერებთან ერთად ბინადრობენ. მათ, როგორც ჩანს, ისწავლეს, როგორ უნდა ამოიყვანონ კიბორჩხალები და მოლუსკები ტალახიანი ფსკერიდან. ისინი ახერხებენ გადარჩენას, ზრდიან პატარებს და იკმაყოფილებენ წარმოუდგენელ მადას.
და აი, ზღვის წავების XXI საუკუნის თავსატეხიც: მათი მადა.
ზღვის წავები ბევრს ჭამენ. ზრდასრული ზღვის წავის მიერ საკვების ყოველდღიურმა მოხმარებამ შესაძლოა მისი წონის თითქმის მეოთხედი შეადგინოს; მეძუძურ დედებს კიდევ უფრო მეტი ესაჭიროებათ. ერთ ზრდასრულ 30-კილოგრამიან ზღვის წავზე 7,5 კგ მოლუსკის ხორცი მოდის. წყნარი ოკეანის გარემოში ზღვის წავი წარმოადგენს საკვანძო სახეობას. ამ ტერმინს ბიოლოგები იყენებენ ცხოველებისა და მცენარეებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეკოსისტემებისთვის, სადაც ისინი ბინადრობენ. წავების გიგანტურ მადას და ნადავლის არჩევანს შეუძლია ზღვის მათ ნაწილში ჯანსაღი წონასწორობის შენარჩუნება (ან აღდგენა).
ზღვის წავის საკვებ კანეკლიანებს შორის არის, მაგალითად, ზღვის ზღარბი. ეს ცხოველი ლამინარიებით იკვებება, ამიტომ წავების გარეშე, რომლებიც მათ რიცხოვნობას სტაბილურად ინარჩუნებენ, ზღვის ზღარბები წყალმცენარეების მთელ ტყეებს გადაძოვდნენ. მეცნიერები ხვდებიან, რომ ლამინარიის ტყეები, ზღვის ბალახთან ერთად (რომლებიც ზღვის წავის არსებობისას ხარობს), გადამწყვეტ როლს ასრულებს ზღვის ეკოსისტემის მდგრადობის თვალსაზრისით. წყალმცენარეთა კოლონიები გამოსაზრდელი გარემოა ფარფლიანი თევზების ლიფსიტებისთვის. ისინი ხელს უწყობს ზრდასრული თევზის გამრავლებას და მათ მრავალფეროვნებას. ზღვის ბალახი ფილტრავს წყლის დამაბინძურებლებს და აკავებს ნახშირბადს დანალექებში.
„ზღვის წავებს უზარმაზარი გავლენა აქვთ“, – ამბობს ეკოლოგი ტიმ ტინკერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი ზღვის წავის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია მსოფლიოში. „ამიტომ არის მათი გაგება ასე მნიშვნელოვანი. როდესაც ზღვის წავებს ეკოსისტემიდან მოაცილებენ ან უკან დააბრუნებენ, ყველაფერი იცვლება. ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ეს ზეგავლენა, ზოგი კი სულაც არ არის ამით აღფრთოვანებული“.

კილიი იუიანი
ერთი თვალსაჩინო მაგალითი: მოლუსკების კომერციული შემგროვებლები. „ატომური ბომბის აფეთქებასავითაა“, – მითხრა ერთხელ მყვინთავმა მეთევზე ჯერემი ლეიტონმა ზღვისპირა კაფეში. იგი ამგვარად აღწერდა ზღვის ფსკერს, რომელიც დამშეულმა ზღვის წავებმა მოასუფთავეს. „მათი გავრცელების რადიუსში ყველაფერი ნადგურდება“.
ლეიტონი ალასკაში, კეტჩიკანში ცხოვრობს. იგი ალასკაში დაიბადა, როგორც მისი მამა და ბებია. ის იჭერს გუიდაკს – დიდი ზომის მთხრელ მოლუსკს და ზღვის კიტრს, კიდევ ერთ უხერხემლოს. მისი ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთი ალასკაა, ამჟამად ზღვის წავის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების ეპიცენტრი. მამაკაცმა, რომელიც თითქმის 40 წელი თევზაობდა ამ მხარეში, მითხრა: „რეალურად ის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი რამაა ჩვენს პლანეტაზე“.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამ უკანასკნელ აღწერილობას წინ უსწრებდა სიტყვები: „ფუმფულა, საყვარელი, თუმცა რეალურად…“ ამას ამბობდა ედ ჰანსენი, რომელიც მუშაობს ჯგუფთან „სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკის მეთევზეთა ალიანსი“. თუმცა, თანამედროვე ზღვის წავის თავგადასავლის მათეული ვერსია კეთილი ამბიდან მივიდა კონფლიქტურ ისტორიამდე, რადგან, სამხრეთელი თანამოძმეებისგან განსხვავებით, ჩრდილოეთის ზღვის წავები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჭარბად გამრავლდნენ იმ წყლებში, საიდანაც ისინი ოდესღაც გაუჩინარდნენ. 2021 წელს აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაში 27 000-ზე მეტი ზღვის წავია. კანადელი მეცნიერების შეფასებით, კიდევ 8000 ბინადრობს ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპიროზე.
რატომ არის ასეთი უზარმაზარი განსხვავება რიცხვების ზრდაში ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოპულაციებს შორის? მიზეზები სათავეს იღებს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როდესაც აშშ-ის მთავრობა მიწისქვეშა ბირთვულ ცდებს ატარებდა ამჩიტკას კუნძულზე, ალასკის მატერიკული ნაწილიდან დასავლეთით, 1600 კილომეტრში. ამჩიტკა ალეუტის კუნძულების ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ ეს სწორედ ის არქიპელაგია, სადაც ნადირობა დაიწყო თითქმის სრულ გადაშენებამდე, 1960-იანი წლების შუა ხანებისთვის იქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მსოფლიოში არსებული ზღვის წავის კოლონიათა ნაშთები, როგორც მათ ბიოლოგებმა უწოდეს. მას შემდეგ, რაც 1965 წელს პირველი საცდელი აფეთქების დარტყმითმა ტალღებმა ასეულობით წავი შეიწირა, ალასკის თევზჭერისა და ნადირობის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საჰაერო გადაზიდვების უჩვეულო სერია წამოიწყეს: მომდევნო 7 წლის განმავლობაში 700-ზე მეტი ზღვის წავი ალეუტის კუნძულებიდან და პრინს-უილიამის ყურიდან აღმოსავლეთით გადააფრინეს და ზღვის წავის მშობლიურ ტერიტორიაზე, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის წყლებში გაუშვეს.
ორეგონის სანაპიროსთან გაშვებული წავები 1981 წლისთვის დაიფანტნენ ან დაიღუპნენ. ვაშინგტონის შტატში ჩაყვანილი წავები სანაპირო წყლების ერთ მონაკვეთზე გაჩერდნენ. მათი რაოდენობა სტაბილურად, მაგრამ ნელა იზრდებოდა. თუმცა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკასა და ბრიტანეთის კოლუმბიაში გადამყვანებმა ზღვის წავი მრავალ ყურესა და უბეში გაუშვეს სანაპიროს გასწვრივ, რაც იდეალური დაცული გარემო აღმოჩნდა პოპულაციის რიცხოვნობის სწრაფი (ზოგიერთი ალასკელის თქმით, ფეთქებადი) ზრდისთვის. მდედრებს შეეძინათ ნაშიერები (ჩვეულებრივ, 7-10 ინდივიდი სიცოცხლის განმავლობაში). ისინი გაიზარდნენ და გამრავლდნენ. გაფართოებულმა კოლონიებმა კიდევ უფრო მეტი ყურე და უბე დაიკავეს საკვების მოსაძიებლად.
1972 წლის ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის აქტი შეერთებულ შტატებში ნებისმიერი ამგვარი ცხოველის, მათ შორის ზღვის წავის მოკვლასთან დაკავშირებით, ამბობს: დაუშვებელია. სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე დაუშვებელია ზღვის ძუძუმწოვრების „შეწუხება“. არსებობს ძალიან მცირე გამონაკლისები, მათ შორის ერთი ეხება ალასკის მკვიდრ მოსახლეობას, რომელსაც შეუძლია ზღვის წავზე ნადირობა „საარსებოდ“ ან „ავთენტიკური ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და ტანსაცმლის დასამზადებლად“, მაგალითად, ტყავის გაძრობა და მისი მხოლოდ კანონით გაწერილი ინსტრუქციების შესაბამისად გამოყენება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხედავთ, როგორ მიირთმევენ ზღვის წავები თქვენი ოჯახის საარსებო წყაროს, აღნიშნული აქტის (MMPA) მიხედვით, ვერაფერს გახდებით იმის მიუხედავად, ხართ თუ არა ალასკის მკვიდრი (მსგავსი აკრძალვები კანადაშიც მოქმედებს, თუმცა მკვიდრი მოსახლეობისთვის არანაირი გამონაკლისი არ არსებობს). „როდესაც ეს აქტი მიიღეს, მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ერთ დღესაც წავების სიჭარბესთან მოგვიწევდა გამკლავება“, – ამბობს მაიკ მილერი, სიტკას ტომობრივი საბჭოს წევრი. „მაგრამ თუ გადავხედავთ მათ საერთო ზეგავლენას ოკეანის სიჯანსაღეზე, წავებს დადებითი მხარეც აქვთ. უბრალოდ, ბალანსის პოვნაა საჭირო“.
ალასკის მკვიდრი მოსახლეობისთვის ზღვის წავზე ნადირობისა და მისი ტყავისგან ნივთების შეკერვის (რაც კანონით ნებადართულია) სწავლება და წახალისება კულტურული ინიციატივის ნაწილია. თუმცა, ზღვის წავის ბეწვის კონკურენტუნარიანი ინდუსტრიის ჩამოყალიბება ადვილი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ ტყავის გამოყენებასთან დაკავშირებულ მრავალ შეზღუდვას. მილერს მშობლიური ქალაქ სიტკის სანაპიროსთან არსებული მდგომარეობაც აფიქრებს: 2000-იანი წლების დასაწყისში მომრავლებულმა წავებმა იქ კიბოსნაირების ხარბად ჭამა დაიწყეს, რომელთაც ადგილობრივები თაობების განმავლობაში მოიპოვებდნენ. თუმცა, უკანასკნელ ხანებში სიტკას სრუტეში ზღვის წავების რაოდენობა შემცირდა, ხოლო მოლუსკების რიცხვი იზრდება. ხომ არ არის ეს გამოწვეული ზემოხსენებული კულტურული ინიციატივით შთაგონებული ადგილობრივი მონადირეებით, რომლებმაც უფრო ინტენსიური ნადირობა დაიწყეს წავებზე ამ წყლებში? ეს არ არის საკმარისი ყურეში წავების სრულად განადგურებისათვის, მაგრამ არის კი საკმარისი მათი გაფრთხილებისთვის, რომ აქაურობას გაეცალონ?
„წავები გონიერები არიან“, – ამბობს მილერი. „მათი ამოხოცვა არც დაგვჭირვებია“. ტომებში დაგროვილი ცოდნა და მეცნიერული კვლევები ამყარებს იმ აზრს, რომ ზღვის წავი სწავლობს საფრთხის ზონების ამოცნობას და მათთვის თავის არიდებას და რომ ოდესღაც მკვიდრი ხალხი კონკრეტულ ადგილებში შეიძლება ნადირობდა ზღვის წავზე მოლუსკების საბინადრო ტერიტორიების დაცვის მიზნით. ეჭვგარეშეა, დიდი ხნის წინ მრავლად იყვნენ მოლუსკებიც და ზღვის წავებიც, სანამ გაჩნდებოდა მაცივრებიანი ტრანსპორტი და გლობალური მადა იმ ცხოველების მიმართ, რომლებითაც ზღვის წავები იკვებებიან. ახლა მილერი სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკის „ზღვის წავის დაინტერესებული მხარეების“ (როგორც საკუთარ თავს უწოდებენ) შეხვედრების მონაწილეა, რომელშიც ჩართულნი არიან თევზჭერისა და ნადირობის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები, ტომის წევრები, მეცნიერები და კომერციული მეთევზეები. ისინი ცდილობენ შეიმუშაონ საერთო რესურსების გაზიარების თანამედროვე გეგმა ამ საკვანძო სახეობასთან, რომლის მოსპობასთან ასე ახლოს იყო ადამიანი.

კილიი იუიანი
ალასკაში გამართული დისკუსიების შემდეგ კონკრეტული წინადადებები არ ყოფილა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიმდინარე პროცესს ყურადღებით აკვირდებიან, განსაკუთრებით სან-ფრანცისკოს ყურისა და ორეგონის სანაპიროს ირგვლივ. ორივე რეგიონს სერიოზულად შეისწავლიან, როგორც რეინტროდუქციის ადგილს. ეს მოლუსკებით მდიდარი წყლები ოდესღაც ათასობით ზღვის წავს კვებავდა, რაც შეიძლება კიდევ მოხდეს. ზღვის წავის ჯანსაღ პოპულაციებს ორივეგან შეუძლიათ გააუმჯობესონ წყლის ხარისხი და მცენარეთა სიცოცხლისუნარიანობა, ასევე სიამოვნება მიანიჭონ ტურისტებს.
აკვალანგით ყვინთვის და კიბორჩხალების სარეწების ადგილობრივი ინდუსტრია ფრთხილად რეაგირებს: ჩვენც ეკოსისტემის ნაწილი ვართ. „სულაც არ ვართ ზღვის წავის რეინტროდუქციის კატეგორიულად წინააღმდეგი“, – ამბობს ორეგონის დანჯენესის კიბორჩხალების კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ ნოვოტნი, რომელიც „ელაკა ალიანსთან“ – კონსერვაციონისტების, მეცნიერების, სანაპიროს ექსპერტებისა და ტომების ბელადების ჯგუფთან მიმდინარე მოლაპარაკებებს შეუერთდა. ეს ალიანსი შტატში ზღვის წავების მორიგ რეინტროდუქციაზე მუშაობს. „საფიქრალი ისაა, რომ არ გვსურს წყალში კიბორჩხალების ბეწვიანი მჭამელების ნელი მოქმედების მცურავი ნაღმი ჩავაგდოთ“.
„ელაკა“ ჩინუკის ენაზე ზღვის წავს ნიშნავს. ალიანსის პრეზიდენტის, რობერტ ბეილის თქმით, იგი კოლეგებთან ერთად გულმოდგინედ მუშაობს ალასკის გამოცდილებიდან დასკვნების გამოსატანად – რათა ზღვის წავს ისე მოეპყრან, როგორც „საყოველთაო საგანძურს“ (როგორც ის უწოდებს), ამასთანავე, წარმოადგინონ რეინტროდუქციის ისეთი წინადადებები, რომლებიც მოლუსკების შემგროვებელ ადამიანებს სარჩოს დიდი დანაკარგისგან დაიცავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზღვის წავის რეინტროდუქცია სტრატეგიული უნდა იყოს და მისი პოპულაციების მონიტორინგი ჩატარდეს, ამბობს ბეილი. „ჩვენი სურვილია ამ ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება“, – დასძენს იგი.

კილიი იუიანი
საიდან უნდა მოიყვანონ ეს ზღვის წავები? სხვა წყაროებთან ერთად, იმ პოპულაციებიდან, რომლებშიც შედიან სუროგატი დედების მიერ გაზრდილი წავები, როგორიცაა წავი #820. გულდასმით გაკონტროლებული რეინტროდუქციის ზონა გაშვების კიდევ ერთ წერტილად შეიძლება იქცეს მონტერეის ყურის აკვარიუმის ზღვის წავებისთვის, ხოლო დასავლეთ სანაპიროს კიდევ ორი აკვარიუმი ამუშავებს მონტერეის ტიპის პროგრამებს გადარჩენილი პატარა წავების სუროგატ დედებთან გასაერთიანებლად. ამ პროგრამებშიც სპეციალური ადგილები გახდება საჭირო ცხოველების ღია წყლებში გასაშვებად.
აქ კარგი იქნებოდა, გვქონოდა საშუალება გვეთქვა, რომ წავი #820 უკანასკნელად მონტერეის ყურეში ნახეს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მისი ამბავი თავშესაფარში დაბინავების ისტორიად გადაიქცა: მეორე გაშვებიდან რამდენიმე კვირაში, დაჭრილი და დაქანცული წავი ახლოს მდებარე დოკთან მიცურდა. მას ზვიგენმა უკბინა. პარაზიტებიც ჰყავდა. მაშველებმა ის კვლავ აიყვანეს, ვეტერინარებმა ისევ უმკურნალეს და ამჯერად წავი #820 ოფიციალურად გამოცხადდა ველურ ბუნებაში ბინადრობისთვის შეუფერებლად. ამჟამად ის ქვებით მოფენილ ღია აუზში ცხოვრობს სან-დიეგოს „ზღვის სამყაროში“.
ახლა ნომრის მაგივრადაც სახელი აქვს. საზოგადოების გამოკითხვის შედეგად მას ნოვა დაარქვეს. ჰილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნოვა ზოგჯერ ცდილობს ზედმეტი საკვები მოაგროვოს სხვების ულუფიდან, როგორც ჩანს, მის მიმართ მაინც საყოველთაო კეთილგანწყობაა და ნოვამ ყველაზე ხნიერი ზღვის წავიც კი მოხიბლა, რომელიც განმარტოების მოყვარულია. ბოლოს, როდესაც ნოვა ვნახე, წრეზე ტრიალებდა და გაყინული ჰალიოტისისა და რვაფეხას ნაჭრებით სავსე პლასტმასის მილით ჟონგლიორობდა. საკვებს ამ ფორმით ყრიან აუზში, რათა წავებმა აქეთ-იქით ურტყან ხორცის გასათავისუფლებლად და შემდეგ ამოსაძრობად. ნოვამ, როგორც ჩანს, ჯერ თამაში გადაწყვიტა – მუცელზე იდებდა, ცხვირით უბიძგებდა და მინაზე არტყამდა. შეკრებილი ადამიანები მისკენ თითს იშვერდნენ და იღიმებოდნენ. ერთმა მამაკაცმა გვერდით მდგომი პატარა გოგონა ხელში აიყვანა უკეთ დასანახად და წარმოთქვა: „რა საყვარელია“.
სინთია გორნი დიდი ხანია თანამშრომლობს ჩვენს ჟურნალთან. რალფ პეისი წყალქვეშა და გარემოსდაცვით ფოტოგრაფიაზე სპეციალიზდება. კილიი იუიანი მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების ბუნებასთან ურთიერთობას აღბეჭდავს.