როგორ მოვიპოვოთ დინოზავრის 55 ტონა ძვალი საჰარის უდაბნოდან
მილიონობით წლის წინ, დღევანდელი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, წარმოუდგენლად ბიომრავალფეროვანი ლანდშაფტი იყო. ამ უხსოვარი ეპოქის საიდუმლოთა გასამჟღავნებლად პალეონტოლოგმა პოლ სერენომ დინოზავრების საძიებო სამუშაოები წამოიწყო.
როგორ მოვიპოვოთ დინოზავრის 55 ტონა ძვალი საჰარის უდაბნოდან
მილიონობით წლის წინ, დღევანდელი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, წარმოუდგენლად ბიომრავალფეროვანი ლანდშაფტი იყო. ამ უხსოვარი ეპოქის საიდუმლოთა გასამჟღავნებლად პალეონტოლოგმა პოლ სერენომ დინოზავრების საძიებო სამუშაოები წამოიწყო.
2022 წლის სექტემბრის ერთ დილას, საჰარის ცაზე ამოსული მზე განსაკუთრებულად აცხუნებდა. ცენტრალურ ნიგერში მდებარე ქალაქ აგადესში ჩემი გუნდი ალიზის კედლებით შემოღობილ ტერიტორიაზე თითქმის სამი კვირის განმავლობაში იყო გამომწყვდეული, რადგან მთავრობა ჩვენთვის დიდი შეიარაღებული ესკორტის თანხლებას ითხოვდა, რომლის დაკომპლექტებასაც დრო სჭირდებოდა. ახლა, ბოლოს და ბოლოს, მზად ვიყავით საქმეში ჩასაბმელად. ასამდე ადამიანი 15 მანქანაში გადანაწილდა და უდაბნოში დინოზავრებზე სანადიროდ გაემართა. ეს უდავოდ ყველაზე ამბიციური წამოწყება იყო ჩემს კარიერაში.

ჩვენ შორის იყვნენ ტუარეგი გიდები და მძღოლები, გადამღები ჯგუფი, 64 შეიარაღებული მცველი და აგრეთვე საოცნებო პალეოგუნდი, რომელიც 20 სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესორებისგან შედგებოდა. ჩვენი მისია იყო მცხუნვარე და უგზო უდაბნოში ასობით კილომეტრზე გადაჭიმული სამი განსხვავებული არქეოლოგიური ველის შესწავლა და გათხრა. ნაპოვნი ნამარხები ჩიკაგოს უნივერსიტეტის განამარხებათა ლაბორატორიაში უნდა გაგვეგზავნა გასაწმენდად და შესასწავლად. მოგვიანებით კი უკან, ნიგერში დავაბრუნებდით, სადაც განსაცვიფრებელი უძველესი მემკვიდრეობის ნიმუშებად გამოფენდნენ მუზეუმში.
32 წლის განმავლობაში, წინა ექსპედიციების დროს, ნიგერის საჰარა 11-ჯერ გადავჩხრიკე. ბოლო ორი, 2018 და 2019 წლების ექსპედიციის მიზნები სადაზვერვო იყო. მაშინ უდაბნოს ზოგიერთ ყველაზე მიუვალ ადგილას ძვლებით სავსე უბნები აღმოვაჩინე. დინოზავრთა ჩონჩხები უდაბნოს ზედაპირზე იყო ამოშვერილი. შემდეგ პანდემიამ მსოფლიო ჩაკეტა და ორი წელი თამამი გეგმის შედგენასა და თანხების არცთუ წარმატებულ მოძიებაში გავატარე. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ ქველმოქმედი, რომელიც ანონიმურობას ითხოვდა, ექსპედიციის სრულ დაფინანსებას დათანხმდა.

ნიგერი დინოზავრების „სამოთხეა“ ორი გეოლოგიური მოვლენის გამო. პირველი მოვლენა აღინიშნა ადრეულ იურულ პერიოდში, 180 მილიონი წლის წინ, როდესაც უზარმაზარმა კონტინენტმა გონდვანამ რღვევა დაიწყო. ამან დღევანდელი დასავლეთი აფრიკის ქვეყნის, ნიგერის ცენტრალურ ნაწილში მასიური დეპრესია წარმოქმნა. მაშინ იქაურობა სიცოცხლით სავსე იყო და მწვანედ ბიბინებდა. მილიონობით წლის განმავლობაში, დეპრესიაში დანალექი და დინოზავრებისა თუ სხვა არსებათა ძვლები გროვდებოდა.
მეორე მოვლენა 20 მილიონი წლის წინ მოხდა, როდესაც ვულკანური კერა გააქტიურდა და ამ ღრმულის კიდეზე დღევანდელი აირის მთები აღმართა. ქვედა გეოლოგიურმა ფენებმა ზევით გადაინაცვლა და ნამარხი ჩონჩხები ზედაპირზე დააბრუნა. დღეს აგადესიდან უდაბნოსკენ მიმავალ გზაზე ამ ქანების შრეებზე გადაადგილება შორეულ წარსულში მოგზაურობას ჰგავს.
ჩვენი გრაფიკი აგადესში შეფერხებამდეც ძალიან მჭიდრო იყო. ექსპედიციის წარმატება დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებდით წარსულის გამოცდილებას და ზოგიერთ ახალ ტექნოლოგიას საველე სამუშაოების დროს. ჩვენს სიმტკიცეს გამოცდა ელოდა – ჩემს ბევრ ახალგაზრდა კოლეგას არასოდეს დაუდგამს ფეხი საჰარაში, არ უმუშავია შეიარაღებული დაცვის ქვეშ 54°C-ის სიცხეში და არ გაუტარებია ერთი თვე შხაპის გარეშე. მათ, ვინც წინა ექსპედიციებზე თან მახლდნენ, ყველაფერი ჰქონდათ ნანახი: საკვებით მოწამვლა, მალარია, ქვიშის ქარიშხალი, ექსპედიციის ჩაშლა ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლით, შეიარაღებული ბანდიტები და სახელმწიფო გადატრიალებები. და მაინც, ყოველთვის ერთი სული მაქვს დავბრუნდე.
მიწას და მის საიდუმლოებებს იმაზე უკეთ არავინ იცნობს, ვინც აქ ცხოვრობს. აგადესთან ყველაზე ახლოს მდებარე ჩვენი არქეოლოგიური ველი, რომელსაც დამაინტრიგებელი აღმოჩენებისათვის ვუბრუნდებოდით, თავის დროზე მომთაბარე ტუარეგმა მიგვასწავლა. ადგილობრივი ტუარეგი წლების წინ ჩემს გუნდს მოტოციკლით უდაბნოში გაუძღვა ჩინეკანკარანისკენ, ანუ „მწერების საბუდრისკენ“, როგორც მას ტუარეგები უწოდებენ სეზონური წვიმების შემდეგ კალიების მომრავლების გამო. ეს დაახლოებით 3-მეტრიანი ხრეშიანი შემაღლება 2 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული აკაციებით დაფარულ ირჰაზერის დაბლობზე. მცირე ზომის მაღლობის ზედაპირზე უზარმაზარი ხერხემლის მალები ამოჩხერილიყო. ცოტა რომ გავთხარეთ, ხერხემლის უფრო მეტი ნაწილი გამოჩნდა, რომელიც 15-მეტრიან ზავროპოდს – გრძელკისერა ბალახისმჭამელ დინოზავრს ეკუთვნოდა.
ამ ექსპედიციის დროს ჩემი გუნდი აღნიშნულ მაღლობზე გაიშალა და სწრაფადვე გააკეთა რამდენიმე განსაცვიფრებელი აღმოჩენა. მათ კიდევ ოთხი მასიური არსება იპოვეს. ერთი მათგანის კისერი პალეონტოლოგიური საგანძურის ყველაზე ძვირფასი ნაწილით – თავის ქალით ბოლოვდებოდა. ოთხივე, როგორც ჩანს, ერთი და იმავე ჯერ კიდევ უსახელო სახეობის წარმომადგენელი იყო. ჩვენ მას „Ipod“, ანუ, შემოკლებით, ირჰაზერის დაბლობის ზავროპოდი შევარქვით, ეს შემაღლებული ველი კი განამარხებული „ზავროპოდების კუნძულად“ იქცა.

წყარო: პოლ სერენო, ჩიკაგოს უნივერსიტეტი; დანიელ ვიდალი, UNED და ჩიკაგოს უნივერსიტეტი
ჩონჩხის დეტალებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ Ipod-ი შუა იურულ პერიოდში, დაახლოებით 160 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ ვულკანური ფერფლის გარეშე, რომლითაც მისი დათარიღება მოხდებოდა, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. გათხრების ადგილთან ვულკანური ფერფლის შრის პოვნა ყველა პალეონტოლოგის ოცნებაა, რადგან მასში არსებული კრისტალები შეიძლება დათარიღებად რადიოაქტიურ იზოტოპებს შეიცავდეს. ამჯერად თან მახლდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამთარიღებელი და იზოტოპების საუკეთესო სპეციალისტი ჯაჰან რამეზანი.
ჯაჰანის დიდი აღმოჩენა შემთხვევითი იყო. ზავროპოდების კუნძულიდან არც ისე შორს, ქვამ ჩვენი ერთ-ერთი Land Rover-ის საბურავი გახვრიტა. სანამ შევაკეთებდით, ჯაჰანი იქვე კლდის ფერდობზე ავიდა. მალე დამიძახა. ის მომწვანო თიხას სინჯავდა. ეს ვულკანის ძველი ამოფრქვევის მანიშნებელი იყო. შეიცავდა თუ არა ეს თიხა კრისტალებს, რომლებიც ჩვენი ნამარხების დათარიღებისთვის გვჭირდებოდა? ჯაჰანმა თავდაჯერებით გამიღიმა. „ფსონად მთელ ჩემს კარიერას დავდებ“, – თქვა მან.
ძვლების პოვნა ზავროპოდების კუნძულზე ადვილი იყო. მაგრამ, შევძლებდით თუ არა სამი კვირის განმავლობაში ყველაფრის შეგროვებას, რაც ამ ადგილას ვნახეთ? ამაში უმეტესობას ეჭვი ეპარებოდა.
მაგრამ ახალმა აღჭურვილობამ და ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეცვალა როგორც გათხრების სიჩქარე, ისე ნამარხების ვიზუალიზაციის შესაძლებლობები. ლითიუმის ბატარეებზე მომუშავე საბურღმა მოწყობილობამ ღოჯი და გეოლოგიური ჩაქუჩი ჩაანაცვლა. მსუბუქმა ელექტროჩაქუჩმა წერაქვი შეცვალა. GPS სისტემა და ციფრული ვიზუალიზაციის ტექნოლოგია ხელით დახაზული რუკების ნაცვლად გამოიყენება, დრონებსა და ფოტოგრამმეტრიას კი 3D გამოსახულებების შექმნა წუთებში შეუძლია. ზავროპოდის კუნძულზე დრონმა მთელი არე გადაიღო. ჩონჩხებს შორის ჩვენი ნაკვალევი ჭიანჭველების კვალივით მოჩანდა.
ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე მოწყობილობებით არქეოლოგიური გათხრები მარტივ სამუშაოდ გადაიქცა, მაგრამ ის სამუშაოს უფრო უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის. ჩვენი მძიმე და დღეში 15-საათიანი მუშაობა მეტად ნაყოფიერი გახდა. როდესაც ზავროპოდების კუნძულიდან ტრიუმფით ვბრუნდებოდით, ჩვენი სატვირთო მანქანები 23 ტონამდე განამარხებული ნაშთით იყო დატვირთული.

კიდევ უფრო მიუვალი მხარე გველოდა გადუფაუას სახელწოდებით ცნობილ ტერიტორიაზე, რაც, გადმოცემით, ნიშნავს „ადგილს, სადაც აქლემებს ფეხის დადგმის ეშინიათ“. ის ნამარხებით მდიდარი ყველაზე ცნობილი ტერიტორიაა აფრიკაში, საჰარის ჰიპერარიდული ტენერეს რეგიონის ცენტრში. ეს არის უდაბნო უდაბნოში. ჩემმა გუნდმა წლების წინ იქ ნამარხი ცხოველი აღმოაჩინა, რაც მიგვანიშნებს, რომ ტერიტორია ოდესღაც ბევრად უფრო ტენიანი იყო. ნამარხი ცხოველი დინოზავრი სულაც არ ყოფილა, არამედ ის იყო ისტორიაში ცნობილი ყველაზე დიდი ზომის დინოზავრისმჭამელი ნიანგისებრი Sarcosuchus-ი. ჩვენ მას „სუპერნიანგი“ შევარქვით. ეს მეტსახელი შემდეგ მედიაშიც დამკვიდრდა.
გადუფაუას დაბალ კლდოვან მთებზე ნამარხი ძვლები ყველა მიმართულებითაა მიმოფანტული. ჩვენ იმ სახეობებს ვეძებდით, რომლებიც „სუპერნიანგთან“ ერთად ადრეულ ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 110 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. ჩვენი პირველი სამიზნე ურანოზავრი გახლდათ, 9-მეტრიანი ბალახისმჭამელი დინოზავრი ზურგზე აფრისმაგვარი გამონაზარდით. ჩემმა გუნდმა მას ერთი წლის წინ მიაგნო და ქარისმიერი ეროზიისგან დაცვის მიზნით შეფუთა, სანამ აქ ოდესმე კვლავ დავბრუნდებოდით. ახლა ის მალე ვიპოვეთ – ადამიანის სიმაღლის, ფარშევანგის მარაოსებრი კუდის წყობით განლაგებული ფიცარივით ძვლების რიგი. ეს დინოზავრის პირველი დაუზიანებელი „აფრა“ იყო, რომელიც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. მისი შესწავლა დაგვეხმარება ამოვხსნათ, თუ რა ბიოლოგიური დანიშნულება ჰქონდა ამ გამონაზარდებს.
ურანოზავრის გათხრებზე გვიან ღამემდე ვმუშაობდით გენერატორზე შეერთებული ნათურების შუქზე. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დამქანცველია, საჰარის გულში 24-საათიან გათხრებს თავისი უპირატესობა აქვს. დღისით თუ სიცხე 52°C-ს აღწევს, ღამით ტემპერატურა ნახევრდება. სულ რაღაც სამ დღეში ურანოზავრის ორი ტონა განამარხებული ნაშთი შევაგროვეთ.
გადუფაუა თავის საიდუმლოებებს მოძრავი ქვიშის ქვეშ მალავს. შეიძლება ერთ წელს ქვიშაში ჩამალულ თავის ქალას გვერდით ჩაუაროთ, მეორე წელს კი შენიშნოთ. წინა ვიზიტის დროს ტერასის მსგავსი გაშიშვლებული ქვიშაქვის მონაკვეთი აღმოვაჩინეთ, რომელიც სავსე იყო რაპტორების (მტაცებელ დინოზავრთა ოჯახი), კუების, თევზების და სხვა არსებების ძვლებით. ასეთ ადგილს პალეონტოლოგები მიკროველს უწოდებენ. როდესაც გადუფაუაში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, ეს მიკროველი შესაძლოა ღრმად ჩაემარხა ქვიშას და არ ვიცოდი, მოვახერხებდით თუ არა მის გათხრას და განამარხებული ძვლების შეგროვებას.
როდესაც ამ ადგილს მივუახლოვდი და უზარმაზარი დიუნი დავინახე, სუნთქვა შემეკრა, მაგრამ სასწაულებრივად, აქედან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებაზე მიკროველი არ იყო ქვიშით დაფარული. მალე მას გაოცებული პალეონტოლოგები შემოეხვივნენ და ჩამუხლულები აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ ქვიშაქვაში ჩაფლულ „სამხეცეს“. გაქვავებული ძვლებით სავსე მასა ალმასისპირიანი ქვის საჭრელი ხერხით 15 სანტიმეტრ სიღრმემდე ჩავჭერით იმ იმედით, რომ ამ მასას აგურის ფორმის ფილებად დავჭრიდით და შეფუთული სახით გავიტანდით. მაგრამ მოხერხდებოდა მასაში არსებული ძვლების ერთმანეთისგან განცალკევება და გასუფთავება?


როდესაც პირველი ფილა გამოვაცალკევეთ, ჩემმა გუნდმა სიხარულისგან შეკივლა. ჯერ მიქელანჯელოს ვგავდი, შემდეგ კი დარვინს გემ „ბიგლზე“, რადგან ვიცოდი, რომ უცნობი სახეობების მილიონი ძვალი უნდა შეგვეგროვებინა.
ასეთი ნამარხი საგანძურის ქანისგან ან დანალექისგან საგულდაგულო გასუფთავებას ლაბორატორიაში შესაძლოა წლები დასჭირდეს. მაგრამ იქ, გადუფაუაში, ჩემი გუნდის წევრმა ბლოკი წყალში ჩაუშვა და ჩვენდა გასაოცრად ქვიშაქვა მყისიერად დარბილდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლაბორატორიაში ამ საგანძურის გასუფთავება მინიმალური ძალისხმევით იყო შესაძლებელი. ამის გაცნობიერებამ ძალა შეგვმატა და 6 დღეში ეს მასა 9 ტონა შეფუთულ ფილად გადავაქციეთ.
უკანასკნელი ადგილისკენ გავემართეთ. საველე სამუშაოების დასრულებამდე ორი კვირა გვრჩებოდა და დაძაბულები ვიყავით. ამ ადგილზე, რომელიც აგადესიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 190 კილომეტრში მდებარეობს, პირველად სამი წლის წინ მოვედით, მას შემდეგ, რაც 1950-იან წლებში დაწერილ მონოგრაფიაში აღწერილი პასაჟი შევისწავლეთ. მონოგრაფიის ავტორი, ფრანგი გეოლოგი ჰიუგ ფორი, აღწერდა იზოლირებულ ადგილს, სადაც ხმლის ფორმის კბილები იპოვა. ეს კბილები ტირანოზავრ რექსის მსგავსი ეგვიპტური მტაცებლის, Carcharodontosaurus-ისას ჰგავდა. ჩვენ ვიპოვეთ ეს ადგილი და კიდევ უამრავი სხვა კბილი, რაც ადასტურებდა ფორის ვარაუდს, რომ ის გვიანი ცარცული პერიოდის, დაახლოებით 95 მილიონი წლის წინანდელი იყო.
მარცხნივ: ესპანელი პალეონტოლოგი ნოელია სანჩეს ფონტელა ლუპით ათვალიერებს დანალექს გადუფაუას ველზე, სადაც გაშიშვლებული ქანი ადრეული ცარცული პერიოდით თარიღდება. მარჯვნივ: ზავროპოდის ნეკნების ფრაგმენტებზე არსებული ნიშანდება ჩონჩხის აწყობას დაეხმარება. ჩიკაგოში, სერენოს ლაბორატორიაში ნამარხების გასაგზავნად მომზადება გულმოდგინე აღრიცხვასა და შეფუთვას მოითხოვდა.
შესაძლოა მხოლოდ კბილების ამარა დავრჩენილიყავით, რომ არა შემთხვევითი სტუმარი ჩვენს ბანაკში. ეს შავლაბადიანი, თავსაბურავიანი და მზისსათვალიანი კაცი აბდულ ნასერი იყო. მხარზე ტუარეგული ხმალი გადაეკიდა. მან სხვა ადგილის მონახულება შემოგვთავაზა, სადაც უფრო ბევრი ძვალი ეგულებოდა. როდესაც საჰარის ქვიშის დიუნებს შორის სიღრმეში შეგვიყვანა, ჩვენს Land Rover-ს გაუჭირდა მის Honda-ს მარკის მოტოციკლს ფეხდაფეხ მიჰყოლოდა. აბდული ჩემს სიმაღლე ბარძაყის ძვალთან შეჩერდა. ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ძვალი მოჩანდა.
მარცხნივ: გუნდის ერთ-ერთ Land Rover-ზე გამოსახული ლოგო 1993 წელს სერენოს ხელმძღვანელობით ორგანიზებულ საჰარის პირველ ექსპედიციას უკავშირდება. ნიგერის უკანასკნელ მისიაში 15 ავტომობილი მონაწილეობდა. მარჯვნივ: ზავროპოდის ნეკნების ფრაგმენტებზე არსებული ნიშანდება ჩონჩხის აწყობას დაეხმარება. ჩიკაგოში, სერენოს ლაბორატორიაში ნამარხების გასაგზავნად მომზადება გულმოდგინე აღრიცხვასა და შეფუთვას მოითხოვდა.
მწირი დღის სინათლითა და საწვავით მხოლოდ იმ ადგილის GPS კოორდინატების აღნიშვნა მოვახერხეთ, რომელსაც ჯენგუების უწოდებენ და თან ყბის რამდენიმე ფრაგმენტიც წამოვიღეთ. ჩვენი ვარაუდით, ეს ფრაგმენტები Carcharodontosaurus-ს ეკუთვნოდა. მაგრამ, როდესაც ჩიკაგოში ყბის აწყობას ვცდილობდი, ვნახე, რომ კბილები და კბილბუდეები დინოზავრის აღნიშნულ გვარს არ შეესაბამებოდა. ყბა „აფრიან“ მტაცებელს – სპინოზავრს ეკუთვნოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც წყლიანი გარემოს მოყვარული მხეცი ხმელეთის ასეთ სიღრმეში აღმოჩნდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ ახალ სახეობასთან გვქონდა საქმე.
როდესაც პირველი ძვალი გამოვაცალკევეთ, ჩემმა გუნდმა სიხარულისგან შეჰკივლა. ჯერ მიქელანჯელოს ვგავდი, შემდეგ კი დარვინს გემ „ბიგლზე“.
ჯენგუებიში დაბრუნებისას კლდოვანი მონაკვეთების გავლა მოგვიწია, სანამ უდაბნოში ღრმად შევიდოდით. იქვე დავბანაკდით, სადაც ყბის ნაწილები ვიპოვეთ. დაახლოებით ერთ საათში ჩემი კოლეგა დენ ვიდალი, გამოცდილი პალეონტოლოგი ესპანეთიდან, სირბილით გამოემართა ჩემკენ. თვალები უბრწყინავდა.
“აქ არის!“ – მითხრა მან. „თავის ქალა!“
ჩემი გუნდის წევრების უმრავლესობა კბილებიანი დინგის გარშემო შეკრებილიყო. ეს იყო სპინოზავრის ჩონჩხის პირველი ნაშთი, რომელიც თავის ადგილზე უპოვიათ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩემი კოლეგები მოჯადოებულნი იდგნენ, როდესაც აღმოჩენის მნიშვნელობა გააცნობიერეს. ზოგი მათგანი ატირდა კიდეც. რამდენიმე საათის შემდეგ დენმა ისევ მომძებნა. ამჯერად მას ბუმერანგის ფორმის ძვალი ეჭირა. მივხვდით, რომ ეს დინოზავრის თავზე ამოზრდილი ქედის ძვალი იყო, მაგრამ მას ისეთი ამობურცული ფორმა ჰქონდა, როგორიც არავის უნახავს მტაცებელ დინოზავრებში. ის ეგვიპტური სპინოზავრის ქედის ძვლისგან განსხვავდებოდა და მოღუნული აზიური ხმლის – სკიმიტარის ფორმას ჰგავდა.
სანამ გუნდი თავის ქალას თხრიდა, ფოტოგრამმეტრიის ჩვენი ექსპერტი, დენი, ჩონჩხს ციფრულ ფოტოებს უღებდა. იმ საღამოს მან კარავში, ლეპტოპზე, ჩვენი ახალი, მაღალქედიანი სპინოზავრის თავის ქალას 3D გამოსახულება წარმოგვიდგინა, რომელიც გადაღებული ფოტოებისგან შეადგინა. გუნდის წევრები განცვიფრებულნი იყვნენ.
ეს ჯენგუებიში ჩვენი უკანასკნელი შთამბეჭდავი აღმოჩენა არ ყოფილა. რამდენიმე დღის შემდეგ 11 წლის ტუარეგმა ბიჭმა შემოგვთავაზა ნამარხების ნახვა, რომლებსაც თხებთან ერთად ხეტიალისას წააწყდა. მან რთულრელიეფიან ადგილზე წაგვიყვანა, სადაც ალაგ-ალაგ ძვლის ერთეული ფრაგმენტები ვნახეთ. ბოლოს ძვლებისა და კბილების შთამბეჭდავ ნაკრებს მივადექით. კბილს ხმლის ფორმა ჰქონდა, რაც ეჭვს არ გვიტოვებდა, რომ აფრიკული კარხაროდონტოზავრიდის ჩონჩხის ნაწილი ვიპოვეთ. გასუფთავებისა და აწყობის შემდეგ შევძლებთ პირველად დავინახოთ ამ კოლოსალური მტაცებლის აფრიკული ხაზი.
მარცხნივ: სანამ გუნდის წევრები – ჯაჰან რამეზანი (მარცხნივ) და ვენსან რენელო სადილის ჭურჭელს რეცხავენ, სერენომ სამზარეულოს კარვის გვერდით იშვიათი ჩრდილი მოძებნა. მარჯვნივ: ტუარეგი გიდები ფიჩხებით კოცონს ანთებდნენ და ნაკვერჩხალზე საღამოობით ჩაისთვის წყალს ადუღებდნენ. ექსპედიციის წარმატების გასაღები ადგილობრივი გიდები და მათი გამოცდილება იყო.
აგადესში დაღლილები, ჭუჭყიანები და გამარჯვებულები დავბრუნდით, ნამარხებით სავსე ორი 12-მეტრიანი კონტეინერით. სატვირთო მანქანის სასწორზე ჩვენი ძალისხმევის შედეგი 55 ტონას იწონიდა, რაც ორჯერ აღემატებოდა ჩვენს ვარაუდს. ამასობაში 14,5 კილოგრამი დავიკელი. ნიგერიდან ჩიკაგოში ფრთაშესხმული მივდიოდი, რადგან ვიცოდი, რამდენიმე თვეში ჩვენი განამარხებები ამავე გზას დაადგებოდა.
დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოულოდნელი დაბრკოლება წარმოიშვა. სამხედრო გადატრიალებამ ნიგერის არჩეული მთავრობა დაამხო, რამაც ნამარხების ტრანსპორტირება შეაჩერა.

თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩვენი ექსპედიციის დროს მოპოვებული ნამარხების ბედი გაურკვეველი იყო. შემდეგ, ამ გაზაფხულზე, ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში ჩავედი და ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომ ნამარხებს ბოლოს და ბოლოს ჩიკაგოში ჩამოიტანდნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ნამარხების ეტაპობრივ რეპატრიაციას და ნიგერში ორი ახალი მუზეუმის აშენებას მათ დასაბინავებლად, აგრეთვე ინსტიტუტის დაარსებას ქვეყნის მომავალი მუზეუმის სპეციალისტების, არქეოლოგებისა და პალეონტოლოგების მოსამზადებლად. ამ ინიციატივებს ზედამხედველობას გაუწევს ჩემ მიერ 2016 წელს დაარსებული ფონდი NigerHeritage. ექსპედიციაში გამგზავრებამდე ჩემი გუნდის ახალგაზრდა წევრებს ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ ეს მათთვის იქნებოდა შანსი, ახალი თავი დაეწერათ დედამიწის ისტორიაში. ეს იქნებოდა ისეთი რამ, რისი შესაძლებლობაც ცხოვრებაში იშვიათად თუ ეძლევა ადამიანს.
ჩემი გუნდის წევრების უმრავლესობა კბილებიანი დინგის გარშემო შეკრებილიყო. ჩემი კოლეგები მოჯადოებულნი იდგნენ, როდესაც აღმოჩენის მნიშვნელობა გააცნობიერეს. ზოგი მათგანი ატირდა კიდეც.
ახლა ჩვენს ხელთაა სურათების, ვიდეოებისა და საველე მონაცემების მთელი საგანძური. ჩვენი აღმოჩენები წარვადგინეთ კონფერენციებზე და გამოვაქვეყნეთ ჟურნალებში, მათ შორის სტატია მაღალქედიანი სპინოზავრის შთამბეჭდავი სახეობის შესახებ. მალე ჩამოგვივა მისი ძვლები და გეოლოგიური სინჯები დეტალური შესწავლისთვის და ასაკის დასადგენად. ამას მოჰყვება Carcharodontosaurus-ი და ათეულობით ახალ ზავროპოდთან, მთხრელ რაპტორთან, უჯავშნო ნიანგთან, გიგანტურ „სუპერთევზთან“ თუ სხვა ახალ სახეობებთან დაკავშირებული აღმოჩენების ნიაღვარი. ჩვენ მზად ვართ დავწეროთ ეს თავი, ყველას გავაცნოთ აფრიკული დინოზავრების დაკარგული სამყარო და შევმატოთ მათ სითამამე, წარმოიდგინონ, კიდევ რა იმალება მიწის ქვეშ.