როგორ ვიხსნათ ევერგლეიდსი ათობით ათასი მავნებელი გველისგან?
ფლორიდაში არამკვიდრი პითონები დიდ საფრთხეს უქმნიან ჰაბიტატს. გამჭრიახი დიზაინერები უჩვეულო გამოსავალს გვთავაზობენ.
ნაშუაღამევს ელ ბარბიტო თავისი Dodge-ის პიკაპით გაემართა ფლორიდის ევერგლეიდსის უდაბური სიღრმეებისკენ. ვიწრო, ჭანჭრობიან გზებზე ჭაობის კვიპაროსებისა და ბრომელიების აწეწილი ყლორტების გასწვრივ რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა მოულოდნელად შეაჩერა და პრეისტორიული შესახედაობის გვიმრებს მიანათა ფარანი. „პითონი!“ – წამოიძახა ბარბიტომ და მთვარის შუქზე აბრეშუმის ჯავშანივით გაბრწყინებული ქერცლიანი სხეულისკენ გაიშვირა ხელი. შემდგომი მოქმედებისთვის იარაღი იყო საჭირო.

დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როგორ აღმოჩნდნენ ბირმული პითონები ევერგლეიდსში ან რამდენი მათგანია იქ დღეს; მოკრძალებული შეფასებით, მათი პოპულაცია რამდენიმე ათეული ათასი ინდივიდისგან შედგება. რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ეს გაუმაძღარი ქვეწარმავლები ანადგურებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას. ისინი სწრაფად მრავლდებიან და თავს ესხმიან ყველაფერს, რისი ჩაყლაპვაც შეუძლიათ – გადაშენების პირას მყოფი ტყის ვირთაგვებიდან დაწყებული, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ამერიკულ ყარყატებამდე. ალიგატორების გარდა, პითონებს თითქმის არ ჰყავთ ადგილობრივი მტაცებლები, ამიტომ მათი პოპულაციის შემცირების ერთადერთი საშუალება გამოხშირვაა. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში შტატის მიერ დაქირავებულმა აღმოფხვრის კამპანიის აგენტებმა და მოხალისეებმა სამხრეთ ფლორიდის წყალ-ჭაობებიდან 23 500-ზე მეტი პითონი გამოხშირეს.
მაშინ როდესაც გველებზე მონადირეების უმეტესობა ლეშს ნაგავში მოისვრის ან ადგილზე ტოვებს გასახრწნელად, ბარბიტო სხვაგვარად იქცევა. პითონის ევთანაზიის შემდეგ მან გველის დაკლაკნილი სხეული ფრთხილად მოათავსა პიკაპის საბარგულში და სახლში წაიღო.
29 წლის ელ ბარბიტო, რომელიც ნიუ-იორკის მოდის სამყაროს წარმომადგენელია, ამ უზარმაზარ არსებებზე ნადირობს და მათ ტყავს მოდურ აქსესუარებად გარდაქმნის. „თითო-ოროლა არტისტს თუ ექნება საკუთარ მასალასთან ისეთი კავშირი, როგორიც მე მაქვს“, – ამბობს ბარბიტო. ამ ფაქიზად შერჩეულმა შეზღუდული რაოდენობის კოლექციამ – ჩანთებმა თუ ქამრებმა – გულმხურვალე მიმდევრები შესძინა: მომხმარებლები, რომელთაც ეთიკური დილემების გარეშე სურთ ცხოველის ტყავის ტარება.
მარცხნივ: ღამით, როდესაც მეღამური პითონები აქტიურდებიან, ბარბიტოს მსგავსი გველებზე მონადირეები ნელა მოძრაობენ ევერგლეიდსში და გზისპირა მარშებში დაეძებენ მათ კვალს. მარჯვნივ: ბარბიტო ხშირად დაჰყვება მამას, მარკ იონს, რომელიც ფლორიდის პითონების აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში იჭერს და ჰუმანური მეთოდებით კლავს გველებს.
წლების განმავლობაში ცხოველთა უფლებების დამცველები მყიდველებს მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ ნატურალურ ტყავზე, რის გამოც მოდის კომპანიებმა სინთეტიკური და ვეგანური ალტერნატივების ძიება დაიწყეს – სოკოს, ვაშლისა და მსგავსი მასალებისგან დამზადებული სამოსის. ახლა კი სულ უფრო მეტი დიზაინერი აცნობიერებს, თუ რამდენად მოსახერხებელია ევერგლეიდსის ბირმული პითონის ტყავის გამოყენება. ბრენდების რბოლაში, რომლებიც თავიანთი მასშტაბების ზრდისკენ მიისწრაფიან, ბარბიტო უნიკალურ როლს ასრულებს, რადგან იგი ჩართულია პროცესის ყველა ეტაპზე – მასალის მოპოვებიდან გაყიდვამდე. „ეს არის ულამაზესი და მდგრადი მასალა, რომლისგანაც არავინ არაფერს აკეთებდა, – ამბობს ბარბიტო, – მე კი ის პრობლემის გადაწყვეტად ვაქციე“.
რაც თავი ახსოვს, ბარბიტოს ტანსაცმლის დიზაინერობა სურდა. 18 წლის ასაკში იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა მოდის სკოლაში სასწავლებლად და ისეთ კურსებზე ჩაირიცხა, როგორიცაა თარგების დამზადება და სტაჟირება ცნობილ დიზაინერებთან. კოლექცია, რომლისთვისაც ბარბიტო ტანსაცმლის ნაწილებს კერავდა, პარიზის მოდის კვირეულზეც წარადგინეს, მაგრამ ყოველი ახალი გამოცდილება ბარბიტოს კიდევ უფრო ნათლად აჩვენებდა ინდუსტრიის ეკოლოგიურ კომპრომისებს: სამრეწველო წარმოების შედეგად გამოწვეულ დაბინძურებასა და ქსოვილთა ნარჩენების გარემოში მოხვედრას. „მთელი ცხოვრება ვოცნებობდი დიზაინერობაზე, – იხსენებს ბარბიტო, – როგორ მეკეთებინა ეს საქმე ისე, რომ პრობლემის ნაწილი არ გავმხდარიყავი?“

8 წლის წინ, ფლორიდაში, მშობლიურ სახლში ჩასული ბარბიტო მამას, მარკ იონს, რომელიც შტატის მიერ დაქირავებული აღმოფხვრის კამპანიის აგენტია, ევერგლეიდსში გაჰყვა პითონების გამოხშირვით სამუშაოებზე. მას აღტაცება მოჰგვარა გველის ბრინჯაოსფერ-ყავისფერი კანის რთულმა, მოზაიკურმა მოხატულობამ და გაოგნდა, როდესაც ნახა, რომ მონადირეები გველის ლეშს სანაგვეზე ყრიდნენ. „ამ ინვაზიური სახეობის დახოცვა და შემდეგ მისი ძვირფასი ნაწილების ნაგავში გადაყრა საშინელი მფლანგველობაა, – ამბობს იგი, – ეს მასალა პასუხი იყო ჩემს კითხვაზე“.

მოდის სკოლას ბარბიტო პითონებზე სანადიროდ არ მოუმზადებია. ამგვარად, იგი ფლორიდაში დაბრუნდა და მამის დახმარებით კვალის აღებისა და დაჭერის ტექნიკას დაეუფლა. მას შემდეგ, რაც 2019 წელს Instagram-ზე თავისი პირველი კოლექცია გამოაქვეყნა, ბარბიტომ გააგრძელა მამასთან ერთად ღამღამობით ნადირობა. იგი სულ უფრო აფასებდა საკონსერვაციო სამუშაოების გადაუდებელ საჭიროებას. „მამაჩემი ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ნადირობა ან გველების დახოცვა უყვარს, – ამბობს ბარბიტო, – იგი ევერგლეიდსზეა შეყვარებული“. თუკი იძულებული ხარ, გაანადგურო ის, რაც გარემოს აზიანებს, რატომ არ უნდა გამოძებნო მისი გადამუშავებისა და სასარგებლოდ ქცევის გზა? – ფიქრობდა ბარბიტო. „ეს მათთვის პატივის მიგების ფორმაა. მე კი ამას პრივილეგიად მივიჩნევ“, – განმარტავს იგი.
ტყავს ჯერ ორი კვირის განმავლობაში ალბობს წყლის, გლიცერინისა და სპირტის ნაზავში, შემდეგ ფანერზე გადაჭიმავს გასაშრობად და დასამუშავებლად; ბოლოს კი, მის მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით, თითოეულ აქსესუარს საკუთარი ხელით კერავს.
ფასები 425 დოლარიდან იწყება (კოვბოის ჩექმის სამაგრები) და 1200 დოლარს აჭარბებს (მინიატიურული ხელჩანთები). ხშირად ეს ნივთები სოციალურ მედიაში გამოქვეყნებიდან 24 საათში იყიდება. ბარბიტო ექსკლუზიური მომხმარებლებისთვის დამატებით ნადირობას გეგმავს, თუმცა რიგების შექმნა არ სურს. „Amazon Prime-ი არ ვარ, – ამბობს იგი, – სწორედ ამიტომ არ მაქვს საქონლის მარაგი. ვცდილობ, არ ვიყო მფლანგველი და თითოეული ნივთის შექმნას მაქსიმალურად გონივრულად მივუდგე“.

შეკვეთებს უკვე მთელი ქვეყნიდან იღებს; მისი თქმით, ნიუ-იორკსა თუ ლოს-ანჯელესში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ეს აქსესუარები ევერგლეიდსის ველური ბუნების დაცვის შესახებ საუბრის წამოწყების საბაბადაც იქცევა. „თავდაპირველად, პითონის ტყავს მხოლოდ მასალად აღვიქვამდი, – ამბობს იგი, – მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ხალხის ცნობიერების ამაღლების ფორმაა“.
რადგანაც მისი აქსესუარებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, ბარბიტო ცდილობს აწონ-დაწონოს, როგორ გაზარდოს წარმოება და ითანამშრომლოს თუ არა ცნობილ ადამიანებთან. „სიამოვნებით ვიხილავდი ჩემს სამოსში გამოწყობილ Doechii-ს“, – ამბობს განსაკუთრებული სტილის მქონე მომღერალზე. ტანსაცმლის დიზაინერთა უმეტესობის შემთხვევაში ცნობილ პიროვნებათა შემოსვა გულდასმით იგეგმება და უმთავრესად ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად გამოიყენება. ბარბიტო ამბობს, რომ მის შემთხვევაში ეკოლოგიურ ფაქტორს შეუძლია „გაარღვიოს მოდისა და ხელოვნების საზღვრები“.
ბარბიტო არ არის ერთადერთი, ვინც მიხვდა, რომ ევერგლეიდსის პითონის ტყავი ტანსაცმლის ინდუსტრიაში ცხოველური პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებულ დილემას გადაჭრიდა. 2020 წელს მაიამიში დაფუძნებული სტარტაპი, Inversa, შუამავლის როლს ასრულებს ფლორიდელ მონადირეებსა და მაღალი მოდის დიზაინერებს შორის, რომლებსაც სურთ ისეთი ცხოველების ტყავი გამოიყენონ, როგორიც არიან ბირმული პითონი ან ლომთევზა – კიდევ ერთი ინვაზიური სახეობა, რომელიც ფლორიდის სანაპიროს თევზებს და მარჯნის რიფებს ანადგურებს. თუ ბარბიტო მცირე, ხშირად ინდივიდუალურ შეკვეთებზეა ორიენტირებული, Inversa-ს უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. „ეს უზარმაზარი პრობლემაა და თუ მისი მოგვარება გვინდა, მასშტაბებზე უნდა ვიფიქროთ, – ამბობს Inversa-ს აღმასრულებელი დირექტორი აარავ ჩავდა, – პრობლემის გადასაჭრელად ათობით ათასი, ასობით ათასი, მილიონობით ცხოველის მოცილება მოგვიწევს“.

მოთხოვნა მუდმივად იზრდება, თუმცა მიწოდება ჯერჯერობით საკმარისზე მეტია. Inversa-მ ცოტა ხნის წინ მდგრადი მოდის ცნობილ დიზაინერ გაბრიელა ჰერსტთან ითანამშრომლა. მათ ერთად შექმნეს ნეოლითური ევროპის გველის ქალღმერთით შთაგონებული კოლექცია, რომელშიც ბირმული პითონის ქუსლიანი ფეხსაცმელები და ჩანთები შედიოდა. ბარბიტოს მსგავსად, ჰერსტს არასოდეს უნახავს მასალა, რომელიც კონსერვაციაზე ასე მყისიერად იმოქმედებდა. „არასოდეს ვყოფილვარ სოკოს ტყავის დიდი მოყვარული, რადგან ვიცოდი, რომ მას ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორც ამ ტყავს“, – ამბობს ჰერსტი. – „ამაღელვებელია, როდესაც მშვენიერ ნივთზე მუშაობა გარემოს აღდგენაშიც გვეხმარება“.

ნიუ-იორკში დაფუძნებული ბრენდის, Khaite-ის დამაარსებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, კეტრინ ჰოლშტაინმა, ასევე ითანამშრომლა Inversa-სთან პითონის ტყავისგან დამზადებული ხელჩანთების კოლექციის შესაქმნელად. ამასობაში, Inversa-მ გააფართოვა თავისი საქმიანობა და სხვა ეკოლოგიურად მავნე სახეობებისგან დამზადებულ მასალებსაც გვთავაზობს: პლაჟის ტანსაცმლის დიზაინერმა ჯოანა ორტისმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ქამრები, რომლებიც აზიური კობრის ქერცლისგან არის დამზადებული. ეს მსუნაგი თევზი ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ტბებში აკვაკულტურის მეურნეობებში წყლის ყვავილობის საკონტროლებლად შეუშვეს, ახლა კი ის ტბების ფაქიზ ეკოსისტემას განადგურებით ემუქრება. ჩავდა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ რამდენიმე მსხვილი მოდის სახლი მზადაა პარიზის, ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულებზე Inversa-ს მასალებით შექმნილი ხაზები წარადგინოს. რაც შეეხება ფლორიდას – ბარბიტოს კვლავინდებურად სიამოვნებს წარმოების თითოეულ ეტაპზე ჩართულობა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მისიამ დიდ ბრენდებამდეც მიაღწია და სულ უფრო იზრდება იმ პრობლემის შესახებ ცნობიერება, რომლის გადაჭრაც მიზნად დაისახა. „არ მინდა, ხალხმა ეს ნივთები მხოლოდ აქსესუარებად აღიქვას, – ამბობს იგი, – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შევქმნა ის, რასაც შინაარსი ექნება“.