შემოდგომის სეზონს ვიწყებთ გალაპაგოსის კუნძულების მკვიდრი გიგანტური კუების შესახებ თხრობით, რომლებიც გასულ საუკუნეებში მეზღვაურების საკვებადაც იქცნენ და დარვინის ევოლუციური თეორიის შთაგონების წყაროდაც. მასობრივმა ნადირობამ და ინვაზიურმა სახეობებმა არქიპელაგზე კუების ყველა პოპულაცია მკვეთრად შეამცირა, სამი სახეობა კი გადაშენებამდე მიიყვანა. დღეს მეცნიერები ცდილობენ ტყვეობაში გამრავლებითა თუ ინვაზიურ ცხოველთა კონტროლით დაიცვან და „გააცოცხლონ“ ისინი.
მეორე ვრცელი სტატია აშშ-ში კანაფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს შეეხება და საინტერესო იქნება ყველა მკითხველისთვის, მათი ჩათვლით, ვისაც ჟურნალის გარეკანზე გამოსახული ფერადი მარმელადის მარიხუანასთან დაკავშირება გაუჭირდა. ახალი თაობის მეცნიერები (და მომხმარებლები) ცდილობენ სრულად გამოწურონ კანაფის პოტენციალი, რომლის ლეგალური სტატუსი მუდამ საკამათოა, რადგან ამ ერთ მცენარეში კონცენტრირებულია როგორც სიკეთე, ისე საფრთხე.
გიამბობთ მექსიკის მასშტაბურ სარკინიგზო პროექტზე, რომელმაც იუკატანის ნახევარკუნძულის დასახლებები ერთმანეთს დაუკავშირა, მაგრამ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორმა საზოგადოება ორად გახლიჩა.
ასევე: სულ სხვა კუთხით წარმოგიდგენთ ვამპირებზე თქმულებებით ცნობილ ტრანსილვანიას და შორეული ქვეყნების სხვა ამბებს, რომლებზეც შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ. როგორ მოვიქცეოდით მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩენისას? ვიკამათოთ – მთავარია, ჩვენს რეალობაში საეჭვოდ აღმოცენებულ ცრუ დილემებს ფატალურად არ გავახლეჩინოთ საზოგადოება.