სამყარო NATIONAL GEOGRAPHIC-ის ობიექტივში
დეკემბრის ნომერში ტრადიციულად გთავაზობთ National Geographic-ის ფოტოგრაფების თვალით დანახულ 2023 წელს. რამდენიმე კადრი, ალბათ, გასული ნომრებიდანაც გეცნობათ, ბევრი კი იმ თემებს ეხება, რომლებზეც ვრცლად მომავალში მოგითხრობთ – ვენახში გადაღებული ღამურას ფოტო სწორედ იმის მაუწყებელია, რომ მალე ამ განსაკუთრებული მფრინავი ძუძუმწოვრის შესახებ ქართული რედაქციის მომზადებულ სტატიას იხილავთ.
წლის რჩეულ ფოტოებზე აღბეჭდილია დედამიწის ბიომრავალფეროვნების მშვენიერებაც და პრობლემებიც, ადამიანთა კულტურული სიჭრელეც, სამეცნიერო მიღწევებიცა და დესტრუქციულ ქმედებათა შედეგებიც. 2023 წლის რეტროსპექტივაში არაერთი კადრი კონფლიქტების თემას ეხმაურება – უკრაინელი ლტოლვილები უკვე მეორე წელია ვერ ბრუნდებიან შინ, აფხაზეთიდან დევნილთათვის კი ენგური უკვე 30 წელია გადაულახავ მდინარედ იქცა.
ჩრდილოეთ ამერიკაში კარიბუების პოპულაციის კლებაზე მოგითხრობთ ვრცელი სტატია, რომლის გადაფურცვლისას ერთმანეთს ენაცვლება ტუნდრის განსაცვიფრებელი ხედები და მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი, უცხო თვალისთვის შემაცბუნებელი კადრები.
ჟურნალის გარეკანზე გამოტანილი სტატია ლეგენდარულ ალჰამბრას გაგაცნობთ – ესპანეთის არაბი მბრძანებლების უკანასკნელ ციტადელს, სადაც მითები და რეალობა ერთმანეთს ერწყმის და გრანადაში უამრავ მნახველს იზიდავს.
საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით 2024 წლის იანვრამდე.