შეხების ძალა
ეს პირველი შეგრძნება იყო, რომელიც ახალშობილებმა გამოვცადეთ – სხვების მზრუნველი ალერსი. მკვლევრებისათვის სულ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა ჩვენი ჯანმრთელობისა თუ ჩვენი ადამიანურობისათვის.


შეხების ძალა
ეს პირველი შეგრძნება იყო, რომელიც ახალშობილებმა გამოვცადეთ – სხვების მზრუნველი ალერსი. მკვლევრებისათვის სულ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა ჩვენი ჯანმრთელობისა თუ ჩვენი ადამიანურობისათვის.
ერთ დღეს 2018 წლის სექტემბერში, სამრეწველო კონვეიერზე უბედური შემთხვევისას, მარცხენა წინამხრისა და ხელის მტევნის დასახიჩრებიდან ექვსი წლის შემდეგ, ჩრდილოეთკაროლინელი კაცი სახელად ბრენდონ პრესტვუდი მღელვარე მოლოდინით გამოწვეული ცრემლნარევი სიცილით შეჰყურებდა ცოლს. პრესტვუდების გარშემო შემოკრებილი რამდენიმე ადამიანიდან ერთ-ერთი მობილური ტელეფონით იღებდა საინტერესო სცენას: ლამაზი, გრძელთმიანი, სათვალიანი ქალი და მის გვერდით წვერიანი კაცი, ხელის თეთრი პროთეზით – იდაყვიდან თითისწვერებამდე. იქვე, მაგიდაზე მდგარი ელექტრომოწყობილობიდან გამოყვანილი სადენები ამ კაცს პერანგის შიგნიდან, მხარში ჰქონდა ჩამაგრებული.
სადენები პირდაპირ კანში შედიოდა, ასე რომ, თვითონ პრესტვუდი იყო – და არა მისი პროთეზი – ხელსაწყოსთან მიერთებული. ნევროლოგების, მკურნალი ექიმების, ფსიქოლოგების და ბიოსამედიცინო ინჟინრების საერთაშორისო ქსელის გაბედული ექსპერიმენტების ფარგლებში, პრესტვუდმა ნება დართო კლივლენდის Case Western Reserve University-ს ქირურგებს მისი მარცხენა მკლავის დაბოლოება გაეჭრათ და წაკვეთილ ნერვებსა და კუნთებზე პაწაწინა ელექტროსადენები დაემაგრებინათ. ქირურგებმა ძაფივით წვრილი 48 სადენი მის ნახევარ მკლავში გაატარეს და მხრის არეში გარეთ გამოიტანეს. კანიდან ამოშვერილი სადენები პლასტირით დაფარეს, რომელსაც პრესტვუდი პერიოდულად მოიძრობდა და გაიფიქრებდა:
„ჰო, ეგ არის – ელექტროგაყვანილობა მაქვს მკლავში“.
უბედური შემთხვევის შემდეგ დეპრესიამ დიდი დრო დააკარგვინა. ახლა უკვე მიზანი გაუჩნდა. რამდენიმე თვე რეგულარულად მიემგზავრებოდა კლივლენდში, რათა მკვლევრებს მისთვის მკლავის ექსპერიმენტული პროთეზი დაემაგრებინათ – ახალი თაობის ხელოვნური კიდური შიდა მოტორებითა და სენსორებით აღჭურვილი თითებით. ეს მოწყობილობები რეაბილიტაციის ექსპერტების დიდ ინტერესს იწვევს ზოგადად, თუმცა ამ გუნდისათვის უბრალოდ პროთეზის გაუმჯობესებული მართვის მექანიზმი არ ყოფილა კვლევის მთავარი ამოცანა; ყოველ ჯერზე, როდესაც პრესტვუდის სადენებს კომპიუტერთან მიაერთებდნენ, მათი კვლევა ადამიანური შეხების შეგრძნებაზე იყო ფოკუსირებული.
საშინლად, გასაოცრად ძნელია შეხების შეგრძნების – კანის, ნერვებისა და ტვინის ჩახლართული ურთიერთქმედების – ამოხსნა, გაზომვა და ისე რეკონსტრუქცია, რომ ადამიანურს ჰგავდეს.
Case Western Reserve-ის მიერ ჩატარებულმა რამდენიმე ცდამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა; მაგალითად, როდესაც პრესტვუდმა ქაფპლასტის აგურს ხელის პროთეზით მოუჭირა, დაწოლის ძალა იგრძნო. შეგრძნება, რომელიც არარსებული თითებიდან მოდიოდა.
ემი პრესტვუდს მანამდე არ ჰქონია შესაძლებლობა, ქმრის გვერდით ყოფილიყო კლივლენდში ლაბორატორიული კვლევების დროს. სექტემბრის იმ დღეს ცოლი პირველად ედგა გვერდით ბრენდონს, რომელსაც ექსპერიმენტული პროთეზი ეკეთა და მხარში გაყვანილი სადენები ჰქონდა შეერთებული.

შემდეგ მომხდარის ამსახველი ვიდეორგოლი ბრენდონს დღესაც ტელეფონში აქვს შენახული. ამის გახსენებისას ისევ ვერ თოკავს ემოციებს. ეს კლიპი არავის დაუმონტაჟებია ან შეულამაზებია. თქვენ წინაშეა, ორი ადამიანი დიდ ოთახში, რომლებიც პირველი ცეკვის დროს დაბნეული მოზარდებივით, უხერხულად შესცქერიან ერთმანეთს. ბრენდონი ჯერ საკუთარ ფეხებს დახედავს, შემდეგ – პროთეზის თითებს და იკრიჭება. მარჯვენა ხელით მარცხნივ, პროთეზზე მიანიშნებს ემის და იქითა მხარეს დადგომისკენ მოუწოდებს.
შეხების შეგრძნების თემაზე დაწერილ ლიტერატურაში, რომლის რაოდენობაც სულ უფრო იზრდება, უხვად გვხვდება თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, ვარაუდები და მომავლის ფანტასტიკური პროგნოზები – მაგრამ მე მინდა აღვწერო იმ ვიდეორგოლის 4-წამიანი ეპიზოდი, როდესაც ემი ხელს ჩაჰკიდებს ბრენდონის ხელის პროთეზს. ბრენდონი თავს აწევს, თვალები გაუფართოვდება, პირს დააღებს. ემი უყურებს, ბრენდონი კი თითქოს გათიშულია და გარშემო ვერაფერს ხედავს. „ვიგრძენი, – მითხრა მან, – საპასუხო რეაქცია მივიღე. მე მას ვეხებოდი. ავტირდი. მგონი, ისიც ტიროდა“.
კი, ემიც ტიროდა. როდესაც ბრენდონ პრესტვუდმა ვიდეო მაჩვენა, შუა პანდემია იყო და გარეთ ვისხედით. კლივლენდის ლაბორატორიაში იყო რამდენიმე საათი და სიგარეტის მოწევა მოუნდა. იმ დილას პირველად შევხვდი. არ მახსოვს, როგორ მივესალმეთ ერთმანეთს – ხელი ჩამოვართვით თუ არა, რადგან იმ დროს მთელი დედამიწა ჯერ კიდევ არ ვიყავით ჩამოყალიბებული იმაზე, თუ როგორ უნდა მივდგომოდით ერთმანეთს, რამხელა დისტანცია დაგვეცვა, როგორ შევხებოდით.
შეიძლება გახსოვდეთ პანდემიური ჩახუტების ამსახველი ფოტოები. ამ ჟურნალშიც გამოქვეყნდა ერთი ასეთი სენტიმენტალური ფოტო: სარეცხის თოკზე გაფენილი გამჭვირვალე ცელოფნით გამიჯნული დედა-შვილი რომ ეხუტებოდა ერთმანეთს. ამ მომენტის შეგრძნებაც და ხმაც აბსოლუტურად ნაცნობია ჩემთვის – საკუთარმა ქალიშვილმაც მსგავსი რამ გამიკეთა მას შემდეგ, რაც ეზოში დისტანციის დაცვით შეხვედრებში გავატარეთ მთელი სეზონი. ახლაც მახსოვს იმ ჩახუტებით გამოწვეული შვება.
დიახ, შუაში ბარიერი გვქონდა. დაჭმუჭნილი, სრიალა ცელოფანი. შეიძლება გაიფიქროთ, რომ უსიამოვნო უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხება იმდენად მჭირდებოდა, რომ დისკომფორტი არც მიგრძვნია. ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის, ფრენსის მაკგლონის სიტყვებით, ასეთი „საჭიროებები“ შეიძლება რომელიმე ვიტამინის ნაკლებობას შევადაროთ. „შევსება გვჭირდება“.
კონკრეტულად რით შევსება? ამ შეკითხვაზე ბებიაჩემი ალმაცერად შემომხედავდა და პასუხსაც არ გამცემდა, მაგრამ ნევროლოგები და ფსიქოლოგები ბიოლოგიური მარკერებით ხელმძღვანელობენ იმის ასახსნელად, რაც ბევრი ჩვენგანისთვის ინტუიციურად ცხადია – ის, რომ ადამიანების უმეტესობას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სხვების ფიზიკური სიახლოვე და ნუგეშისმცემელი შეხება სჭირდება. ჯერ ამ ერთი შეხედვით აკადემიურ პროზას გაეცანით და შემდეგ გეტყვით, პირველად სად გამოქვეყნდა ის:
შეხება სოციალური ინტერაქციის – ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილების – ფუნდამენტური ასპექტია. სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სხვისი შეხება აწყნარებს… შეხებას შეუძლია თავის ტვინში საფრთხესთან ასოცირებული უბნების გააქტიურება შეასუსტოს… შეუძლია ნერვულ სისტემაში სტრესის არხების აქტივაციაზე იმოქმედოს და სტრესის ჰორმონების დონე დაწიოს… დადგენილია, რომ ხელს უწყობს ჰიპოთალამუსში გამომუშავებული ნეიროპეპტიდის, ოქსიტოცინის გამოყოფას. ოქსიტოცინის მომატებული დონე ასოცირებულია გაზრდილ ნდობასთან, ხელშემწყობ ქცევასთან, უცხოებთან გაზიარებასთან, სხვების ემოციების უკეთ აღქმასთან და კონფლიქტების უფრო კონსტრუქციულ გადაწყვეტასთან.

ეს გახლავთ ნაწყვეტი განცალკევებულ საკანში პატიმრობის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საჩივრიდან. იურისტები, რომლებიც ამ ათი წლის წინანდელ პროცესზე კალიფორნიის ციხის პატიმართა ინტერესებს იცავდნენ, ამტკიცებდნენ, რომ წლების განმავლობაში პატიმრების იზოლაცია (დაცვის რთული სისტემა თითქმის სრულად გამორიცხავდა სხვებთან ფიზიკურ კონტაქტს – ბადრაგთანაც კი) არაკონსტიტუციური, სასტიკი და არანორმალური სასჯელი იყო. საქმე ჯერაც არ დასრულებულა. ექსპერტიზის დასკვნა დაწერა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა დაკერ კელტნერმა, რომელიც 15 წელზე მეტია ასწავლის და ხელმძღვანელობს კვლევას შეხების მეცნიერების შესახებ. „ეს არის ჩვენი ყველაზე ადრეული და, შეიძლება ითქვას, სოციალური კავშირის ფუნდამენტური ენა“, – მითხრა კელტნერმა.
ყველაზე ადრეული – ევოლუციურად, განმარტავს ის და გულისხმობს, რომ ჩვენ, ადამიანები „ტაქტილურ კომუნიკაციას“ ვიყენებდით, სანამ მეტყველებას ავითვისებდით. და ყველაზე ადრეული – ინდივიდუალურად: როგორც ახლა მიიჩნევა, შეხება უპირველესი შეგრძნებაა, რომელსაც ნაყოფი აღიქვამს. დაბადებისას და ცხოვრების პირველ თვეებში ეს ბავშვის ყველაზე არსებითი და სრულად ჩამოყალიბებული შეგრძნებაა – ასე შეიცნობენ ახალშობილები სამყაროს, გამოიმუშავებენ თავდაჯერებულობას, იგებენ, სად მთავრდება მათი სხეული და იწყება ყველაფერი დანარჩენი.
ფსიქოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და შემაძრწუნებელ კვლევაშიც იყვნენ ჩართულნი ახალშობილები; თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ახალშობილები საცდელი მაიმუნები იყვნენ. 1950-იანი წლების ბოლოს ვისკონსინის უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა, ფსიქოლოგ ჰარი ჰარლოუს ხელმძღვანელობით, ახალშობილი მაკაკები დედებს ჩამოაშორეს და გალიაში გამოკეტეს მაიმუნს უხეშად მიმსგავსებულ სუროგატებთან ერთად – ერთი შიშველი მავთულისგან იყო გაკეთებული, მეორე – რბილი, ხაოიანი ქსოვილით დაეფარათ. ჰარლოუს ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში მხოლოდ მავთულის სუროგატი იძლეოდა რძეს, რომლის დალევის უნარი ახალშობილებმა თავად გამოიმუშავეს. როდესაც კვებას მორჩებოდნენ – და მაშინ როდესაც მეცნიერები მათ საშიშ, მექანიკურ მონსტრს მიუქსევდნენ – პატარა მაკაკები დედის შემცვლელის უფრო რბილ ვერსიასთან გარბოდნენ და კონსტრუქციის შუაში დაფენილ ქსოვილს ებღაუჭებოდნენ.
ინტერნეტში ტრიალებს ჰარლოუს ექსპერიმენტის ძველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც საშინელი საყურებელია: გალიაში მარტო გამომწყვდეული მაკაკა ქსოვილზეა მიკრული, თეთრ ხალათში გამოწყობილი ჰარლოუ კი აუღელვებლად ხსნის, რა ხდება. ჰარლოუ ცდილობდა, იმ დროს ერეტიკულად მიჩნეული თეორია დაემტკიცებინა. მისი ეპოქის გავლენიანი დასავლელი ექსპერტები მშობლებს მიუთითებდნენ, რომ ახალშობილებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეხებოდნენ, რომ ჩვილებისა და პატარა ბავშვების ჩახუტება თუ კოცნა ზედმეტად განებივრების დრომოჭმული ფორმა იყო. ისინი ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ასე ბავშვი სუსტი და უსუსური გაიზრდებოდა. ამასთან, ეს არაჰიგიენურიც იყო.

დღევანდელი სტანდარტებით ჰარლოუს ექსპერიმენტები სრულიად არაეთიკურია, თუმცა გარკვეულწილად მათი დამსახურებით ვიცით დღეს, თუ რაოდენ ცდებოდნენ იმდროინდელი ექსპერტები. ჩვილ მაკაკებს – ევოლუციურად ჩვენს ახლო ნათესავებს – „მანუგეშებელი კონტაქტი“ (როგორც ჰარლოუმ უწოდა ამას) იმდენად სჭირდებოდათ, რომ საკვების სტაბილური წყარო სათუთ შეხებაზე გაცვალეს.
ჰარლოუს შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ გაამრავლა მტკიცებულებები იმისა, თუ რა ძალა და ურთიერთქმედება აქვს მანუგეშებელ შეხებას. მაგალითად, საცდელ ვირთაგვებთან მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მათთან ნაზად მოპყრობა და მოფერება ცხოველის დასწავლის უნარსაც აუმჯობესებს და სტრესის მართვასაც. კანით კანთან შეხება ჩვილ ბავშვებშიც საგრძნობლად აუმჯობესებს ჯანმრთელობას: რეგულირდება გულისცემა, წონა, ინფექციების მიმართ მედეგობა. როგორც წესი, ნეონატალური ინკუბატორები ისე იყო მოწყობილი, რომ ნაადრევად დაბადებული და სხვა მცირეწონიანი ახალშობილები დამცავ, სტერილურ იზოლაციაში ყოფილიყვნენ, თუმცა დღეს ზოგიერთი ჰოსპიტალი ასეთ ბავშვებთან განსხვავებული პროტოკოლით მოქმედებს, რომელსაც კენგურუს მეთოდს უწოდებენ. ახალშობილს დედის შიშველ მკერდზე აწვენენ – რაც შეიძლება მალე და დიდი ხნით.
დედის მკერდზე მიკრულ ჩვილებს მუდმივი, უშუალო წვდომა აქვთ რძესთან და დედისგან შეუძლიათ დამცავი მიკროორგანიზმების ათვისება. ჰოსპიტლებში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ თუ დედას არ შეუძლია, სხვა ზრდასრულმაც შეიძლება შეასრულოს შემცვლელი კენგურუს როლი. რომანტიკული ჰიპერბოლა არ იქნება იმის თქმა, რომ ფიზიკურ სითბოს და დედის (ან მამის, ან ნებისმიერი ყურადღებიანი ადამიანის) შეხებას ახალშობილისთვის მაცოცხლებელი ძალა აქვს.
შეეხეთ“ – მითხრა ვერონიკა სანტოსმა და საწერი მაგიდის უჯრიდან ოთხი ოთხკუთხედი ფილა ამოიღო – „თვალდახუჭული“.
ეს იყო, რაც ჩემმა თითებმა წამებში მომახსენეს: ოთხივე პლასტმასის იყო. ერთზე ჩაღრმავებები იყო. მეორეზე – ერთი ბორცვი. მრუდები. კუთხეები. ზედაპირიდან ამოწეული, დაახლოებით საფოსტო მარკის ზომის, ოთხკუთხედი.

კანთან უბრალო შეხებითაც კი ნეირონულ ქსელში ისეთი რთული შეტყობინებები იგზავნება, რომ მეცნიერები ახლა იწყებენ მათ იმიტირებას. ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის მკვლევრები მუშაობენ ე.წ. ე-დერმისზე: მრავალშრიან მასალაზე, რომელიც წნევაზე რეაგირებს. ხელის პროთეზზე დამაგრების შემდეგ, ეს მასალა სხვა ზედაპირთან შეხებას გარდაქმნის შეგრძნებად, რომელსაც თავის ტვინი შეხებად აღიქვამს.
მარკ თისენი
ერთი ხელი მაინც თუ გიმუშავებთ, ასეთი ტიპის ცნობებს ყოველდღე მომენტალურად იღებთ კანიდან ტვინის მიმართულებით. ჩანთაში ქექვისას ხელში რომ მოგხვდათ, ის კალამია, რომელსაც ეძებდით? საფულე ისევ შარვლის უკანა ჯიბეში გიდევთ? ახლაც (იმ დაშვებით, რომ ტანსაცმელი გაცვიათ) სცადეთ, აბა – შეეხეთ ქსოვილს – შარვალს, პერანგს, პიჟამას, სულ ერთია, მთავარია, არ შეხედოთ.
იგივე გამაკეთებინა ვერონიკა სანტოსმა, რომელიც ინჟინერია და ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA) ბიომექატრონიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. მან ჩემი კაბის ტექსტურის აღწერა მთხოვა, ისე რომ არ შემეხედა. ალბათ, თქვენც და მეც ერთნაირად მოვიქეცით: ერთი თითი არ ჩაგვისრიალებია, არამედ, ერთი-ორი თითის ბალიშით, ნაზად, წინ და უკან გავუსვით ქსოვილს, ან ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოქცეული ნაჭერი ხახუნით მოვსინჯეთ.
ეს ანატომიამ გვასწავლა და არა კულტურამ; როგორც ადრე ერთი მეცნიერის ნათქვამს მოვკარი ყური, ჩვენ, ადამიანები, „სენსორებით დაფარულ, წარმოუდგენლად კომპლექსურ საბურველში“ ვართ გახვეულნი. კანი ჩვენი უდიდესი ორგანოა. მის შრეებში ასობით ათასი რეცეპტორული უჯრედია, მთელი სხეულის ზედაპირზე არათანაბრად გადანაწილებული და სხვადასხვა საქმეზე სპეციალიზებული. ზოგი ტვინს ტემპერატურის ან ტკივილის შესახებ აწვდის სიგნალებს, ზოგს თითქოს დამაამებელი ფუნქცია აქვს, ზოგი რეცეპტორი, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ მკლავებსა და ზურგშია კონცენტრირებული, მოფერების დროს სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.
ხოლო ზოგი რეცეპტორი ტვინს ისეთ დეტალებზე აწვდის ინფორმაციას, რომლებიც მუდმივად გვაგებინებენ, რას ვეხებით, ვაკეთებთ და ვიყენებთ. მათ ეწოდებათ მექანორეცეპტორები, რომელთა კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია ხელის თითის ბალიშებსა და ხელის გულზე. ისინი ახლაც გემსახურებიან (ისევ და ისევ: თუ ერთ ხელს მაინც იყენებთ). ჟურნალს თითებით ფურცლავთ, არა? გადაკეცეთ ერთი გვერდი. შემდეგ დახუჭული თვალებით ნაკეცს ჩამოუსვით თითი მის ქვემოთ მოქცეული გვერდის გლუვი ზედაპირის ფონზე. თითებით იპოვეთ გვერდის კუთხეები, ყდა, ყუა.

როდესაც ბრენდონ პრესტვუდის მხარში გაყვანილი სადენები კომპიუტერულ სიმულატორს უკავშირდება, მის მკლავში ჩანერგილი ელექტროდები სიგნალებს იღებენ. პრესტვუდს, რომელსაც უბედური შემთხვევის გამო წინამხრის ამპუტაცია დასჭირდა, ახლა ამ ელექტროდებისა და ხელის ექსპერიმენტული პროთეზის წყალობით შეუძლია ხელის შეხება იგრძნოს. პრესტვუდი სადენების გარშემო სპირტიანი ბამბით იწმენდს კანს. ეს სვირინგი პატივს მიაგებს ამნიონური სითხის ინფექციით დაღუპული მისი ორი შვილიდან ერთ-ერთს.
მორჩით? კარგი. ამ დროს ხელსა და ტვინს შორის იმდენი რამ ხდებოდა! წნევის ძალა თითის ბალიშებზე, კანის ჩაზნექვა, თქვენთვის შეუმჩნეველი ვიბრაცია სხვადასხვა ზედაპირზე თითების სრიალის დროს – ყოველი ეს მცირე ცვლილება თქვენს სენსორებიან საბურველზე მისი მექანორეცეპტორების სტიმულაციას იწვევდა. შეხების რეცეპტორებში ოთხი ნაირსახეობაა გამოვლენილი, რომლებსაც თავ-თავიანთი ქვესპეციალობა აქვთ; მაგალითად, ვიბრაციის აღმქმელი მექანორეცეპტორები მაშინ გააქტიურდნენ, როდესაც თითებს ქაღალდსა და ქსოვილზე უსვამდით. ნერვები ამ სიგნალებს კანიდან თავის ტვინს აწვდიან, რომელიც მომენტალურად ახარისხებს და იგებს: გლუვი! სხვანაირი გლუვი! ჯინსის ქსოვილი! ველვეტი!
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტორების შემწეობით არ ხდება. კონტექსტი – სუნი, ხმა, მეხსიერება, სიტუაცია – ყველაფერზე ახდენს გავლენას. „ვიცი, რომ ეს ველვეტია, რადგან ადრე გავიგე, როგორი შეგრძნებაა ველვეტთან შეხება“. ამიტომაა, რომ სხვისი ხელის შეხება ერთ კონტექსტში სასიამოვნოა, მეორეში – აუტანელი. „ჩვენი აღქმა მთლიანად ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეა აგებული“, – მითხრა კეისის უნივერსიტეტის ბიომედიცინის ინჟინერმა დასტინ ტაილერმა. „ეს სისტემა, რომელსაც განვიხილავთ, – ამბობს იგი და გულისხმობს რეცეპტორების, ნერვების და ტვინის ურთიერთქმედებას, – მუდმივად იღებს ინფორმაციას, ინახავს, ახარისხებს, აკავშირებს და გვაყალიბებს იმად, რასაც წარმოვადგენთ. უწყვეტი პროცესია. სწორედ ამ სისტემაში გარკვევას ვცდილობთ“.
ტაილერი ხელმძღვანელობს მრავალპროფილურ გუნდს, რომელიც ბრენდონ პრესტვუდსა და რვა სხვა პაციენტთან მუშაობს; ცხრავეს ერთ-ერთ კიდურში მაინც აქვს დაკარგული შეგრძნება. ტაილერს ერთხელ ვკითხე, კოლეჯში ინჟინერიის ფაკულტეტის დამთავრებიდან სენსორული აღდგენის ექსპერიმენტებში როგორ მოხვდა. თავის გამართულ, ამომწურავ პასუხში აღტაცების გამომხატველი შორისდებულებიც ჩააქსოვა. ელექტროინჟინერია – საოცარი, ნეირონული ქსელებიც – ასევე. ნეირონული ქსელები ხომ ორგანიზმის შინაგან ელექტრობაზე მუშაობს; ნერვებში სიგნალები ელექტრული იმპულსებით გადაიცემა. „თავის ტვინით აღფრთოვანებული ვიყავი, – მითხრა ტაილერმა, – დღესაც სულ მიკვირს, როგორ მუშაობს ეს ჩვენი მანქანა“.

ნეირომეცნიერება და ინჟინერია დიდი ხნის წინ გადაიკვეთა. 1960-70-იან წლებში, მაგალითად, მეცნიერებმა უკვე წარმატებით დაიწყეს ელექტროსტიმულირებისა და ქირურგიულად ჩანერგილი ან კანზე მიმაგრებული ელექტროდების გამოყენება პარალიზებული ადამიანების კუნთების ასამოქმედებლად. ტაილერის ცოლი, ჯოისი, უკვე პენსიაზე გასული, შრომითი თერაპევტია და მისმა პოსტოპერაციულმა მუშაობამ პაციენტებთან, რომლებსაც კიდურების ამპუტაცია ჰქონდათ გაკეთებული, მიაქცევინა ტაილერს ყურადღება ნეიროინჟინერიის XXI საუკუნის გამოწვევაზე: შეხებაზე რას იტყვით? 9/11-ის შემდეგ, ერაყისა და ავღანეთის ომებში დაშავებული ამერიკელი ვეტერანებისთვის პროთეზირების კვლევას დიდი სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდა. მკვლევრების ამოცანა „ბუნებრივთან მიახლოებული“ პროთეზების შემუშავება იყო. შეიძლებოდა, რომ შეგრძნებაც თითქმის ბუნებრივი ყოფილიყო? შეიძლებოდა ჩამონტაჟებული სენსორებისა და სხეულში ჩანერგილი ელექტროდების ერთობლიობით ამპუტირებული კიდურის მქონე ადამიანს აპარატის მეშვეობით ისევე შეეგრძნო შეხება, როგორც სხეულის ცოცხალი ნაწილიდან?
Case Western Reserve-ისა და კიდევ ექვსი სხვა კვლევითი ცენტრის გამოკვლევებზე დაყრდნობით პასუხია – კი. თითქმის. „ყველა ჩვენი კვლევის ობიექტთან ერთი და იგივე სირთულე გვაქვს – ამ შეგრძნების აღწერა“, – მითხრა ტაილერმა. „ყველაზე ხშირად „წიწკნას“ უწოდებენ. ხშირ შემთხვევაში ვერაფერს ადარებენ. ასეთი რამ არასდროს უგრძნიათ“.
ერთმა პაციენტმა ეს შეგრძნება ცივი წყლის წვეთს შეადარა, ან კიდევ დაბუჟების შემდეგ ხელ-ფეხის გამოცოცხლებას. „მე ზოგჯერ ვიყენებ სიტყვა „ბზუილს“, მაგრამ ეგ ცოტა გადაჭარბებულია, – მითხრა პრესტვუდმა, – თითქოს საკერავი ნემსის წვერით მეხებიან, ჩხვლეტის გარეშე“.
ყველა კვლევითი ცენტრი იმპლანტატებისა და პროთეზების თავისებურ კომბინაციებზე ატარებს ცდებს; 64-65-ე გვერდებზე გამოსახული გრაფიკა, რომელიც შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინჟინრის, მაქს ორტის კატალანის კონსულტაციით შეიქმნა, ასახავს ჩალმერსის მეცნიერთა მიერ შემუშავებულ სისტემას. ამოსავალი იდეა შემდეგია: ამპუტაციის შემდეგ პაციენტს – მაგალითად, როგორც პრესტვუდს, რომელმაც მთელი წინამხარი დაკარგა – კიდურის დარჩენილ ნაწილში წაკვეთილი აქვს ნერვები. ამ ნერვებს კვლავ შეუძლია თავის ტვინისთვის სიგნალების გადაცემა, რომელთაც ის ისე აღიქვამს, თითქოს მოკვეთილი კიდურიდან მოდიოდეს; ეს შეიძლება ფანტომური კიდურის შეგრძნების ერთ-ერთი გამომწვევი იყოს.
ახლა მთავარი ამოცანა სასიგნალო მექანიზმის აღდგენაა. ექსპერიმენტულ პროთეზებში ჩამონტაჟებული სენსორები შეძლებენ ზედაპირთან შეხება (მაგ. პროთეზის თითით მაგიდაზე შეხებით) გარდაქმნან ელექტრულ სიგნალებად. მონაცემები იგზავნება კომპიუტერში, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ნერვი უნდა იყოს სტიმულირებული, რომ თავის ტვინმა ადეკვატურ ადგილას აღიქვას შეხება (საჩვენებელი თითი? ცერი? არათითის მეორე სახსარი?). კომპიუტერი პაციენტის სხეულში გაყვანილი სადენების გავლით იმპულსებს მიაწვდის ელექტროდს, რომელიც აღნიშნულ ნერვს მისცემს ბიძგს და შემდეგ ბიოლოგიური ელექტროიმპულსები გაივლის ნერვებში. Voilà: სენსორული ინფორმაცია (იმედია, სწორი) მიემართება თავის ტვინისკენ.
„თუ ეს სხვას დაეხმარება“
მას შემდეგ, რაც ყოფილ მასწავლებელს, ნილ ოლდჰემს, ავთვისებიანი სიმსივნის გამო მარჯვენა წინამხრის ამპუტაცია დასჭირდა, იგი მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევაში ჩართვას დათანხმდა. შეხების შეგრძნების აღდგენის კვლევის ფარგლებში მისთვის ელექტროდები უნდა ჩაენერგათ. „ორივე ხელ-ფეხით სარგებლობის ბედნიერება 70 წელი მქონდა, – ამბობს ოლდჰემი, – თანახმა ვარ საცდელი ცხოველი ვიყო, თუ ეს სხვას დაეხმარება“.
აშშ-ისა და ევროპის ჰოსპიტლებში კვლევაში 25-მდე მოხალისე მონაწილეობს და ეს პროცესი მოთმინებას მოითხოვს: სერიოზული ოპერაცია და მრავალი საათი კვლევით ლაბორატორიებში, სადაც კომპიუტერზე მიერთებულ პაციენტს უამრავ კითხვას უსვამენ. „როგორ გგონიათ, სად გრძნობთ ამას?“ „ახლა სად გრძნობთ?“ ამ დამღალავი პროცესის მიუხედავად, პრესტვუდიც და სხვებიც მეუბნებოდნენ, კვლევაში იმისთვის მონაწილეობენ, რომ მეცნიერებს შეუწყონ ხელი იმის დადგენაში, ექნებათ თუ არა პაციენტებს ოდესმე ბუნებრივთან მიახლოებული კიდური შესაბამისი შეგრძნების უნარით.
„მინდოდა კეთილი საქმე გამეკეთებინა“, – მითხრა იუტაში მცხოვრებმა უძრავი ქონების აგენტმა კევინ უოლგამოტმა, რომელმაც მარჯვენა მკლავისა და ფეხის ნაწილები დაკარგა 20 წლის წინ და 2016 წლიდან წელიწადზე მეტი ხანი გაატარა იუტის უნივერსიტეტის კვლევის მოხალისედ. ლაბორატორიაში მას დაუმაგრეს სენსორებიანი პროთეზი სახელწოდებით LUKE. ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც Life Under Kinetic Evolution, თუმცა „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟსაც უკავშირდება – ლუკ სკაიუოკერს, ჯედაის, რომელიც დართ-ვეიდერთან ორთაბრძოლაში ხელს კარგავს. მომდევნო სერიაში ლუკს უკვე სრულფასოვანი პროთეზიც აქვს, თანაც შეგრძნების უნარის მქონე. ინტერნეტში რომ მოიძიოთ „Walgamott eggs“ ან „Walgamott grapes“, ნახავთ LUKE-ით აღჭურვილ უოლგამოტს ლაბორატორიაში, რომელიც ისეთ მოქმედებებს ასრულებს, რომლებიც გამორიცხულია შეგრძნების არმქონე ხელმა გააკეთოს.

უმ კვერცხს საჭირო სისათუთით იღებს და თასში დებს ნაზად. ყურძნის მტევანი ბუნებრივ ხელში უჭირავს და პროთეზის თითებით თითო ლებანს წყვეტს, ისე რომ არ სრესს. სხვა კვლევითი ცენტრების ვიდეოებიც მსგავს წარმატებებს ასახავს: კეისის უნივერსიტეტში თვალახვეული პაციენტი სენსორებიანი პროთეზის თითებით ყუნწს აცლის ალუბლებს; შვედეთში, ჩალმერსის პაციენტი საკუთარ გარაჟში ხელსაწყოებს იყენებს ორივე – თავისი ნამდვილი ხელით და ხელის პროთეზით.
მაგრამ რაც ყველაზე მეტად სურდათ კვლევაში მონაწილე მოხალისეებს – რა შეგრძნებაზეც ოცნებობდნენ – ეს იყო ადამიანის კანთან შეხება. „გაოცებული ვიყავი, რამდენ მათგანს უნდოდა უბრალოდ ვინმესთან კავშირი შეეგრძნო, – მითხრა ტაილერმა, – ფუნქციური დატვირთვის გარეშე. უბრალოდ, „მინდა ჩემს ცოლს ჩავკიდო ხელი“.
ერთხელ პრესტვუდს ვკითხე – და თან მოვუბოდიშე უხეში კითხვისთვის – რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ემის თითების შემოხვევა ეგრძნო დაკარგულ მარცხენა ხელზე, როდესაც საღი მარჯვენა ხელი ისედაც ჰქონდა. ეს კითხვა შეურაცხყოფად არ მიუღია. მითხრა, რომ რთული ასახსნელი იყო. ბოლოს მიპასუხა, რომ ამით თავს „გამთელებულად“ გრძნობდა. „ექვსი წელი არ შემეძლო მარცხენა ხელი ჩამეკიდა ჩემი ცოლისთვის და ახლა უკვე შევძელი. ეს ის ემოციაა, რომელიც ყველა ტიპის შეხებას თან ახლავს. ეს… მთლიანობის განცდაა“.

ტაილერისთვის ეს ერთდროულად გულისამაჩუყებელიც იყო, ღრმაც და დამაინტრიგებელიც. რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის შეხების შეგრძნებით გამოწვეული სიხარული, როდესაც ეს შეგრძნება ნემსის წვერით შეხებას ჰგავს? და თუ შესაბამის გარემოებებში, გარკვეული ტიპის „დენის დარტყმა“ თავის ტვინის ქერქში ადამიანის თითების შემოხვევად აღიქმება, როგორ შეიძლება ამის გამოყენება ერთმანეთისგან შორს მყოფი ადამიანების შემთხვევაში? „ღმერო ჩემო! წარმოიდგინეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ – მითხრა ტაილერმა. „ეს ხომ პროთეზირებას სცდება“.
და აი, მივადექით ვერონიკა სანტოსს და მის რობოტებით სავსე ლაბორატორიას ლოს-ანჯელესში. „ბიომექატრონიკა“ პრინციპში ისაა, რასაც სიტყვა გვეუბნება: ბიოლოგიისა და მექანიკის შერწყმა, სანტოსი კი რობოტი-ხელებისთვის სენსორების შემუშავების სპეციალისტია. მისი ძირითადი საქმიანობა ისეთი რობოტების დამზადებას გულისხმობს, რომლებიც სამედიცინო სფეროში ან იმ გარემოში გამოიყენება, სადაც ადამიანის მუშაობა სახიფათოა – მაგალითად, ოკეანის სიღრმეში, თუმცა სამი წლის წინ მან ტაილერთან დაიწყო თანამშრომლობა ექსპერიმენტების სერიაზე, რომლის სახელწოდებაზე ჯერაც ვერ ჩამოყალიბდნენ: „დისტანციური შეხება“, „შეხების დისტრიბუცია“. წარმოიდგინეთ: ერთი ადამიანი ლოს-ანჯელესშია, ერთიც – კლივლენდში. UCLA-სა და Case Western Reserve-ს შორის არსებულ 3000-კილომეტრიან დისტანციაზე ისინი ერთმანეთისათვის ხელის ჩამორთმევას ცდილობენ.
ამ საქმეში რობოტია ჩარეული და ახლავე აგიხსნით, როგორ: სანტოსმა და ტაილერმა გადაწყვიტეს, კლივლენდში რობოტთან მე დავეკავშირებინე. მეცნიერები და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები ასეთ შესაძლებლობას ათწლეულები განიხილავდნენ: ერთ ადგილას მყოფი ადამიანი როგორ ამყარებს თითქოს ფიზიკურ კონტაქტს სხვაგან მყოფ ადამიანთან ან საგანთან. ეს თქვენც გექნებათ გამოცდილი, ოდესმე მობილური ტელეფონის ვიბრაცია თუ გიგრძნიათ – ეს უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით, სხვა ადგილიდან ამოქმედებული მინიატურული ძრავის მიერ თქვენს კანზე მექანორეცეპტორების აგზნების მაგალითია.

ინჟინერიაში ამას უწოდებენ „ჰაპტიკას“ – ბერძნული სიტყვიდან haptikos, რაც შეხების შეგრძნებასთან დაკავშირებულს ნიშნავს. ნებისმიერ ტექნოლოგიას, რომელიც შეხების შეგრძნების პროვოცირებისთვისაა შექმნილი, ჰაპტიკურს უწოდებენ. შეგიძლიათ ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეებთან ერთად, შესაბამისი ხელთათმანებიც შეიძინოთ, რომ ვირტუალური ნივთები შეხების დროს ხელის გულებით და თითებითაც შეიგრძნოთ. ე.წ. „გეიმერები“ – კომპიუტერული თამაშების მოყვარულები ასეთი ხელთათმანების ყველაზე დიდ სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენენ. ხელთათმანები ასევე გამოიყენება VR საწვრთნელი აპარატების – მაგალითად, ფრენის სიმულაციების – უფრო რეალისტური ვერსიების შესაქმნელად.
ადამიანის ბუნებრივი შეხების სიმფონიამდე ტექნოლოგია ჯერ კიდევ ახლოსაც ვერ მოვა. „სიმფონია“ ჩემი მეტაფორა არ გეგონოთ; სამი სხვადასხვა მეცნიერისგან მოვისმინე, რომლებიც ცდილობდნენ, სათანადოდ დამეფასებინა შეგრძნებების ორკესტრირებული კოორდინაცია – ის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ, მარტივ მოცემულობად აღვიქვამთ. „მე ჯერაც ვცდილობ, ჩემ ხელთ არსებული საოცარი საინჟინრო მასალებით პრიმიტიულად მაინც გავიმეორო ის, რაც, მაგალითად, ჩემს ძმისშვილს 9 თვის წინ, დაბადებიდანვე ჰქონდა“, – მითხრა სანტოსმა.
რვა შტატს იქით, როდესაც სანტოსის თითებთან შესახებად ვემზადებოდი, პირდაპირი ჩართვის დროს, VR-სათვალეში მის სამგანზომილებიან გამოსახულებას მოვკარი თვალი. უცებ გაუჩინარდა და შემდეგ – რას ვხედავ? – იატაკის ფილებს. საწერი მაგიდის ფეხს და ადამიანის ორ ფეხს – უი, სანტოსის ფეხები ყოფილა. სათვალეებით ზემოთ ავიხედე. „გამარჯობა“ – გაისმა სანტოსის ხმაც.
ის ბორბლებიან რობოტს მიესალმა, რომელიც UCLA-ს ლაბორატორიის ავეჯს შორის ბოდიალის შემდეგ, როგორც იქნა, შეჩერდა და თავისი ვიდეოკამერა სანტოსისაკენ მიმართა. მკვლევრების ჟარგონი რომ გამოვიყენო, იმ რობოტის „განსხეულება“ მე ვიყავი, მისი თვალებით ვხედავდი, მისი მიკროფონით მესმოდა, ის კი მთვრალივით იმიტომ დაბარბაცებდა, რომ კლივლენდში მყოფი მავანი არაკომპეტენტურად მართავდა მას. დრონების ეპოქაში ამ მხრივ განსაკუთრებული აქ არაფერია; ინოვაციური ნაწილი იყო ჩემი საკუთარი მარჯვენა ხელი, რომელიც – კვლავ ის ჟარგონი რომ გამოვიყენოთ – ხორცს ასხამდა გორგოლაჭებიანი ლოს-ანჯელესელი რობოტის მეტალისა და პლასტმასის ხელს. ხელთათმანი მეცვა და ხელის გულსა და საჩვენებელ თითზე დამაგრებული მქონდა მეტალის ორი დისკო, რომლებიც სადენებით უერთდებოდა ლაბორატორიის კომპიუტერს, ის კი ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირებული იყო ტაქტილური სენსორებით აღჭურვილი რობოტის ხელის თითებთან. როდესაც რობოტი ნებისმიერ ზედაპირს შეეხებოდა, მისი სენსორები ტვინს – კომპიუტერს – უგზავნიდნენ იმპულსებს. ის იმპულსები მთელი ქვეყნის გავლით, კლივლენდის ლაბორატორიის სადენებს უკავშირდებოდა და იქიდან უკვე ჩემს ხელზე დამაგრებულ დისკოებამდე მოდიოდა, გადასცემდა კანს, ნერვებს და აღწევდა ჩემი თავის ტვინის სომატოსენსორულ ქერქში.

ბზუილი, როგორც პრესტვუდი ამბობდა, მაგრამ უფრო სუსტი. ნემსის წვერი. ეს სიტყვები ნამდვილად შეეფერებოდა – დამატებით, წნევაც ვიგრძენი თითებზე, როდესაც მე – ანუ რობოტმა – სანტოსის მაგიდაზე მდგარ პლასტმასის ღვინის ჭიქას მოვუჭირე ხელი. ექსპერიმენტი მოიაზრებდა, რომ ერთმანეთისგან შორს მყოფი ორი ადამიანი საქმიან შეთანხმებას აღნიშნავდა ღვინის ჭიქების მიჭახუნებითა და ხელის ჩამორთმევით. სადღეგრძელოს ნაწილში ჩავიჭერი; ჩემს რობოტ-ვერსიას ჭიქა გამუდმებით უვარდებოდა ხელიდან. თუმცა ის მკვლევარი – კეისის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ლუის მესიასი – რომლის ადგილიც მე დავიკავე დროებით, გაცილებით მარჯვე იყო. მან ისე ოსტატურად ისწავლა თავისი ხელთათმანიანი ხელით მანევრირება, რომ შეეძლო ლოს-ანჯელესში ღვინის ჭიქის ფეხზე მოეკიდა ხელი და კოლეგისთვის ჭიქაზე მიეჭახუნებინა. მიჭახუნების მომენტსაც გრძნობდა კლივლენდში.
სანტოსის ლაბორატორიის რობოტის ხორცშესხმას – მესიასს – დისტანციურად გაუფცქვნია ბანანი, კბილის პასტა ზუსტად გამოუდენია ტუბიდან ჯაგრისზე. კვლევას საკმარისი დრო რომ დავუთმოთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მომავალი, რომელშიც შეხება ისევე ცხადად გადაიცემა, როგორც ახლა მხედველობა და ხმა. ყველაფერი შესაძლებელი იქნება დისტანციურად: მუშაობა, მოგზაურობა, საყიდლებზე სიარული, ოჯახური შეკრებები. ნუგეშისცემა. სქესობრივი სიახლოვე. სამედიცინო მომსახურება, რომელიც სპეციალისტის შეხებას მოითხოვს. იქნებ, მეტავერსში – ჯერ კიდევ განუხორციელებელ ვირტუალური შეკრების ადგილას, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკიდან პირდაპირ კორპორაციულ ბიზნესმოდელებში გადმოხტა – შესაძლებელი იყოს რეალურ სხეულზე ხელთათმანის, კოსტიუმის ან სხვა რამის ჩაცმამ ჩვენი ტვინი დაარწმუნოს, რომ რეალურად ვეხებით ვირტუალურ ადამიანებს, ვირტუალურ ცხოველებს, ვირტუალურ ნივთებს.

მარგარეტ მალარნი 14 წლის სპორტსმენი იყო, სანამ 2020 წელს ლიმფომის მკურნალობას ჩაუტარებდნენ. მას შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რომელმაც, თითქოს, თავის ტვინი სრულად დაუზიანა. მშობლები უკვე მის დასატირებლად ემზადებოდნენ. როდესაც ერთხელ მის გვერდით მწოლიარე დედა, ქეითი ჩაეხუტა, მარგარეტმა საკუთარი სახელი წარმოთქვა. ახლა მარგარეტი ფიზიკურ რეაბილიტაციას გადის დიდი სიყვარულით და უამრავი შეხებით. „ამან მასთან კომუნიკაციის საშუალება მოგვცა“, – ამბობს ქეითი, რომელსაც ვარჯიშის დროს შვილის ხელები უჭირავს; ინსტრუქტორი პოლი მანკი კი მხრებს უჭერს ზურგში გადახრილ მარგარეტს.
იქნებ. დიდი ხანი ვფიქრობდი ბრენდონ და ემი პრესტვუდებზე, ჩემს ქალიშვილთან ცელოფნის ბარიერით ჩახუტების დროს მისი მკლავების სიმკვრივესა და იმაზე, თუ როგორ შეუძლია გონებას ამბავი და გარემო შეაზავოს ადამიანის ნერვებში მიმდინარე იმპულსებთან.
ორი წლის წინ, პანდემიური „ლოკდაუნის“ ადრეულ კვირებში, ერთმა პასტორმა მიამბო „ზუმში“ პირველად ჩატარებული საკვირაო ღვთისმსახურების შესახებ. რაც ყველაზე ძლიერ დააკლდა მის მრევლს, იყო რიტუალი, რომლის დროსაც გვერდიგვერდ მჯდომი ადამიანები ერთმანეთს ხელს ართმევენ და მშვიდობას უსურვებენ. ერთმანეთთან და ღმერთთან სიახლოვის განცდის მიმნიჭებელი ამ ორწამიანი შეხების ბიოლოგიური ქვეტექსტი იმ დროს არც ერთს არ მოგვსვლია აზრად.
შევესწარი, როგორ მიმართავდა ბრენდონ პრესტვუდი მეცნიერთა აუდიტორიას, მითხრა, რომ მაინც სულ ნერვიულობს სიტყვით გამოსვლის დროს, თუმცა ისწავლა – უბრალოდ, მის თავს გადახდენილ ამბავს ყვება და როცა ემის ხელის ჩაკიდების მომენტამდე მიდის, იცის, ყველა წამოიმართება სკამზე.
„ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, მაგალითად მოვიყვანე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში ან სადმეა ერთი წლით გაგზავნილი“, – პრესტვუდთან ერთ-ერთი უკანასკნელი საუბრისას მითხრა მან. ალბათ ხვდებით, რომ ეს ჰიპოთეზური ჯარისკაცი იყო და პრესტვუდს უბრალოდ მაგალითად მოჰყავდა, სადამდე მივიდოდა ეს ექსპერიმენტი. „წასვლამდე მისი ცოლი დაფეხმძიმდა; ახალშობილი ქალიშვილი მამას არ უნახავს, მაგრამ ეს სისტემა საშუალებას აძლევს ხელით შეეხოს. ან, მაგალითად, ერთი ბიზნესმენი, რომელიც ექვსი თვეა შინ არ ყოფილა. National Geographic-ის ფოტოგრაფი, რომელიც კოტ-დ’ივუარში მიემგზავრება“. მან ლინ ჯონსონი იგულისხმა, რომლის ფოტოებიც ახლავს ამ სტატიას და რომელმაც პრესტვუდებთან სახლში გარკვეული დრო გაატარა. მას აფრიკაში მივლინების ამბავი უხსენებია და პრესტვუდმაც წარმოიდგინა, რომ ლინ ჯონსონს მომავალში სამგზავრო ბარგში შეიძლებოდა საცალო გაყიდვაში არსებული ნერვების მასტიმულირებელი ელექტროდები და ტაქტილური სენსორებიც ჰქონოდა – ზუსტად ისეთი, როგორიც მის დაქვრივებულ მამას ექნებოდა შინ, არიზონაში. და როგორც პრესტვუდმა თქვა, „ეს მხოლოდ იმისათვის, რომ ერთმანეთი შეხებით გაემხნევებინათ“.
სინთია გორნი ჩვენი ჟურნალის ხშირი ავტორია. მისი ესეი იანვრის გამოცემაში გამოქვეყნდა. ლინ ჯონსონი დიდი ხანია თანამშრომლობს ჟურნალთან და მისი გადაღებულია 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცვლილებებისათვის მებრძოლ ქალთა ფოტოები.