
შიგნიდან დანახული სტიქია
ბეჟანმა ჩვეული სიმშვიდით გადახსნა თოფი, შპრიცი ჩადო, დაკეტა და ნაცრისფერი ობიექტი მიზანში ამოიღო. სული შეგვეგუბა. წამები უსასრულოდ გაიჭიმა. ჩახმახი დასხლტა, გაისმა ტკაცანი და ვარდისფერი პომპონი ჰიპოპოტამის ყურის ძირთან, კისერში ჩაჯდა
რუბრიკა: ელ. სტატიები
Yes!“, – დაიყვირა ვიღაცამ. ეს ბეჟოს მიერ ჩატარებული მორიგი “მასტერკლასი” იყო. უკვე გათენდა. ფაილის მონაცემებში, გოგიტა ბუხაიძის გადაღებულ ამ კადრზე, დილის 6 საათი და 01 წუთია დაფიქსირებული.
რამდენიმე საათით ადრე, სავარაუდოდ, დილის 3 საათზე, ჰიპოპოტამს რამდენჯერმე ესროლეს საიმობილიზაციო პრეპარატი, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, შპრიცი ისხლიტებოდა. „მგონი დავიღუპეთ, – მითხრა ზურამ – თუ ბეჟო დროზე ვერ ჩამოგვისწრებს, ბეგის მომიკლავენ!“ 25 წლის განმავლობაში პირველად დავინახე მის სახეზე ცრემლი. საზარლად მეჩვენა „მომიკლავენ!“ კი არ „მოკლავენ“, „მომიკლავენ!“ ხელის კანკალით ავკრიფე ბეჟოს ნომერი. ტელეფონში წყნარი ხმა გაისმა – „ნუ ღელავთ, აწყვეტილი მოვდივარ, მალე მანდ ვარ!“
უფრო ადრე, დაახლოებით 2:30-ზე ზოოპარკიდან გამოვარდნილმა ზურამ მომაძახა – „ნაკრესის“ თოფი და დამაძინებელი წამლები გვჭირდება, ჩვენ მალე ყველაფერი გამოგველევა. ლევან, შიგნით საშინელება ხდება!“. ზოოპარკში ატეხილი სროლის ფონზე ისტერიკულად დავიწყე რეკვა. ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის, „ნაკრესის” თანამშრომელი და საველე ბიოლოგი, რომელიც ორი ათეული წელია ველურ ბუნებას სწავლობს და „ნაკრესის” საველე პროექტებს ხელმძღვანელობს, იმ დღეებში ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. „ნაკრესმა“ დათვების მონიტორინგის პროექტი დაიწყო. ამიტომ, საიმობილიზაციო პრეპარატები და სპეციალიზირებული თოფი, ცხადია, თან წაიღო. სულ დაკავებაა. ნერვები დაგლეჯაზე გვაქვს. უცებ, თავად რეკავს – „რა ხდება თბილისში? რაღაც უცნაური ამბები მომდის და ტრადიციული თბილისური ჭორებია?“. პასუხის შემდეგ, ისევ მშვიდი ხმა – „მოვდივარ! ორი საათი მაცალეთ! გადაეფარეთ თუ საჭიროა, არ მოაკვლევინოთ!“ არგუმენტმა გაჭრა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ორი საათი მოგვცა. დაიწყო ორი უმძიმესი საათის ათვლა. ისევ ტერიტორიაზე შევვარდით. მგელი, რომელიც იმობილიზებული და გაკოჭილი დავტოვეთ, ღობესთან მოკლული დაგვხვდა. პერიოდულად ისმის სროლა. მგონია, რომ ყველა ტყვია სხეულში გამდის. შლამში ძლივს მივაბოტებ. უცებ ჯიხვების ვოლიერში მოკლულ თეთრ ვეფხვს ვაწყდები. „ვერაფერს ვიზამდი გენაცვალე, – მეუბნება სპეცრაზმელი – შემომიტია“. ამ დრამატულ წუთებში მისი ხმა ძალიან წრფელად ჟღერდა. არაფერი მიკითხავს, შემომხედა და მიხვდა რომ უნდა ეპასუხა. მეც მივხვდი, რომ არანაირი საფუძველი არ მქონდა არ დამეჯერებინა. არადა, რა გინდა ქნა? სიბნელე, ყველა კომუნიკაცია გათიშული, ცხოველები კი გარეთ!
„ხომ გთხოვთ, ნუ ისვრით შიგნით. დაფრთხებიან და ყველა ზოოპარკიდან გამოვარდება, გარეთ ხალხს რას უშვრებით?!“ – მესმის ზურას ყვირილი სადღაც შორიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ხმა ადრესატამდე ვერ აღწევს.
მინდა ქრონოლოგიას მივყვე და დაახლოებითი საათების მიხედვით გავიხსენო თავად რისი მომსწრე გავხდი იმ საშინელ დღეებში. ამას ზურას მონაყოლი დავამატო და მოგიყვეთ იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც ჩუმად აკეთებდა საქმეს, როცა თბილისი თავზე გვექცეოდა. იმ ათასობით მოქალაქეზე, ვინც ზოოპარკის თანამშრომლებსა და ცხოველებს მხარში ედგა და უდგას. ასევე მინდა გაგახსენოთ რა ხანმოკლე აღმოჩნდა სოლიდარობა და მინდა პასუხი ვიპოვო კითხვაზე – რა რჯით შეუმდგარ კომედიანტებსა და სულით პატარა ადამიანებს, როდესაც სოლიდარობის ამ მუხტის განეიტრალებას ცდილობენ და მოქალაქეებს იყოლიებენ ჭორის მოგონებასა და გავრცელებაში. მინდა პასუხი გავცე კითხვას – ნეტავ, რაიმე თუ აკლდება მათ ცხოვრებას ამდენი ბოროტების კეთებით?
.jpg)
13 ივნისი, სავარაუდო დრო: ღამის 10:30
ფილმი ალბათ, სადღაც, 11-ზე დასრულდებოდა. ზურა გურიელიძეს, ზოოპარკის დირექტორსა და მის მეუღლეს, ნათია კოპალიანს, რომელიც ასევე ზოოლოგია და ილიას უნივერსიტეტში მუშაობს, 10 წუთი თუ დასჭირდებოდათ კინოთეატრიდან ტაატით გამოსასვლელად. წვიმას უკვე გადაეღო და ასფალტი შრებოდა. ამ დროს გაისმა ზარი და ზოოპარკის მორიგე თანამშრომელმა, სავარაუდოდ, 11:10-11:20 პერიოდში დაურეკა ზურას და უთხრა, გარეული ღორის გოჭების სათავსი წვიმამ დაასველა, იქნებ გზად შემოიარო საკვების გადალაგებაში მომეხმარო, არ გაფუჭდესო. კიდევ ათი წუთი მანქანით კინოთეატრიდან ზოოპარკამდე… ღამის 11:30-ზე უკვე ზოოპარკში იქნებოდნენ.
13 ივნისი, სავარაუდო დრო: ღამის 11:30
გოჭებს მიხედეს და ზურამ ზოოპარკის გასასვლელისკენ აიღო გეზი. მანქანა მტაცებლების ძველი განყოფილების (რომელიც ახალი მაგისტრალის მიპირდაპირედაა) წინ ასფალტიან გზაზე გაიყვანა და ამ გზის შუაში გარეთ გამოსული წერო დაინახა. გაოცებულმა მანქანა გააჩერა და წეროს გამოეკიდა. ფრინველი არ გაძალიანებულა. საბარგულში ჩასვა და მექანიკურად უკან მოიხედა. „თვალებს ვერ დავუჯერე, – მიყვება ზურა – ფილმებში რომ გვინახავს, ზუსტად ის იყო! ჩვენკენ ნამდვილი ცუნამი მოდიოდა! საჩქაროდ ჩავხტი მანქანაში, მაგრამ წყალი ისეთი სისწრაფით და სიძლიერით მოვარდა, რომ კარი ვერ დავკეტე. რაღაც მომენტში წყალი კიდევ გაძლიერდა და მანქანის კარი მოგლიჯა“. უკუსვლისას, გამოსასვლელისკენ მთელი სისწრაფით გაქანებული მანქანა „ძველი ვოლიერების” გზაზე სადღაც შუაში ჩაქრა, რადგან წყალმა მისი დაფარვა დაიწყო. მძღოლის მხარეს კარი მოგლეჯილი იყო. მგზავრის მხარეს კარის გაღებას აზრი არ ჰქონდა და ნათია მძღოლის კარიდან გადმოძვრა. წყალი უკვე მკერდამდე აღწევდა და ისე აწვებოდათ, რომ შეეძლო ცოლ-ქმარი გაეტაცა. მოეჭიდნენ ვოლიერის გისოსებს და რის ვაი-ვაგლახით შეეცადნენ მტაცებლების განყოფილების ბოლოსკენ გასვლას, სადაც გულიკო და დანარჩენები ეგულებოდათ. ბოლო ვოლიერთან (სადაც რამდენიმე დათვი იჯდა) სტიქიასთან ჭიდილს და წინსვლას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან წყალი უკვე ახრჩობდათ. „საოცრებაში მოვხვდით, გარშემო მანქანები და უზარმაზარი მორები ცურავდნენ. ვიცოდი, რომ წყალი თუ არა, ესენი მოგვიღებდნენ ბოლოს“ – იხსენებს ზურა. პირველი ვოლიერის გვერდზე რაღაც შემაღლება იგრძნო და გისოსებს ჩამოკიდებულმა ნათია ამოათრია. წინ გაუშვა და ოდნავ შემაღლებაზე შეახტუნა. ახლა წყალი მუხლებზე ურტყამდა, მაგრამ ჯიუტად და სწრაფად მაღლა მოიწევდა. „ისევ მკერდამდე მოგვწვდა. ამ დროს ნათია კედელზე პატარა ფანჯარას გაუსწორდა, იმარჯვა და ხელით შეამტვრია” – ამბობს ზურა. ეს იმ დერეფნის ფანჯარა იყო, სადაც მომვლელების ოთახებია. „ზურა, დერეფანში სულ წყალია, ფანჯრამდე წყალია!“ – ყვიროდა ნათია. იქ უკვე გაცხადდა, რომ თუ გულიკომ, მისმა მეუღლემ და მესამე თანამშრომელმა სტიქიამდე რამდენიმე წამით ადრე ვერ გაასწრეს, მაშინ ისინი უკვე შლამით იქნებოდნენ დაფარული. როგორღაც მოახერხეს ფანჯრის რაფაზე ფეხის დადგმა და მაღლა აიწიეს, სადაც ბაქნისმაგვარი სიბრტყე დახვდათ და გასწორდნენ. წყალი ისევ წარმოუდგენელი სისწრაფით მატულობდა. ზურამ მეუღლის მხრებზე შესმა მოახერხა და გალიების უკან, თავად მტაცებლების განყოფილების შენობის მყარ სახურავზე შეაგდო. თავადაც მიჰყვა. წყალი არ ისვენებდა და ისევ დაიწყო მათი სწრაფი დაფარვა. ბოლო ძალისხმევა და შენობის სახურავზე გაკეთებულ ვიწრო ე.წ. „პარაპეტზე“ შეხტნენ. მათ ქვემოთ გალიები სულ დაიფარა და გალიის სახურავსა და პარაპეტს შორის ორ მეტრამდე სიმაღლეც ამოავსო.
„ვიფიქრე, აქაც თუ მოგვწვდა, მაშინ ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. გარშემო უკუნი სიბნელე იყო. ელექტროსისტემა უკვე მწყობრიდან გამოვიდა. ვერაფერს ვხედავდით გარშემო მოვარდნილი წყლის გარდა. მესმოდა ვიღაცის ყვირილი, რომელიც, როგორც ჩანს ხეზე იჯდა – „დათვებია გარეთ! დათვები!“. მივხვდი, რომ არა ეს დახურული, არამედ, ქვემოთ, ღია ვოლიერები აავსო წყალმა და იქ მყოფი დათვები გამოვიდნენ”, – ჩუმი ხმით ამატებს ზურა. შემდეგ ყვებოდა, რომ იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერა რომ ნათია გადარჩა, მოეშვა და ცახცახმა აიტანა. თუმცა მაშინვე თავი ხელში აიყვანა და ცოლ-ქმარმა თავგანწირული ყვირილი დაიწყო – მტაცებლების განყოფილებაში ხომ ადამიანები იმყოფებოდნენ! ათასობით ტონა წყალს უკვე სრულად დაეფარა შენობები და ცოლ-ქმარი ამ პატარა „კუნძულ-პარაპეტზე“ კოჭებამდე წყალში იდგა. „თუ კიდევ მოვიდა, უნდა გავცუროთ“ – მაგრამ როგორ გინდა გაცურო, როდესაც სტიქია უზარმაზარ მორებს ასანთის ღერებივით ათამაშებს და მანქანებს მოაქანებს? ქვემოთ რვა მეტრის სიღრმის ბობოქარი წყალია. ფეხები აღარ ემორჩილებოდათ. დრო გადიოდა. დაახლოებით ორი საათი იდგნენ ვოლიერის ვიწრო შემაღლებაზე. ზოოპარკში კი უკვე ბათქა-ბუთქი ატყდა.
.jpg)
„ვხვდებოდი, გარეთ გამოსული ცხოველების ლიკვიდაციის ოპერაცია დაიწყო. მეტი ღრიალი – „ნუ ისვრით, მოგვეშველეთ, ჩვენ მივხედავთ როგორმე“ – აღარ შეგვეძლო. ორივეს ხმა წაგვერთვა. ყველაზე საშინელი უსუსურობის განცდაა. უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი ბავშვის გარდა”, – სევდიანად ამატებს ზურა. უცებ, როგორც ზღაპარში, ადამიანის ყვირილი მოესმათ. „გადავრჩით!“ დაუყვირა ნათიას. ეს ზოოპარკის თანამშრომელი კოტე ფხაკაძე იყო – „კოტემ და რამდენიმე მაშველმა გადაგვარჩინა! მას უნდა ვუმადლოდე გადარჩენას!“ – ამბობს ზურა.
14 ივნისი, სავარაუდო დრო: დილის 1:30
როდესაც ზურა და ნათია ნავით გამოიყვანეს. მე უკვე ზოოპარკის შესასვლელთან ვიყავი. ჩანდა, სტაციონარში გადაყვანა კი არა, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მცდელობაც კი, ნერვებს უშლიდა. ცოტა ხნით თვალთახედვიდან დავკარგე, თუმცა, მალე ისევ გამოჩნდა. გადიოდა დრო. ზოოპარკის ტერიტორიაზე არ გვიშვებდნენ. ორი კორდონი იყო. ერთი ზევით, 26 მაისის მოედანზე, სადაც მოქალაქეებს აკავებდნენ და მეორე, ქვევით, ტელევიზიასთან, სადაც მხოლოდ ჟურნალისტებს მისცეს ყოფნის უფლება. სადღაც 2:30-ზე ზურა ისევ გამოვარდა ზოოპარკიდან და „ნაკრესის” საიმობილიზაციო თოფი მოითხოვა.
ამ ქაოსში ყველაზე მშვიდად ბეჰემოთი ბეგი იყო. მისთვის ბუნებრივ გარემოში, წყალსა და შლამში ბედნიერად დააბოტებდა; დაიღლებოდა და წამოწვებოდა. წამოდგებოდა და სადაც რამე გადარჩენილ სიმწვანეს ნახულობდა, გზად მიახრამუნებდა. ხან ხიდის ქვეშ ამოყოფდა თავს და ხან გმირთა მოედნის მემორიალთან ჩაიკუნტრუშებდა. დისნეის ცნობილი მულტფილმის გმირ ბეჰემოთს ჰგავდა იმ წუთებში. უცებ გამიელვა – რა ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გოჭივით სიმპათიური, მოტანტალე, კოტიტაფეხება კუპატი, ყველაზე აგრესიული ცხოველია აფრიკაში, რომელიც, სარწმუნო სტატისტიკით, ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. ზოოპარკის თანამშრომლები ბეგისთან შორიახლოს იდგნენ. „ბიჭებო, ხომ იცით, ძალიან საშიშია“ – ვცადე დარიგება. „ჩვენ რა, ეს ჩვენი საქმეა. მთავარია, ხალხისკენ არ გაიქცეს. თუ ასე მოხდა ჩვენ შევაჩერებთ!“ შევხედე ამ თანამშრომელს (ზუსტად არ მახსოვს, მგონი გია გიორგაძე იყო) და მწარედ გამეცინა. გიას გარდა იქვე ზოოპარკის სასახელო ვეტერინარები იდგნენ: ირაკლი რობაქიძე, ვანო დარასელია და ვანო მარხვაშვილი. გიასა და ამ ბიჭების თვალებში თავგანწირვის ნაპერწკალი ენთო. ცხადია, თუ დაიძრა ვერავინ შევაჩერებდით და ეს მათაც კარგად ესმოდათ. ზუსტად ვიცოდი, ნადირი თუ გაშმაგდა, ყველანი ხახაში შეუხტებოდნენ, არა იმიტომ, რომ გმირობის ჩადენა მოუნდებოდათ, უბრალოდ, სხვა მოცემულობაში ამ ადამიანებს ცხოვრება არ შეუძლიათ! მუცელში უსიამოვნო ტალღებმა დამიარა… ირაკლი, გია და ორივე ვანო, ისევე როგორც ზოოპარკის ყველა თანამშრომელი, მომავალ უმძიმეს დღეებში ისევ იტყვიან თავიანთ გმირულ სათქმელს. ქვეყანა ასეთი ადამიანების მხრებზე დგას!
14 ივნისი, სავარაუდო დრო: დილის 5:45
უცებ, მეორე კორდონი გაირღვა და აქოშინებული ბეჟანი შემოიჭრა. ჩვეულებისამებრ წარბები შეკრა, გარემოს თვალი მოავლო და წამში დადო დასკვნა: უნდა ვესროლო ამ წერტილიდან, ნახევარი დოზა საიმობილიზაციო, რომ ბოლომდე არ პარალიზდეს, თორემ ვერ ავწევთ. როცა გაბრუვდება და კარგ ხასიათზე დადგება, წკეპლებით უნდა გამოვრეკოთ, როგორც ძროხა. არავითარ შემთხვევაში თავთან არ უნდა დავუდგეთ! თუ გამოფხიზლდა და მოგვიბრუნდა, ყრით წკეპლებს და გარბიხართ. ოღონდ თავქუდმოგლეჯილები გარბიხართ! არაა მიჩვეული ამდენ სიარულს და ვერ დაგეწევათ. ისევ ეს უცნაური – „ვერ დაგეწევათ!“ წარმოვიდგინე მე და ბეჟანს შორის დიალოგი: „შენ არ გაიქცევი?“ „მე ადგილზე ვრჩები. მეორე დოზას ვესვრი, რომ დავაწვინო“. ცხადია, ეს დიალოგი ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ ვიცი, რომ მეკითხა ზუსტად ასე მიპასუხებდა. ბოლო-ბოლო მე, ზურას და ბეჟანს 20 წელზე მეტი ხნის საველე განსაცდელებით სავსე მეგობრობა გვაკავშირებს და მოხარშულს ვიცნობთ ერთმანეთს.
.jpg)
ბეგი უფრო თვინიერი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. ზანტად წამოგვყვა. გზად მწვანეულობა მიძოვ-მოძოვა. ზოოპარკში რომ შევდენეთ, მხოლოდ ერთხელ დაწვა შუა გზაზე. თვალი ასწია და ზოოპარკის თანამშრომელს, ჩემს ახლო მეგობარ გიორგი დარჩიაშვილს ახედა – „კაცი არ ხარ?! შემეშვი რა! ცოტა დავისვენებ“. გიორგი შეშფოთდა, ამის ასეთ არაბუნებრივ პოზაში წოლა არ შეიძლება, ფილტვების შეგუბება დაეწყებაო. ხან კუდში სწვდა და ხან წკეპლით აუჭრელა ტაკო. შენც არ მომიკვდე! ბეგის მგონი სიამოვნებდა კიდეც ეს ყურადღება. მზე ამოვიდა და უკვე დაცხა. „ლევან, გადახურდება“, – მომაძახა გიორგიმ და წყალზე გამაგზავნა. რამდენიმე ბიჭი შევკრიბე და დავიწყეთ იქვე ოქროს თევზების ავზიდან ამოხაპული წყლით ბეგის მორწყვა. როცა გაგრილდა, თავად ისურვა წამობრძანება. ქარავანი განახლდა და მივედით სახელდახელოდ გამოცალკევებულ სპილოების ვოლიერთან, იქ სადაც აუზია. უცნობ ვოლიერში შესვლისას, უცებ გაჯიქდა. ჯორივით დადგა და ფეხი არ მოიცვალა. ზოოპარკის თანამშრომელმა, წესი დაარღვია, თავთან დაუდგა და ფოთლებიანი ტოტები აუქნია ცხვირწინ. არიქა, საჭმელიო და ბეგი ვოლიერში შევიდა…
14 ივნისი, სავარაუდო დრო: დილის 8:00
განუწყვეტლივ ისმის ძახილი ზოოპარკის სხვადასხვა კუთხიდან:
„ზურა! აქ პინგვინია გადარჩენილი!”
„ზურა! წყალში მგონი აფთარია!”
„ზურა! დათვი ზის კონდიციონერზე!”
„ზურა! გარეთ ნიანგი შენიშნეს!”
„ზურა! გენერატორი გვჭირდება!”
ზურა და ვეტერინარები ხან ერთ ადგილს აწყდებიან, ხან მეორეს ცხოველების საპოვნელად. „ნავები გვჭირდება, ნავები!“ – ყვირის ბეჟანი. ლევან გოშაძე მაშველებისკენ გარბის. უზარმაზარ ნავს მოათრევენ. ბეჟო და ლევანი ნავში ხტებიან და ტბაში შედიან, რომლის ფსკერზე მტაცებელთა და პრიმატთა „ძველი ვოლიერებია“. ერთი აფთარი გამოჰყავთ, რომელიც მაინც იღუპება… შემდეგ ნიანგის დასაჭერად გადიან ჩვენი დაუღალავი ვეტერინარების მითითებებით.
განუწყვეტლივ რეკავს ტელეფონი. ნუცუბიძეზე იაგუარია! მელიქიშვილზე ლომია! „რა ვქნა კაცო, ათად ხომ ვერ გავიჭრები. ლევან, წამომყევი ამ ადგილებში“. მივდივართ. სპეცსამსახურების რიგითებთან ერთად მისხალ-მისხალ ვჩხრეკთ უბნებს. არაფერი არ არის. გავდივართ მეორე უბანზე. ისევ არაფერი, მესამეზე. იგივე. უკვე ტვინი გვერევა. ვეღარ ვხვდებით ეს ვიღაცების ბოროტი ხუმრობაა, სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვერ მივაგენით თუ შეშინებული მოქალაქეების ზარები. ძლივს ვითანხმებ უკან დაბრუნებაზე. „ვაიდა, მართალია?!“ – ღრღნის ეჭვი. ზოოპარკში ყოფნაა საჭირო. უკანა გზაზე, ზოოპარკში დაბრუნებისას, ვხედავთ, რომ კოხტად და სუფთად ჩაცმული ოფიციალური მუშაკები ზოოპარკის წინ მოკლე ინტერვიუებს აძლევენ მოზღვავებულ ჟურნალისტებს.
14 ივნისი, სავარაუდო დრო: 12:00
ზოოპარკის ტერიტორია გადაჭედილი იყო გარედან შემოსული დამხმარე პერსონალით. ავბედითი სიჩუმე იდგა. ყველამ ვიცოდით, რომ სამი ადამიანი დაიღუპა. იქვე ვერემ ახალგაზრდა გოგონა გამორიყა, რომელიც ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრთან დაასვენეს. მაშველები შიშველი ხელებითაც კი ცდილობდნენ შლამის გამოთხრას მტაცებლების განყოფილებიდან, სადაც გულიკო, მისი მეუღლე და მესამე თანამშრომელი ეგულებოდათ. ყველამ ვიცოდით წინ რა გველოდა… მაინც სწრაფად მუშაობდნენ. რა იცი, რა ხდება… იქნებ ვინმე მაინც გადარჩეს…
მზე უკვე გვაჭერს. ავბედით სიჩუმეში ზოოპარკის გოგონები ფუსფუსებენ. ზოგს საკუთარი „ლაპტოპი“ მოუტანია და მზია შარაშიძეს, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს საველე პრეს-ცენტრის აწყობაში ეხმარებიან. აგერ მარინა კურტანიძე და ლალი ედილაშვილი დარბიან და საბუთებს ეძებენ. ირინა ყიასაშვილი ხან მერიაში რეკავს და ხან სხვა სამთავრობო უწყებაში – „გენერატორი გვინდა!“. ეტყობა იქაც დაბნეულობაა, რადგან ისმის სტანდარტული პასუხი – ეს ჩვენ არ გვეხება! ბოლოს ირინა აეროპორტში რეკავს (არ ვიცი საიდან მოიფიქრა). საუბრის დასრულება არც აცალეს ისე მოუჭრეს – „გასაგებია! ნახევარ საათში გექნებათ!” კიდევ რამდენიმე კომპანიაში დაირეკა და ნახევარ საათში ტრაგედიას კომიკური ელფერი მიეცა: ოთხი გენერატორი გაჩნდა კინოფილმ „მანანას“ რადიოლასი არ იყოს.
და ისევ ყვირილი – „ზურა! გარეული ღორია გარეთ!“. ამ დროს ზოოპარკი ივსება სეირის მაყურებლებით. „ვინ შემოუშვა ეს ხალხი?!“ – უყვირის ზურა პოლიციელთა და გამომძიებელთა არმიას, რომელიც დაღუპული თანამშრომლების შენობასთან დგას და ცხედრების გამომტან ოთხ თუ ხუთ მაშველს ხელმძღვანელობს.
.jpg)
ბენზინი გვინდა! მოგვეშველეთ ვინმე, ამდენ ხალხში განცდა გვაქვს, რომ მარტო ვართ” – იძახის ზოოპარკის ვიღაც თანამშრომელი… მერიის წარმომადგენელი ბიძინა გიორგობიანი მარჯვობს. სწრაფად რეკავს რომელიღაც კომპანიაში და 200 ლიტრ ბენზინს გვპირდებიან…
არადა, მარტო არ ვართ! გარეთ ერთ-ერთი გამოსვლისას ხნიერი ქალბატონი მაჩერებს. ეტყობა „თერთმეტსართულიანის“ მაცხოვრებელია. სხვანაირად აქ ვერ მოხვდებოდა. „შვილო, გენაცვალე, მითხარი რა გჭირდებათ, მეზობლები ვართ შეყრილები, პურს და ყველს მაინც მოგიტანთ, წყალი თუ გინდა გენაცვალე? ვალერიანს მოგცემ…“ გაშტერებული ვუყურებ, მინდა გულში ჩავიკრა და ვუთხრა – ქალბატონო, ახლა ვალერიანი კი არა, ხელმძღვანელია საჭირო, რომელიც სხვა სახის ვალერიანით მოგვამარაგებს-მეთქი. ცხადია, ამას არ ვამბობ და აღელვებული მადლობას ვუხდი. ვხვდები, რომ არ ვართ მარტო! ხალხია გარეთ! ხალხი, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების დახმარების სურვილითაა ანთებული, ხალხი, რომელსაც სახლებიდან მოაქვს საჭმელი, ხალხი, რომელიც წყალს გვაწვდის, ხალხი, რომელიც უხმოდ ხელს გვართმევს.
უკვე ნაშუადღევის 2 თუ 3 საათი ხდება. ფეხზე ვერ ვდგავარ. „ზურა, ცოტა დაისვენე, თან არაფერი გიჭამია“ – ვეუბნები ცალყბად. ღრმად ამოისუნთქა და კვლავ გადარბენაზეა. მე სახლში ამოვედი.
15 ივნისი, სავარაუდო დრო დილის: 11:30
აღმოჩნდა, რომ ნახევარი ღამე მაინც ურბენიათ. ამ დროისათვის ნელ-ნელა შემოდის ინფორმაცია სად რამდენი ცხოველი დახოცეს. მოაქვთ მგლებით სავსე სატვირთო მანქანის ფოტოები. ამწეთი ამოაქვთ დამხრჩვალი ცხოველები.
მინდა „ძველი ვოლიერებისკენ“ გავიდე, სადაც ნათია და ზურა გადარჩნენ და ახლა ბეჟო და ლევან გოშაძე იყვნენ გასულები ცხოველთა გადასარჩენად. ეს ვოლიერები ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ჩემ თვალწინ აშენდა, როდესაც ზოოპარკში დამლაგებლად ვმუშაობდი. სწორედ აქ ვასუფთავებდი გალიებს. ვოლიერები მთლიანად იყო გადახურული 3 სმ-ის დიამეტრის რკინის გისოსებით. მათი დაზიანება ნამდვილად გადის ადამიანისა და ცხოველის ფიზიკური შესაძლებლობებიდან. მაშველებმა ბენზინზე მომუშავე ძალიან მძლავრი ე.წ. „ბალგარკა“, მოიტანეს, რომელიც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტებს ჰქონდათ და ამ მოწყობილობამაც კი ძლივს გადაჭრა ეს გისოსები მკვდარი ცხოველების ვოლიერებიდან გამოსაყვანად. ალბათ, ყველა შიგნით დაიხრჩო, გავიფიქრე. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ამ სრულად დახურული ვოლიერის გისოსებს შორის ახალგაზრდა ვეფხვი (სახელად ბარბარა) გამომძვრალა. როგორც ჩანს, წყალმოვარდნის დროს გისოსებზე უზარმაზარი საგნის დარტყმამ გისოსები გასწია იმდენად, რომ ვეფხვის თავი გაეტია. ხოლო იქ, სადაც კატისებრის თავი ეტევა, ტანს უკვე პრობლემა არ აქვს, რეზინასავით ბრტყელდება. სავარაუდოდ, ათასობით ტონა წყალმა, რომელიც მინიმუმ 7-8 მეტრს აღწევდა ამ ადგილას და სრულიად დაფარა ვოლიერები, ან ატაცებული ავტომანქანით ან უზარმაზარი მორებით უმძიმესი ფიზიკური დარტყმები მიაყენა გალიას და გისოსი გაღუნა. ბარბარა მაინც დაიღუპა და მისი გვამი იპოვეს. ყველა დანარჩენი მტაცებელი „ძველ ვოლიერებში“ (3 იაგუარი, 6 დათვი და 3 ლომი) წყალმოვარდნის გამო დაიხრჩო.
ახალი, ღია ტიპის ვოლიერებისკენ წავედი. ახლოს ვერ მივუდექი. შლამი ადამიანის სიმაღლის იყო. მათ, „ძველი ვოლიერებისგან” განსხვავებით, ღია ჭერი ჰქონდათ, მაგრამ ცხოველს იქიდან გამოსვლა არ შეეძლო ჩვეულებრივ სტიქიურ უბედურებაშიც კი. ამ ვოლიერების კედლები ბოლოში მოკეცილი იყო, ქმნიდა უარყოფით დაქანებას და ცხოველი აძრომის შემთხვევაშიც კი, ვერ მოახერხებდა გამოძრომას. თან ყველა ღია ვოლიერს ზემოდან გადატარებული ჰქონდა სპეციალური დანიშნულების ელექტრომავთულები, სადაც 10 000 ვოლტის ძაბვის დენი გადიოდა. ვინ გათვლიდა, რომ წყალი 10 მეტრს მიაღწევდა, ელექტროსისტემას გამორთავდა და ცხოველებს ამოატივტივებდა….
_NO-LOGO.jpg)
წინა დღის სამარისებური სიჩუმე უკვე ხმაურმა შეცვალა. ქაოტურად ითვლება ცხოველები. ზურასთან ხან ვის მოაქვს ინფორმაცია ხან ვის. „დადასტურებულია?” – ეკითხება ყოველ ჯერზე. „კი, ბატონო”, – პასუხობს უცხო ადამიანი. ბოლოს მოდიან ანტიკრიზისული საბჭოს წევრები. კიდევ ითვლება ცხოველები ფოტოებით და ზეპირი მონაცემებით. მგონი საფრთხე აღარაა. „მგონიზე ვიყოთ?“ – ფრთხილად კითხულობს მზია. არადა პანიკაა გარეთ… და კეთდება განცხადება.
ისევ დავრბივართ ცრუ ზარებზე. ისევ იჭრება ზურა ათ ნაწილად. ისევ უძინარია და ისევ მშიერი; ზოოპარკში მუშაობა ზუსტად იმავე რეჟიმშია. დაქანცულ თანამშრომლებს ქალაქი აჭმევს და ქალაქი ასმევს… კომპანიები ბენზინს ჩუქნიან. ყველა თანაუგრძნობს ზოოპარკს. ყველა რეკავს და ზოოპარკის ამბავსა და საჭიროებებს კითხულობს – ბიზნესი, მედია, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორი. აქ წერტილი „ა. შ.-ს“ არ გულისხმობს. აქ მყარი წერტილია, რადგან მომკითხველთა ჩამონათვალი დასრულდა.
სადღაც შორს ისმის ეკლესიის ზარების ხმა, სადღაც შორს ისმის ტელევიზორში გაკეთებული სამთავრობო განცხადებები…
16 ივნისი.
მზია შარაშიძე ვერ ისვენებს; ცხოველების გადათვლის შემდეგ, სასწრაფოდ ავრცელებს ინფორმაციას „ნეტგაზეთისა“ და „ლიბერალის“ საშუალებით, რომ ცხოველები ჯერაც იძებნება. როგორც ჩანს, გაუმართავი კომუნიკაციის გამო, ეს ინფორმაცია არ მიდის ანტიკრიზისულ საბჭოში. მოგვიანებით ხდება უბედური შემთხვევა – ვეფხვი თავს ესხმის ადამიანს. ადამიანი კვდება!
აქედან იწყება გარდატეხის მომენტი და საკითხი პოლიტიზირდება. თვალსა და ხელს შუა დნება სოლიდარობის განცდა. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეჯახებიან და საზოგადოება ისევ ჩვეულ პოლარიზებულ მდგომარეობას უბრუნდება.
შუაში რჩება საჯილდაო ქვა, სახელად ზურაბ გურიელიძე და მისი გმირი თანამშრომლები.
ჩნდებიან არამკითხე მოამბეები და მედია თუ სოციალური ქსელი იტვირთება გადაუმოწმებელი ინფორმაციით. უცებ ავანსცენაზე გამოდიან „ადამიანი-ანაქრონიზმები” და არშემდგარი კომედიანტები. გამძლეობის ზღვარს მიღწეული ზოოპარკის თანამშრომლებისთვის ამ სრულიად არაადამიანურ ვითარებაში, ისმის რომ თურმე დირექტორი „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელია და კიდევ საკითხავია, სტიქიის დროს მან ან მისმა რომელიღაც თანამშრომელმა ხომ არ გამოუშვეს მტაცებლები, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაჭმელად, რომ თურმე ის წყალქვეშა ნადირობისა და იარაღით ვაჭრობის რაღაც სინდიკატის წევრია, რომ თურმე მას ზოოპარკში „ლევი“ ცხოველები ჰყავს და, ასე გაუთავებლად.
ყოველივე ეს არ იქნებოდა ყურადღებამისაქცევი, რომ არა შეუმდგარ კომედიანტებსა და პოლიტიკურ გვამებს აყოლილი ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი. ჭორისა თუ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ხომ ჩვენი, ქართველების მშობლიური სტიქიაა!
ყველამ ვიცით, რომ წყალმოვარდნამ ისეთი სისწრაფით დატბორა სვანიძის ქუჩის ტერიტორია და აავსო სახლები წყლით, რომ ადამიანებმა ვერ მოასწრეს შენობებიდან გამოსვლა. იგივე მოხდა ზოოპარკშიც. სამმა თანამშრომელმა ვერ მოასწრო მტაცებლების განყოფილების შენობის დატოვება. ამ სიტუაციაში კარიკატურულია იმის მტკიცება, თითქოს რომელიმეს, ვინც იქ იყო, შეეძლო ხელით ვოლიერების რკინის გისოსების გაგრეხვა-გახერხვა ცხოველების გამოსაშვებად. ვერც გასაღებს მოიშველიებდნენ, რადგან წყალი წამებში მოვარდა და 8 მეტრზე აიწია. ასევე, რომელი ცხოველებთან მომუშავე გამოცდილი ჭკუათამყოფელი ისურვებდა (განსაკუთრებით გულიკოს ვეფხვების მიერ დაგლეჯის ტრაგიკული მაგალითის გათვალისწინებით), რომ გაეხსნა გალია და მტაცებლის პირისპირ დარჩენილიყო? მგონი ლოგიკურად ჟღერს. არა! ჩვენ მაინც ვიმეორებთ ჭორს. არც ვუფიქრდებით, რა შეურაცხყოფას ან თუნდაც რა ზიანს ვაყენებთ ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი თავდაუზოგავად მუშაობს, ვინც სიცოცხლეს სწირავს ადამიანებისა და ცხოველებისთვის…
პოლიტიკურ კუთვნილებებზე თუ წყალქვეშა ნადირობებზე არც შევჩერდები. ან რა უნდა ვამტკიცო? ადამიანს, რომელთან ერთად 25 წელზე მეტი მაქვს გატარებული, რომელთან ერთადაც ველზე მივლია, ველურ ცხოველებს შევჩეხებივარ, ვისთან ერთადაც ათასი განსაცდელი გამომივლია, ადამიანს, რომელსაც შეგიძლია მხრებზე შეადგე და ევერესტზე აგიყვანს უხმოდ, ასეთ სისულელეებზე ჩემი დაცვა არ სჭირდება. ისე, ცნობისთვის – უფრო აპოლიტიკური ვიდრე ზურა გურიელიძეა, არავინ მინახავს! შეურაცხმყოფელიც კია რამის მტკიცება. არც „ლევი“ ცხოველებზე ვიტყვი არაფერს, რადგან ზოოპარკმა უკვე გაავრცელა განმარტებითი განცხადებასოციალურ ქსელში.
მიუხედავად ამისა, ზოგი ჩვენგანი მაინც ჯიუტად იმეორებს კომედიანტების ზემოხსნებულ ბოდვებს და არც უფიქრდება, „ლევი“ ცხოველებით ვაჭრობით რა მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენი საბაჟოს ყველა პატიოსან თანამშრომელს და ზოგადად მთელ ამ სისტემას.
.jpg)
ყველაფერი ჩაცხრება, ცხადია. ამ სისულელესაც მოეღება ბოლო და ზოოპარკის თანამშრომლებს, ამ უკლებლივ ყველა გმირს, ასევე სტიქიის სხვა წერტილებში მომუშავე ყველა თავდაუზოგავ ადამიანს (მაშველი იქნება ეს თუ რიგითი მოხალისე) მწუხარებასთან ერთად ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება კმაყოფილების გრძნობა. განცდა რომ მან, იმ ერთმა ადამიანმა, ერთმა ხმამ, ერთმა ხელმა თბილისი ოდესღაც ფეხზე წამოაყენა.
ეს გრძნობა არ ექნებათ არშემდგარ კომედიანტებსა და ღვარძლიან პოლიტიკურ გვამებს. საცოდავები არიან არა იმიტომ, რომ რამე მოაკლდებათ, არამედ იმიტომ, რომ არასოდეს ეცოდინებათ რა ბედნიერებაა, როცა ღამით დაღლილი დაწვები და გაგახსენდება ადამიანებისა და ცხოველების მადლიერებით სავსე თვალები.
17 ივნისი.
ზარი ტელეფონზე. ბეჟო რეკავს. “ლევან, წავედი ისევ ბორჯომში. იმედია აქ საჭირო აღარ ვარ. დათვები მელიან. ადამიანებს გაუფრთხილდით…“.
მე, ზურა, ვეტერინარი ირაკლი რობაქიძე და ზოოპარკის დაუღალავი თანამშრომელი ლადო გუგუშვილი 21 ივნისსაც კი მარნეულში წავედით ცრუ გამოძახებაზე. მკვდარი აფთარი იპოვესო. მკვდარი აფთარი ძაღლი გამოდგა. მერე რა, რომ ჩვენმა აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა გახრწნილი ძაღლი აფთრისგან ვერ გაარჩიეს (ან კი როგორ უნდა გაერჩიათ), მერე რა, რომ ზუსტად ვიცოდით, რომ ძაღლი იქნებოდა. მთავარი იყო ადამიანების მარნეულში დამშვიდება. ადამიანებს მოფრთხილება სჭირდებათ. რა ბანალურია…