სხვა ამაზონი
საქართველოს ევროპული ისტორია
ფრანგი მოგზაურის და იუველირის, ჟან შარდენის 1672 წლით დათარიღებულ შავი ზღვის რუკაზე, ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე კარგად ნაცნობ აღნიშვნებს ნახავთ: Gonie (გონიო), Guriel (გურია), Phasus (მდ. ფაზისი, ანუ რიონი), Cotatis (ქუთაისი), Imirette al Bacha-Tchouk (იმერეთი), Acaltzike (ახალციხე), Scander (სკანდა), Cobus (მდ. ხობი), Langur (მდ. ენგური), Anarghia (ანაკლია), Pigiuitas (ბიჭვინთა), Dandars (გაგრა), Colchis (კოლხეთი), Odiche (ოდიში), Mingrelia (სამეგრელო), Suani (სვანეთი) და კიდევ სხვა არაერთი.
საქართველოსთან დაკავშირებული ტოპონიმების ამოკითხვის შემდეგ, რუკაზე კავკასიონის მთებს გადაღმა არსებულ წარწერებს თუ შეხედავთ, სხვა მინაწერების გვერდით მოულოდნელი სიტყვა – AMAZONAE (ამორძალები, ამაზონები, ამაძონები) მოგხვდებათ თვალში. ერთი შეხედვით, აქ შეცდომასთან უნდა გვქონდეს საქმე, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, კავკასიონის ქედის გადაღმა AMAZONAE-ს აღნიშვნა ბევრად უფრო ძველი ამბავია, ვიდრე ეს შარდენის რუკაზე შეიძლება იყოს. უფრო მეტიც, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არსებული, დედამიწის ყველაზე დიდი, წყალუხვი მდინარე ამაზონის სახელწოდება და შავ და კასპიის ზღვებს შორის, კავკასიონის მთების გადაღმა ძველ ევროპულ რუკებზე დატანილი წარწერა AMAZONAE ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ.
პირველ რიგში, მთებს გადაღმა არსებული ძველი აღნიშვნის შესახებ ვთქვათ, რომელიც შარდენის რუკაზე AMAZONAE-ს, ანუ ამორძალების, იგივე ამაზონების/ამაძონების სახელს უკავშირდება. ძველი ბერძნული მითების მიხედვით, ამაზონები მეომარ ქალთა ლეგენდარული ტომი იყო. როგორც წესი, ისინი არა ერთი ეთნოსის, არამედ უფრო ერთნაირი ცხოვრების წესის მიმდევარი ხალხის საერთო სახელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი, ფლავიუს არიანე წიგნში, რომელშიც იგი შავი ზღვის გარშემო მოგზაურობას აღწერს, ერთგან აღნიშნავს, რომ ამაძონები მეომარ ქალთა კოლხური ტომი იყო. ცხადია, იმის გადაჭრით მტკიცება, რომ ამაძონები/ამაზონები მართლაც კოლხური ტომი იყო, რთულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ძველ ბერძნულ წყაროებში ამაზონების განსახლების ძირითად არეალად ყველაზე ხშირად შავიზღვისპირეთი, აზოვის ზღვის მიდამოები და კავკასიის მთებია მითითებული.
რა კავშირი შეიძლება იყოს კავკასიის მთებში მოსახლე ლეგენდარულ ამორძალებსა და მდინარე ამაზონის სახელს შორის?
ამაზონების შესახებ ცნობებს ვხვდებით ძველ ბერძნულ ლიტერატურაში, მათ შორის, თესევსთან, ჰერაკლესთან და არგონავტების მითთან დაკავშირებული თხრობის დროს. ამაზონების ცხოვრების წესის შესახებ ვრცლად წერს ძველი ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი და აღნიშნავს, რომ ამაზონები ხნავდნენ მიწას, რგავდნენ მცენარეებს, უვლიდნენ საძოვრებს და ცხენებს. ამაზონთა შორის ყველაზე მამაცები კი ცხენზე ამხედრებულები ნადირობდნენ და ვარჯიშობდნენ საომარ საქმეში. კარგად იყენებდნენ მშვილდს, შუბს, ცულს და ფარს. მუზარადებს აკეთებდნენ ცხოველთა ტყავისგან, ისევე როგორც მოსასხამებსა და ქამრებს. სტრაბონისვე გადმოცემით, ყველა ამაზონს ბავშვობიდანვე ამოუწვავდნენ მარჯვენა ძუძუს, რის შემდეგაც ისინი ადვილად იყენებდნენ მხარს ყველანაირ საქმეში, განსაკუთრებით შუბოსნობაში. შვილებს აჩენდნენ სხვა ტომის წარმომადგენლებისგან და თუ ბავშვი მდედრობითი სქესის დაიბადებოდა, თავისთან იტოვებდნენ, თუ მამრობითის – ბავშვებს აღსაზრდელად სხვაგან უშვებდნენ.
ამაზონებისადმი ინტერესი არც მოგვიანებით, XVI-XVII საუკუნეებში განელებულა. დასტურად თხრობის დასაწყისში ჩვენ მიერ ნახსენები ფრანგი მოგზაურის და იუველირის, ჟან შარდენის მოხმობაც შეიძლება, რომელიც არა მარტო შავი ზღვის რუკაზე, არამედ სამოგზაურო ჩანაწერებშიც, სამეგრელოს აღწერის დროს, სამეგრელოს მეზობლად მცხოვრებ ხალხთა შორის ამაზონებსაც ასახელებს და იქვე მიუთითებს, რომ ისინი კავკასიის მთებსა და კასპიის ზღვას შორის მოსახლეობენ.
შარდენის რუკაზე ამაზონების აღნიშვნის თავისებურებისა და მათ შესახებ მოყვანილი ძველი ბერძნული ცნობების შემდეგ, მთავარ საკითხს მივადექით: რა კავშირი შეიძლება იყოს შავიზღვისპირეთში, აზოვის ზღვის მიდამოებსა და კავკასიის მთებში მოსახლე ლეგენდარულ ამაზონებსა და მსოფლიოს უდიდესი მდინარის, ამაზონის სახელს შორის?
როგორც ისტორიული წყაროები მოწმობს, მდინარე ამაზონის სახელწოდება ესპანელი მოგზაურის და კონკისტადორის, ფრანსისკო დე ორელიანას სახელთან არის დაკავშირებული. იგი ევროპელთაგან პირველი იყო, რომელმაც მდინარე ამაზონის მთელ სიგრძეზე ინაოსნა 1541-1542 წლებში. ერთგან მდინარეზე ცურვისას ორელიანას და მის თანმხლებ მეზღვაურებს შეტაკება მოუვიდათ ინდიელებთან, რომელთა მოწინავე რიგებშიც მშვილდ-ისრებით შეიარაღებული ნახევრად შიშველი ქალები იბრძოდნენ. ბრძოლის ამ სცენამ ესპანელებს ანტიკური პერიოდის ამორძალები, იგივე ამაზონები გაახსენა. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა გამხდარიყო მდინარისთვის ამაზონის დარქმევის მიზეზი.
შარდენის შავი ზღვის რუკის შექმნიდან დიდი დრო გავიდა, კიდევ უფრო მეტი – ფრანსისკო დე ორელიანას მიერ მდინარე ამაზონზე ნაოსნობიდან. შავ და კასპიის ზღვებს შორის ოდესღაც მოსახლე ლეგენდარული ქალების, ამაზონების ტომის ამბავიც დიდი ხნის წინ მიეცა დავიწყებას, თუმცა დარჩა პლანეტის უდიდესი მდინარე, სახელად ამაზონი.