თანამედროვე კანაფის დიდი პოტენციალი (და საფრთხეები)
დღეს მარიხუანა უფრო პოპულარული და ძლიერმოქმედია, ვიდრე ოდესმე. მისი გამოყენებისა და კვლევის მიმდინარე პროცესს ახალ და მოულოდნელ მიგნებებთან მივყავართ. სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას დღევანდელ [აშშ-ში] უფრო ძლიერ, უცხო და ხელმისაწვდომ მარიხუანაზე.
თანამედროვე კანაფის დიდი პოტენციალი (და საფრთხეები)
დღეს მარიხუანა უფრო პოპულარული და ძლიერმოქმედია, ვიდრე ოდესმე. მისი გამოყენებისა და კვლევის მიმდინარე პროცესს ახალ და მოულოდნელ მიგნებებთან მივყავართ. სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას დღევანდელ [აშშ-ში] უფრო ძლიერ, უცხო და ხელმისაწვდომ მარიხუანაზე.
როგორ აჰყავთ ქიმიკოსებს თრობა სრულიად ახალ სიმაღლეზე?
კრეატიული მეცნიერები კანაფისგან საოცრად ძლიერ კონცენტრატებს ქმნიან, შედეგად კი მარიხუანის მომხმარებლები იმაზე უფრო თავბრუდამხვევ გამოცდილებას იღებენ, ვიდრე ამ მცენარის ყვავილისგან მიიღებდნენ.

თეთრკედლებიან ლაბორატორიაში, კალიფორნიული კომპანია Raw Garden-ის კანაფის ვეებერთელა საწარმოში, მარიხუანის სურნელს მარტივად ამოიცნობთ მიუხედავად იმისა, რომ მცენარე არსად ჩანს. თეთრ ხალათში გამოწყობილი ტექნიკოსები კარადის ზომის დანადგარებს აკვირდებიან, რომლებიც ზანზარებს ქარვისფერი, კანაფის სურნელის მქონე ზეთის რაფინირებისას. გვერდით ოთახში ვაკუუმღუმლების წყებასთან ფოლადის მაგიდებზე დაწყობილ ლანგრებზე, ქილებსა და Pyrex-ის ჭურჭელში ამავე ზეთისგან დამზადებული ნარევები ასხია.
აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული ხის ფისივით წებოვანი ნახევრადთხევადი მასით, დამთავრებული არაქისის კარაქის მსგავსი პასტით. ზოგ ლანგარზე მინისებრი ოქროსფერი ნამსხვრევებია. აქვეა ნივთიერება, რომელიც თითქოს ჩაშაქრული თაფლივით იწყებს დაკრისტალებას. ეს ყველაფერი კარგად ასახავს ამერიკელების მიერ მარიხუანის მოხმარების ტენდენციის ცვლილებას – წლიდან წლამდე ისინი უფრო და უფრო ნაკლებად ეწევიან მარიხუანას და სანაცვლოდ სულ უფრო ხშირად იყენებენ კანაფის ზეთისგან დამზადებულ პროდუქტებს. ეს შეიძლება იყოს საკვების ფორმით (მაგ., ჟელატინის კანფეტები ან სხვადასხვა სასმელი) და ასევე ახლებური, ძლიერი კონცენტრატები, რომლებიც არა მოწევით, არამედ ელექტროსიგარეტით („ვეიპით“) მიიღება ან ე.წ. „დებინგით“ – სქელი კონცენტრატის პატარა დოზის ელვისებური აორთქლებით. ამ კონცენტრატებით მიღებული ეფექტი სრულიად განსხვავებულია.
კანაფის სხვა თანამედროვე კომპანიების მსგავსად, Raw Garden-ს მცენარე ჯერ კიდევ მოჰყავს, მაგრამ ძირითადად როგორც ნედლი მასალა – რაღაც, რაც პასტისმაგვარ ნივთიერებად უნდა გადაამუშაონ უფრო ძლიერი ეფექტისთვის. არ გეგონოთ, რომ აშშ-ის დაახლოებით 32 მილიარდდოლარიან კანაფის ინდუსტრიას პლანტაციები ან სათბურები წარმოადგენს. პირიქით, ის სულ უფრო ემსგავსება ქიმიური მრეწველობის ლაბორატორიას. ეს ოთახები სავსეა მეცნიერებით, რომლებიც თავბრუდამხვევი პროდუქციის ახალ ჰორიზონტებს იპყრობენ.
კანაფის ასეთ კონცენტრატებს სახელს ხშირად ტექსტურის მიხედვით ურჩევენ ხოლმე: სოუსი, ცვილი, ნამსხვრევები, ალმასები და ა.შ. ისინი გამაოგნებლად უფრო ძლიერია, ვიდრე ქაღალდში შესახვევი მარიხუანა, რომელიც 20 ან 40 წლის წინ გაგისინჯავთ. ეს კონცენტრატები დღეს ბევრ შტატში ლეგალურიცაა. კანონმდებლობის ცვლილებასთან ერთად, დაიწყო კანაფის „კოსმოსური რბოლა“. მეწარმეები უფრო და უფრო დახვეწილ ტექნიკას იგონებენ, რომ მცენარე უამრავი ფორმისა და არომატის პროდუქტად გადააქციონ.
ძლიერმოქმედი კონცენტრატების ბაზრის ზრდის პარალელურად, თავად მარიხუანის ყვავილიც – კანაფის ნაწილი, რომელსაც ეწევიან – უკვე ისედაც საკმაოდ ძლიერია. აგრონომიის განვითარებასთან ერთად, აშშ-ში მარიხუანის იმაზე უფრო ძლიერი ფორმები გამოიყვანეს, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ იყო. კანაფის პროდუქტების სიმძლავრეს, როგორც წესი, დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC-ის) კონცენტრაცია განსაზღვრავს – ნაერთის, რომელიც მეტწილად (თუმცა არა მთლიანად) განაპირობებს ფსიქოაქტიურ ზემოქმედებას. ზუსტი რიცხვების დადგენა რთულია, მაგრამ კვლევების მიხედვით, აშშ-ის ბაზარზე 30 წლის წინ არსებულ მარიხუანაში THC-ის დონე ერთნიშნა რიცხვს აღწევდა. დღეს, როდესაც ლეგალურ პროდუქციაზე აუცილებელია THC-ის ლაბორატორიაში გადამოწმებული დონის მითითება, საშუალო მაჩვენებელი 15-20%-ს შორის მერყეობს.
კანაფის კონცენტრაცია ექსტრაქციის პროცესში განისაზღვრება. ამ დროს მცენარეული მასალისგან სასურველ ნაერთებს გამოყოფენ, მათ შორის THC-ს. Raw Garden-ი ყიდის პროდუქტს სახელად „ცოცხალი სოუსი“ – ოქროსფერი სითხე ვაშლის პიურეს კონსისტენციით და THC-ის დაახლოებით 70%-იანი შემცველობით (შემცველობა დამოკიდებულია მცენარის ჯიშზე). ამ კომპანიის „რაფინირებული ცოცხალი ფისის ალმასები“, რომლებიც მართლაც ძვირფას ქვებს მოგაგონებთ, THC-ის 85%-იან დონესაც აღწევს.
ზოგისთვის სწორედ THC-ის შემცველობა – და, შედეგად, შეგრძნებების სისწრაფე და სიმძაფრე – არის გადამწყვეტი. მაღალი ინტენსივობის „ვეიპების“ და „დებინგის“ წყალობით, ამ ნივთიერების მოყვარულები უფრო ცოტას მოიხმარენ და უფრო დიდ ზემოქმედებას განიცდიან, ვიდრე მარიხუანის მიღების სხვა ფორმებით. მომხმარებლებს, ასევე, მოსწონთ, რომ მათი მეშვეობით უფრო დახვეწილ გემოებს სინჯავენ და კარგად აკონტროლებენ დოზებს, ამბობს Raw Garden-ის ბრენდის მთავარი ოფიცერი, დმიტრი სიგელი. „საქმე სისუფთავეშია, რომლითაც იღებ ან ძალიან რაფინირებულ გამოცდილებას, ან ძალიან დახვეწილ არომატებს. მცენარის მთელი ორგანული მასალის დაწვა არ გიწევს“, – ამბობს იგი.
მომცრო „ვეიპები“, ასევე, ნაკლებად თვალში საცემია, ამბობს კანაფის ინდუსტრიის ანალიტიკოსი და კონსულტანტი ტომ ადამსი, Adams Research-ის პრეზიდენტი. კონცენტრატის ზოგ მომხმარებელს მოსწონს, რომ უცბად, შეფარულად შეუძლიათ პროდუქტის მოხმარება. „ზრდასრული ადამიანისთვის შეუფერებლად გამოიყურება ჩანთიდან „ბალახის“ ამოღება, დაფშვნა და გახვევა“, – ამბობს იგი. „კოვბოი ხომ არ ვარ“.
ადამსი ლეგალური კანაფის ბაზარს 2015 წლიდან იკვლევს. იგი ამბობს, რომ ლეგალურ კონცენტრატებზე მოთხოვნა აშშ-ის პირველი სამედიცინო დისპანსერებიდან მოდის. მოწევა შესაძლოა არაპრაქტიკული იყოს მათთვის, ვისაც დღეში ასობით მილიგრამი THC-ის მოხმარება სჭირდება – მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებენ ან ქრონიკულ ტკივილს განიცდიან.
ხოლო კონცენტრატებით დოზების რეგულირება უფრო ადვილია, იქნება ეს სამედიცინო თუ რეკრეაციული გამოყენებით. ადამსი დასძენს, რომ წინასწარ გამზადებული „ჯოინთიც“, მოსაწევის ფრთხილად მოზომილი რაოდენობით, ასე თუ ისე განსაზღვრულ დოზას გვაძლევს, „მაგრამ გასუფთავებული, მეცნიერების მიერ შექმნილი კონცენტრატის შემთხვევაში ზუსტად იცი, რა გავლენა ექნება მას შენზე“, – ამბობს იგი. თქვენი ხელით გახვევა ან ჩიბუხში გაურკვეველი რაოდენობის მცენარის ჩატენა ნაკლებად მომხიბვლელია. ადამსის თქმით, „აშშ-ში მომხმარებლები არ არიან შეჩვეულნი ასეთ პრიმიტიულ ხერხს“.
კანაფის ფსიქოაქტიური კომპონენტების კონცენტრირებას ჯერ კიდევ XI საუკუნეში ცდილობდნენ, როდესაც ჰაშიში რეკრეაციულ ნივთიერებად გავრცელდა არაბულ სამყაროში. ჰაშიში მცენარის სეკრეტორული უჯრედისგან, ტრიქომებისგან მზადდება. ძველად მის მოსაპოვებლად კანაფის ფოთლებსა და ყვავილის ზედაპირს სრესდნენ ან საცერში ატარებდნენ, შემდეგ კი ერთგვარ ბრიკეტად პრესავდნენ. ტრიქომებში უხვადაა ბიოაქტიური ნაერთები, კანაბინოიდები. ყველაზე ცნობილი კანაბინოიდებია THC და კანაბიდიოლი, ანუ CBD. ისინი, ასევე, შეიცავს სხვა სპეციალიზებულ ნაერთებსაც, როგორიცაა ტერპენები – ნახშირწყალბადები, რომლებიც მცენარის სურნელსა და არომატს განსაზღვრავს.
კანაფს დღეს შუა საუკუნეების მეთოდებზე დაფუძნებით ამუშავებენ და ეძებენ ამ ძვირფასი ნაერთების გამოცალკევების უფრო ახალ, ეფექტურ გზებს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მეთოდია ნახშირწყალბადების მოპოვება, რის დროსაც სასურველ ნივთიერებას ნედლი მცენარისგან გამხსნელი სითხით აცალკევებენ. აღნიშნული ინდუსტრიის სტანდარტული გამხსნელებია ბუტანი და პროპანი. მარიხუანის ფართომასშტაბიან ლეგალიზაციამდე, სანამ საჭირო ნივთიერებების ამოღებას ფარულად მიმართავდნენ, ამ ადვილაალებადი მასალების გამოყენებისას ხანდახან სასტუმროს ოთახები და ბინები ფეთქდებოდა.
„ჩვენ სრულიად ახლებურად ვუყურებთ ამ მცენარის ნაერთების პოტენციალს“ – ტომ ადამსი, კანაფის ბაზრის ანალიტიკოსი
Raw Garden-ის თითქმის ყველა პროდუქტს საფუძვლად უდევს ზეთოვანი ნივთიერება, რომელსაც თავად „ცოცხალ ფისს“ უწოდებენ. ეს არის კანაფის ექსტრაქტი, რომელიც კანაბინოიდებისა და ტერპენების ფართო სპექტრს მოიცავს (შედარებისთვის, ექსტრაქციის ზოგიერთი მეთოდი მხოლოდ ერთ ნივთიერებას აცალკევებს, მაგალითად, THC-ს ან CBD-ს). მაგრამ ზეთად გადაქცევამდე, კომპანიის ნედლეული სანტა-ბარბარას ღვინის რეგიონში, 22 ჰექტარზე გადაჭიმულ მამულში იზრდება. მოსავლის აღების დროს მცენარეს ჭრიან, კვირტებს აცლიან და მაშინვე კრიოგენურ აპარატში თხევადი აზოტით ყინავენ. ამით მის არამდგრად ორგანულ ნაერთებს ინახავენ.
ფერმიდან მარიხუანა სატვირთო მანქანით იქვე, ქალაქ ლომპოკში, საწყობში მიაქვთ და საყინულეში ათავსებენ. როდესაც ექსტრაქციის დრო მოდის, გაყინული კვირტები საწარმოში გადააქვთ და ორი მეტრის სიმაღლის უჟანგავი ფოლადის ცილინდრებში აწყობენ – თითოეული დაახლოებით 8 კილოგრამ მცენარეს იტევს. იქ მარიხუანა გამხსნელით იჟღინთება წნევის ქვეშ, შედეგად კი გამოიყოფა სასურველი ნივთიერებები, არასასურველი ბიომასა კი ილექება.
ზოგი პროდუქტი სხვა ეტაპებსაც გადის. მაგალითად, ნედლი ექსტრაქტი იწმინდება ცვილისგან, ცხიმებისგან, ლიპიდებისა და სხვა მყარი ნივთიერებებისგან. სხვა პროდუქტებს ვაკუუმღუმელში 24-36 საათის განმავლობაში ათავსებენ, რათა მორჩენილი გამხსნელისგან გაასუფთაონ – ღუმელში წნევა იმ დონემდეა დაწეული, რომ მხოლოდ გამხსნელი აორთქლდეს და სასურველი ნივთიერებები – არა.
ამ პროცესს შემოქმედებითი მიდგომაც სჭირდება. კონცენტრატის კონსისტენცია – ანუ როგორი გახდება ეს ე. წ. ცოცხალი ფისი – კრემისმაგვარი, ხრაშუნა თუ ზეთოვანი – დამოკიდებულია როგორც მცენარის ჯიშზე, ისე ექსტრაქციის დროს პატარა ჩარევებზე. რა მოხდება, ექსტრაქტი გაწმენდამდე რომ ავდღვიბოთ? რომ გავამყაროთ და კრისტალები შევქმნათ? `ვეიპის“ კარტრიჯებისთვის გასამზადებელი ექსტრაქტები ხშირად კიდევ ერთ ნაბიჯს გადის – ტერპენები ორთქლდება და სარექტიფიკაციო მილში გროვდება. შემდეგ ისინი სელექციურად შეჰყავთ პროდუქტში კონკრეტული სურნელისა და არომატის პროფილის მისაღებად. Raw Garden-ის `ვეიპის“ ლაბორატორიაში არომატების პალიტრაზე ასზე მეტი არომატი ჩანს – მაგალითად, გარგარი, სალბი, ფიჭვის ფისი და ესპრესო. „ჩვენ არომატულ ნაერთებს მცენარეებისგან ვიღებთ, – ამბობს კეისი ბერთისელი, აგრარული ოპერაციების პრეზიდენტი, – აქ ბევრი რამ ჰგავს პარფიუმერიის ინდუსტრიას“.
მედიცინის სპეციალისტების ნაწილი პარალელებს მძიმე ნარკოტიკებთან უფრო ავლებს. ასეთმა ძლიერმოქმედმა კონცენტრატებმა მღელვარება გამოიწვია, როდესაც არაერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ დაადგინა კორელაცია მათ ხშირ მოხმარებასა და ფსიქოზისა და კანაფის მოხმარებით გამოწვეული აშლილობის (დამოკიდებულების ფორმა) მზარდ რისკს შორის. ეს რისკები განსაკუთრებით მწვავეა თინეიჯერების შემთხვევაში. კოლორადო და ვაშინგტონი პირველი შტატებია, რომლებმაც რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზება მოახდინა. ისინი, ასევე, იმ შტატებს შორისაა, რომლებშიც THC-ის სიძლიერის შემზღუდავი კანონპროექტები წარადგინეს, შემდეგ კი ინდუსტრიის წნეხის ფონზე უკან გაიწვიეს ან არ დაამტკიცეს.
ამავდროულად, ანალიტიკოს ადამსის თქმით, მარიხუანის ყვავილის გაყიდვები აღნიშნული რეკრეაციული ბაზრის დაახლოებით 70%-ს შეადგენდა 2014 წელს, მაშინ როდესაც კოლორადოში პირველი ლეგალური მაღაზიები გაიხსნა. ადამსისა და მარკეტინგული კვლევის კომპანია BDSA-ს მონაცემთა თანახმად, რომელიც სავაჭრო წერტილების კვლევას ეფუძნება, დღეს ეს რიცხვი 40%-მდე დაეცა. ამავე პერიოდში `ვეიპინგისა“ და `დებინგის“ პროდუქტების გაყიდვის მაჩვენებლები ლეგალური ბაზრის 15%-დან 32%-მდე ავიდა, მაგრამ ზრდის ტემპი, როგორც ჩანს, ნელდება.
ადამსის თქმით, ეს ყველაფერი ლეგალიზაციის შედეგად „კანაფისა და ტექნოლოგიის გაერთიანებამ“ მოიტანა. ადამსი ვარაუდობს, რომ ამ ინდუსტრიაში წინსვლა სხვა ნაერთების იზოლირებით იქნება. კიდევ რა ეფექტები შეიძლება მივიღოთ ტერპენებისგან ან იმ ასზე მეტი კანაბინოიდისგან – THC-ისა და CBD-ის გარდა – რომლებიც ნაკლებადაა შესწავლილი?
„როდესაც საქმე კონცენტრატებს ეხება, ჩვენ სრულიად ახლებურად ვუყურებთ კანაფის ნაერთების შესაძლებლობებს“, – ამბობს ადამსი, – „ამით გვეხსნება შესაძლებლობების ფართო ველი, რომ კანაფი გახდეს უფრო მეტი, ვიდრე საღამოს ტელევიზორის წინ განტვირთვის საშუალება“.
თანამედროვე კანაფის მიმოხილვა – ადრე მარიხუანის მოხმარება ძირითადად მოწევას გულისხმობდა – „ჯოინთის“ გახვევას ან ჩიბუხში ჩატენას. რით განსხვავდება ელექტროსიგარეტები, ანუ „ვეიპები“?
როგორც მოწევის, ისე „ვეიპინგის“ შემთხვევაში, მარიხუანა ცხელდება და ჩვენ მას შევისუნთქავთ – თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში ცეცხლს არაფერს ვუკიდებთ. ზოგიერთ „ვეიპში“ შეიძლება მოთავსებული იყოს გამხმარი მცენარე ან კანაფის ყვავილი, სხვებში კი დაგხვდეთ ძლიერმოქმედი კონცენტრატები, როგორებიცაა ზეთი და ფისი. ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ეს პატარა ელექტრომოწყობილობა მცენარეს ან ზეთს ზუსტად იმ ტემპერატურამდე აცხელებს, რომ ნაერთები, როგორებიცაა THC და სხვა კანაბინოიდები, აეროზოლის ან ორთქლის ფორმით გამოუშვას.რადგან „ვეიპში“ მცენარეულ მასალას არ ვწვავთ, ის უფრო მსუბუქ პროცესად აღიქმება. კალმისტრის მსგავსი „ვეიპი“ უფრო მოსახერხებელიცაა: ეს პატარა მოწყობილობები პორტატიულია, ნაკლებად თვალშისაცემია და უფრო ნაკლებ სუნსაც ტოვებს. ბევრი „ვეიპი“ ერთჯერადია და მათთვის, ვისაც ნარჩენების შემცირება სურს, არსებობს მოდელები, რომლებსაც ეცვლება კანაფის ზეთით გაჯერებული კარტრიჯები. კვლევების მიხედვით, ყვავილის „ვეიპინგი“, მოწევისგან განსხვავებით, ამცირებს ტოქსინებისა და ნახშირჟანგის, მხუთავი აირის, მიღებასაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი სრულიად უსაფრთხოა. „ვეიპინგს“ თან ახლავს ფილტვის დაავადებების რისკები განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონცენტრატები გამოიყენება.მათთვის, ვისაც THC-ის ძლიერი, მასტიმულირებელი დოზა უფრო აინტერესებს, არსებობს აორთქლების სხვა ფორმა, ე.წ. „დებინგი“, როდესაც კანაფის უფრო სქელი კონცენტრატები ხურდება, მაგალითად, ცვილი (ანუ ჰაშიშის ზეთის უფრო წებოვანი ფორმა) ან ნამსხვრევები (მყარი, მინისებრი ვერსია). ამას სხვა ტიპის მოწყობილობა სჭირდება – ერთგვარი წყლის ჩიბუხი, ე.წ. ბონგი, რომელიც უფრო ჩახლართული და ნაკლებად პორტატიულია, ვიდრე „ვეიპების“ უმეტესობა. მომხმარებლები, როგორც წესი, პატარა სანთურით აცხელებენ ბონგის ერთ ნაწილს, რომელშიც შემდეგ სოლისებრი ხელსაწყოთი ერთ წვეთ კონცენტრატს ათავსებენ, რათა მისი ორთქლი გამაგრილებელი წყლის კამერის გავლით შეისუნთქონ. ელექტროსიგარეტის მსგავსი „დებინგის“ პატარა ხელსაწყოები უფრო მარტივი ალტერნატივაა, მაგრამ ზოგი მომხმარებლის აზრით, ის გემოს აფუჭებს. უფრო და უფრო პატარა, მარტივი და იაფი მსგავსი მოწყობილობების შექმნა ამ მუდამ ინოვაციური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ქრონიკულ ტკივილთან ბრძოლის ახალი ინსტრუმენტი?
ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები უწყვეტ აგონიასთან გამკლავების ისეთ მეთოდებს ეძებდნენ, რომლებიც არ იწვევს დამოკიდებულებას. დღეს კანაფი უფრო უსაფრთხო ალტერნატივას გვთავაზობს.
ტკივილგამაყუჩებლების კვლევის წმინდა გრაალს უწოდებენ საშუალებას, რომელიც თავისი მოქმედებით არაფრით ჩამოუვარდება უძლიერეს ოპიოიდებს, თუმცა, მათგან განსხვავებით, მას არ ახასიათებს შესაძლო უმძიმესი გვერდითი მოვლენები. როდესაც ბიოფიზიკოსმა და სტრუქტურული ბიოლოგიის სპეციალისტმა კაავია კრიშნა კუმარმა ასეთი წამლის შექმნის ახალ გზებზე ფიქრი დაიწყო, იცოდა, რომ დასჭირდებოდა ნივთიერება, რომელიც სხეულს უძლიერესად დაარტყამდა. ამგვარად, მან ონლაინფორუმ Reddit-ის ბნელ კუთხეებს მიაშურა და შეიტყო არალეგალური ქუჩის ნარკოტიკის შესახებ, რომელიც, ხალხის თქმით, იწვევდა ძლიერ „კაიფს“ და ამავდროულად ცუდად ხდიდა.
„ის არაამქვეყნიურად ძლიერია, – ეწერა ერთი რეკრეაციული მომხმარებლის პოსტში, – ფხვნილის ძალიან, ძალიან მცირე რაოდენობასაც შეუძლია თავბრუდამხვევ ეიფორიაში გაგიშვას“.
ამ წამალს „ფუბინაკას“ უწოდებენ. ის სინთეტიკური კანაბინოიდია – ლაბორატორიაში შექმნილი მოლეკულა, რომელიც ნერვული სისტემის იმავე უბნებზე ზემოქმედებს, რაზეც THC – კანაფის მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება. იატაკქვეშა ქიმიკოსები ასეთ ნარკოტიკებს 2000-იანი წლების დასაწყისიდან ქმნიდნენ. მაშინ აშშ-ში რეკრეაციული მარიხუანა კრიმინალიზებული იყო და სინთეტიკური კანაბინოიდები იაფ, მეტ-ნაკლებად ლეგალურ ალტერნატივად ითვლებოდა. ფხვნილს, როგორც წესი, გამხსნელებში ხსნიან, შემდეგ კი მცენარის ნაფლეთებზე აპკურებენ და თვალის ჩაკვრით ყიდიან, როგორც საკმეველს ან გამხმარი ყვავილების არომატულ ნარევს. შეიძლება კანონისთვის გვერდის ასავლელად მას წარწერაც ჰქონდეს, რომ პროდუქტი „არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისთვის“.
ამ სინთეტიკურ ნარკოტიკებს ხშირად „სპაისს“ ან „K2-ს“ უწოდებენ. მათი ტოქსიკურობისა და მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რისკის გამო, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განგაშის ზარი გაისმა. ზუსტი შემადგენლობა და კონცენტრაცია განსხვავდება პროდუქტის მიხედვით, გვერდითი ეფექტები კი მრავლადაა, მანიით დაწყებული, გულის შეტევით დამთავრებული.
მაგრამ კრიშნა კუმარისთვის „ფუბინაკა“ ტკივილის მართვის სისტემის უკეთ გააზრების კარგი საშუალება იყო. ჭკვიანური მოლეკულური მოდელირების შემდეგ მან და მისმა გუნდმა, სტენფორდისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევართა ხელმძღვანელობით, ამ საშუალების მოდიფიცირების ინოვაციური გზაც იპოვეს. მიმდინარე წლის დასაწყისში გუნდმა კვლევაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, „ფუბინაკას“ ბაზაზე დამზადებული წამალი თაგვებს ხანგრძლივად უყუჩებდა ტკივილს, თანაც ფსიქოაქტიური გვერდითი ეფექტებისა და ტოლერანტობის გამომუშავების გარეშე. სწორედ ასეთი გვერდითი ეფექტების გამო შეფერხდა სხვა კანაბინოიდური ტკივილგამაყუჩებლების წარმოების პროცესი და შემცირდა ენთუზიაზმი მედიკამენტების კლასზე, რომელიც ერთ დროს ოპიოიდების დამაიმედებელ ალტერნატივად ჩანდა. ახლა ზოგიერთი მეცნიერი იმედოვნებს, რომ ეს კვლევებს გამოაცოცხლებს და თერაპიულ საზღვრებსაც გააფართოებს.
„ფუბინაკა“ ყოველთვის ქუჩის ნარკოტიკი არ ყოფილა. ის Pfizer-ის მიერ 2009 წელს დაპატენტებული მედიკამენტი იყო და შემუშავდა, როგორც „სუპერძლიერი ასპირინი გვერდითი ეფექტების გარეშე“, – ამას Pfizer-ის ყოფილი ქიმიკოსი, დარინ ჯონსი ამბობს. THC-ის მსგავსად, სინთეტიკური კანაბინოიდები ძლიერ ქიმიურ რეცეპტორს, CB1-ს, ააქტიურებს. ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებში CB1 თავის ტვინისა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სხეულის სხვა ნაწილებში არსებულ ნერვულ უჯრედებშიც გვხვდება. ვიცით, რომ ის ზემოქმედებს არა მხოლოდ ტკივილის აღქმაზე, არამედ ასევე ძილზე, მეტაბოლიზმსა და მეხსიერებაზე, რის გამოც CB1 ფარმაცევტული კვლევის კარგი ობიექტია.
ცხადია, ნებისმიერი ახალი მედიკამენტის წარმოებისას უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად შემოსავლიანი იქნება ის. ჩვენ არ ვიცით, რამ შეაჩერა Pfizer-ის კვლევა, მაგრამ ჯონსი ვარაუდობს, რომ ეს დაკავშირებული იყო სამედიცინო მარიხუანის მზარდ ლეგალიზაციასთან და მის ფართო ხელმისაწვდომობასთან.
თუმცა, როდესაც აღნიშნულმა კომპანიამ წამლის პატენტი გამოსცა, ე.წ. „გარაჟის ქიმიკოსებმა“ შეძლეს ფორმულის კოპირება და ანალოგების შექმნა. აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თქმით, სამართალდამცველებმა ასობით სხვადასხვა სინთეტიკური კანაბინოიდი აღმოაჩინეს. „ფუბინაკას“ ვარიანტები პირველად 2012 წელს იაპონიაში შენიშნეს და ისინი ერთ-ერთ ყველაზე ტოქსიკურებადაა ცნობილი. 2014 წელს რუსეთში ათობით ადამიანის სიკვდილი სწორედ მის ერთ-ერთ ანალოგს (MDMB-FUBINACA) დაუკავშირეს. ორი წლის შემდეგ კიდევ ერთმა ვარიანტმა ბრუკლინში მასობრივი ზედოზირება გამოიწვია.
მაგრამ კრიშნა კუმარს Pfizer-ის დაწყებული საქმის გაგრძელება და ამ მძლავრი მედიკამენტის გამოყენება სურდა. პირველ რიგში მან გამოიკვლია, როგორ მიემაგრებოდა MDMB-FUBINACA ადამიანის CB1 რეცეპტორს ლაბორატორიულ ჭურჭელში. მან აღმოაჩინა, რომ სხვა სინთეტიკურ კანაბინოიდებთან შედარებით, ის უფრო მჭიდროდ ებმოდა რეცეპტორს და უფრო ძლიერი ეფექტიც ჰქონდა.
შემდეგ კუმარმა ნობელის პრემიით აღიარებული ტექნოლოგიით, კრიოელექტრონული მიკროსკოპიით (cryo-EM), სწრაფგაყინვის მეთოდი გამოიყენა „ფუბინაკას“ მოლეკულაზე, სანამ ის CB1 რეცეპტორზე იყო მიმაგრებული და ელექტრონების სხივით დაასკანერა. შედეგად მიიღო სამგანზომილებიანი გამოსახულება, რომელზეც ატომების დონეზე ჩანდა, როგორ იდეალურად ჩაჯდა წამალი რეცეპტორის ზედაპირზე – როგორც გასაღები კლიტეში.

სწორედ ამ სურათმა დაუდო საფუძველი „ფუბინაკას“ ახალი ვერსიების წარმოებას. რეცეპტორის ახლებურად სტიმულირებით ამ ვერსიებმა შეიძლება შეინარჩუნოს თავდაპირველი წამლის ეფექტურობა და, ამასთანავე, შეამციროს გვერდითი ეფექტები. ამისთვის კრიშნა კუმარი დაუკავშირდა სუსრუტა მაჯუმდარს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ქიმიკოსსა და ფარმაკოლოგს, რომლის ლაბორატორიამაც აქამდე აჩვენა, რომ ოპიოიდური რეცეპტორის კონკრეტული უბნის გააქტიურებით შესაძლებელი იყო იმ ქიმიური რეაქციების დაბლოკვა, რომლებიც ტოლერანტობის გამომუშავებას იწვევს. იქნებ, ეს CB1-ისთვისაც იყო შესაძლებელი?
მკვლევრებმა იცოდნენ, რომ CB1-ს, ოპიოიდური რეცეპტორის ბიძაშვილს, პოტენციურად ჰქონდა შემაკავშირებელი უბანი მსგავსი თვისებებით, მაგრამ ის რეცეპტორის სიღრმეში მდებარეობდა და კრიშნა კუმარის კრიოელექტრონული გამოსახულების მიხედვით მას ატომების კლასტერი ეფარებოდა. ამ შემაკავშირებელ უბანს, ასევე, არ ჰქონდა შესაფერისი ფორმა „ფუბინაკას“ მისაბმელად. ამიტომ, მაჯუმდარის გუნდმა დაიწყო ამ კანაბინოიდისთვის სპეციალური შემაკავშირებლების მონახაზის შექმნა – ატომების ჯაჭვის, რომელიც მოლეკულას შეღწევაში დაეხმარებოდა.
ამასობაში სტენფორდის მეცნიერებმა სხვა მიდგომა აირჩიეს და კუმარის სტატიკური სურათი კომპიუტერული სიმულაციით გააცოცხლეს. მათ აჩვენეს, როგორ მოძრაობდნენ მედიკამენტისა და რეცეპტორის ატომები ერთმანეთის გარშემო. სიმულაციამ საოცარი რამ გამოამჟღავნა: ატომები, რომლებიც ამ ადგილს ეფარებოდნენ, დროდადრო მიმოიფანტებოდნენ და აშიშვლებდნენ ე.წ. `კრიპტულ ჯიბეს“, რაც მკვლევრებს შიგნით ჩაჭყეტის საშუალებას აძლევდა.
მაჯუმდარის გუნდმა დიზაინი კიდევ შეცვალა „ფუბინაკას“ ფსიქოაქტიური გვერდითი ეფექტების შესამცირებლად. როგორც აღმოჩნდა, ახლად გაშიშვლებულ შემაკავშირებელ უბანს შეეძლო დადებითი ელექტრული მუხტის მქონე ნაერთის მიღება, რომელიც ზღუდავს მოლეკულას, გაიაროს სისხლისა და ტვინის გამაცალკევებელ მემბრანაში. მკვლევრებმა „ფუბინაკას“ მიამაგრეს დადებითად დამუხტული ატომები, რის შედეგადაც შეუზღუდეს სამოქმედო არეალი და ის მხოლოდ ტვინის გარეთ ზემოქმედებდა CB1 რეცეპტორებზე – ანუ, ის ვერ იწვევდა გაბრუებას, ვერ ახდენდა გავლენას ტვინის მექანიზმზე, რომელიც სიამოვნების განცდას განაპირობებს და მცირდებოდა მედიკამენტის არამიზნობრივად გამოყენების ან დამოკიდებულების შანსიც.
„ფუბინაკას“ ახალი ვერსიები სხვადასხვა სახის ტკივილის მქონე მღრღნელებში ინიექციით შეიყვანეს. ერთ ვარიანტში, რომელსაც მკვლევრებმა VIP36 დაარქვეს, სამი განსხვავებული წყაროდან გამოწვეული ქრონიკული ტკივილის შემცირების ნიშნები გამოვლინდა – ანთება, ნერვის დაზიანება და თავის ტკივილი – თანაც, რამდენიმედღიანი განმეორებითი ინიექციების შემდეგაც არ კარგავდა ეფექტურობას. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგის, რობერ ჟეროს თქმით, მოლეკულურმა ჩარევებმა წამლის სიმძლავრე შეამცირა, მაგრამ თუ მსგავსი ჩარევები სხვა კანაბინოიდს უბრალოდ გამოუსადეგარს გახდიდა, VIP36-მა შეინარჩუნა „კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტურობა“ ზუსტად იმიტომ, რომ „ფუბინაკა“ თავიდანვე ასეთი ძლიერი იყო.
მეტიც, მაჯუმდარის თანახმად, შეიძლება, CB1-თან დაკავშირებულ სხვა რეცეპტორებსაც ჰქონდეთ სხვა `კრიპტული ჯიბეები“, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ უკავშირდებიან ტკივილს. ისინი შეიძლება, მაგალითად, უკავშირდებოდეს გულის დაავადებას ან ნარკოტიკულ ნივთიერებათა გამოყენებასთან დაკავშირებულ აშლილობებს. ეს შესაძლებლობების ველს გვიხსნის: ის, რაც მკვლევრებმა შეიტყვეს რეცეპტორის ქცევის ცვლილებაზე, მათ სხვა წამლების მოდიფიცირებისას დაეხმარება. მაჯუმდარი უკვე გეგმავს, მიუბრუნდეს ძველ კვლევას, რომლის ფარგლებშიც ოპიოიდების რთულად მისადგომ რეცეპტორებს ვერ მისწვდნენ. ის ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გარდაქმნას ანტიდეპრესანტები ან კიბოს წამლები. „მომავალში, ალბათ, ტკივილის გარდა, დაავადებებზეც ვიმუშავებთ, – ამბობს იგი, – ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“.
თანამედროვე კანაფის მიმოხილვა – რა განსხვავებაა კანაფსა და სინთეტიკურ პროდუქტებს, მაგალითად, K2-ს, „სპაისსა“ თუ delta-8-ს შორის? ლეგალურია სინთეტიკური კანაბინოიდები?
კანაფის ლაბორატორიული ჩამნაცვლებლები შეიძლება მართლაც ლეგალურად იყიდებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უსაფრთხოა. სინთეტიკურ კანაბინოიდებს ხშირად ახლავს რისკი. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ე.წ. ყალბი ან სინთეტიკური მარიხუანა არის არა ერთი ტიპის ნარკოტიკი, არამედ ნივთიერებების მთელი კლასი.რეკრეაციული გამოყენებისთვის სინთეტიკური კანაბინოიდების შესაქმნელად იატაკქვეშა ქიმიკოსები აკეთებენ ნაერთებს, რომლებიც ქიმიურად განსხვავდება THC-სგან, მაგრამ მსგავსად მოქმედებს ნერვულ რეცეპტორებზე. რადგან ზოგიერთი ასეთი ნივთიერება – მაგალითად, ე.წ. K2 და „სპაისები“ არალეგალურად არ მიიჩნევა [აშშ-ში], ისინი შეიძლება ყველგან შეგხვდეთ – ბენზინგასამართ სადგურზე, თამბაქოს მაღაზიასა თუ ონლაინმაღაზიებში – ვთქვათ, მცენარეული საკმევლის ყალბი სახელწოდებით. მაგრამ ზოგს შეიძლება მინიშნებაც ეწეროს, რომ სინთეტიკური ქიმიკატებით გაჟღენთილი მცენარეული ნარევი შეიძლება სხვა ფუნქციითაც გამოიყენოთ.შედეგად, ამერიკის მოწამვლის ცენტრებში ყოველ წელს, სინთეტიკური კანაბინოიდების გამო, ასობით ზარი შედის. კვლევების ერთმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ ასეთი ნარკოტიკი იწვევს „THC-ზე უფრო მაღალ ტოქსიკურობას და მისი ეფექტიც მეტად გრძელვადიანია“. უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობების რისკი. გარდაცვალების შემთხვევებს უკავშირებენ სინთეტიკურ კანაბინოიდებს, რომელთაც ვირთაგვას საწამლავში არსებულ ნივთიერებებს უმატებდნენ. შტატები და ფედერალური მთავრობა კონკრეტული ნივთიერებების კრიმინალიზებას ცდილობდნენ, მაგრამ მწარმოებლები უბრალოდ ქმნიდნენ ახალ ვარიანტებს, რომლებიც ჯერ აკრძალული არ იყო.აშშ-ში ხშირია მოწამვლის შემთხვევები delta-8-ის მოხმარების შედეგად, რომელიც ლეგალურ კანაფში არსებული CBD-ის სინთეზირებით მიიღება, თითქმის შეუსწავლელია და მრავალი შტატის კანონი ჯერ კიდევ ვერ არეგულირებს.
„ბალახის ავადმყოფობის“ საიდუმლოება
კანაფის ახალი ძლიერი ჯიშები და ფორმები კონკრეტულ სიმპტომებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ექიმებს საგონებელში აგდებს. ამ უცნაური სინდრომის დიაგნოზს სულ უფრო ხშირად სვამენ.

სიერა კელეჰემი 23 წლის იყო, როდესაც პირველად დაეწყო მუცლის ერთთვიანი ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ციკლური ღებინება. გაოცებული იყო, მაგრამ სიმპტომები სტრესს მიაწერა – სამსახურში სირთულეები ჰქონდა და ოჯახთან ნაჩხუბარი იყო. გულისრევისა და შფოთის საწინააღმდეგო წამლები დღის გადაგორებაში ეხმარებოდა, საღამოობით კი, როდესაც აქტიურად გული არ ერეოდა, იგი ჩვეულებისამებრ აგრძელებდა ცოტაოდენი მარიხუანის მოწევას. როგორც ამბობდა, საშინლად უნდოდა „მოდუნება და საკუთარი სხეულიდან გაქცევა“.
კელეჰემი ვაშინგტონის შტატში ცხოვრობს, სადაც რეკრეაციული კანაფი ლეგალურია 2012 წლიდან. იგი დიდი ხანია ყოველდიურად მოიხმარს მარიხუანას საშუალო რაოდენობით – ცოტ-ცოტას ღამით, რათა უკეთ ჩაეძინოს. სანამ 2020 წლის ბოლოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები დაეწყებოდა, ის კონცენტრირებულ კანაფის ზეთს `ვეიპის“ მეშვეობით მოიხმარდა. შუალედში, როდესაც თითქოს სიმპტომები აღარ აწუხებდა, `ჯოინთების“ მოწევაზე გადაერთო და შემდეგ ისევ `ვეიპს“ დაუბრუნდა.
2024 წლის დასაწყისში მორიგი შეტევა დაეწყო, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ყოველდღიურად მუცლის ჭვალი ტანჯავდა და უკონტროლოდ აღებინებდა. ორჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მისვლაც მოუწია. საავადმყოფოში ექიმმა ჰკითხა, კანაფის მომხმარებელი ხომ არ იყო. კელეჰემმა უთხრა, რომ ყოველ ღამე ეწეოდა. შოკში ჩავარდა, როდესაც ექიმმა წინასწარი დიაგნოზი გააცნო: კანაბინოიდური ჰიპერემეზის სინდრომი (CHS), რომელსაც „ბალახის ავადმყოფობას“ უწოდებენ.
ამ უცნაური გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის კლასიკური სიმპტომებია განმეორებადი გულისრევა და მუცლის ტკივილი. ეს დაავადება მარიხუანის, განსაკუთრებით კი მისი მაღალი სიძლიერის პროდუქტების ხშირ გამოყენებასთანაა დაკავშირებული. პირველად კანაბინოიდური ჰიპერემეზის სინდრომი (კანაბინოიდები მარიხუანის ნაერთებია, მაგალითად THC და CBD, „ემეზი“ კი პირღებინების კლინიკური ტერმინია) 2004 წელს ავსტრალიელმა ექიმებმა აღწერეს. უცნობია, ზუსტად რამდენს აწუხებს ეს სინდრომი, მაგრამ 2018 წლის ერთ-ერთი კვლევა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტებისთვის ჩატარებულ გამოკითხვას განაზოგადებს, ვარაუდობს, რომ აშშ-ში ეს პრობლემა ყოველწლიურად 2,75 მილიონ ადამიანს აქვს. Journal of the American Medical Association-ის ბოლოდროინდელი კვლევის შეჯამების მიხედვით ამ დიაგნოზს სულ უფრო ხშირად სვამენ: CHS-ის გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტებში აშშ-სა და კანადაში 2017-დან 2021 წლამდე ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა.
რა დგას ამ ზრდის მიღმა? დიპაკ სირილ დესუზა, ფსიქიატრიის პროფესორი და იელის კანაფისა და კანაბინოიდების მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ერთი მიზეზი კანაფის პროდუქტების მზარდი სიძლიერეა. 30 წლის წინ აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის მიერ ამოღებულ ნიმუშებში THC წონის საშუალოდ 4%-ს შეადგენდა. 2022 წლისთვის ეს რიცხვი 16%-მდე ავიდა; „ვეიპის“ კარტრიჯებში ჩასხმული ზეთის, როგორსაც კელეჰემიც იყენებდა, მაჩვენებელმა შესაძლოა 85%-საც მიაღწიოს.

კვლევები მიუთითებს ასევე რეკრეაციული მარიხუანის სულ უფრო მზარდ ლეგალიზაციაზე. 2022 წლის ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც American Journal of Gastroenterology-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა მასაჩუსეტსის ერთ-ერთ საავადმყოფოში CHS-ის მიზეზით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სტატისტიკა გააანალიზეს 2012-2020 წლებში და აღნიშნეს, რომ პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამ შტატში 2016 წელს კანაფის ლეგალიზება მოახდინეს.
CHS ძალიან ინდივიდუალურია. „არ ვიცით, რატომ ემართება ეს ზოგ ადამიანს, ზოგს კი არა“, – ამბობს დესუზა.
„კანაფის ყოველდღიურად მწეველთა უმეტესობას ეს არ ემართება“, – დასძენს კრისტოფერ ნ. ენდრიუსი, გასტროენტეროლოგი და კანადის კალგარის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი. და თუკი ემართებათ, სიმპტომები მუდმივი არ არის. „პრობლემები მიდის და მოდის, ყველაფერი ციკლურად ხდება“, – ამბობს დესუზა. ენდრიუსი ფიქრობს, რომ CHS-ის სიმპტომები უფრო მუდმივი რომ იყოს, შეიძლება უფრო მეტმა პაციენტმა თქვას კანაფზე უარი.
CHS-ის გამომწვევ მიზეზებზე ერთი თეორია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) სისტემას ეხება. ეს სისტემა ჰორმონალური ბალანსის ცვლილებით სტრესზე სხეულის რეაქციებს არეგულირებს. კანაფის ქრონიკულად მოხმარებისას „სისტემის მოქმედება შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს“, – ამბობს ენდრიუსი, შედეგად კი სიმპტომები გაჩნდეს.
ამ სინდრომზე გავლენას გენეტიკური მიდრეკილებაც შეიძლება ახდენდეს. CHS-ის მქონე ადამიანებში ხშირია დეპრესია და შფოთი. „პარადოქსია, რომ არ ვიცით, კონკრეტულ მომენტში რა იწვევს სიმპტომებს“, – დასძენს დევიდ ლევინთალი, პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ნეიროგასტროენტეროლოგიისა და მობილობის ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ყველაზე სავარაუდო მიზეზებს შორისაა ძილის ნაკლებობა და ძლიერი სტრესი.
რაც არ უნდა იწვევდეს ამ სინდრომს, მისი გრძელვადიანი შედეგები შესაძლოა ბევრად გასცდეს დაავადების მიმდინარეობისას წარმოქმნილ ძლიერ დისკომფორტს. გართულებებს შორისაა მწვავე დეჰიდრატაცია და ელექტროლიტების დისბალანსი, რამაც შეიძლება დააზიანოს თირკმელი, გამოიწვიოს გულის რიტმის ანომალიები და შეტევები. იშვიათად ასეთი გართულებები ფატალურადაც კი მთავრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიმპტომების ვერ შემჩნევა რთულია, ექიმების თქმით, არც CHS-ის დიაგნოზის დასმაა მარტივი ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს სიმპტომები სხვა გასტროენტეროლოგიურ პრობლემებს ჰგავს და, ამასთან, პაციენტები ყოველთვის ღიად არ ლაპარაკობენ მარიხუანის მოხმარების ჩვევაზე. „დიაგნოზის დასასმელად გვჭირდება, რომ პაციენტი შეეშვას კანაფს, რათა ვნახოთ, გაქრება თუ არა სიმპტომები“, – გვიხსნის ენდრიუსი.
მარიხუანაზე უარის თქმა ჩვენთვის აქამდე ცნობილი ერთადერთი გამოსავალია CHS-თან გასამკლავებლად. დღემდე ვხვდებით მითს, რომ კანაფი არ იწვევს შეჩვევას, არადა, კანაფის რეგულარული მოხმარების უცბად შეწყვეტას შეუძლია ისეთი სიმპტომების გამოწვევა, როგორებიცაა შფოთი, გაღიზიანება, ძილის დარღვევა და მადის დაკარგვა. შვება კი პაციენტმა მხოლოდ რამდენიმე კვირაში ან თვეში შეიძლება იგრძნოს. „რადგან შედეგი კანაფის შეწყვეტიდან ასე გვიან დგება, ადამიანები ხანდახან წინსწრებით ასკვნიან, რომ მარიხუანა არაფერ შუაშია მათ სიმპტომებთან“, – ამბობს ენდრიუსი. მარიხუანისთვის თავის დანებების მხოლოდ იდეაც კი ისე აფრთხობს ქრონიკულ მომხმარებლებს, რომ მათ აღარ სურთ თვალი გაუსწორონ ჯანმთელობის პრობლემას. კელეჰემი ასეთი პაციენტი არ იყო. როდესაც სასწრაფოს ექიმმა CHS-ის შესახებ ლიტერატურა მიაწოდა, თავიდან სკეპტიკურად განეწყო. „შუძლებელია – მე ხომ ძალიან აზრიანად მოვიხმარ“, – იხსენებს იგი. „მაგრამ მასალას რომ გავეცანი, ყველაფერს მივხვდი. იმავე დღეს დავანებე თავი კანაფს“.
თანამედროვე კანაფის მიმოხილვა
კიდევ რა შეიტყვეს მეცნიერებმა – რა გავლენა აქვს ძლიერ მარიხუანას ჩვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით თინეიჯერებში?

მარიხუანის ნებისმიერი ფორმით მოხმარებას თან ახლავს რისკები, მაგრამ მკვლევრებმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, თუ რა გავლენა აქვს THC-ის მაღალი შემცველობის პროდუქტებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. კვლევები გვაფიქრებინებს, რომ ზრდასრულებში, განსაკუთრებით ხშირ მომხმარებლებში, მაღალია ფსიქოზისა და კანაფის მოხმარებით გამოწვეული აშლილობის (კანაფზე უარის თქმის უუნარობა მაშინაც კი, როდესაც ის ჯანმრთელობისა და სოციალურ პრობლემებს იწვევს) რისკი. ჯანდაცვის მუშაკები კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას გამოხატავენ, როდესაც საქმე მოზარდებს ეხება. მაღალი სიძლიერის კანაფის პროდუქტების (მაგალითად, ისეთების, რომელთაც „ვეიპინგით“ და „დებინგით“ მოიხმარენ) ადრეულ ასაკში და ხშირი მოხმარება ზრდის შფოთის, დეპრესიისა და სუიციდური ფიქრების რისკს. ეს, ასევე, გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, კოგნიტიურ ფუნქციასა და მოტივაციაზე. მოზარდები, რომლებიც კანაფის კონცენტრატებს იყენებენ, უფრო მაღალი ალბათობით არიან ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემათა რისკის ქვეშ, ვიდრე ისინი, ვინც კანაფის არაკონცენტრირებულ ფორმას მოიხმარენ. რადგან მოზარდის ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რეალურია რისკი, რომ ზიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ.კონცენტრატები შედარებით ახალი ფენომენია და მშობლები, მეურვეები და მასწავლებლები მას სათანადოდ მომზადებულები ვერ დახვდნენ. „ვეიპი“ უფრო მსუბუქ სუნს ტოვებს და მის მოსახმარად ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია, ამიტომ თინეიჯერებისთვის ამ პროდუქტის დამალვა უფრო მარტივია. 2024 წელს ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა დაადგინა, რომ ახალგაზრდები ადრევე იწყებდნენ გასინჯვას – მე-8 კლასელების თითქმის 6%-ს წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოწეული ჰქონდა კანაფის „ვეიპი“.ძლიერმოქმედი კანაფით შეშფოთების გამო, ფედერალურ მთავრობას მოუწოდებდნენ, მარიხუანა ამოეღოთ ყველაზე მკაცრად აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიიდან. ამით შესაძლებელი გახდებოდა სხვადასხვა შტატში THC-ის კანონით დაშვებული შემცველობის რეგულირება ფედერალურ დონეზე. ნივთიერებათა I კატეგორიიდან III-ში გადანაცვლების პროცესი 2024 წელს დაიწყო და ახლა გაჩერებულია.