
უდაბნოპითეკი
ეკატერინე გაბაშვილისა და ბურჩაკ აბრამოვიჩის ერთობლივი სტატიით სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული ნამარხი უდაბნოპითეკის სახელით გახდა ცნობილი, ხოლო საბჭოთა პრესა მას მოიხსენიებდა, როგორც სსრკ-ის (!) ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანის მსგავს მაიმუნს
ექსპონატებით ისტორიის მოყოლა მუზეუმებისთვის მიღებულ ფორმატს წარმოადგენს. მეც გადავწყვიტე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ნივთებით მომეთხრო თქვენთვის ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან დაწყებული, თანამედროვეობამდე. მინდა გაგაცნოთ ის ფაქტები, რომელთაც მუზეუმის დამთვალიერებელი ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავს და ვერც საინფორმაციო დაფაზე. ამიტომ, 2016 წლის განმავლობაში, „National Geographic საქართველოს“ საშუალებით გიამბობთ რომელიმე ერთი ექს-პონატის ისტორიის, მისი სამეცნიერო მნიშვნელობისა და აღმომჩენი მეცნიერების შესახებ.
1939 წელს, დავითგარეჯას უდაბნოში სამეცნიერო ექსპედიცია მუშაობდა. ნასადილევს, ნარჩენების ალაგებისას, ახალგაზრდა მეცნიერმა, ეკატერინე (კატო) გაბაშვილმა საეჭვო ძვალი შენიშნა, ხოლო მისმა ხელმძღვანელმა, ცნობილმა პალეონტოლოგმა ბურჩაკ აბრამოვიჩმა, თავისი გამოცდილი თვალის წყალობით მყისვე განსაზღვრა, რომ ეს პრიმატის ზედა ყბის ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო ორი კბილით.

ეკატერინე გაბაშვილისა და ბურჩაკ აბრამოვიჩის ერთობლივი სტატიით სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული ნამარხი უდაბნოპითეკის სახელით გახდა ცნობილი, ხოლო საბჭოთა პრესა მას მოიხსენიებდა, როგორც სსრკ-ის (!) ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანის მსგავს მაიმუნს. არავინ იცოდა, ზუსტად რა ადგილას აღმოჩნდა უდაბნოპითეკი – ქალბატონ კატოს ამ თემაზე საუბარი არ უყვარდა.
როდესაც მუზეუმში იმ განყოფილების ხელძღვანელი გავხვდი, სადაც ქალბატონი კატო მუშაობდა, ამ აღმოჩენიდან 60 წელი იყო გასული. უდაბნოპითეკის მიმართ კი ჩემი ინტერესი – ძალიან დიდი. პირდაპირ მივედი და ვუთხარი, რომ მას კვლევის ახალი პერსპექტივა ეძლეოდა, ამისთვის კი დავითგარეჯაში წასვლა და იმ ადგილის განსაზღვრა იყო საჭირო, სადაც კბილები იპოვა.
უნდა გენახათ, რა მარჯვედ დადიოდა ქალბატონი კატო უდაბნოს პაპანაქებაში; ზუსტად გვაჩვენა ადგილი, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, უდაბნოპითეკის ზედა ყბის ნაწილი აღმოაჩინა.
ქალბატონი კატო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ჩემს უცხოელ კოლეგებს შორის. ერთი ცნობილი ესპანელი პალეონტოლოგი მას აგატა კრისტის გმირის სახელს – მის მარპლს – ეძახდა. პენსიაზე გასვლის შემდეგაც, თანამშრომლები სამსახურში რამეს რომ ვერ იპოვიდნენ, ქალბა-ტონ კატოს სახლში ურეკავდნენ და ისიც ამა თუ იმ მასალის ზუსტ ადგილსამყოფელს ეუბნებოდა. ეკატერინე გაბაშვილი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა და, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია მუშაობა.

ჩვენი პირველი ერთობლივი გასვლა კი, იმ ახალი ექსპედიციებისა და აღმოჩენების საფუძველი გახდა, დღესაც რომ გრძელდება.
ალბათ გაინტერესებთ, თუ რა სამეცნიერო მნიშვნელობისაა „უდაბნოპითეკი“.
სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებით დავადგინეთ, რომ ნამარხის გეოლოგიური ასაკი და-ახლოებით 8,5 მილიონ წელს ითვლის. ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩემს უფროს კოლეგებთან, ლეო გაბუნიასა და აბესალომ ვეკუასთან ერთად თავიდან შევისწავლეთ მასალა და მივედით დასკვნამდე, რომ უდაბნოს პრიმატის ზედა ყბის ორი კბილი, რომელსაც ჩვენ მიერ ნაპოვნი ახალი კბილიც მიემატა, დრიოპითეკების ჯგუფის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.
დრიოპითეკი უმაღლეს მაიმუნებში – ჰომინოიდებში შემავალი გადაშენებული ჯგუფია, რომელსაც მეცნიერთა უმეტესობა თანამედროვე ორანგუტანებთან აახლოვებს. დრიოპითეკების უმეტესობა, ძირითადად, ევროპაშია აღმოჩენილი, ხოლო მათ შორის უძველესის ასაკი დაახლოებით 12 მილიონი წლითაა განსაზღვრული. დრიოპითეკების საცხოვრებელი გარემო ხასიათდებოდა სუბტროპიკული ტყეებით, ტენიანი ჰავითა და ნაკლებად გამოხატული სეზონურობით.
ამ ჯგუფის გადაშენება ემთხვევა ე.წ. ვალეზიურ კრიზისს, რომელიც 9-9,5 მილიონი წლის წინ ევროპაში მოხდა და არიდიზაციის მკვეთრ ზრდაში (თბილი, ზომიერი ტყეების შეცვლა უფრო სეზონური და ღია ბიოტოპით) გამოიხატა, რამაც ტყის ბინადარი პრიმატების ამოწყდომა გამოიწვია.
უდაბნოპითეკს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ იგი დრიოპითეკების ყველაზე გვიანდელი წარმომადგენელია და, ამასთან, ჯგუფის აღმოსავლეთით უფრო ფართო გავრცელებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მორფოლოგიურად უფრო უახლოვდება დასავლურ ევროპულ პრიმატებს, ვიდრე ტერიტორიულად ახლოს, თურქეთსა და საბერძნეთში ნაპოვნ ჰომინოიდებს.

დავითგარეჯას უდაბნოს მაიმუნი ყველაზე გვიანდელია დღემდე ცნობილ დრიოპითეკებს შორის. ის ჩვენთან 1 მილიონი წლით მეტ ხანს შემორჩა, რის მიზეზადაც კავკასიის ბუნების მრავალფეროვნება შეგვიძლია მივიჩნიოთ. კერძოდ, აქ არსებული საკვები რესურსების სიმრავლე (განსაკუთრებით ხის ნაყოფები). უდაბნოს ძუძუმწოვართა ფაუნის შემადგენლობა და ნაპოვნი ხეების ნაშთები, ასევე, ჰომინოიდის კბილების თხელი ემალი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უდაბნოპითეკის ეპოქაში, გარეჯას მიდამოებში ღია სივრცეებთან ერთად ტყის უბნებიც უნდა ყოფილიყო გავრცელებული, სადაც უდაბნოპითეკთან ერთად ჰიპარიონები, აფთრები, მარტორქები, ჟირაფები და ანტილოპები ბინადრობდნენ. შესაბამისად, დავითგარეჯას 8,5 მილიონი წლის წინანდელი ლანდშაფტი სრულიად განსხვავდებოდა დღეს არსებული უდაბნოსგან.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.