2 – საბაგიროს ხაზია საჭირო შაქრისთავას მწვერვალზე ასასვლელად
100+ კლდეზე საცოცი მარშრუტია შაქრისთავაზე
396 – მეტრია შაქრისთავას სიმაღლე
პლაჟის მიღმა
ატლანტის ოკეანიდან გუანაბარის უბემდე გადაჭიმული რიო-დე-ჟანეიროს ეს სურათი ფოტოგრაფმა უეინ ლორენსმა ფაველა სანტა-მარტას შემაღლებული ადგილიდან აღბეჭდა. ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქი სიცოცხლით სავსე პლაჟების – იპანემას და კოპაკაბანას გარდა მეკლდეურთა ათასზე მეტი მარშრუტითაცაა განთქმული, რაც მას სპორტის მოყვარულთათვის შესანიშნავ ურბანულ დანიშნულების ადგილად აქცევს.
რიოს კლდეები
ამ გადატვირთული, თითქმის შვიდმილიონიანი ქალაქის პეიზაჟი მთებით არის დაწინწკლული; მაღალი ციცაბო კლდეები ლაჟვარდისფერ წყლებსა და თანამედროვე შენობებს გადმოჰყურებს. გრანიტისა და გნაისის კლდე, რომელიც რიოს გარს აკრავს, თავგადასავლების მაძიებლებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს.
კლასიკური მარშრუტი
მწვერვალებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა მარჯვნივ გამოსახული შაქრისთავა. ამ მწვერვალზე ასვლას სტუმართა უმეტესობა საბაგიროთი არჩევს, თუმცა ზოგიერთი მის დალაშქვრასაც ბედავს. ახალბედები კოშტანის ბილიკს ადგებიან, ხოლო მეტად გამოცდილები თავიანთ გამბედაობასა და გამძლეობას რთულ მარშრუტებზე ან ფოლადის ტროსებით აღჭურვილ via ferrata-ზე ცდიან.