ველოსიპედით ლაშქრობა დასავლეთში
კოლორადოს ზეგანზე გადაჭიმულ კოკოპელის ბილიკზე სპორტის ახალი სახეობა წარმოიშვა


ველოსიპედით ლაშქრობა დასავლეთში
კოლორადოს ზეგანზე გადაჭიმულ კოკოპელის ბილიკზე სპორტის ახალი სახეობა წარმოიშვა
სამოცდამეათე ტრასაზე, კოლორადოს ეროვნული ძეგლის მაღალ კლდეებსა და იუტას თაღებისა და კანიონების ეროვნულ პარკებს შორის ყოველდღე ათასობით დამთვალიერებელი დაქრის. ამ ცნობილ ადგილებთან შედარებით მათ შორის მდებარე ტერიტორიები – დარიჩინისფერი ქვიშებისა და ღვიის ბუჩქების ლანდშაფტი – უნაყოფოდ და უცნობად გამოიყურება, მაგრამ ჰორიზონტს მიღმა სამთო ველოსიპედებისთვის განკუთვნილი 229-კილომეტრიანი, კანიონებითა და ციცაბო კლდეებით დამშვენებული კოკოპელის ბილიკი იმალება, რომელიც პარკებში მდებარე ღირსშესანიშნაობებზე არანაკლებ თვალწარმტაცია.
„დიდი და ველური ტერიტორიაა“, – ამბობს კრის მური, კოლორადოს ზეგნის სამთო ველოსიპედების ბილიკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჯგუფისა, რომელიც კოკოპელის 1989 წლიდან, მისი მშენებლობის დასრულებიდან უვლის. „როდესაც ბიჭებმა აქ ველოსიპედებით სიარულზე პირველად წამოიწყეს ლაპარაკი, სიგიჟედ ჩავთვალე, მაგრამ აქაურობაზე უარის თქმა ძალიან ძნელია“.
ბილიკის ყოველი კილომეტრი საზოგადოებრივი საკუთრებაა და მიწის მართვის ბიუროს ბალანსზე არსებული საძოვრებისა და ეროვნული ტყეებისაგან და მაკინისის კანიონების ეროვნული საკონსერვაციო ზონისგან შედგება. იუტაში, შტატში, რომელიც მიწის გადაცემისა და პრივატიზაციის პოლიტიკას უჭერს მხარს, ამდენი საჯარო მიწის გაერთიანება სახუმარო საქმე არ გახლავთ. ჟურნალ Science-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, დაცული ტერიტორიები მსოფლიოშიც და აშშ-შიც, სადაც 2000 წლიდან საზოგადო საკუთრებაში მყოფი მიწების რაოდენობა 90%-ით შემცირდა, მზარდი საფრთხეების წინაშე დგას.
„ისეთი აუთვისებელი საზოგადო ტერიტორიები, როგორიც კოკოპელია, სულ უფრო ცოტაა დასავლეთში“, – ამბობს კურტ რეფსნიდერი, ველოსიპედისტების საადვოკატო ჯგუფ Bikepacking Roots-ის აღმასრულებელი დირექტორი (რეფსინდერს ეკუთვნის კოკოპელის ველოსიპედით გავლის ყველაზე სწრაფი დრო – 11 საათი და 52 წუთი). „ამისთანა ადგილების შენახვისთვის საჭიროა, რომ ადამიანებმა ისინი გამოიყენონ და მუდამ ჩართულები იყვნენ“.
ასე რომ, ორასკილომეტრიანი ხელშეუხებელი არეალის ველოსიპედით გავლა არა მხოლოდ იშვიათი გამოცდილება, არამედ მიწის კონსერვაციისთვის ხმის მიცემაცაა. სწორედ ეს გავაკეთე, როდესაც ნოემბრის დასაწყისში ჩემს სიძესთან, ტრევორ ვებთან ერთად კოკოპელი გავიარე.

სუსხიან პარასკევ დილით გავედით კოლორადოს ქალაქ ფრუიტიდან და მდინარე კოლორადოს ზემოთ კლდეებს გავუყევით. კოკოპელი საცალფეხო ბილიკების, მიწის გზებისა და ცოტა ასფალტის გზებისგანაც შედგება და დაახლოებით მდინარის კალაპოტს მიუყვება ლომიდან (კოლორადო) მოაბამდე (იუტა). სამდღიანი მოგზაურობისას მხოლოდ სამ მანქანასა და ექვსამდე ველოსიპედისტს გადავაწყდით. იმ ვიზიტორთა დიდი ნაკადის გათვალისწინებით, რომლებიც პარკებსა და ძეგლებს სტუმრობენ (2018 წელს კოლორადოს ეროვნული ძეგლი ოთხასიათასამდე ადამიანმა მოინახულა, თაღები და კანიონები ერთად კი 2,4 მილიონმა), კოკოპელის სიმარტოვე ხედების ექსკლუზიურობას ამძაფრებს.
კოკოპელი ყოველთვის დიდ იდეებთან იყო დაკავშირებული. 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ბილიკის კონცეფცია გაჩნდა, მთის ველოსიპედები მხოლოდ რამდენიმე ექსცენტრული ველომოყვარულის უგზოობისთვის გადაკეთებული ქუჩის ველოსიპედები იყო. „მთის ველოსიპედების პოპულარობა კრესტიდ-ბიუტსა და მოაბში სულ უფრო იზრდებოდა და ვიფიქრე, რომ თუ მოვაწყობდით ბილიკს, რომელიც ამ ორ ადგილს გრანდ-ჯანქშენის გავლით ერთმანეთთან დააკავშირებდა, იქნებ რამე დადებითი შედეგიც მიგვეღო“, – ამბობს ტიმ ფაულერი, რომელსაც მური ბილიკის შემოქმედს ეძახის.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საწყის ლომა-მოაბის სეგმენტის იქით არ გაზრდილა, მან საფუძველი ჩაუყარა მომავალ ბილიკებსა და სისტემებს, რამაც რეგიონი ველოსიპედისტების მექად და ერთ-ერთ პირველ ადგილად აქცია, რომელიც სპორტის მეშვეობით იღებს შემოსავალს. დღეისთვის კოკოპელი ზედგამოჭრილია ინდუსტრიის ერთ-ერთი მზარდი ტრენდისთვის – „ბაიკპეკინგისთვის“ (ველოსიპედით ლაშქრობა), რომელშიც ველოსიპედისტები მთელი მათი აღჭურვილობით მრავალდღიან სათავგადასავლო ლაშქრობაში მიდიან.
არონ გალი ჟურნალისტია სანტა-ფედან, ნიუ-მექსიკოს შტატიდან, რომელიც ოცი წელია ველორბოლაზე, მოგზაურობებზე, სპორტსა და ფიტნესზე წერს.