
ვირუსისგან დაცული ხელები
ეღირსება თუ არა მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობა ხელების დასაბანად და სასმელად საკმარის სუფთა წყალს?
„მუმბაიდან იმისთვის ჩამოხვედით, რომ ხელების დაბანა გვასწავლოთ?“
სოფლის მცხოვრებლები იუსუფ კაბირთან საუბრისას სიცილს ვერ იკავებდნენ. იუსუფი UNICEF-ის მუმბაის ოფისში მუშაობს, განყოფილებაში, რომლის შესაფერისი აკრონიმი – WASH – წყალს, სანიტარიას და ჰიგიენას აღნიშნავს. იგი ლატურის ოლქში იმყოფებოდა, ხელების ჰიგიენის მნიშვნელობაზე ელაპარაკა მოსახლეობასთან. კაბირის დაკვირვებით, ლატურში, ისევე როგორც მაჰარაშტრას შტატის დანარჩენ ოლქებში, ხელების დაბანა უმეტესობისთვის არაპრიორიტეტული იყო.
ეს COVID-19-ის პანდემიამდე დიდი ხნით ადრე ხდებოდა.
24 მარტს, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განკარგულებით, ინდოეთის 1,3 მილიარდზე მეტი მოსახლე შინ სამი კვირით გამოიკეტა. ეს პერიოდი შემდეგ გახანგრძლივდა. პარალელურად, დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ქვეყნებში ხელების დაბანის კულტურის უქონლობასა და COVID-19-ის გავრცელებას შორის პირდაპირი კავშირი იყო. ჩინეთში, სადაც პანდემია 2019 წლის ბოლოს დაიწყო, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აღმოჩნდა: გამოკითხულთა 77 პროცენტის თქმით, ტუალეტის გამოყენების შემდეგ ისინი ხელებს არ იბანენ. ინდოეთის შედეგი უკეთესი იყო, თუმცა, ინდოელების 40 პროცენტი აცხადებდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტშიც კი არც საპნით იბანდნენ და არც უსაპნოდ.
ეს გამოკითხვაც COVID -19-მდე ჩატარდა.
წელს ინდოელებმა მკაფიო გზავნილი მიიღეს: ხელების საპნით ხშირი დაბანა დაავადებებისგან იცავს. გზავნილს ავრცელებდნენ ეროვნული და შტატის მთავრობები, ბოლივუდის ვარსკვლავები, კრიკეტის ჩემპიონები და, რაც ყველაზე თავშესაქცევია, უნიფორმიანი და პირბადიანი პოლიციელები კერალას შტატიდან, რომლებიც პოპულარული მუსიკის ჰანგებზე დადგმული სინქრონული ცეკვით ხელების დაბანის მართებული წესის დემონსტრირებას ახდენდნენ.
„მაშინ, როდესაც კორონავირუსმა მსოფლიო მოიცვა, არ დაინდო მდიდრები და ძლევამოსილებიც კი, ინდოეთის სოფლების ღარიბ მოსახლეობას მწვავე დაუცველობის განცდა დაეუფლა, – ამბობს კაბირი, – ამან კი მთავრობის გზავნილის გათვალისწინება განაპირობა. საპონი სოფლების მაღაზიებში ბრინჯისა და ფქვილის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა“.
კაბირს საპნის შეძენისა და ხელების ხშირი ბანის სასარგებლოდ არგუმენტების გრძელი სია COVID-19-ის გავრცელებამდეც ჰქონდა. 2018 წელს პნევმონიამ მთელ მსოფლიოში 800 000-ზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვი იმსხვერპლა, მათგან 127 000 ინდოეთში ცხოვრობდა. დიარეისგან, რომელსაც ხშირად როტავირუსული ინფექცია იწვევს, 500 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 100 000 ინდოელის ჩათვლით. ხელების საპნით დაბანა ორივე დაავადების, ისევე როგორც ქოლერის, დიზენტერიის, ჰეპატიტი A-ს, და ტიფის წინააღმდეგ მთავარი დამცავი საშუალებაა. UNICEF-ის ცნობებით, ის დიარეის რისკს 40 პროცენტით ამცირებს.

ფოტო: სანჯიტ დასი/PANOS PICTURES/REDUX
WASH-ის აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ COVID-19-ის შიშით ხელებს უფრო ინტენსიურად დაიბანენ რაც პოსტპანდემიურ განვითარებად ქვეყნებში დაავადებების სიხშირეს შეამცირებს.
მაგრამ ამ იმედით სავსე ხედვის განხორციელების გზაზე ერთი შიშისმომგვრელი დაბრკოლება იმალება: ინდოეთის მსგავს ქვეყნებს საკმარისი სუფთა წყალი არ აქვთ.
წარმოვიდგინოთ სხვადასხვა სიტუაცია, რომელთა დროსაც პანდემიის პირობებში UNICEF-ის მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები ხელების დაბანას გვირჩევენ: საჯარო სივრცეში ყოფნის ან სახლის გარეთ ნებისმიერ ზედაპირთან შეხების შემდეგ, დახველების, დაცემინებისა და ცხვირის მოხოცვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტუალეტის გამოყენების და ნაგვის გადაყრის შემდეგ, ჭამამდე და მის შემდეგ – ანუ დღეში ათჯერ მაინც.
გამოდის, რომ ხელების დაბანა საკმაოდ ხშირადაა საჭირო. 20 წამის განმავლობაში ხელების ყოველი დაბანა დაახლოებით 2 ლიტრ წყალს საჭიროებს. შესაბამისად, ოთხსულიან ოჯახს მხოლოდ ხელების დასაბანად დღეში 80 ლიტრი წყალი ეხარჯება. ინდოეთსა და განვითარებადი მსოფლიოს სხვა ნაწილებში ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაა.
შარშან, მას შემდეგ, რაც ჩენაის, ინდოეთის სიდიდით მეექვსე ქალაქს, წყალი ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ამოეწურა, NITI Aayog-მა, ინდოეთის მთავრობის ანალიტიკურმა ინსტიტუტმა, ქვეყანაში მიმდინარე წყლის კრიზისზე მოხსენება გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ურბანიზებულ ინდოეთში სახლების 60 პროცენტი წყალგაყვანილობის გარეშეა. სოფლად ეს ნიშნული 82 პროცენტს აღემატება, რაც სოფლებში ადეკვატური წყლის მიწოდების გარეშე არსებულ 146 მილიონ ოჯახს უდრის.
სოფელ კაითჰიში, ბუნდელკჰანდის რეგიონში, ყოველი ხუთი ოჯახი თითო ონკანს იყოფს. ბუნდელკჰანდმა უკანასკნელ ოც წელიწადში 13 გვალვა გადაიტანა. წყლის დეფიციტი აქაური ცხოვრების წესია.
კაითჰიში მოსახლეობა დამაბნეველი არჩევნის წინაშე დადგა: დაებანათ ხელები ან დაეცვათ სოციალური დისტანცია, თუმცა ვირუსისგან თავის დაცვის ორივე მეთოდის ერთდროულად შესრულება საკმაოდ რთული იყო.
გაზაფხულზე, COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, ინდოეთის ბევრ სოფელში, მათ შორის კაითჰიში მოსახლეობა დამაბნეველი არჩევნის წინაშე დადგა: დაებანათ ხელები ან დაეცვათ სოციალური დისტანცია, თუმცა ვირუსისგან თავის დაცვის ორივე მეთოდის ერთდროულად შესრულება საკმაოდ რთული იყო.
ისევე როგორც სხვა ინდურ სოფლებში, კაითჰის ერთ-ერთ ბოლოში არსებობს მხოლოდ დაბალი კასტის – დალიტების დასახლება. იქ ხშირად თითო ონკანს 400 ადამიანი იყოფს. „რეგიონში ბევრს არ აქვს ახლოს წყალი“, – ამბობს კესარ სინგჰი, ბუნდელკჰანდის წყლის ფორუმის, ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციის რწმუნებული. ქალები ასეთი სოფლებიდან ხშირად კილომეტრზე მეტს გადიან და შემდეგ გრძელ რიგში დგანან წყლის მოსაპოვებლად.
„ასეთ უკიდურესად ღარიბ და უწყლობით დასუსტებულ რეგიონებში მოლოდინი, რომ მოსახლეობა ხელების დაბანას პრიორიტეტად აქცევს, ბოროტ ხუმრობას უფრო ჰგავს“, – ამბობს სინგჰი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სამ მილიარდ ადამიანს, გლობალური მოსახლეობის 40 პროცენტს, არ გააჩნია ელემენტარული პირობები, რომ სახლში დაიბანოს ხელები საპნით. მათგან უმეტესობა სამხრეთ აზიაში ან სუბსაჰარულ აფრიკაში ცხოვრობს.
შარშან ინდოეთში მოდის მთავრობამ დასახა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ყველა ოჯახი ყოველდღიურად 55 ლიტრი წყლით მომარაგდება. ეს მიზანი ძალიან ამბიციურია, თუმცა მაინც ვერ უთანაბრდება საჭიროებას და შესაძლებლობას, რომელიც პოსტპანდემიურ მსოფლიოში იარსებებს.
ნილანჯანა ბოუმიკი მწერალია დელიდან, ინდოეთი.