წელი, რომელმაც გამოგვცადა
მსოფლიო ქაოსში
ვირუსი, საპროტესტო გამოსვლები და კლიმატის ცვლილება სახეს უცვლის მსოფლიოს
ლექსიკონების ამერიკული გამომცემლობა Merriam-Webster-ი აღრიცხავს, რა სიტყვებს ეძებს ხალხი ინტერნეტში ყველაზე ხშირად – არა იმიტომ, რომ მაძიებლებმა სიტყვის მნიშვნელობა არ იციან, არამედ იმიტომ, რომ სიტყვის ფორმალური განსაზღვრება მოვლენის ნათლად გააზრებაში შეიძლება დაგვეხმაროს. პოპულარულ სიტყვებს შორის 2020 წელს „აპოკალიფსი“ ნაადრევად გამოიკვეთა, ისევე როგორც „უბედურება“, „ჭირი“, „პანიკა“ და „სიურრეალისტური“.
ეს იყო ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე, როდესაც ყოველდღიური მოვლენები უკვე ჩვენს წარმოსახვასაც სცილდებოდა. ზაფხულში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, საძიებო სიტყვებს შორის „რასიზმი“ დაწინაურდა. „ფაშიზმი“. „ემპათია“. სექტემბერში: „ფსიქიკური ჯანმრთელობა“. იმ დროს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში შტორმები არ წყდებოდა და როდესაც ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციული სახელების სია სრულად ამოწურა, ბერძნულ ანბანზე გადავიდა; ქვეყნის დასავლეთი შტატები კი ცეცხლში იყო გახვეული. ტყის ხანძრების მომწამლავ კვამლს ქარი ათასობით კილომეტრზე ავრცელებდა.
ერთ დილასაც სქელმა კვამლმა სან-ფრანცისკოს ცა მუქ ნარინჯისფრად შეღება და ეს ბიბლიური წყვდიადი მთელი დღე გაგრძელდა. კალიების შემოსევა? ეგეც იყო – აფრიკასა და აზიაში. ამ გამოცემაზე მუშაობის დროსაც, პანდემიის შეკავების ნიშანწყალიც კი არსად ჩანდა აშშ-სა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში. გადარჩენილთათვის თითქოს მთელი ეს წელი ემოციური გამძლეობის ერთი გიჟური ექსპერიმენტი იყო. ვიცით, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეშინებული, თავგანწირული, გაოგნებული, მადლიერი, სასტიკი, მგლოვიარე, უანგარო, იმედიანი, ცინიკური, გააფთრებული და ურყევი; 2020-მა წელმა კი დაგვანახა, რომ ადამიანს უამრავი ეს თვისება შეიძლება ერთდროულად ახასიათებდეს.