ჟურნალის ნომერი, რომელიც ხელში გიჭირავთ, განსაკუთრებულია. ის წარმოუდგენლად ღრმა კვლევა-ძიებისა თუ დოკუმენტირების შედეგია და მიზნად ისახავს, დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ეკოსისტემა უფრო ცხადად დავინახოთ.
მდინარე ამაზონის აუზს ვერაფერი შეედრება. ეს არის რეგიონი, სადაც ხარობს ნახშირბადის შთამნთქმელი 344 მილიარდი ხე. ბიომრავალფეროვნების სამოთხე, სადაც დედამიწის სახეობათა 10% ბინადრობს. მდიდარი კულტურული ლანდშაფტი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა. წყარო მილიონობით ლიტრი წყლისა და უთვალავი ნუტრიენტისა, ჩვენს ოკეანეებს რომ კვებავს. ამაზონის გარეშე დედამიწა სულ სხვანაირი იქნებოდა.
გასული ორი წლის განმავლობაში National Geographic-ის სარედაქციო გუნდი თანამშრომლობდა მეცნიერებთან, მკვლევრებსა და ამბის მთხრობელებთან, რომლებიც ამაზონის ვრცელ რეგიონში მუშაობდნენ – ანდებიდან ატლანტის ოკეანემდე. ეს არის დიდი გამოწვევების, საფრთხეებისა და ასევე – იმედის ამბავი. ერთი რამ სრულიად ცხადია: ჩვენ გვჭირდება ამაზონი და ამაზონს სჭირდება ჩვენი დახმარება.
ამ ფურცლებზე თქვენ მოუსმენთ აღნიშნული ექსპედიციის არაერთ წევრს, გაიგებთ იმას, რაც მათ ამაზონისგან ისწავლეს და გასაოცარი ფოტოგრაფიით გაგიტაცებთ თომას პეშაკი, რომელმაც თითქმის 400 დღე გაატარა ველზე და ამაზონის დინამიკური ეკოსისტემა National Geographic-ში გააცოცხლა.
იმედი მაქვს, ისიამოვნებთ ამ ნომრით.
National Geographic-ის მთავარი რედაქტორი