
„წმინდა წყლის“ მხარეში
რედაქტორისგან
ზაფხულის ერთ დღეს მეგობრებთან ერთად ვხეტიალობდი დუშეთში. მთავარ მოედანზე გამოვისეირნეთ და ასაფრენად გამზადებული ვერტმფრენი დავინახეთ. იქვე იდგა მამაჩემიც: „ხევსურეთის ნახვა გინდათ?“ – დაგვიძახა შორიდან. თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით – რა თქმა უნდა, გვინდოდა!
ასე აღმოვჩნდით მოულოდნელად ზღაპრულ ახიელში. არხოტის ხეობაში, მაღალ მთებს შორის მოქცეულ ვაკეზე სულ რამდენიმე სახლი იდგა და მხოლოდ ორი ოჯახი დაგვხვდა. შემოდით, გასადილებთო, დაგვპატიჟეს. იუარეს ჩვენებმა – აქ გადამცემის დასამონტაჟებლად ჩამოვედით და ორ საათში უკან უნდა გავბრუნდეთო. გაეცინა მასპინძელს – ვერ გაბრუნდებით ორ საათში, ამინდი გაგიფუჭდებათო, შებრუნდა და სადილის სამზადისს შეუდგა.

ფოტო: CLOUD Studio
ჩვენი ტოლი, თინეიჯერი გოგო გამოგვყვა არემარის დასათვალიერებლად. მაგ წყალთან ახლოს ნუ მიხვალთო – დაიძახა უცებ. რატომ-მეთქი? და – წმინდააო, ისე გადაჭრით თქვა, შეკამათება აზრადაც არ მომსვლია, უფრო – იდუმალების განცდა გამიჩნდა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ცნობისმოყვარეობა.
შემაღლებულზე ტრადიციული სახლების ნანგრევებს მივადექი, რომელთა თავზე მედიდურად იდგა ერთადერთი შემორჩენილი კოშკი, გადაღმა კი მთას მიუყვებოდა საცალფეხო ბილიკი – მაშინ ახიელის ერთადერთი სახმელეთო კავშირი დანარჩენ საქართველოსთან.
უეცრად ნისლი ჩამოაწვა მთას, ძლიერი სუსხი წამოვიდა და ქარი ამოვარდა – ამინდი გაფუჭდა. ქვაბში ხინკალი თუხთუხებდა და გულით გაწყობილი სახელდახელო სუფრაც მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ცოტა ხანს დავსხდეთ, გამოდარებას დაველოდოთო, ისევ მიგვიპატიჟა მასპინძელმა და უფროსებსაც აღარ უუარიათ.
ამინდი სულ უფრო და უფრო აირია, სუფრის წევრებიც შეზარხოშდნენ და ცოტა ხანში აღარავის ახსოვდა, რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავით იმ დღეს – „ყოველმიზეზგარეშე“.
ოჯახის უფროსი შიგადაშიგ ბილიკს გახედავდა ხოლმე – ჩემი ბიჭი უნდა დაბრუნდესო, უკვე გვიანდებოდა და ნერვიულობდა. ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც მხედარი – ნამდვილი ხევსურული გარეგნობის, მზემოკიდებული, ცოტა პირქუში: ლურჯი თვალები გადმოგვიბრიალა – გამიავდრდაო და კარგა ხანს იჯდა ჩუმად. მერე ხასიათზე მოვიდა და ხევსურულ კილოზე მოჰყვა ლექსების თქმას. უფრო სწორად, ჩვენ რომ ლექსები გვეგონა, თურმე „სადღეგრძელო სთქვა ლექსადა“. ვინმე თუ იწერს-მეთქი ამ სადღეგრძელოებს, შევეკითხე და არაო – მითხრა. არც წერა ვიცი და გამეორებაც არ „მამინდება“, თუ დამჭირდა, „ახლად“ ვიტყვიო.
ორი დღე წვიმდა და ორი დღე ჩვენც იმ ორი ოჯახის წევრები ვიყავით, მოწყვეტილები ქალაქის ქაოსსა და ხმაურს, ჯადოსნური – „ლექსად თქმული“ სადღეგრძელოებისა და „წმინდა წყლის“ მხარეში.
წელს ჩვენი ჟურნალი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ემზადებოდა ამ თარიღისთვის. ხევსურეთზე ხომ არ მოგვეთხრო? – ვიკითხე ცხარე კამათის დროს, ნომერს რომ ვგეგმავდით. წამიერად გავჩუმდით – ალბათ, ყველამ გაიაზრა თემის სირთულე და პასუხისმგებლობის ხარისხი და ჩვენ გავრისკეთ: ათენგენობასა და ხევსურული ლუდის ხარშვის ტრადიციას ადევნებულებმა მოვიარეთ ეს გასაოცარი მხარე და, როგორც ყოველთვის, დაბადების დღეზე ქართული მთავარი თემითა და ყდით გესალმებით.
საიუბილეო ნომერში ჩვენ ასევე მოგითხრობთ დმანისის არქეოლოგიური ძეგლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე სოფელი ოროზმანის შესახებ, სადაც წელს არქეოლოგებმა, პრეისტორიული ცხოველების განამარხებულ ნაშთებთან ერთად, დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინანდელ Homo-ს კბილსა და ეტრუსკული მგლის თითქმის იდეალურად, სრულად შემონახულ ნაშთს მიაკვლიეს. ჩვენს გუნდს ამ უკანასკნელის ექსკლუზიურად გადაღებისა და გამოქვეყნების საშუალება მიეცა.
პირადად ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ლეგენდარულ მეცნიერთან, ქალბატონ მზექალა შანიძესთან ინტერვიუს ჩაწერის პატივი მხვდა წილად. რომ არა 10 წლის იუბილე, შეიძლება ვერც გაგვებედა მისი შეწუხება – მიხარია, რომ გავბედეთ. დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებთ და ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ მისგან.
დაბოლოს, მრავალ სხვა საინტერესო მასალასთან ერთად, რუბრიკაში „რეტრო“ წარმოგიდგენთ National Geographic-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მოგზაურისა და ჟურნალისტის, ჯორჯ კენანის ფოტოს, რომელიც მან ზუსტად 109 წლის წინ ჟურნალის ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა – საკმაოდ „უცნაური“ მინაწერით.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.

„ჩემთვის 2017 წლის მაისის ნომერი, რომელიც გენიოსებს ეძღვნებოდა, მაინც ყველაზე გამორჩეულია. ამ ნომრით წარვდექი მკითხველის წინაშე როგორც National Geographic – საქართველოს მთავარი რედაქტორი. აღნიშნულ ნომერში მსოფლიოს ცნობილ სახელებთან ერთად ვაჟა-ფშაველა, ფიროსმანი, შოთა რუსთაველი და ცოცხალი გენიოსი – ნონა გაფრინდაშვილიც არიან წარმოდგენილნი“.
ილუსტრაცია: ტომერ ჰანუკა