
რიცხვები:
6 – ქვეყნები, რომლებშიც მდინარე მეკონგი მიედინება
24,7 – მილიონი ტონა ბრინჯი იზრდება წელიწადში მდინარის დელტაში
4300 – მდინარე მეკონგის დაახლოებითი სიგრძე კილომეტრებში
კადრს მიღმა:
სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე მდინარე მეკონგი წყლის არხების ქსელში მიედინება.
წყალდიდობის სეზონზე (ივნისიდან ნოემბრამდე) წყლის შროშანების შესაგროვებლად ქალები გრძელკუდიანი ნავებით მიემართებიან. წელამდე წყალში ჩასულები, მცენარეებს რეცხავენ და გასაყიდად აგროვებენ. ამ ქალებმა ნავის მართვა დედებისგან და ბებიებისგან ისწავლეს, ამბობს ხან ფანი, რომელმაც გამოსახულება დრონით დააფიქსირა. იგი შროშანების წრეს დიდ ყვავილს ადარებს, რომელსაც „ქალები ფუტკრებივით ეხვევიან“.
წყალქვეშა ცხოვრება:
ამაზონის შემდეგ მეკონგი ყველაზე ბიომრავალფეროვანი მდინარეა მსოფლიოში. მასში 20 000-ზე მეტი მცენარის სახეობა იზრდება. მდინარე ასაზრდოებს გადაშენების პირას მყოფ ირავადის დელფინს, სუმატრულ წავს და მტკნარი წყლის გიგანტურ სკაროსს. მეკონგის ნაპირების გასწვრივ ადამიანების სიცოცხლეც ჩქეფს მოტივტივე ბაზრობებზე, ოჩოფეხებზე აგებულ სოფლებში და დელტის დატბორილ მდელოებზე, სადაც ფერმერები ვიეტნამის ბრინჯის ნახევარზე მეტს ზრდიან.
მდინარის გუშაგი:
მეკონგი დიდი ხანია ასაზრდოებს ადგილობრივ მოსახლეობას და იზიდავს მოგზაურებს, თუმცა მის ბუნებრივ და კულტურულ საოცრებებს საფრთხეს უქმნის პლასტმასის ნარჩენები. National Geographic Society-ს დაფინანსებით, ინგლისის ჰალის უნივერსიტეტის მკვლევრები შეისწავლიან, როგორ ბინძურდება მდინარე; გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა გეგმავს პლასტმასის გავლენის შეფასებას მომიგრირე სახეობებზე.