თბილისის ძველ უბანში, პუშკინის სკვერის მოპირდაპირე მხარეს, მდებარეობს შენობა, რომელიც თითქმის ორ საუკუნეს ითვლის. მისი აგების ინიციატორი და ხელშემწყობი მეცენატი იაკობ ზუბალაშვილი გახლდათ, გეგმარება კი შვეიცარიული წარმოშობის არქიტექტორს, ჯუზეპე ბერნარდოცის ეკუთვნის. მშენებლობის დასრულების თარიღი მერყეობს 1835-1838 წლებს შორის. თავდაპირველად მასში სასტუმრო იყო განთავსებული, თუმცა მალევე, 1840 წელს იაკობ ზუბალაშვილმა ნაგებობა სიმბოლურ ფასად მიჰყიდა საქართველოს საეგზარქოსოს და იქ სასულიერო სემინარია გაიხსნა.
1903 წელს ვაკეში, არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის პროექტით, საფუძველი ჩაეყარა ახალი შენობის მშენებლობას და 1912 წელს სასულიერო სემინარია სწორედ იქ გადავიდა.
სემინარიის ძველ შენობას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდა და იქ სასტუმრო „ცარსკიე ნომერა“ განთავსდა. 1921 წელს, საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, სასტუმროს „პალასი“ ეწოდა.
საბოლოოდ, 1952 წელს, შენობაში შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა დაიდო ბინა. ხელოვნების მუზეუმში დაცულია ქართული და ასევე მსოფლიო ხელოვნების შედევრები: შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხატების უნიკალური ნიმუშები, ქსოვილის, ქვის, ხის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, თანამედროვე ქართული ფერწერის, გრაფიკის და ქანდაკების, დასავლეთევროპული ხელოვნების უმდიდრესი კოლექციები, ხელნაწერი და რარიტეტული წიგნები და სხვ. დიდი ისტორიის მქონე შენობა ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია თბილისში და განსაკუთრებულობის გამო მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.