ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს, ასობით ქვეყანაში მთავარ ღირსშესანიშნაობებზე, მილიონობით სახლსა თუ ოფისში, ქრება სინათლე. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და მისი პარტნიორების სიმბოლური კამპანია ბუნების დაცვის მნიშვნელობას შეგვახსენებს. 2021 წელს, “დედამიწის საათი” 27 მარტს შედგება. ღონისძიებას, მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც უერთდება და თბილისის დროით, 20:30 – 21:30 შუალედში, ბუნების გულშემატკივრები მხარდაჭერას საკუთარ ოთახებში სინათლის დროებით გამორთვით დააფიქსირებენ, სოციალურ ქსელებში ისაუბრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.
„დედამიწის საათის“ ისტორია 2007 წლიდან იწყება, როდესაც მოძრაობის ფარგლებში, სინათლე სიდნეიში ჩააქრეს. დროთა განმავლობაში, დედამიწის საათი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა, რომელსაც უკვე 190-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. თუმცა, მისი მნიშვნელობა სცდება სიმბოლურად ერთი საათით სინათლის ჩაქრობას. ამ ქმედებით, ყურადღების ცენტრში ხვდება ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორიც ბუნების კარგვაა.
2021 წლის „დედამიწის საათის“ ფარგლებში დიდი ყურადღება ექცევა კლიმატის ცვლილებას, ბუნების შენარჩუნებას და მდგრად განვითარებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლანეტის გადარჩენისთვის. ერთობლივი ძალისხმევით დიდი ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია. “დედამიწის საათში” მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი პლანეტა.
Covid-19-ის შეზღუდვების გამო, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, 2021 წლის “დედამიწის საათს” დისტანციურ რეჟიმში შეხვდება. ის ვირტუალურ სამყაროში მოუყრის თავს მილიონობით ადამიანს და მათ ბუნების დაცვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. “დედამიწის საათს” ვირტუალურად შეუერთდება საქართველოც, რომელიც უკვე 13 წელია ამ ღონისძიების მონაწილეა. წელს, სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით, შეიქმნა ვებგვერდი Earthhour.ge, რომელიც ბუნების გულშემატკივრებს გააერთიანებს.
„დედამიწაზე ზრუნვა და ბუნების დაცვა სულ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. Covid-19 პანდემიამაც აჩვენა, რამდენად უკონტროლო შეიძლება იყოს შედეგები, თუკი ერთობლივი ძალებით არ ვიზრუნებთ გარემოზე. “დედამიწის საათი” არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც ბუნებაზე ზრუნვის გარშემო აერთიანებს მილიონობით ადამიანს. ამაში კი, ყოველ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა, ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით, როგორიცაა ბიოდეგრადირებადი ნივთების გამოყენება, ეკო-ტრანსპორტის მოხმარება, წყლის, ელექტროენერგიისა თუ სხვა რესურსების ოპტიმალური მოხმარება, ნარჩენების დახარისხება და ა.შ. ამ, ერთი შეხედვით მცირე ნაბიჯებს, საერთო ჯამში, დიდი გავლენა აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რამდენად დიდი ცვლილების გამოწვევა შეგვიძლია ცალ-ცალკე და ყველას ერთად.“ – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).
ღონისძიების ორგანიზატორები: WWF, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, CENN, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, Marketer, National Geographic Magazine – საქართველო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ვებ-გვერდი: https://earthhour.ge
#EarthHour #Connect2Earth #EarthHourGeorgia
#დედამიწისსაათი #დაუკავშირდიდედამიწას #ბუნებამნიშვნელოვანია