

ვაშლოვანის ჯადოსნური უდაბნო

ვაშლოვანის ნაკრძალის შესახებ პირველად რომ შევიტყვე, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა გამეგო ის გაღიმებული და ჩაფიქრებული სახე, რომლითაც ამ ნაკრძალის სილამაზეზე მელაპარაკებოდნენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა მენახა და მოყოლილი თუ გაგონილი რეალობისთვის საკუთარი თვალით შემედარებინა.
თვითონ ვერ მოვაბი თავი ვაშლოვანში მოგზაურობას, მერე როცა Volvo-სთან ერთად სვანეთის მთები და ჯავახეთის ტბები მოვიარე, ვიფიქრე, იქნებ ვაშლოვანიც Volvo-სთან ერთად აღმოვაჩინო-მეთქი და მართლაც, ერთ დღესაც დამირეკეს. Volvo Car Sakartvelo-მ ვაშლოვანის ექსპედიცია დაგეგმა. მოუთმენლად ველოდი იმ ნაკრძალში ჩასვლას, რომლის სილამაზეზეც ბევრი მსმენია, წამიკითხავს, მაგრამ არასოდეს მინახავს.
ამჯერად ჩვენი მოგზაურობა მართლაც ნამდვილ ექსპედიციას ჰგავდა, რადგან უკაცრიელ უდაბნოში მივდიოდით. აზერბაიჯანის საზღვართან სიახლოვის გამო საშვებიც უნდა აგვეღო. მობილური კავშირი ამ ადგილას საერთოდ არ იჭერდა და ბუნება მარსისას უფრო ჰგავდა, ვიდრე დედამიწისას. სულ ექვსი ადამიანი ვიყავით გადანაწილებული სამ მანქანაში. მიზნად დავისახე, ამ სამიდან (Volvo XC90, XC60 და XC40) ჩემი ფავორიტი გამომევლინა, ამისათვის კი გადავწყვიტე, რომ დედოფლისწყარომდე ვოლვოს ფლაგმანი XC90-ით ჩავსულიყავი, ვაშლოვანში XC60-ით მევლო, თბილისში კი XC40-ით დავბრუნებულიყავი.

მანქანასთან ტელეფონის დაკავშირებით გზა მუსიკალურად გავაფორმე და დავიძარით. თბილისიდან დედოფლისწყარომდე ისე ჩავედით, საჭესთან მჯდომ სანდროს მთელი გზა Pilot Assist-ი ჰქონდა ჩართული. ამ დროს მანქანის კომპიუტერი საგზაო ნიშნებისა და გზაზე ნახაზების მიხედვით მოქმედებს. სიჩქარის ზღვარს აყენებ და მანქანა მხოლოდ საჭეზე ხელის მოკიდებას გთხოვს, რომ ბოლომდე იყო დაზღვეული. გზაში სანდროსგან ისიც გავიგე, რომ სრულად ელექტრო EX90 ვოლვოს, ინოვაციური Lidar-ის სენსორიც ექნება, გზაზე დღისითაც და ღამითაც ყველაფერ მოძრავს ხედავს და მძღოლს სიგნალს აძლევს. დედოფლისწყაროში ჩვენი კუთვნილი საშვები ავიღეთ და მალევე ასფალტიანი გზიდან გრუნტიან გზაზე გადავინაცვლეთ.

გზიდან უკვე გამოჩნდა დაკლაკნილი მთები; სანამ მიჯნისყურის მიმართულებით წავიდოდით, ჩვენი ექსპედიციის ფოტოგრაფმა ნიკოლოზმა ლამაზ ხედზე მანქანებისთვის ფოტოების გადასაღებად გაგვაჩერა. მანქანების ფოტოგენურად და უსაფრთხოდ პარკირებაში ვოლვოს 360-გრადუსიანი კამერა დაგვეხმარა. ვაშლოვანისკენ XC60-ით განვაგრძე გზა, საჭესთან დიმა იჯდა, რომელსაც ვკითხე, თუ რას ფიქრობდა მანქანაზე. „ძალიან ჭკვიანი და კომფორტულია“, – მითხრა დიმამ, მართლაც ჩვენი მოგზაურობის დროს XC60 როგორც წესი XC40-სა და XC90-ს შორის იყო მოქცეული, იდეალური დისტანციის დაცვით. მანქანა თვითონ ხვდებოდა, თუ რა დაშორებით უნდა მდგარიყო დანარჩენებისგან. როგორც ამიხსნეს, ამ ფუნქციის მეშვეობით მანქანა გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ირიდებს თავიდან. თუმცა ჩემი ინტერესი მაინც ყველაზე პატარა, XC40 მოდელისკენ იყო მიპყრობილი.
მიჯნისყურეში საღამოს ჩავედით და კოტეჯებში დავბინავდით. ღამის გადაღებაზე გამოსულებს, მიჯნისყურის უდაბნოს მთებზე არეკლილი მთვარის შუქი დაგვხვდა. სრულ სიჩუმეში ჰორიზონტზე სილუეტებად მოჩანდა მთები და თუ ყურს დაუგდებდი, ალაზნის შორეულ ჩხრიალსაც გაიგონებდი. მოგვიანებით რეინჯერებმა შუქი ჩააქრეს და მალევე ჩვენც დასაძინებლად გავეშურეთ.
2030 წლისთვის Volvo მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას გეგმავს.
მანქანები სინქრონულად მიჰყვებიან ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან, მდინარე ალაზნის პირას.
2030 წლისთვის Volvo მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას გეგმავს.
მანქანები სინქრონულად მიჰყვებიან ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან, მდინარე ალაზნის პირას.
მეორე დღე სრულად გადაღებას დავუთმეთ და ამ პროცესში მოვინახულეთ მთელი მიჯნისყურე. ცუდ გზაზე XC90 გადიდებული გამავლობის, ე.წ. off-road რეჟიმზე გადადიოდა სიმაღლის წამოსაწევად; სანდროს პერიოდულად ავტომობილი ჰიბრიდულ რეჟიმზეც გადაჰყავდა და მიუხედავად ყველაზე დიდი ზომისა, მანქანას საწვავის მოხმარება მინიმუმამდე დაჰყავდა, ხოლო XC40-ის მთავარი უპირატესობა ერთი შეხედვით კომპაქტურობა იყო. მოკლე ზომის გამო უმარტივესად უმკლავდებოდა ნებისმიერი საფარის გზას. უკან დავბრუნდით თუ არა, მზის ჩასვლის სანახავად გავედით იქვე ალაზნის პირას. მზის ოქროსფერ სხივებს ირეკლავდა მთები და თან ისე, რომ ოქროს ზოდები გეგონებოდა. ბოლოსკენ, უკვე როდესაც მზე ჩვენთვის ჩავიდა, მხოლოდ ძოწისფრად შემოსილი კავკასიონი ჩანდა. ნელ-ნელა კოტეჯებისკენ გავეშურეთ, ბოლო ვახშამი გავიმზადეთ და დავიძინეთ.
შუადღეს თბილისისკენ დავიძარით. მე XC40-ით ვმგზავრობდი; საჭესთან სოფო იჯდა. როდესაც შირაქის ველს მივაღწიეთ, საჭესთან მე დავჯექი და – სანამ ტალახიდან ასფალტზე გადავინაცვლებდით – მანქანა მე ვატარე, ოღონდ სოფომ მანქანის მეორე ფორთოხლისფერი გასაღები მომცა, რომლითაც მეტი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის სიჩქარის ლიმიტი დამიყენა. მეც მშვიდად განვაგრძე გზა უსასრულო ველებზე, უზარმაზარი არწივები რომ თავისუფლად დაფრინავდნენ. ზუსტად ასე თავისუფლად დავდიოდი მეც, მგზავრის სკამი ჩემს გემოზე გავასწორე და მთელი გზა, თბილისში დაბრუნებამდე, ვაშლოვანის მომაჯადოებელ უდაბნოზე ფიქრში გავატარე.
