

ტაბაწყურის ტბის სიდიადე აქამდე მხოლოდ ერთხელ მინახავს. ერთი ნახვით გამაოცა მისმა სილამაზემ და დაახლოებით ის გრძნობა დამეუფლა, როდესაც მთებთან მივდივარ ახლოს. ორივეს შეუძლია თავიანთი მასშტაბით დაგადუმოს და დაგაფიქროს. ტბასთან ყოფნისას უმალვე გამიჩნდა აზრი, რომ არც პირველი ვარ, ვინც მის დიად ანარეკლში გამოჩნდება და არც – უკანასკნელი. ბევრი ყოფილა აქ ჩემამდე და კიდევ ბევრი მოვა ჩემ შემდეგ, ტაბაწყურის ტბა კი მუდამ იარსებებს. ასეთი სასიამოვნო ფიქრებით დავბრუნდი ზაფხულში თბილისში, თუმცა სულ იმაზე მეფიქრებოდა, რომ ზამთარში ყველაფერი სხვანაირი იქნებოდა. ეს სულ მაინტერესებდა, თუმცა ძნელია ზამთარში აქ ჩამოსვლა, რადგან ირგვლივ ყველაფერი მოყინულია და, შესაბამისად, გზაც სახიფათოა. ამის გამო ყოველთვის ვყოყმანობდი და ტბის ნახვასაც მუდამ ზაფხულობით ვგეგმავდი.

შარშანდლის მსგავსად, 2023 წელიც კარგი სიურპრიზით დაიწყო – თუ შარშან ვოლვოს ფლაგმანი მოდელით სვანეთის მთები მოვინახულეთ, წელს გეზი ჯავახეთის ტბებისაკენ ავიღეთ Volvo XC90 Recharge-ით, ოღონდ ამჯერად მხოლოდ სანდრო (ვოლვოს წარმომადგენელი), დავითი (ჩვენი ფოტოგრაფი) და მე გავემგზავრეთ. დილით სანდრომ მანქანით მოგვაკითხა, გეგმის მიხედვით პირველი გაჩერება ფარავნის ტბა იყო, შემდეგი კი – ტაბაწყური.
მანქანის ოპერაციული სისტემა ანდროიდის ბაზაზეა აგებული, შესაბამისად, მონიტორზევე ინტეგრირებულ გუგლის რუკაზე ფარავნის ტბა მოვნიშნეთ და დავიძარით. წინ დავჯექი და ირგვლივ დავიწყე გარემოს თვალიერება იმ იმედით, რომ რამე საინტერესოს დავინახავდი, თუმცა ნაცრისფრად მოღუშული ამინდის გარდა არაფერი ჩანდა. ფიქრებში გართულმა დათოსა და სანდროს შორის დიალოგს მოვკარი ყური – მანქანებს განიხილავდნენ. შევამჩნიე, რომ დათოს მანქანები მოსწონს და ვოლვოს ეს გამოცდილება პირველია მისთვის, ამიტომ მთელი მოგზაურობა ყურადღებით ვიყავი – მაინტერესებდა, რა აზრის იყო ჩვენს ფლაგმან ვოლვოზე. „ზედმეტად ნათელია მანქანა“ – თქვა კრიტიკის სახით დათომ, რისი მიზეზიც, ალბათ, დიდი ფანჯრები და პანორამული ხედი იყო, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოდ მომეჩვენა, რომ მივხვდი, მოგზაურობის ბოლოს კარგის მეტს არაფერს იტყოდა.

თბილისს გავცდით და ამინდი საგრძნობლად გაფუჭდა. ირგვლივ არემარე ნისლიანი იყო, თანაც თოვდა. განწყობა ცოტა პესიმისტური გვქონდა, თუმცა არსაიდან მზის სხივებმა გამოარღვია სქელი ღრუბლები და ჩვენც გამოდარების იმედი მოგვეცა. ფარავნის ტბაზე მისულებს ქარბუქი დაგვხვდა, ხილვადობაც შემცირებული იყო და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არანაკლებ თვალწარმტაცი ტაბაწყურისკენ წავსულიყავით. გზა უფრო და უფრო გართულდა, მაგრამ შარშანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი. არც სიცივის, ქარის, მოყინული გზებისა და თოვლის მეშინოდა. ჩვენი ვოლვოს ინტელექტი წინა წლის მოდელთან შედარებით გაუმჯობესებულია, მძლავრი პროცესორებით კი უფრო ზუსტად და სწრაფად ცნობს გზის ზედაპირს და, შესაბამისად, მძღოლის პარალელურად ზრუნავს მგზავრების უსაფრთხოებაზე. არც საწვავის ნაკლებობაზე მიფიქრია, რადგან წლევანდელი მოდელი სრული დამუხტვით საწვავის გარეშე თითქმის 95 კმ-ს გადის.

ტაბაწყურის დანახვისთანავე ყველას ერთი და იგივე გაოცებული სახე გვქონდა. ტბა სრულიად გაყინული დაგვხვდა, იქვე სამსრის ქედიც მედიდურად მოჩანდა და შევუდექით ფოტოების გადაღებას. გადათეთრებული ტბაც და ქედიც ყველა მხრიდან მასშტაბური იყო და ამ გარემოს თავის სტიქიაში მყოფი ჩვენი ვოლვოც ამშვენებდა. თოვლი იმაზე გაცილებით ცოტა დაგვხვდა, ვიდრე ველოდით. საბარგულში ვოლვოს უახლესი აქსესუარი – „საბურავის წინდები“ გვეწყო, რომელიც მაღალტექნოლოგიური ბოჭკოვანი მასალისგანაა დამზადებული და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა. დიდთოვლობისას ან მოყინულ გზაზე ის ოთხივე ბორბალზე უმაგრდება მანქანას და გამავლობას ზრდის. მისი საშუალებით შეგვეძლო უფრო გამბედავად გვეძებნა გამოწვევები, მანქანის შესაძლებლობების ბოლომდე გამოსაცდელად. უკეთესი თოვლისა და ამინდის ძიებაში გეზი ბაკურიანისკენ ავიღეთ, გზად კი თხელ ფანტელებში გარდატეხილი ცაში გამოკიდებული ცისარტყელას სვეტი მოჩანდა, როგორიც აქამდე არასოდეს მენახა.
უთოვლობის გამო მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეიცვალა კლიმატი და რამხელა ზიანი შეიძლება მივაყენოთ ადამიანებმა გარემოს ჩვენი ქმედებებით. პასუხისმგელობა გადანაწილებულია როგორც ინდივიდებზე, ასევე კომპანიებზე, ვოლვო კი ზუსტად იმ კომპანიებს შორისაა, რომელთათვისაც ადამიანზე, პლანეტაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება კორპორაციული პასუხისმგებლობის საკვანძო პრიორიტეტია. როგორც სანდრომ ამიხსნა, კომპანიის ფილოსოფიაა, რომ მიწოდების სრული ჯაჭვი – ოფისებიდან მანქანების წარმოებამდე – გარემოს დაცვაზე იყოს ორიენტირებული. კომპანიის მიზანია, 2025 წლისთვის წარმოებული ავტომობილების 50% ელექტრომობილი იყოს და ნახშირორჟანგის გამოყოფა თითოეულ ავტომობილზე 40%-ით შემცირდეს; 2030 წლისთვის კი კომპანია მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებით უნდა შემოიფარგლოს.

ბაკურიანში ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს დილიდანვე გადაღებას შევუდექით. როდესაც ყველაფერი დავამთავრეთ, თბილისისკენ დავიძარით, მაგრამ ამჯერად უკან დაჯდომა ვარჩიე, ჩემ გემოზე გავიშალე, რომ ბოლომდე შემეგრძნო კომფორტი. გზაზე დავითს შევატყვე, რომ ძალიან დიდი სიმპათიით იყო მანქანის მიმართ განწყობილი, ყველა მიმართულებით კომპლიმენტებს ამბობდა. ამ ხიბლში ყოფნისას ვკითხე, აბა რა მოგეწონა ყველაზე მეტად-მეთქი. მეგონა, ყურადღებას აჩქარებაზე, სივრცულობაზე ან ასისტირებულ მართვაზე გაამახვილებდა, რაზეც მთელი გზა აღტაცებული ლაპარაკობდა, მაგრამ დავითმა დაუფიქრებლად მითხრა: საქარე მინაში ჩამონტაჟებული გათბობა, ზამთარში რომ არ გაიყინოსო. აქ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ზუსტად ეს დეტალებია იმის მაგალითი, რომ ვოლვო თავიდან ბოლომდე ადამიანის უსაფრთხოებასა და კომფორტზეა მორგებული. სახლშიც ზუსტად ამ განწყობით დავბრუნდი, გაყინული ტბები ყინვასა და ნამქერში ისე მოვიარე, რომ ერთხელაც არ მიფიქრია გზაზე.
