ბავშვობაში, ალბათ, ყველას უოცნებია, ლაშქრობაში წასულიყო, კარავში ღამე გაეთია და ბუნებაში მზის ამოსვლას შეხვედროდა. საქართველოში ბევრი მომაჯადოებელი ადგილია, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვჩუქნის. სვანეთი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა.

სწორედ სვანეთის შეუდარებელ ბუნებასთან შერწყმას და გამორჩეული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას იძლევა პროექტი Highlander Adventure, რომელიც უკვე წლებია, 15 ქვეყანაში წარმატებულად ნერგავს გამორჩეული ტურიზმის პრაქტიკას. ამ ქვეყნების რიცხვს ახლა უკვე საქართველოც შეუერთდა.

Highlander Adventure გახლავთ სამთო ტურიზმის დღესასწაული, რომელიც პროექტის მონაწილეებს ამოგზაურებს ყველაზე გამორჩეულ, ლამაზ ადგილებში და ბედნიერების განცდას ჩუქნის მათ. წინასწარ შედგენილ მარშრუტების დაპყრობა ბუნების და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს შეუძლია. პროექტს არ ჰყავს გამარჯვებული და ეს გუნდური აქტივობის ერთგვარი უნიკალური მხარეცაა. ნებისმიერი მონაწილე იმარჯვებს, რადგან ის ბუნებას, მწვერვალებს და ჰორიზონტებს ეზიარება, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით იმუხტება და რამდენიმე წამით მაინც ბედნიერია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წინასწარ დადგენილ მარშრუტს განსაზღვრულ დროში გაივლის, გამარჯვებულია, იღებს ჰაილენდერის სტატუსს და ხდება ჰაილენდერის საერთაშორისო გუნდის წევრი.

პროექტის ორგანიზატორები ზრუნავენ, ერთი მხრივ, მონაწილეების უსაფრთხოებაზე და მათთვის კომფორტის შექმნაზე, მეორე მხრივ კი, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირებაზე. ჰაილენდერის ლაშქრობები ეკომეგობრულია და ეს კომპონენტი პროექტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ადგილობრივი მასპინძლების დახმარებით გაეცნონ სვანეთის უნიკალურ კულტურასა და ადათ-წესებს საკემპინგე ზონებში. მსგავსი დონის საერთაშორისო პროექტების განხორცილება საქართველოში კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე საპატიო ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება.

უკვე მეორე წელია, საქართველო ჰაილენდერის საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი ქვეყანაა და უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით საგანგებო მარშრუტებზე მიუძღვება ახალი თავგადასავლების მოყვარულებს. წელს, ივლისში, HIGHLANDER Svaneti, Georgia ორდღიან (OREON) და სამდღიან (PEGASUS) მარშრუტებს შესთავაზებს მონაწილეებს. ჰაილენდერი შეილება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეიძლება არც ჰქონდეს ლაშქრობის გამოცდილება, მაგრამ არის ფიზიკურად აქტიური და უყვარს ბუნებასთან და ადამიანებთან ურთიერთობა, ეძებს ახალ თავგადასავლებსა და შეგრძნებებს, ზრუნავს გარემოზე და სურვილი აქვს დაძლიოს ახალი გამოწვევები.

ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, „ჰაილენდერ ედვენჩერ საქართველო“ სვანეთში 20-22.07.23-ში საერთაშორისო სალაშქრო ფესტივალს მასპინძლობს.
პროექტის მასპინძელია სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია „შან-ლენდი“.
პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, მთის ტრასების სააგენტო, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი, ვორლდ კლასი, ჯეოლენდი, ისთ ფოინთი, ბილიკი, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე ტერმინალი.
სოციალური მედია პარტნიორია: მარკეტერ.ჯი და „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“