საქართველოს სათხილამურო კურორტების ახალი პოტენციალი
2023 წელს თხილამურებით ისრიალა მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 15%-მა, აქედან 24%-ზე მეტი ევროპის კონტინენტიდან იყო. ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარობა მთელ მსოფლიოში მატულობს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ამასობაში, ევროპის სათხილამურო კურორტებისთვის წლიდან წლამდე სულ უფრო რთული ხდება სტუმრების მზარდი რაოდენობის მიღება.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროპის ყველაზე ცნობილ სათხილამურო კურორტებზე საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში. ტრასები გადავსებულია, სასტუმროსა და აღჭურვილობის ქირის ფასები — კოლოსალურად გაზრდილი. ამ პრობლემებს კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო ამძაფრებს. ევროპის ბევრ დიდ მყინვარზე იკლებს სასრიალო ზონის ფართობი, ზამთრები კი უფრო და უფრო თბილი და უნალექოა.

ვარაუდობენ, რომ მომავალში ზამთრის სპორტის ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურად გაიზრდება. ამიტომ ბევრი მოყვარული მოთხილამურე ევროპის გადატვირთულ მთებსა და გაუარესებულ პირობებს თავს არიდებს და იწყებს აქამდე ნაკლებად ცნობილი ახალი ადგილების ძებნას. საქართველო, რომელიც ყოველთვის იწონებდა თავს ულამაზესი მთებით, ასეთი ქვეყნების სიის სათავეშია. მაგრამ საქართველოს მთის კურორტებზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ჩვენი სათხილამურო კურორტები ახლა ყალიბდება საერთაშორისო სათხილამურო მიზიდულობის ცენტრად.
მსოფლიოსთვის საქართველო ზამთრის სპორტის დაფარული მარგალიტია. რეგიონში კავკასიონი 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველოს ფართობის დაახლოებით 60%-ს ფარავს. სათხილამურო კურორტები ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის ზოგი ახალია, ზოგი კი – ძველად დაარსებული და ბოლო დროს აღდგენილი. მაგალითად ბაკურიანი საბჭოთა კავშირში განთქმული სპორტული ბაზა იყო, სადაც საუკეთესო სპორტსმენები ვარჯიშობდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეციალური ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელა დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია.
უკანასკნელ წლებში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის შედეგად საქართველო აშკარად დაწინაურდა ზამთრის სპორტის სფეროში. ერთობლივად ჩატარებული მრავალწლიანი და მრავალმხრივი სამუშაოების მთავარი მიზანი იყო, უკეთ წარმოჩენილიყო ქვეყნის ის პოტენციალი, რომელიც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს წამყვანი სპორტსმენებისა თუ მოყვარული მოთხილამურეებისთვის.
ასეთი მცდელობების ერთი ნათელი მაგალითია ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა 2023 წელს. 15-დღიან შეჯიბრებას უპრეცედენტო რაოდენობის უცხოელი სტუმარი დაესწრო. ეს გარდამტეხი მოვლენა იყო ქვეყნისთვის, რომელმაც შეძლო მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თავისი შთამბეჭდავი პოტენციალი.

ეს გრანდიოზული სპორტული ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს სხვადასხვა კონტინენტზე. ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში მთლიანობაში მსოფლიოს 42 ქვეყნის 700-მა სპორტსმენმა იასპარეზა კოხტა-მიტარბისა და დიდველის ტრასებზე.
მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ საქართველოს მთიანი კურორტები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ღონისძიებების რეგულარულ კალენდარში მოინიშნა. წელს ბაკურიანმა და გუდაურმა ღირსეულად უმასპინძლა სხვადასხვა დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპებს, 2025 წელს კი საქართველოში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება. საქართველოს ზამთრის პოტენციალს უფრო და უფრო მეტად აღიარებენ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები.
ამას მოწმობს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტის, იოჰან ელიაშის, და გენერალური მდივნის, მიშელ ვიონის, საქართველოში ვიზიტი და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, რომელთა ფარგლებში მესტიაში ახალი ოთხსეზონიანი კურორტისა და FIS-ის საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა გადაწყდა.
ეს იდეა ეკუთვნის საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს. მისი თქმით, საქართველოს მთიანი კურორტების კლიმატური პირობები იძლევა საშუალებას, რომ სპორტსმენებმა წვრთნა აქ ოთხივე სეზონზე შეძლონ. „მრავალი თაობის ოცნება იყო, რომ სვანეთი, ჩვენი ქვეყნის მარგალიტი, მრავალფუნქციური მაღალი ხარისხის კურორტი გამხდარიყო და ძალიან მიხარია, რომ მუშაობა დაწყებულია იმისთვის, რათა ეს ოცნება ასრულდეს. FIS-ის გენერალურ მდივანთან, იოჰან ელიაშთან, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, პატრიკ ლანგთან და FIS-ის სპეციალისტებთან ერთად მოვინახულეთ უშბა და თეთნულდი. სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ სვანეთის პოტენციალით“.

საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით დღეს საქართველოს ზამთრის სპორტის ინდუსტრია რადიკალურად შეცვლილია. ქვეყანა ყოველ წელს ათასობით უცხოელ ტურისტს იზიდავს, მათ უმრავლესობას კი სწორედ საქართველოში სათხილამურო სპორტისთვის შექმნილი პირობები ხიბლავს.
სანამ საქართველო აგრძელებს ზამთრის სპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბებას, დამსვენებლებს აქვთ იდეალური შესაძლებლობა თავად გამოცადონ ამ თოვლიანი სამოთხის ხიბლი. ის, ვინც უნიკალურ სათხილამურო თავგადასავალს ეძებს და თან ქვეყნის მდიდარი კულტურა და სტუმართმოყვარეობის საუკუნოვანი ტრადიციები აინტერესებს, აუცილებლად უნდა ეწვიოს საქართველოს.
FIS-ის პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების ხარისხს ასეთი შეფასება მისცა: „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ზამთრის სახეობების ღონისძიებების ახალი ცენტრია. აქ დიდი წარმატებით შეძლეს ქვეყანაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომაც, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ორგანიზატორს, მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამ ამოცანას“.