იდილიური ტრანსილვანია
რუმინეთის ერთ-ერთ კუთხეში უძველესი ტრადიციების მიმდევარი თემი თავის სოფლურ ცხოვრების წესს იცავს და სავსე ცხოვრების მაგალითსაც გვიჩვენებს.
იდილიური ტრანსილვანია
რუმინეთის ერთ-ერთ კუთხეში უძველესი ტრადიციების მიმდევარი თემი თავის სოფლურ ცხოვრების წესს იცავს და სავსე ცხოვრების მაგალითსაც გვიჩვენებს.
ერთ სუსხიან საღამოს სამი მამაკაცი ტრანსილვანიაში მდებარე XIII საუკუნის ეკლესიის ეზოში მდგარ პასტორის სახლში ხის მაგიდის ირგვლივ შემოიკრიბა. გარეთ მოჩანს სკები, იხვები და გრძელბეწვიანი თეთრი ძაღლი, რომელიც რაღაცას უყეფს. შეშის ღუმლის სითბოში კაცები ჩაისა და ბრეცელის ფორმის მარილიან ორცხობილებს მიირთმევენ და მშობლიურ სოფელ კარაჩონიფალვაზე საუბრობენ.

მაშინაც კი, როდესაც მთელი ევროპა ველური იყო, ტრანსილვანია მაინც გამოირჩეოდა თავისი უკიდურესი სიველურით. სწორედ ამიტომ შეარჩია ბრემ სტოკერმა ის მოქმედების ადგილად თავისი რომანისთვის „დრაკულა“ მიუხედავად იმისა, რომ თავად იქ ფეხიც არ დაუდგამს. აქ საქსებს, ჰუნებს, თურქებს, თათრებსა და სხვა ნაკლებად ცნობილ ტომებს დღემდე ისე ახსენებენ, თითქოს მათ სულ ერთი კვირის წინ ჩაიარეს. ეს არის ადგილი, სადაც ტყეები დღესაც დათვებითაა სავსე.
თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ევროპა მთელი თავისი ხიბლით ხანდახან მაინც მობილურ ტელეფონზე ჩამოკიდებული მენეჯერების კონტინენტად გვევლინება, კიდევ უფრო ამაღელვებელი და უჩვეულოა ისეთ მიყრუებულ და ფაქტობრივად ხელუხლებელ ადგილას მოხვედრა, როგორიც მდინარე ჰომოროდის ხეობაში მდებარე ეს სოფელია.

რუმინეთის ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების 85%-ის მსგავსად, პასტორის სახლში მაგიდის გარშემო მსხდომი მამაკაცებიც უნგრულად ლაპარაკობენ. ისინი უნგრულ ეთნიკურ ჯგუფს – სეკეებს მიეკუთვნებიან, რომელიც ათასწლეულზე მეტია ამ მიდამოებში ცხოვრობს. მაგიდის თავში ზის 70 წლის ორბან ჩაბა (უნგრულად ჯერ გვარი ითქმის და შემდეგ სახელი) ჭაღარა წვერითა და ანცად მოციმციმე თვალებით, რომელსაც არსებითი წვლილი მიუძღვის ამ იზოლირებული ადგილის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში.
ორბანი აქაურობაზე ზრუნავს როგორც სოფლის მმართველთა საბჭოს, კეზბირტოკოშაგის, ლიდერი. კომუნალური მიწათმფლობელობისა და მართვის საუკუნოვანი ტრადიციის დამსახურებაცაა, რომ ეს ადგილი ასეთი უნიკალურია. კეზბირტოკოშაგი ზედამხედველობს წყალს, ტყეებსა და საძოვრებს, რესურსები და შემოსავალი კი 347 „აქციონერს“ შორის ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ გამგებლობის ასეთი სისტემა უკვე მოძველებულია, ორბანის თქმით, ის გამორჩეულად საიმედოა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს სრულიად აკმაყოფილებს. „ზამთრის დადგომისას, – ამბობს იგი, – ყველას აქვს საკმარისი შეშა“.
დღესაც რომ არსებობს ეს სისტემა, ორბანის შორსმჭვრეტელობის დამსახურებაა. იმ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც რუმინეთი კომუნისტური მმართველობის ქვეშ იყო, კეზბირტოკოშაგი არ ფუნქციონირებდა. მართლაც, დიქტატორმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ კარაჩონიფალვას მსგავსი ადგილებისა და მათი ცხოვრების წესის გაქრობა გადაწყვიტა. მან მიზანს ვერ მიაღწია, კომუნისტური წყობა დაემხო და ამ სოფელმა 2000 წელს თითქმის 1100 ჰექტარ მიწაზე კომუნალური საკუთრების უფლება დაიბრუნა. კეზბირტოკოშაგის აღდგენისთვის გადამწყვეტი როლი ჰქონდა ამ კომპლექსური სისტემის შესახებ არსებულ ხელნაწერ დოკუმენტებს, რომლებითაც მიწაზე საკუთრების უფლებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ორბანი პატარა ჩემოდანს ხსნის და ფურცლების დასტას ფრთხილად იღებს. ყოველ გვერდზე ორ მწკრივადაა ჩამოწერილი დანომრილი სახელები, რომლებიც კარაჩონიფალვას კეზბირტოკოშაგის 1936 წლის აქციონერებს აერთიანებს. აღნიშნულ დოკუმენტებს სახლებში მალავდნენ ან არქივებში ჩქმალავდნენ. სწორედ ამგვარი ფურცლები დაეხმარა ორბანსა და კეზბირტოკოშაგის სხვა ხელმძღვანელებს ხანგრძლივი სამართლებრივი დავისას თავიანთი სოფლების დასაბრუნებლად 1989 წელს ჩაუშესკუს ჩამოგდების შემდეგ. ორბანი იხსენებს, როგორ ჩხრეკდა სახელმწიფო დაწესებულებაში აუარებელი რაოდენობის დოკუმენტს, როდესაც ამ სიას გადააწყდა.
მარცხნივ: კომუნისტური წყობის დასრულების შემდეგ ეს 1946 წლის დოკუმენტები არსებითი იყო სეკეებისთვის მიწებზე უფლებების დასაბრუნებლად. მარჯვნივ: სადო აპოლონიამ, რომელიც აქ თავისი ქალიშვილის, იუდიტის მარჯვნივ დგას, გვითხრა, რომ კომუნისტურ რუმინეთში ცხოვრებისას ეს ოფიციალური დოკუმენტი სახლში გადამალა.
მარცხნივ: კელემენ ლაიოშმა ეს წაბლის კორომი კარაჩონიფალვაში საუკუნის წინ დარგო. ახლა ის საამაყო მემკვიდრეობაა მისი შთამომავლებისთვის (მარცხნიდან): კელემენ ელედი, კელემენ იმრე და კელემენ ტაში. მარჯვნივ: 70 წლის ორბან ჩაბა სეკეების მემკვიდრეობისთვის პატივის მისაგებად ახალ-ახალ გზებს პოულობს.
„მეხის გავარდნასავით იყო, – ამბობს იგი, – ყველაზე შორეულ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდით იმის დაბრუნებას, რაც იქამდე გვეკუთვნოდა“.
ორბანის გვერდით 75 წლის სენტპალი გეზა ზის. იგი უნიტარული ეკლესიის არასასულიერო ხელმძღვანელია; მის გვერდით მჯდომი შედარებით ახალგაზრდა კაცი, ბენედეკ მიჰაი, ამავე ეკლესიაში პასტორად მსახურობს. ორბანი კიდევ ერთ სიას პოულობს – 1946 წლისას – და 165-ე ხაზზე მიგვითითებს, სადაც სენტპალის პაპის სახელი წერია. მაგიდის გარშემო რომ მიმოვიხედე, სამივე კაცს თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი.
კარაჩონიფალვა (რუმინულად კრეჩუნელი) ტოსკანის მსგავს ბორცვებსა და ხშირი ტყის ზონებს შორისაა მოქცეული და სოფლების იმ რიგს მიეკუთვნება, რომლებსაც უნიტარული ეკლესიისთვის ჩვეული წაწვეტებული შპილი გამოარჩევს. აქაურ სახლებს ჟანგისფერი კრამიტის სახურავები აქვს. ბევრ მათგანს ე.წ. სეკეის ჭიშკრები – ნატიფად გამოკვეთილი ხის შესასვლელები ამშვენებს, რომლებიც სეკეების იკონოგრაფიასა და მაგიურ სიმბოლოებს ასახავს. შიდა ეზოებიდან ისმის ცხვრების კიკინი და ქათმების კრიახი; ოჯახების უმეტესობა, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მისდევს სამომხმარებლო მეურნეობას. ელექტრობოძებს თავზე ყარყატის ბუდეები ადგას. ერთ-ერთ შუადღეს გზას ვუთმობ ხმაურიან ნახირს, რომელსაც ახალგაზრდა კაცები ერეკებიან ჯოხებითა და შეძახილებით.

ორბან ჩაბას დიდ პატივს სცემენ მთელ სოფელში, თუმცა მცხოვრებლები მას ცოტა ექსცენტრულადაც მიიჩნევენ. სხვა კეზბირტოკოშაგების ხელმძღვანელთა ამოცნობა ხშირად მათი ძვირადღირებული მანქანებითაა შესაძლებელი, ორბანი კი დანჯღრეულ ავტომობილს მართავს და სულ ახალ-ახალ პროექტებზე ფიქრობს. ერთგან ღია ცის ქვეშ მოწყობილი ტრადიციული აბანოა, რომელიც მან 2019 წელს განაახლა და თავშეყრის ადგილად აქცია, მის გარშემო კი სამკურნალო ბალახეულის ბაღი და ჩაის დასამზადებელი კერია დაამატა. სოფლის გადაღმა, ტყის ჩრდილქვეშ წაბლის ბაღია, სადაც იგი ყოველწლიურ წაბლის ფესტივალს მართავს. აქვეა კეზბირტოკოშაგის სათემო ცენტრიც, სადაც ჩემი აქ ყოფნისას ერთ შაბათის შუადღეს სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ტრადიციული ტანისამოსით „ბავშვების ქორწილის“ რიტუალის ჩასატარებლად, რომელშიც ადგილობრივი გოგონა და ბიჭი მეფე-პატარძალს თამაშობენ.
ყველა პროექტი, მისი თქმით, აქაური ტრადიციების შენარჩუნების მცდელობა და, ამავდროულად, ეკოტურისტული პოტენციალისთვის ფრთხილი მზადებაცაა. ორბანი ხშირად განმარტავს ამ ბალანსს სეკეების მზისა და მთვარის ემბლემის საშუალებით, რომელიც ევროკავშირის ვარსკვლავების წრეში დამოუკიდებლად დგას.
მარცხნივ: ფერმაში იქნება თუ ბუნებაში, ცხოველებზე ზრუნვა ადგილობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მონადირე ეჩი მატიაში (მარჯვნივ) აკვირდება მურა დათვებს, ირმებსა და მგლის პოპულაციებს სამეთვალყურეო სადგურებზე, რომლებიც ტყეში მოაწყო. მარჯვნივ: გოლიცა იოჟეფი (ქვემოთ) მენახირეა. სამუშაო დღის შემდეგ იგი ცხენებს ხედნის და მათ სიყვარულით წვრთნის.
რაც ყველაზე მთავარია, კეზბირტოკოშაგი მეურვეობს სოფლის უმნიშვნელოვანეს რესურსს – ტყეს, რომელიც საწვავის არსებით წყაროსა და სათუთ ბიომრავალფეროვნებას წარმოადგენს. ერთ წვიმიან დღეს მონადირემ და ხელმარჯვე ოსტატმა ეჩი მატიაშმა შემომთავაზა, ტყეში გავყოლოდი სამი ფოტოხაფანგის შესამოწმებლად, რომლებიც ცხოველებზე დასაკვირვებლად დაამონტაჟა. ჯანჯღარით მივუყვებოდით ბილიკებს ყველგანმავალი მანქანით, რომელიც ეჩიმ ძველი Land Rover-ისგან ააწყო, შემდეგ კი სიჩუმეში ვილაშქრეთ ფეხით და წითური მელაც დავიმგზავრეთ. მგალობელი ფრინველების გარდა მელა ერთადერთი ცოცხალი არსება იყო, რომელიც შემოგვხვდა. თუმცა, სანამ ჩემი ფეხსაცმელი შეშის ღუმელზე შრებოდა ეჩის სახლში, კამერებიდან ამოღებულ ფოტოებს ვათვალიერებდით, რომლებზეც ირმები, ტახები, ყველანაირი მომცრო ზომის ძუძუმწოვარი და ბევრი, ძალიან ბევრი დათვი ჩანდა. ცახცახმა ამიტანა იმის წარმოდგენაზე, რომ ეს ცხოველები ჩვენ გარშემო იმალებოდნენ, როდესაც მათ მშობლიურ ტყეში გადავაადგილდებოდით.
„აქაურობას გამოარჩევს ის, რომ თავად თემი ფლობს მიწას“, – ამბობს სეკეი კინგა-რეკა, რამდენიმე სოფლის დაშორებით მცხოვრები უნიტარული ეკლესიის პასტორი. „ვერავინ გამდიდრდება იმდენად, რომ სხვა ადამიანები დააზარალოს“.
ირონიულია, რომ ასეთი პრინციპები ყველაზე მეტად წააგავს კომუნისტურისას, ოღონდ მსუბუქი ფორმით. „გვძულს ეს სიტყვა, მაგრამ ეს მართალია“, – აღიარებს სეკეი. „უკვე გვქონდა ეს სისტემა ათასი წლის განმავლობაში. არაფერში გვჭირდებოდა მაგათი მოსვლა და მითითება!“

სეკეის სახლში ღორის დაკვლის რიტუალს ვესწრები. იქ ჩემი მისვლის დროისთვის ცხოველის ჯერაც ოხშივარიანი სხეული გარეთ მაგიდაზე გამოეფინათ. პირმრგვალი ყასაბი მარჯვედ მუშაობს მის დანაწევრებაზე. საუკეთესო ნაჭრები მარილწყალში თავსდება, რათა მოგვიანებით შებოლონ, ორგანოები და სხვა შიგნეული კი მისაღებ ოთახში დროებით მოწყობილ ძეხვეულის „ფაბრიკაში“ გადადის. მორჩენილი ძეხვეული მეზობლებს დაურიგდებათ, რომლებიც, თავის მხრივ, ნამეტ საკვებს სხვებს გაუზიარებენ.
სეკეის პროგრამისტი ქმარი ჟოლტ-ჩაბა ჩამოარიგებს თითო ჭიქა „პალინკას“, ქლიავის ბაზაზე დამზადებულ სახლის ალკოჰოლურ სასმელს. „ჩემი თაობა ბოლოა, რომელსაც ესმის, რას ნიშნავს ღორის დაკვლა“, – სინანულით აღნიშნავს იგი.
„რას ნიშნავს?“ – ვეკითხები.
„რომ იმას ჭამ, რასაც ზრდი, – ამბობს იგი, – რომ იცი, საიდან მოვიდა. რომ ახლოს ხარ ბუნებასთან“.
მარცხნივ: თავისი დარგული მცენარეებით, ხელნაკეთი კრემებითა თუ ნაყენებით ბენედეკ ენიკე (მარცხენა კიდეში) ახალგაზრდებს დიდი ბებიისგან მიღებულ ბაღის მოვლის გამოცდილებას უზიარებს. მარჯვნივ: სკოლის გარე აქტივობები ეხმარება სოფლის ბავშვებს, როგორიცაა ლურცა ჩონგორი (მარცხნივ), გაეცნონ ადგილობრივ ფაუნასა და ფლორას, მაგალითად, აბედა სოკოს, რომელიც ბიჭმა ტყეში იპოვა.
სეკეის კედელზე, როგორც ამ რეგიონის ბევრ სხვა სახლში, კიდია რუკა, რომელზეც ტრანსილვანია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილია. ეს შეხსენებაა იმისა, რომ ისტორიას, როგორც აქაურებს ისედაც ძალიან კარგად მოეხსენებათ, ვერსად გაექცევი. ზამთრები სულ უფრო თბილია. ბოლო ორ ზაფხულს გვალვები მოჰყვა. ახალი მზარდი ნაციონალისტური ტალღა რუმინეთში ეთნიკურ უმცირესობებს პოტენციურად საფრთხეს უქმნის. ჰომოროდის ხეობის სოფლებში უამრავ ბავშვსა და მოხუცს შეხვდებით, თუმცა საშუალო ასაკისას – ძალიან ცოტას; ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა სოფელი სამსახურის მოსაძებნად ან სასწავლებლად. სეკეი ჟოლტ-ჩაბა იძულებული გახდა, ნეპალელი მუშები დაექირავებინა პატარა სურსათის მაღაზიის ასამუშავებლად.
ამ ყველაფრის ფონზე ის, რასაც ორბან ჩაბა და კეზბირტოკოშაგი აკეთებენ, საკუთარ ბაღზე ზრუნვის მოდელს ემსგავსება – მცდელობას იმის დაცვისა და შენარჩუნებისა, რაც მათ ოჯახებს, თემს და დედამიწის ამ პატარა კუთხის სხვა სიკეთეებს აერთიანებს. ეკლესიის ეზოში მდგარ პასტორის სახლის მაგიდასთან ორბანი თავისი დოკუმენტების დასტას ალაგებს და ისევ ფრთხილად ჩემოდანში აბრუნებს. მზრუნველობით გადაუსვამს ხელს და იღლიის ქვეშ ამოიდებს. „კარგი იქნებოდა ვიცოდე, ჩემ შემდეგ ვინ დაიჭერს ამას ხელში“, – ამბობს იგი.