შავი ჭირის გავრცელებას შესაძლოა ვულკანებმა შეუწყო ხელი
ახალი კვლევის მიზანია, უპასუხოს ძველ შეკითხვას - რატომ მიაღწია ჭირმა ევროპას იმ კონკრეტულ დროს და რატომ გავრცელდა ასე სწრაფად.
რუბრიკა: ელ. სტატიები
შავი ჭირის გავრცელებას შესაძლოა
ვულკანებმა შეუწყო ხელი
1347 წელს სამხრეთ ევროპაში შავი ჭირი გამოჩნდა. მან სწრაფად მოიცვა აპენინის ნახევარკუნძული, რის შედეგადაც ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის ნახევარი დაიხოცა. თვითმხილველთა ჩანაწერები გვამცნობს მთელი ოჯახების დასნებოვნებაზე, მსხვერპლთა საერთო სასაფლაოებსა და შიშზე, რომელმაც ქალაქებში დაისადგურა.
შედეგები ფართოდაა შესწავლილი და მეცნიერები ინტენსიურად იკვლევდნენ დაავადების გამომწვევ შავი ჭირის ბაქტერიას (Yersinia pestis), ასევე, მის გამავრცელებელ ვირთაგვებსა და რწყილებს, მაგრამ, ახალი ანალიზის თანახმად, კიდევ ერთი „თანამზრახველი“ ჩნდება: ვულკანები.
სავარაუდოდ, შავი ჭირი ადამიანებში პირველად 1300-იანი წლების დასაწყისში გამოვლინდა და ცენტრალურ აზიას მოედო. თუმცა, რატომ არ ჩააღწია მან ხმელთაშუაზღვისპირეთში 1347 წლამდე, ზუსტად არავინ იცოდა. ჟურნალ Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, შავი ჭირის გამოჩენის პერიოდი და აპენინის ნახევარკუნძულზე გამოვლენილი ეპიდემიური აფეთქება დროში ემთხვევა ვულკანურ აქტივობას, რომელმაც გააცივა კლიმატი, გამოიწვია შიმშილობა და ბიძგი მისცა მარცვლეულის იმპორტს, რასაც ასევე შეეძლო დაავადების შემოტანა.
„მთელი რიგი ფაქტორები ერთმანეთს მიეწყო. ერთ-ერთის გამოკლებითაც კი ეს ყველაფერი არ მოხდებოდა“, – ამბობს ჰანა ბარკერი, არიზონის შტატის უნივერსიტეტის ისტორიკოსი. შუა საუკუნეების ევროპაში შავი ჭირი გავრცელდა კლიმატის ცვლილების, ცხოველთა ქცევისა და ადამიანთა ქმედების ერთობლივი მიზეზით.
ხის რგოლებისა და ყინულის კერნის მინიშნებები
კემბრიჯის უნივერსიტეტის გეოგრაფმა ულფ ბიუნტგენმა ახალი მინიშნებები იპოვა კლიმატისა და პანდემიის ურთიერთკავშირზე, როდესაც ხის რგოლებზე დაფუძნებულ კლიმატის არქივში მუშაობდა. კოლეგებთან ერთად იგი ხის რგოლებით მიღებულ ინფორმაციას იყენებს გასული 2000 წლის ტემპერატურისა და ნალექიანობის მონაცემთა აღსადგენად. „ეს დათარიღების ძალიან ზუსტი მეთოდია“.
ევროპის სხვადასხვა რეგიონის ხეებიდან შეგროვებულ მონაცემებზე დაკვირვებით, ბიუნტგენმა შენიშნა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში საშუალო მაჩვენებელზე უფრო დაბალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა 1345-1357 წლებში. „აქ გასაოცარი არაფერია“, – ამბობს იგი. თუმცა მას სურდა, შეეტყო აცივების მიზეზი. მას ეჭვი ჰქონდა ვულკანურ აქტივობაზე, რომელიც კლიმატის გამაცივებელ აეროზოლებს აფრქვევს. ამგვარად, ბიუნტგენი დაუკავშირდა ყინულის კერნების შემსწავლელ ექსპერტებს, რადგან მათი საკვლევი ობიექტები ჩანაწერებს ინახავს ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობაზე. გრენლანდიისა და ანტარქტიდის კერნებში, დაახლოებით 1345 წლით დათარიღებულ ფენებში, ვლინდებოდა გოგირდის მომატებული დონე, რა ნივთიერებაც ვულკანის ამოფრქვევისას გამოიყოფა. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებდა, რომ აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა ერთი ვულკანური ამოფრქვევა ან ვულკანური ამოფრქვევების მთელი რიგი მოხდა – სავარაუდოდ, ტროპიკულ ზონებში.
ბიუნტგენს აინტერესებდა, ხომ არ ფიქსირდებოდა ვულკანური ამოფრქვევის მტკიცებულებები ისტორიულ ჩანაწერებში. წარსულის სურათის ასაწყობად იგი დაუკავშირდა შუა საუკუნეების შემსწავლელ ისტორიკოს მარტინ ბაუხს, ძველ ჩანაწერში ბაუხმა მიაგნო ვულკანური აქტივობის ნიშნებს. ჩინეთსა და ბოჰემიაში ადამიანები იუწყებოდნენ მთვარის უდროო დაბნელებაზე, რომელიც არ ემთხვეოდა ასტრონომიულ გამოთვლებს. როგორც ლაიბნიცის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტის (ლაიფციგი, გერმანია) მეცნიერი ბაუხი ამბობს, ნაწილაკებით დაფარულმა ცამ შეიძლება შეცვალა მთვარის იერსახე და სათავე დაუდო ამ უჩვეულო ცნობებს.
წლობით გახანგრძლივებული აცივების პერიოდი, სავარაუდოდ, მოსავლიანობაზე იმოქმედებდა ხმელთაშუაზღვისპირეთში და ადამიანებს უბიძგებდა მოქმედებისკენ, რასაც შეიძლება დაეჩქარებინა შავი ჭირის გავრცელება. იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები დიდ ყურადღებას უთმობდნენ სურსათის მარაგზე ზრუნვას, ამბობს ბაუხი. შავი ჭირის გამოჩენამდე ერთი საუკუნით ადრე, შიმშილობების გადატანის შემდეგ, იტალიელებმა შორეულ მანძილებზე გადაჭიმეს სავაჭრო ქსელები, რათა ხორბალი ჩრდილოეთ აფრიკიდან და შავი ზღვის რეგიონიდანაც შეესყიდათ.
ისტორიულ, ადმინისტრაციულ და იურიდიულ ჩანაწერებზე დაყრდნობით, 1346-1347 წლების პერიოდში მარცვლეულის ფასმა მკვეთრად იმატა და სურსათით უზრუნველყოფაზე მღელვარებამ პიკს მიაღწია. „ვენეციისა და გენუის მსგავსი მთავარი მოთამაშეებიც კი გადაუდებელი საჭიროების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც შეიძლება მეტი მარცვლეული შემოეტანათ“, – ამბობს ბაუხი.
ამ მოვლენებამდე იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებსა და მონღოლებს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობდა. ჩრდილოეთ შავი ზღვის დიდ ნაწილს მონღოლები აკონტროლებდნენ, რაც აფერხებდა მარცვლეულის იმპორტს აღნიშნული რეგიონიდან, ამბობს ბარკერი. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც მონღოლებს შავი ჭირი მუსრავდა, ხოლო ვენეცია და გენუა სასოწარკვეთით ეძებდა ხორბალს, ორივე მხარემ დაივიწყა სავაჭრო პაექრობა და ხომალდებს უკვე შეეძლო პროდუქტის – და, მასთან ერთად, თავად შავი ჭირის – ჩამოტანა იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში. პათოგენის მატარებელ რწყილებს ასაზრდოებდა სავაჭრო გემებზე არსებული მარცვლეულის მტვერი და ვირთაგვასა თუ თაგვის სისხლი. „შავი ჭირის გავრცელების მიზეზი მშვიდობის დამყარება და მარცვლეულის სავაჭრო გზების გახსნაა“, – ამბობს იგი.
მთლიანობაში საზღვაო ქალაქ-სახელმწიფოები წარმატებით გაუმკლავდნენ შიმშილობას, ამბობს ბაუხი. „თუმცა მათ სახლში ჩამოიტანეს ყველაზე უარესი საფრთხე, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ“. ვენეციელებმა შემოტანილი მარცვლეულის გარკვეული ნაწილი გააგზავნეს ქალაქ პადუასა და ტრენტოში, რაც, შესაძლოა, იქაური ეპიდემიის მთავარ გამომწვევ ფაქტორად იქცა. 1348 წლისთვის შავი ჭირი იტალიისა და მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის უამრავ რეგიონში მძვინვარებდა.
კლიმატური კავშირები
თავდაპირველად, 2021 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, ბარკერი შავი ჭირის გავრცელებას უკავშირებდა მარცვლეულით ვაჭრობას, თუმცა ვულკანური აქტივობის როლი არ განიხილებოდა. „ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ისტორიკოსებისა და პალეონტოლოგების მხარდამხარ მუშაობას კარგი შედეგები მოაქვს“, – ამბობს ტიმოთი ნიუფილდი, დაავადებათა ისტორიკოსი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, კ. ო.). როგორც წესი, ისტორიკოსები მარტონი იკვლევენ, წერენ და აქვეყნებენ, ამბობს იგი. ეს ნაშრომი „უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, თუ როგორ უნდა შევისწავლიდეთ წარსულ დაავადებათა ურთიერთკავშირს კლიმატთან“.
ამგვარი კვლევები, სადაც ისტორიული წყაროებს თან ახლავს კლიმატური ჩანაწერები, მეცნიერებს დაეხმარება, უკეთ ჩასწვდნენ დაავადების წარმოშობისა და გადადების მიზეზებს, ამბობს კაილ ჰარპერი, ოკლაჰომის უნივერსიტეტის ისტორიკოსი (ნორმანი).
დღეს შავი ჭირის ბაქტერიის ინფექციებით მკვეთრად ნაკლები ადამიანი იღუპება, თუმცა მისი სამეცნიერო რელევანტურობა არსად გამქრალა. მთლიანობაში, ანტიბიოტიკებით, ვაქცინებითა და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობით დიდწილად შეიზღუდა ინფექციურ დაავადებათა მიზეზით სიკვდილიანობა, ამბობს ჰარპერი. ამგვარად, მეცნიერებმა წარსულში უნდა ჩაიხედონ კონკრეტულ მაგალითებზე დასაკვირვებლად, რომ უკეთ შეიცნონ პროცესში მონაწილე ფაქტორები – განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი.
მოვლენათა თანხვედრა, რომელიც აუცილებელია ჭირის „თავზარდამცემი ეპიდემიური აფეთქების“ დასაწყებად, რამდენჯერმე გამოვლინდა ისტორიის განმავლობაში, ამბობს ჰარპერი. შესაბამისად, მეცნიერებმა წარსულ შემთხვევებზე უნდა ისწავლონ. „დღეს შავი ჭირის გამოჩენის შანსი უკიდურესად მცირეა“, – ამბობს იგი. „წესით, ის აღარასდროს უნდა განმეორდეს“.