ინდონეზია
პანდემიამ, რომელმაც სასაფლაოების გავსება დააჩქარა, ქუჩებიც დააცარიელა – გარკვეულ დონემდე. რელიგიური დღესასწაულები და საკვების დარიგება იმ მნიშვნელოვან საქმეთა რიცხვშია, რომლებსაც ხალხი გარეთ მაინც გამოჰყავდა.
ინდონეზია
პანდემიამ, რომელმაც სასაფლაოების გავსება დააჩქარა, ქუჩებიც დააცარიელა – გარკვეულ დონემდე. რელიგიური დღესასწაულები და საკვების დარიგება იმ მნიშვნელოვან საქმეთა რიცხვშია, რომლებსაც ხალხი გარეთ მაინც გამოჰყავდა.
პანდემიამ წლევანდელი „მუდიქი“ ჩაშალა – დიდი ინდონეზიური სადღესასწაულო მიგრაცია, რომლის დროსაც ქალაქის მოსახლეები სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებთან მიემგზავრებიან. ერთთვიანი მარხვა საზეიმოდ დასრულდებოდა თუ არა, ფოტოგრაფი მუჰამად ფადლი ყოველ წელს ცოლსა და შვილს საოჯახო ფურგონში სხამდა და დედაქალაქ ჯაკარტიდან გასასვლელ გადაჭედილ გზას დაადგებოდა ხოლმე. ფადლის მშობლიურ ქალაქამდე ჩასვლას ისინი 36 საათს ანდომებდნენ, მაგრამ იქ მუჰამადის დედ-მამა ეგულებოდათ. ფადლი დედისერთა გახლავთ.
წელს, აპრილის ბოლოს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ მატულობდა და რამადანიც უკვე უნდა დაწყებულიყო, ინდონეზიის მთავრობამ პროვინციათა შორის მგზავრობის ექვსკვირიანი შეზღუდვა დააწესა, რომელიც გაზეთმა Jakarta Post „მუდიქის აკრძალვად“ შერაცხა. ქალაქში ჩარჩენილმა ფადლიმ მუშაობა გააგრძელა. თანაშემწე მანქანით დაატარებდა ხოლმე, ძირითადად დაცარიელებულ და დადუმებულ ქუჩებში, თუმცა ერთ დილას რომელიღაც შესახვევში მათ ხალხმრავლობა დახვდათ.
„გააჩერე“, – უთხრა თანაშემწეს ფადლიმ, სახეზე ნიღაბი გაისწორა და მანქანიდან გადავიდა. როდესაც იკითხა, თუ რა ხდებოდა, ხალხმა ზედაც არ შეხედა, ისე უპასუხა: Bantuan sosial – „სოციალური დახმარება“. ბრინჯს, ნიღბებსა და ფერმენტირებული სოიას ნამცხვრებს ჩაკეტილი ჭიშკრის მეორე მხრიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები არიგებდნენ.
სამხედროები გაჰყვიროდნენ: Tolong sosial distancingnya! (დაიცავით სოციალური დისტანცია); სანამ დისტანციას არ დაიცავთ, არაფერს დაგირიგებთ!“ – მაგრამ ამაოდ. საჭიროება და შფოთვა ძლიერმოქმედი მოტივატორია, განსაკუთრებით – ბრბოში. სამხედროები დანებდნენ და ჭიშკარი შეაღეს, ფადლიმ კი ამ დროს მთელი სიცხადით შეიგრძნო თავისი ოჯახის მოკრძალებული კომფორტის მნიშვნელობა: საჭმელი მაინც არ აკლდათ. სამუშაო მაინც ჰქონდათ. ინდონეზიელები მგზავრობის შეზღუდვას უკვე არღვევდნენ, ვირუსიც არქიპელაგის სიგრძე-სიგანეზე ვრცელდებოდა, მაგრამ ფადლიმ იცოდა, რომ თავისი მშობლების სახლში სიმყუდროვე, სიმშვიდე და უსაფრთხოება დახვდებოდა.
რამადანის შემდგომი „ვიზიტი“ ფადლიმ ვიდეოზარით ჩაატარა: დედას არ ეცვა სადღესასწაულო სამოსი, არც ჰიჯაბი ეკეთა – ოჯახის წევრების თანდასწრებით თმის დაფარვა საჭირო არ არის, გვერდზე ფადლის მამა ეჯდა. ერთმანეთს ტრადიციის თანახმად მიმართეს: „გულწრფელად გთხოვ მომიტევო, რაც წარსულში დამიშავებია“ და ჩვეულებრივად განაგრძეს საუბარი.
რეაგირება დაავადების აფეთქებაზე
ინდონეზიაში COVID-19-ის გავრცელება 2 მარტს დაიწყო, 54-ე დღეს დროებითი შეზღუდვა დაწესდა – აიკრძალა ქვეყნის მასშტაბით სამანქანო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა. მე-100 დღეს პანდემიით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1883 ადამიანს მიაღწია.