აშშ
სამ ძლიერ დაზარალებულ ურბანულ ადგილას ფოტოგრაფი აღბეჭდავს მათ, ვინც COVID-19-ისა თუ მისი გართულებების გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა.
აშშ
სამ ძლიერ დაზარალებულ ურბანულ ადგილას ფოტოგრაფი აღბეჭდავს მათ, ვინც COVID-19-ისა თუ მისი გართულებების გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა.
რამდენი რიცხვის აღქმა გიცდიათ გასულ თვეებში ამ ყველაფრის დაწყებიდან? შემთხვევების რამდენი მაჩვენებლის, რისკის პროცენტული თანაფარდობის, ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობის ყოველდღიური ინფორმაციისა?
პანდემია რიცხვების ნიაღვრებით მოყოლილი ამბავია. როდესაც კორონავირუსი ჩინეთიდან ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში ვრცელდებოდა, ჟურნალისტი ბიბა ადამსი ერთიმეორის მიყოლებით ეცნობოდა რიცხვებს Detroit Metro Times-ის ახალი ამბების განყოფილებაში. მარტის მეორე კვირაში ჯანდაცვის უწყებებმა დეტროიტში COVID-19-ის პირველი შემთხვევები დაადასტურეს. რამდენიმე დღის შემდეგ ადამსის დედას ხველა დაეწყო.
უეინ ლორენსი ბიბა ადამსს ივნისში შეხვდა, როდესაც შეერთებული შტატების სამ ქალაქს სტუმრობდა იმ ხალხის გადასაღებად, რომლებმაც პანდემიის შედეგად ნათესავები დაკარგეს. იმ დროისთვის ვირუსს უკვე ემსხვერპლა ადამსის დედა, დეიდა და ბებია. რადიო- და ტელეპროგრამები ადამსს პირდაპირ ეთერში რთავდნენ. მათთან საუბრისას იგი როგორც თავის მწუხარებას, ისე ბრაზს ყოველთვის პირდაპირ გამოხატავდა და განუწყვეტლივ იმეორებდა, პოლიტიკოსებს პირველი გაფრთხილებებისთანავე განსხვავებულად რომ ემოქმედათ, ჩემი ოჯახის წევრები დღეს შეიძლება ცოცხლები ყოფილიყვნენო.
„დედის დაკარგვა ერთია, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია მისი დაკარგვა როგორც 150 000 ადამიანიდან ერთ-ერთისა. არ მინდა, ის მხოლოდ და მხოლოდ რიცხვი იყოს. ის პიროვნება იყო და მე მისი პიროვნების სხვებისთვის გაცნობას ვაპირებ“, – თქვა ადამსმა ივლისის მიწურულს სატელეფონო საუბრისას, როდესაც შეერთებულ შტატებში პანდემიით გარდაცვლილთა რაოდენობა 150 000 ადამიანს აჭარბებდა.
ელეინ ჰედი. ესაა ბიბა ადამსის დედის სახელი. COVID-19-ისგან მიყენებული ზიანის ამ კონცენტრირებულ წერტილებში ლორენსმა ყველა პორტრეტი პირადად მათ გადაუღო, ვინც ახლობლები დაკარგა, რადგან მათი სახეები, გარდაცვლილთა სახელების მსგავსად, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ციფრები. ახალგაზრდა მამაკაცი, საცოლისთვის რომ აქვს ხელი გადახვეული ლუიზიანელი დერიკ ჩეინია; იგი ამბობს, რომ მისი უფროსი ძმა, მარშა ჩეინი, 35 წლის იყო, როდესაც საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატაში COVID-19-ით გარდაიცვალა. პატარა ქალაქ გრინსბურგში მდებარე საგვარეულო სახლში მარშასა და დერიკის ჩათვლით ცხრა და-ძმა ცხოვრობდა. მარშა სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. იგი სკოლის ფეხბურთის ვარსკვლავი იყო და კოლეჯში ინჟინერიას სწავლობდა.
ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებისთვისაც დედას წელზე აქვს ხელი შემოხვეული, დები სეგუიები არიან – მორიტი და ქლოი. მათი მამა, ივ-ემანუელ სეგუი, კოტ-დ’ივუარიდან გადმოსახლდა, სადაც ფარმაცევტობას ეუფლებოდა. იქ ყოველდღიური სალაპარაკო ენა ფრანგულია, ნიუ-ჯერსიში კი, სანამ ოჯახს ედგა სათავეში, სეგუი ფარმაცევტის ლიცენზიის გამოცდას ინგლისურად ვერა და ვერ აბარებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩაიჭრებოდა, გამოცდაზე გასასვლელად სწავლას ხელახლა იწყებდა. მას შემდეგ, რაც COVID-19-მა იგი 60 წლის ასაკში შეიწირა, New York Times-მა მისი ნეკროლოგი შემდეგნაირად დაასათაურა: „შეუპოვარი ბრონქსელი ფარმაცევტი“ – მერვე ცდაზე სეგუიმ ჩააბარა გამოცდა და ბოლოს და ბოლოს იშოვა ფარმაცევტის სამუშაო, რომელზე მისასვლელადაც ნიუარკიდან ავტობუსითა და მატარებლით მგზავრობდა და მხოლოდ ერთ გზას სამ საათს ანდომებდა.
თეთრჯემპრიანი თავაწეული მტირალი ქალი ელეინ ფილდსია, რომლის მეუღლე ედიც 68-ისა იყო, როდესაც აპრილში დეტროიტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პენსიაზე გასვლამდე იგი „ჯენერალ მოტორსის“ ქარხნის მუშა იყო, ბრწყინვალედ თამაშობდა ბოულინგს და კლასიკური ავტომობილების გულმხურვალე მოყვარული გახლდათ. ქალი, რომელსაც პანდემიის ნიღაბზე ლამაზი პატარა გოგონას სახე აქვს გამოსახული, დეტროიტელი პოლიციელი, ლავონდრია ჰერბერტია, დეტროიტელი მეხანძრის, ები ჰერბერტის მეუღლე. ისინი ტანმოვარჯიშე და მათემატიკის ვუნდერკინდ სკაილარ ჰერბერტის მშობლები არიან. 3 ივნისი მისი მეექვსე დაბადების დღე იქნებოდა. იგი მათი ერთადერთი შვილი იყო.
გოსპელის აწ გარდაცვლილი შემსრულებლის, უოლტერ ჰოკინსის სიმღერის დასაწყისში ნათქვამია, რომ ტრაგედიები ჩვეულებრივი რამაა. როდესაც ბიბა ადამსს საავადმყოფოდან თავისი დედის ნივთები მიჰქონდა, ელეინ ჰედის საფულეში ამ სიმღერის დაკეცილი ნაბეჭდი ტექსტი იპოვა. ჰოკინსმა სიმღერა მრავალი წლის წინ დაწერა; იგი არა ავადმყოფობაზე, არამედ მადლიერებაზეა და გუნდი იესოს სწირავს მადლობას, მაგრამ მის სტროფებში აღბეჭდილი მოთქმა თანამედროვე სახიფათო სენზე, მორყეულ ეროვნულ ჯანდაცვის სისტემასა და ღრმად განშრევებულ საზოგადოებაზე წინასწარმეტყველებს, რომლებიც ამერიკის რასობრივ უმცირესობებსა და ღარიბებს ერთობლივად განსაკუთრებული ულმობელობით ატყდებიან თავს (მარჯვნივ მოცემული დიაგრამა). „ხალხი ვერ შოულობს საკმარის ანაზღაურებას. არცერთი ადგილი არ ჩანს უსაფრთხო“.
2020 წლის პანდემიის შუაგულში ამ სიმღერის ტექსტი ზედმიწევნით არ მართლდება. ზოგიერთი ახერხებს საკმარისი ანაზღაურების შოვნას. ზოგიერთი ადგილი მართლაც უსაფრთხოა, ან, ყოველ შემთხვევაში, სხვებთან შედარებით უსაფრთხო, ზოგიერთი ტრაგედია კი სულაც არაა ჩვეულებრივი რამ.
ადამსმა სიმღერის ტექსტი ჩარჩოში ჩასვა და სასადილო ოთახის კედელზე დაკიდა. ივლისში იგი ბოლოს და ბოლოს გეგმავდა თავისი დედის მოსახსენებელ ღონისძიებას; მას მისი მოწყობა საკუთარ ეზოში სურდა, სადაც ნიღბიანი სტუმრები ჰოკინსის სიმღერას მოუსმენდნენ და დედამისს გაიხსენებდნენ. მან ჰაერში გასაშვებად ცოცხალი პეპლების კოლოფი შეუკვეთა – ადამსის აზრით, დედას ეს მოეწონებოდა. „მე მჭირდება ამ ღონისძიების მოწყობა, – თქვა ადამსმა, – მე მჭირდება ამ გზის დასრულება“.