
ბადი, პირველი ძაღლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გარდაიცვალა
მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ნაგაზს შესაძლოა სიმსივნე ჰქონდა, მისი სამედიცინო ისტორია აჩვენებს, თუ რაოდენ მწირი ინფორმაცია გვაქვს ცხოველებზე და COVID-19 – ზე.
რუბრიკა: ელ. სტატიები
კორონა ვირუსი ადამიანებში სხვადასხვა სახით ვლინდება. ზოგს ის უპრობლემოდ გადააქვს, ზოგისთვის კი სასიკვდილოც შეიძლება აღმოჩნდეს. ბევრს ვირუსით გამოწვეული დაზიანება სიცოცხლის ბოლომდე რჩება. მუდმივი ტესტირებითა და ექსპერიმენტებით ჩვენ ყოველდღე ახალ და ცვალებად ინფორმაციას ვიღებთ ვირუსის შესახებ, თუმცა ცხოველებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება შემდეგია: ისინი იშვიათად ავადდებიან და თუ დაავადდნენ, მაღალი ალბათობით, თავიანთი მეპატრონეებისგან; დარწმუნებულნი ვართ, რომ ცხოველებს COVID-19 მარტივად გადააქვთ.
სინამდვილეში ძალიან ცოტა ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსი შინაურ ცხოველებზე, მაგალითად ძაღლებზე.
მაჰონის ოჯახის ძაღლის, ბადის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მწირი ინფორმაცია გვაქვს როგორც მეცნიერებს, ასევე საზოგადოების დანარჩენ წევრებს ამ პრობლემის შესახებ. ბადი პირველი ძაღლია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და გარდაიცვალა. ვეტერინარებმა ბადის სიკვდილის მიზეზად ლიმფომა დაასახელეს, რომლის შესახებაც ოჯახმა ბოლო დღეს გაიგო, თუმცა გაურკვეველია, სიმსივნემ დაასუსტა ბადი, ვირუსმა გამოიწვია სიმსივნე, თუ ეს უბრალოდ საბედისწერო დამთხვევა იყო. ბადის ოჯახს ვირუსთან მებრძოლ დანარჩენ სამყაროსთან ერთად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.

ამერიკაში თორმეტ ძაღლსა და ათ კატას დაუდასტურდა კორონავირუსი. რიგით პირველი (ბადი), მეორე და მეექვსე ძაღლებისთვის ვირუსი ფატალური აღმოჩნდა, თუმცა როგორც ბადის, ასევე ამ ძაღლების შემთხვევაშიც იყო გარდაცვალების სხვა მიზეზები. ვეტერინარი ბოიდ პარი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი სარწმუნო მტკიცებულება, რომ დაავადებამ უფრო დაასუსტა ეს ძაღლები, თუმცა არც ამის საპირისპიროდ არსებობს ემპირიული ცოდნა.
სწორედ იმიტომ, რომ შინაურ ცხოველებს არ ვამოწმებთ კორონავირუსზე, არ გვაქვს საკმარისი ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. „როდესაც ექსპერტებთან ამის გასარკვევად დავრეკე, პასუხად სრული სიჩუმე მივიღე. არავინ იცოდა რამე. არანაირი მეცნიერული ცოდნა და გამოცდილება არ გვქონდა კორონავირუსის ზემოქმედებაზე ძაღლებში,“ – ამბობს რობერტ კოჰენი, „ბეი სტრიტის“ კლინიკის ვეტერინარი.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულ შინაურ ცხოველებს გარდაცვლების სხვა მიზეზებიც ჰქონდათ, ბადის შემთხვევამ უფრო ნათლად წარმოაჩინა კითხვები, რომელბზეც პასუხები არ გვაქვს.