ჭაჭკარის დარბაზი
ქართული ტრადიციული არქიტექტურის ეს არაჩვეულებრივი ნიმუში, ასპინძის რაიონის სოფელ ჭაჭკარიდან, ყველაზე ადრეულია ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტურულ ექსპონატებს შორის და მე-17 საუკუნით თარიღდება


ჭაჭკარის დარბაზი
ქართული ტრადიციული არქიტექტურის ეს არაჩვეულებრივი ნიმუში, ასპინძის რაიონის სოფელ ჭაჭკარიდან, ყველაზე ადრეულია ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტურულ ექსპონატებს შორის და მე-17 საუკუნით თარიღდება
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ნიმუშებია თავმოყრილი. მუზეუმი 1966 წელს დააარსა ცნობილმა ეთნოგრაფმა გიორგი ჩიტაიამ და არქიტექტორ ლონგინოზ სუმბაძესთან ერთად, შეიმუშავა მისი გენერალური გეგმა. მუზეუმი 52 ჰექტარზე საქართველოს პატარა მოდელის შექმნას გულისხმობდა.
ზონებად დაყოფილი „პატარა საქართველო“ დღეს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილია და წარმოგვიდგენს ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, სვანეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და მესხეთ-ჯავახეთის ტრადიციულ არქიტექტურას, ადათ-წესებსა და კულტურას. ფოტოზე გამოსახული სახლის ინტერიერი სწორედ სამცხე-ჯავახეთისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ექსპონატს – ერდო-გვირგვინიან სახლს წარმოადგენს.
ქართული ტრადიციული არქიტექტურის ეს არაჩვეულებრივი ნიმუში ყველაზე ადრეულია ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტურულ ექსპონატებს შორის და მე-17 საუკუნით თარიღდება. დარბაზი ასპინძის რაიონის სოფელ ჭაჭკარიდან იქნა გადმოტანილი 1971 წელს, ამიტომაც ეძახიან მუზეუმის თანამშრომლები „ჭაჭკარის დარბაზს“. ის უნიკალურია თავისი მეგალითური ინტერიერითა და ერდო-გვირგვინიანი გადახურვით, გვირგვინის დამჭერ ხის ბოძებზე კი იშვიათი ოსტატობითაა გამოკვეთილი ვერძის თავები. დარბაზის კედლები ხსნარის გარეშეა ნაგები და რვაკუთხოვანი გვირგვინით გადახურული. გვირგვინი ერდოთი ბოლოვდება, საიდანაც კვამლი გადის და სინათლე შემოდის. საცხოვრებელ დარბაზს ნახევრად კლდეში გამოკვეთილი მცირე სენაკი აქვს მიდგმული, სენაკს კი დარანი – ვიწრო გასასვლელი ებჯინება. ომიანობის დროს, ის თავშესაფრად გამოიყენებოდა. დარანი, როგორც წესი, მეზობლად მდგარ დარბაზს უკავშირდებოდა. სამცხე-ჯავახეთში, პრაქტიკულად, მთელი სოფელი დაქსელილი იყო დარნების სისტემით, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა, განსაკუთრებით, ქალები და ბავშვები, იხიზნებოდა უსაფრთხო ადგილზე.
ჭაჭკარის დარბაზის რესტავრაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისული დამთვალიერებელი გაცოცხლებული ისტორიის მომსწრე ხდება – შთამბეჭდავ შუაცეცხლთან, კერის თავში, მასიურ ქვაზე მჯდომი ოჯახის უფროსი, ამ უნიკალური სახლის ისტორიასთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციებისა და ცხოვრების წესის შესახებ მოუთხრობს სტუმრებს.