
სოფელი მილისიც აღმოჩნდა იმ საფრთხის წინაშე, რომელიც ბევრ სხვა ქართულ სოფელს ემუქრება. მილისის მცხოვრებლებმაც აიღეს გეზი ქალაქისკენ სოფლად უიმედობის გამო და ორმოცდათხუთმეტამდე ოჯახი თითქმის ოცდაათამდე დავიდა, თუმცა ერთმა პატარა კოტეჯმა მილისიდან წასული ხალხი უკან დააბრუნა და ოჯახების რიცხვი თითქმის პირვანდელ რაოდენობას დაუბრუნა.
„ხალხი თურქეთში მიდოდა სამუშაოდ, თავიანთ მიწებს არ უვლიდნენ. აქ პერსპექტივას საერთოდ ვერ ხედავდნენ და სოფლიდან გაქცევაზე ფიქრობდნენ. სტუმარ-მასპინძლობის სიყვარულითა და „ფრიდონ ჰაუსის“ წარმატებით კი დღეს აუთვისებელ მიწას სოფელში თითქმის ვერ იპოვი,“ – ამბობს ფრიდონ გვარიშვილი.

სტუმრების სიყვარულით ფრიდონის ოჯახი სულ გამოირჩეოდა და მას შემდეგ, რაც სახლი მილისში 1960 წელს აშენდა, სტუმრიანობა არ შეწყვეტილა. საკვანძო მომენტი მაშინ დადგა, როდესაც 2015 წელს გერმანელი ტურისტი ეწვია სოფელს და საკარვე ადგილი ითხოვა. ფრიდონი ორმოც წელზე მეტ ხანს გერმანულ ენას ასწავლიდა და ბუნებრივია, ამ ტურისტსაც ფრიდონ მასწავლებლის ეზო მიასწავლეს. „უბრალოდ მანქანის გაჩერება მთხოვა ეზოში და მერე მანქანაზევე დაიწყო კარვის გაშლა. მე ვკითხე: “არ იცი ვისთან ხარ სტუმრად? ჩემს ეზოში თუ შემოხვედი, ესე იგი ჩემს სახლში რჩები-მეთქი. ისე მოეწონა აქ ყოფნა და ისე თავისუფლად იგრძნო თავი, ერთი ღამის მაგივრად ოცი დღე დარჩა,“ – ამბობს ფრიდონი და ხაზს უსვამს ორ ამბავს: პირველი, რომ სტუმარი ღვთისაა და მეორე – თურმე უცხოელების მიღებაც ჩვეულებრივად შეუძლია.

ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. ფრიდონი მიხვდა, რომ შესაძლებელია სტუმარ-მასპინძლობის მონეტიზაცია, თუ ზუსტად იცი, რა შეგიძლია შესთავაზო პოტენციურ დამსვენებელს. ამიტომ სახელიც მარკეტინგულად შეარჩია და ინგლისურ სიტყვა “Freedom”-თან დააკავშირა, რათა დამსვენებელმა იცოდეს, რომ „თავისუფლების სახლში“ მოდის. იდეის განხორციელებაში ფრიდონს ევროკავშირის ENPARD პროგრამა დაეხმარა, რომელსაც გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს. ENPARD-ის დაფინანსებულ „ქედა ლიდერს“ დიდი წვლილი მიუძღვის ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობაში.

„ფრიდონ ჰაუსის“ წარმატებულმა მოდელმა მთელი სოფელი გამოაცოცხლა და გამოაფხიზლა. ტურისტების რაოდენობის გამო სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის დაგების პროცესიც კი დაჩქარდა. როდესაც მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ თურმე შესაძლებელია მილისის ლამაზი ბუნებით დამსვენებლების მოზიდვა, მათაც დაიწყეს კოტეჯების მშენებლობა და სოფელი ამ მხრივ გახდა მრავალფეროვანი. როგორც ფრიდონის შვილი, რამინი, აღნიშნავს კონკურენციის გამო სერვისიც ყოველდღიურად უმჯობესდება. კოტეჯამდე მისასვლელი გზა თუ მანამდე ჩაბნელებული იყო, დღეს უკვე განათებულია. „ეს მხოლოდ ჩვენი სარგებელი არ არის, ეს მთელი სოფლის სარგებელია. ჩვენმა კოტეჯმა უბრალოდ ეს პროცესი დააჩქარა,“ – ამბობს რამინი და სოფლისთვის გაწეულ კიდევ მრავალ სარგებელზე მოგვითხრობს: „ჩვენ ევროპულ გამოცდილებას ვიზიარებთ და გვჯერა, რომ რაც უფრო მეტია ჩართული სერვისის მიწოდებაში, მით უფრო მეტად სარგებლობს საზოგადოება. მაგალითად, საკვებს ჩვენ არ ვთავაზობთ დამსვენებლებს, ამაზე ჩვენი მეზობელი ზრუნავს. ზუსტად ამისთვის იყიდა მან საცხობი დანადგარები. აქვე, სამას მეტრში, მეორე მეზობელმა მოაშენა ყურძენი და აქვს მარანი, სადაც ღვინოს წურავს. შესაბამისად, ღვინოც ადგილზე დაწურული იქნება. სოფლის შემოსასვლელში რომ მაღაზიაა, ეგეც მხოლოდ ახლახანს გაიხსნა და დისტრიბუციის მანქანებიც გამოჩნდნენ. სამომავლოდ კი, თუ ბიზნესი განვითარდა, ადგილობრივების დასაქმებასაც ვგეგმავთ“.

სოფლის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან ერთად, მოსახლეობას მიეცა საშუალება იფიქროს შესაძლო ბიზნესიდეებზე, რომლებიც შეიძლება თანაბრად წარმატებული აღმოჩნდეს. ამის მიზეზი არის ასევე ის, რომ უცხოელი სტუმრების მოსვლამ ადგილობრივების ცნობიერება აამაღლა იმ კუთხით, რომლითაც ამას არ ელოდნენ მილისელები. ფრიდონის ერთ-ერთი სტუმარი ბოტანიკოსი იყო და იკვლევდა მცენარეებს სოფელ მილისში. „ვერ მალავდა გაოცებას, როდესაც გვიყვებოდა იმ მდიდარი ფლორისა და ფაუნის შესახებ, რომელიც ჩვენს გორებზე ყოფილა და რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. თურმე რამდენი საინტერესო რამაა ჩვენთან და ამის მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდით,“ – ამბობს რამინ გვარიშვილი და აღნიშნავს, რომ ტურისტებმა უფრო მეტად გააცნეს ის კუთხე, რომელშიც თავად გაიზარდა.
„ფრიდონ ჰაუსი“ იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთმა წარმატებულმა იდეამ დომინოს ეფექტით სხვა იდეებიც შვას. ვინ იცის, კიდევ რამდენი სოფლის გამოცოცხლება შეიძლება ასეთი პატარა და მარტივი მიგნებით.