
ეს საოცარი აღმოსავლეთი
მართალია, ჩვენი ქვეყანა ევროპა-აზიის გზაგასაყარზეა, მაგრამ ტრადიციული ევროპოცენტრიზმის გამო, ჩვენ ხშირად ვაწყდებოდით და კვლავაც ვაწყდებით სიძნელეებს აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურის და ხელოვნების, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი - ზოგადად აღმოსავლურ ცივილიზაციათა შეცნობის კუთხით.
რუბრიკა: სარეკლამო სტატიები, ელ. სტატიები
ზუსტად ვერ ვიხსენებ და ვერც ვერასოდეს გავიხსენებ, ალბათ, როდის „მოვიწამლე“ აღმოსავლეთით. ახლა ასე მგონია, დაბადებიდან-მეთქი, მაგრამ ლოგიკური იქნება თუ ვიტყვი, რომ იმ დღიდან, რაც მუზეუმში, აღმოსავლეთის ხელოვნების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. მხოლოდ, ეს ორივე ფაქტი იმდენი, იმდენი წლის წინ იყო, სუსტი სქესის წარმომადგენლებს გახსენება რომ არ გვიყვარს…
მართალია, ჩვენი ქვეყანა ევროპა-აზიის გზაგასაყარზეა, მაგრამ ტრადიციული ევროპოცენტრიზმის გამო, ჩვენ ხშირად ვაწყდებოდით და კვლავაც ვაწყდებით სიძნელეებს აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურის და ხელოვნების, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი – ზოგადად აღმოსავლურ ცივილიზაციათა შეცნობის კუთხით.
სტუდენტობისას ჩინეთის, იაპონიის ან ინდოეთის ხელოვნების შესახებ რომ ეკითხათ ჩემთვის რამე, დიდი-დიდი ჩინეთის კედელი, ტაჯ-მაჰალი, აკუტაგავა და კუროსავა ჩამომეთვალა. 90-იან წლებისათვის სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნება და კულტურა არ შედიოდა. კომპიუტერი, მოგეხსენებათ, ახალი ხილი იყო და ნაკლებად ხელმისაწვდომი… ჰოდა, ალბათ, მაშინ საყვარელ იდიომს მოვიხმობდი და ვიტყოდი – „ჩინურია ეგ ჩემთვის-მეთქი“, თუმცა, უკვე კარგა ხანია, ეს იდიომიც მივიწყებული მაქვს…
შორეული აღმოსავლეთის შეცნობა და სიყვარულიც ჩემთვის მუზეუმიდან დაიწყო. ოდესმე თუ წარმოგიდგენიათ, როგორი იყო ალი ბაბას და 40 ყაჩაღის ჯადოსნური გამოქვაბულის საგანძური?! თუკი აღმოსავლური ხელოვნების საცავებში მოხვდებით, ზუსტად მიხვდებით, როგორიც… ერთი სიტყვით, ასე ვიტყვოდი – საოცარი.
დიახ, საოცარი და უნივერსალურია აღმოსავლური ხელოვნება. ავიღოთ, მაგალითად, ჩინური ფერწერა – ჩინური სურათის მხატვრული კომპოზიცია, როგორც წესი, კალიგრაფიის და პოეტური ნაწარმოების სინთეზს წარმოადგენს. ჩინური სურათი იგივე წიგნია, წიგნი, რომელიც შეუძლებელია მოგბეზრდეს.
ჯერ კიდევ შორეულ წარსულში განისაზღვრა ჩინეთში ხელოვნების სახეობების და დარგების იერარქია, რომლის თანახმად ფერწერა სახვით სახეობებში ყველაზე მაღალ საფეხურზეა. ფერწერის ჟანრებს შორის უპირატესობა პეიზაჟს მიენიჭა. ჩინური პეიზაჟი დროში, სივრცეში, სხვადასხვა განზომილებაში მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობაა. ის პირდაპირი მნიშვნელობით უნდა „წაიკითხოთ“. ჩვენს კოლექციაში დაცულია ჩინელი მხატვრის ჯან მუს (1607-1687?) აბრეშუმზე შესრულებული ფერწერულინამუშევარი „კავალკადა მთაში“. დააკვირდით – თითქოს თავად შეგიძლიათ გაჰყვეთ ცხენოსნებს, მთის კალთებზე გაკვალულ ბილიკებს ნება-ნება რომ მიუყვებიან… გზა შორია, მაგრამ როგორც ჩანს – მხიარული. მოგზაურობა სახალისო იქნება, გზადაგზა მშვენიერი ხედები გადაგეშლება თვალწინ. შესაძლოა უცხო მგზავრებსაც გადააწყდე, შეიძლება კოხტა ფანჩატურიც შეგხვდეს – მცირე ხნით რომ დაისვენო. შორს, მთის მწვერვალებში კი ბუნდოვნად, მაგრამ უკვე მოჩანს სასახლე, რომელსაც ჩინური სასახლეებისთვის ასე დამახასიათებელი და ჩვენთვის კი ასეთი უჩვეულო – აფრენილი ჩიტის ფრთის ფორმის, კიდეებაწეული სახურავი აქვს.

დასავლური კულტურისთვის ძალზე ტიპიური – ცენტრალური – პერსპექტივის ნაცვლად აქ სივრცის სრულიად სხვა ორგანიზებას ვხვდებით: ჩინური პეიზაჟი იხატებოდა იმგვარად, რომ მიახლოებისა და დაშორების მანძილის მიუხედავად, კონკრეტული კომპოზიციის აღქმა ზედხედიდან, ქვემოდან და გვერდხედიდანაც ყოფილიყო შესაძლებელი; ეს კი, ანუ ხედვის მოძრავი წერტილი, სივრცეში ვირტუალური გადაადგილების, მოკლედ, მოგზაურობის თავისუფლებას აძლევს მნახველს.
ჰარმონია და სილამაზე – ეს ორი ცნება – ჩინელებისთვის და იაპონელებისთვისაც ცხოვრების უმთავრესი კრედო იყო.
გავიხსენოთ იაპონურ ხელოვნებაში საკმაოდ გვიანდელი, ედოს პერიოდში (1603-1868) აღმოცენებული ფერადი გრავიურის ხელოვნება უკიო–ე, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: ცვალებადი სამყაროს სურათები; უკიო-ეს ოსტატთათვის შთაგონების წყაროდ იქცა ამ ცვალებად სამყაროში ბედისწერას მინდობილი ადამიანი ცხოვრებისეული ტვირთით, ხშირად ცრუ ოცნებებით და იმედებით. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი ხელოვანი წარმავალ, „მცურავ“ სამყაროს გამოსახავდა, საოცარი ჰარმონიულობა და ესთეტიზმი ლაიტმოტივად მუდამ გასდევდა გრავიურების მთელ რიგ ციკლს, რომლებიც როგორც წესი, სხვადასხვა თემატიკაზე იქმნებოდა.

სილამაზესა და ჰარმონიაზე ლაპარაკისას, არ შემიძლია არ გავიხსენო სპილოს ძვლისგან ჭვირული კვეთის ტექნიკით დამზადებული ულამაზესი ჩინური, იაპონური თუ ინდური ნაკეთობები – მარაოები, ფუნჯის ჭიქები, ბონსეკები – მაგიდის სამშვენისები და ა.შ., რომელთა ატრიბუციაზეც პირადად ვმუშაობდი პროექტის ფარგლებში „შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები – საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები“, რომელიც 2015 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.
ჩემი ფავორიტი უთუოდ გახლავთ ჩინური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში, კობრი-ურჩხულის ფორმის ჭიქა სწავლულის მაგიდისთვის, რომელიც როგორც ყველა ცალკეული ნივთი ამ კოლექციიდან, მფლობელის სოციალურ სტატუსს და გემოვნებას შესაბამებოდა და სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. კობრი, წმინდა თევზი, ჩინურ მითოლოგიაში დღეგრძელობის და სიმამაცის სიმბოლოა. პოპულარული ლეგენდით, გმირმა კობრმა, ქვირითობის ადგილისკენ მიმავალ გზაზე, ბობოქარი მდინარე ხუანხე გადალახა, არ შეეპუა დაბრკოლებებს და საბოლოოდ ციურ გმირად, უძლეველ და ბრძენ დრაკონად გარდაისახა. კობრი-ურჩხულის მეტაფორული სახე ჩინელ სწავლულს, ცხადია, ყველა სირთულის დაძლევის და გამარჯვების მოპოვებაში ეხმარებოდა. საერთოდ, ძველ ჩინეთში, სწავლულის კაბინეტის მოწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველა ნივთი მაგიდაზე მხოლოდ საჭირო კი არა, მაღალმხატვრული ღირებულებებით შემკული უნდა ყოფილიყო, რადგანაც კაბინეტი მხოლოდ სამუშაო სივრცე კი არა, ჰარმონიის, სიმშვიდის სავანე უნდა ყოფილიყო მფლობელისთვის. რა საოცარი ხალხია ჩინელები – კაბინეტის აქსესუარებს – ქაღალდს, ფუნჯს, ტუშსა და სატუშეს – „ოთხ ძვირფასეულობას“ უწოდებდნენ, მაგიდის აქსესუარებს კი ჭარბად ამკობდნენ ასე საყვარელი ბამბუკის ხის ან ახლადაყვავებული ქლიავის ყვავილების გამოსახულებებით. სწორედ სილამაზის ამ მძაფრ განცდაზე ვლაპარაკობდი ზემოთ…

ჩინეთი, სამაგიდო ჭიქა ფუნჯისათვის. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ზაზა მახარაძე

ჩინეთი, სამაგიდო ჭიქა ფუნჯისათვის (დეტალი). ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ზაზა მახარაძე
აღმოსავლური კოლექციის სპილოს ძვლის კიდევ ერთი მარგალიტი და ჩემი მომდევნო ფავორიტი ჭადრაკის 32 ინდური ფიგურაა. მოგეხსენებათ, ჭადრაკის სამშობლო ინდოეთია მიუხედავად იმისა, რომ თამაშის სრულყოფა და თანამედროვე წესების შემუშავება, რომელიც XIX საუკუნეში დასრულდა, ეროპელთა დამსახურებაა.
განა აღტაცებას არ იწვევს ეს პაწაწინა ფიგურები შესრულების უზადო ოსტატობით და მხატვრული გადაწყვეტის თავისებურებით?! უყურებ მათ და თითქოს თვალწინაა ასე შორეული, მაგრამ ასე ნაცნობი ინდოეთი – ზლაზვნით მიმავალი სპილოები, ზურგზე დამაგრებული ტახტრევნებით, რომლებზეც ფერად ბალიშებზე მიყრდნობილი ისვენებს მედიდური მაჰარაჯა. მსახურები მზეს უჩრდილავენ, შორიდან კი ტამტამთა ხმა ისმის.

სამწლიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში ვმუშაობდით და ვიკვლევდით არა კონკრეტულად აღმოსავლურ ფონდებში, არამედ ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა შემადგენელ სტრუქტურაში, სხვადასხვა საცავში დაცულ ჩინურ, იაპონურ და ინდურ ექსპონატებს – მინიატიურას, ხელნაწერებს, ფერწერას, ლითონს, კერამიკას, ავეჯს, ქვის და ძვლის ნაკეთობებს, იარაღს, ქსოვილსა და ხალიჩებს, ლაქს და სამკაულის მრავალფეროვან კოლექციებს.
გრანტის ფარგლებში დადგინდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის მატერიალური კულტურის ამსახველი ძეგლების სიები, ჩატარდა ექსპონატთა კვლევა და ატრიბუცია, ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური და ინტერდისციპლინარული კვლევები, ხელოვნების ნიმუშთა კლასიფიკაცია, სრული დიგიტალიზაცია და პასპორტიზაცია. ჩემმა კოლეგებმა და მე სამეცნიერო სამუშაო ჩავატარეთ მრავალი მიმართულებით: პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ასევე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში და შევეცადეთ საზოგადოებისთვის გაგვეცნო საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის უცნობი და უნიკალური ექსპონატები. გრანტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა იმ მდიდარი ისტორიული დოკუმენტაციის დამუშავება, რომელიც მუზეუმის არქივში ინახება. დადგინდა ცალკეული კოლექციის წარმომავლობა.
გრანტის ფარგლებში დაგეგმილი და სწორედ გრანტის სახსრებით ჩატარებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. იმ ჩინურ, იაპონურ და ინდურ ექსპონატებს, რომელთა მდგომარეობა სავალალო იყო, დაუბრუნდა ახალი სიცოცხლე მუზეუმის პროფესიონალ რესტავრატორთა წყალობით.

კვლევის დასკვნით ეტაპზე კი მომზადდა ვებ-გვერდი (www.orientalart.ge), სადაც განთვსდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საუკეთესო ექსპონატები. გამოიცა მონოგრაფიაც, რომელმაც გააერთიანა პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები და ჩატარებული სამუშაოს ანგარიშები. დასასრულ, მოეწყო დიდი გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური, იაპონური და ინდური ხელოვნების როგორც რესტავრირებული, ისე აქამდე უცნობი და მნიშვნელოვანი ექსპონატები. ეს გამოფენა დღესაც სარგებლობს დამთვალიერებელთა დიდი მოწონებით.
გამოფენის გახსნის „ქრონიკები“ . 26.04.2018




პროექტზე მუშობის სამმა წელიწადმა თითქოსდა თვალის დახამხამებაში გაირბინა. მინდა გითხრათ, ეს იყო საოცრად შრომატევადი, მაგრამ, იმავდროულად, სასიამოვნო პროცესი. დიდი ბანერი ბუდა შაკიამუნის გამოსახულებით, რომლის ამბავიც ბოლოსთვის შემოგინახეთ, ჩვენი პროექტის ერთგვარ ლოგოდ იქცა და მონოგრაფიის გარეკანზეც დავიტანეთ.

ბუდიზმის ისტორია სათავეს ინდოეთიდან იღებს. ბუდიზმის დამაარსებელი სიდჰარტა გაუტამა, იგივე შაკიამუნი იყო, რომელიც ძვ.წ. VI ს-ში ცხოვრობდა. ძვ.წ. III საუკუნიდან ბუდიზმი მეზობელ სახელმწიფოებში გავრცელდა და თითქმის მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია მოიცვა.
ჩინეთში ბუდიზმი ახ. წ. II საუკუნეში, ხოლო იაპონიაში საკმაოდ გვიან, VI-VII საუკუნიდან გავრცელდა. შორეული აღმოსავლეთისთვის ახალი მოძღვრება იქცა არა მხოლოდ სულიერი ცხოვრების ხატად, არამედ კულტურული და ესთეტიკური ფასეულობების კანონმდებლადაც და მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ ქვეყნების ისტორიული ბედ-იღბალი.
ინდური ბუდიზმის ეზოთერული ხასიათი, ნირვანა და მედიტაცია, კარგად მიესადაგა კონფუცისეული – სოციალური წესრიგის და ლაო წ’ის ბუნების მარადიულობის იდეით შთაგონებული ჩინელი ხალხის ბუნებას, ისევე როგორც კარგად მიესადაგა იგი იაპონელთა ტრადიციული რელიგიის – შინტოს მისტიკური ღმერთების, საკურას ყვავილების და ამომავალი მზის ქვეყნის ხალხს – იაპონელებს.
როგორც ჩინელი ფილოსოფოსი ლაო წ’ი ამბობს, ათასობით ლის მანძილზე მოგზაურობაც კი პირველი ნაბიჯით იწყებაო. ჩვენი პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა, ვფიქრობ, ქართულ სინამდვილეში ჭეშმარიტად იყო ერთ-ერთი „პირველი“ ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ინდოეთის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნებისა და კულტურის უკეთ შეცნობის კუთხით.
… ვსწავლობდი, ვფიქრობდი, ვეხებოდი, ვწერდი ამ ულამაზეს ნივთებზე, ულამაზეს ჩინურ მარაოზე, სპილოს ძვლის საოცარ ქანდაკებებზე თუ სამურაის ხმლებზე და სულ, სულ ვფიქრობდი, რომ სილამაზის ნაზ საბურველში გახვეული აღმოსავლეთი, ეს საოცარი სამყარო, მუდამ იქნება შთაგონების უშრეტი წყარო არა მხოლოდ ჩემთვის როგორც მუზეუმელისთვის, არამედ, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ უცნაურ და ლამაზ ხელოვნებას ეზიარება.
