ფოტოები უჩვენებს იმ ქაოსს, რომელიც მოჰყვა რუსეთის შეჭრას უკრაინაში
რუსეთმა დაიწყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ოპერაციები.
აი, ამგვარად გამოიყურება ეს ყველაფერი უკრაინის თვალით.


ფოტოები უჩვენებს იმ ქაოსს, რომელიც მოჰყვა რუსეთის შეჭრას უკრაინაში
რუსეთმა დაიწყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ოპერაციები. აი, ამგვარად გამოიყურება ეს ყველაფერი უკრაინის თვალით.
რუბრიკა: განცხადებები | სიახლეები
ამ ხუთშაბათს უკრაინა ქაოსმა მოიცვა. გამთენიისას კიევის მოსახლეობა გააღვიძა ჭურვების წვიმამ, ხოლო ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ ხარკოვში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთს, აფეთქებების წყება გაისმა. დღის განმავლობაში გზები მანქანებით გადაიჭედა, როდესაც მოსახლეობა სასოწარკვეთით ცდილობდა დაბომბილი ქალაქების დატოვებას – ათასობით უკრაინელმა თავი შეაფარა მეტროს სადგურებს თუ საზღვრისკენ გაიწია ქვეყნის დასატოვებლად.
არსებული ვითარების ესკალაცია, რომელიც რუსეთმა აღწერა, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, ხოლო აშშ-მა მას უწოდა „წინასწარ დაგეგმილი ომი“, მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერების განცხადებით, გადაიზარდა უდიდეს საფრთხეში, რომელიც კი ევროპის მშვიდობას დამუქრებია II მსოფლიო ომის შემდეგ.

რუსეთი უკრაინაში იჭრება სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო გზებით. უკრაინისკენ გაიტყორცნა ასობით ჭურვი, რომელთა სამიზნეებს წარმოადგენდა აეროდრომები, ყაზარმები თუ საბრძოლო მასალათა საცავები. რუს სამხედროთა მწკრივები უკრაინის საზღვარს კვეთდნენ როგორც საკუთარი ქვეყნიდან, ასევე ბელარუსის ტერიტორიიდან, დამატებითი რაზმები კი უკრაინის სამხრეთ სანაპიროებზეც ჩამოსხეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გამოაცხადა კომენდანტის საათი და საომარი მდგომარეობა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ მას უკრაინის „დემილიტარიზაცია“ სურდა, მაგრამ ანალიტიკოსებისა და ისტორიკოსების მოსაზრებით, პუტინს ეშინია დასავლეთის ძალებთან უკრაინის ალიანსისა და ამ ქვეყნის NATO-ში გაერთიანების, რასაც იგი აღიქვამს საფრთხედ რუსეთისთვის.

რუსეთი და უკრაინა იზიარებენ ათასზე მეტი წლის ისტორიას, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში დაღს ასვამდა ომი, შიმშილი და იდენტობის მწვავე საკითხები. ევროპაში მიმდინარე ძველი ომების შედეგად ეს ორი ქვეყანა არაერთხელ გაიყო და გაერთიანდა სხვადასხვა იმპერიათა თუ რესპუბლიკების მმართველობის ქვეშ. უკრაინამ მცირე ხნით მოიპოვა დამოუკიდებლობა რევოლუციებით აღნიშნულ XX საუკუნეში, მაგრამ ის სწრაფადვე გადაიქცა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკად 1922 წელს.
1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინამ კვლავ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და ამ ქვეყანამ მიიღო ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი დაიცავდნენ მის სუვერენიტეტს, მაგრამ პუტინი უკვე დიდი ხანია პრეტენზიას აცხადებს უკრაინის ტერიტორიაზე და მას რუსეთის ნაწილად მოიაზრებს.

აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები მჭიდრო კავშირს აბამენ რუსეთთან, ხოლო ქვეყნის დასავლეთი რეგიონები მიისწრაფვიან ევროპისა და აშშ-სკენ. 2014 წელს, ყირიმის ანექსიიდან მცირე ხანში, პუტინმა კიევი გამოაცხადა, „რუსეთის ქალაქების მშობლად“. თავისი ბოლო დროს წარმოთქმული სიტყვით პუტინმა უარყო უკრაინის დამოუკიდებლობა და ის რუსეთის „ისტორიის, კულტურისა და სულიერი სივრცის“ ნაწილად გამოაცხადა.
ვარაუდობენ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაიქცევა ევროპის უდიდეს სახმელეთო ომად 1945 წლის შემდეგ. „II მსოფლიო ომიდან მოყოლებული ჩვენ არ გვინახავს მსგავსი საომარი მოქმედებები: ერი-სახელმწიფო ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განუცხადა „ვაშინგტონ პოსტს“ აშშ-ის თავდაცვის სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.


(მარცხნივ) რუსეთის არმიის ჯარისკაცი ქვემეხს ისვრის წვრთნებისას, რომელიც სამხრეთ როსტოვის რეგიონ კუზმინსკში ტარდება იანვრის ბოლოს. ფოტო: სერგეი პივოვაროვი, REUTERS
(მარჯვნივ) საჰაერო თავდაცვის ბაზიდან კვამლი ამოდის მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე. გამთენიამდე ძლიერი აფეთქებები ისმოდა უკრაინის დიდ ქალაქებში და მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები მყისიერად აცხადებდნენ, რომ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში შეჭრა. ფოტო: ევგენი მალოლეტკა, AP
NATO ჯარის აღმოსავლეთისკენ გაგზავნას გეგმავს და პირობას დებს, რომ საბრძოლო მოქმედებები არ შეეხება ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს. არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ლიეტუვამ, რომელიც ესაზღვრება ბელარუსსა და რუსეთის ანკლავ კალინინგრადს, ჯარი უკვე განალაგა თავისი საზღვრების დასაცავად.
მეზობელი პოლონეთი, რომელსაც ეხმარება აშშ-ის ჯარები, იმ ლტოლვილების მისაღებად ემზადება, ახლა რომ საზღვარს კვეთენ. ოფიციალური პირების გაანგარიშებით, მილიონამდე უკრაინელმა შეიძლება პოლონეთში ეძებოს თავშესაფარი. მსოფლიო იწყებს ომისთვის მზადებას, მაგრამ ეკონომიკური და უსაფრთხოების შოკები უკვე დაიწყო – აქციების ფასები მკვეთრად ეცემა აშშ-ში, ევროპასა და აზიაში.
ხუთშაბათს, ბრიუსელში მდებარე NATO-ს შტაბ-ბინაში, გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან განაცხადა: „რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაირღვა“.



ხუთშაბათს ხალხი ცდილობდა ავტობუსსა ან მატარებელში ასვლას და კიევის დატოვებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი იერიში დაიწყო უკრაინაზე – ქალაქებსა თუ ბაზებს უტევდნენ ავიაციითა და ნაღმმტყორცნებით.
ფოტო: ემილიო მორენატი, AP



(მარცხნივ) სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკში პრორუსული აქტივისტები ზეიმს აწყობენ მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა დადგენილებას და დამოუკიდებელ ერთეულებად ცნო აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონი, რომელთაც ზურგს უმაგრებს რუსეთი. მოზეიმეთა თავზე ფეიერვერკები ფეთქდება. ფოტო: ალექსანდერ ერმოჩენკო, REUTERS
(მარჯვნივ) როდესაც უკრაინაში შეჭრის საფრთხე ნელ-ნელა მწიფდებოდა 2022 წლის დასაწყისში, მცირე საპროტესტო აქციები მთელ მსოფლიოში იმართებოდა მშვიდობის მოთხოვნით. ამ ფოტოზე ბიჭი უკრაინის დროშას აფრიალებს კანადაში გამართულ მიტინგზე იანვრის ბოლოსკენ. ფოტო: ნიკ ივანიშინი, REUTERS



კაპიტან ანტონ ოლეგოვიჩ სიდოროვის კუბოს მიასვენებენ კიევის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ეს დაღუპული ჯარისკაცი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ. მისი სიკვდილის მიზეზად დასახელდა შრაპნელით მიყენებული ჭრილობა, როდესაც სეპარატისტებმა ნაღმმტყორცნებით დაბომბეს ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი.
ფოტო: პიერ კრომი, GETTY IMAGES (მარცხნივ); კრის მაკგრათი, GETTY IMAGES (მარჯვნივ)

